გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
34-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 24.01.2024. ოთხშაბათი. მარხვა
ნათლისღების შემდგომი დღესასწაული.
ღირსისა თეოდოსი დიდისა, ზოგადცხოვრებულთა თავისა (529); ღირსისა თეოდოსი ანტიოქიელისა (412); თეოდოსი ტრაპეზუნტელ მიტროპოლიტისა (XIV).
დღის ლოცვა
ღირსი თეოდოსი დიდის კონდაკი:
შენ, დანერგულმან ეზოთა შინა ღმრთისათა, სათნოებათა ღირსებაი აღაყვავილენ და განამრავლენ შვილნი შენნი უდაბნოსა შინა, წვიმათა მიერ ცრემლთა შენთასა მორწყულნი, ბაკოვანთა საღმრთოთა არვეთმთავარო; ამისთვისცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, მამაო თეოდოსი.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: ებრ. 10: 1-18 (დას. 323). მკ. 8: 30-34 (დას. 36).
ღირ.: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ცისკ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ლიტ.: ებრ. 10: 1-18
1. რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი. 2. ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა. 3. მაგრამ მსხვერპლშეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას. 4. რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით. 5. ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე. 6. სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე. 7. მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრუღთ შენი ნება, ღმერთო“. 8. ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო, 9. შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს. 10. სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. 11. რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას. 12. მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. 13. მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ. 14. რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი. 15. ამასვე გვიმოწმებს სული წმიდაც, რადგანაც ნათქვამია: 16. „ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, – ამბობს უფალი, – ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ. 17. აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას“. 18. ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება.
ლიტ.: მკ. 8: 30-34
30. მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი. 31. და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა. 32. აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო. 33. ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. 34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
ღირ.: 2 კორ. 4: 6-15
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.
ღირ.: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსი თეოდოსი ანტიოქიელი (+დაახლ. 412)
ღირსი მამაჲ ჩვენი თეოდოსი დიდი – ზოგადცხოვნებულთა თავი (+529)
„ვერ ხელ-ეწიფების დაფარვად ქალაქსა, მთასა ზედა დაშენებულსა“, თეოდოსის სათნო ცხოვრების ამბავიც გახმაურდა და უწყვეტ ნაკადად მოემართებოდნენ მისკენ სულიერი დამოძღვრის მსურველები. რამდენიმე მათგანს წმიდანმა თავისთან დარჩენის ნებაც დართო. თეოდოსიმ „ინება საფლავის აღშენებაჲ, რათა ძმანი იგი ჰხედვიდენ მას და ყოველთა დღეთა სიკუდილსა მოიჴსენიებდნენ და სარგებელ ეყოფოდის“.
თეოდოსის ირგვლივ შემოკრებილ ძმათა რიცხვი თანდათან იზრდებოდა, საჭირო ხდებოდა მათთვის საცხოვრებლების აშენება. „და შევარდა წმიდაჲ იგი ორთა გულისსიტყუათა შორის“: დაყუდების სიყვარულის გამო შფოთს ერიდებოდა, მაგრამ შენებაც სურდა, „ცხოვრებისათჳს, რომელნი მისდა მოვიდოდეს“. მან ღმერთს შესთხოვა, განეცხადებინა თავისი ნება. საცეცხლურში ნახშირი ჩაყარა, ზედ საკმეველი დაადო, ხელთ იპყრა იგი და ასე მოიარა სამონასტრედ საგონებელი ყველა ადგილი. „და ვითარ არარაჲ იხილა“, უკანვე გაბრუნდა. როცა თავის მღვიმეს მიუახლოვდა, უეცრად ნახშირი ნაკვერცხლად იქცა და საკმევლის საამო სუნი დაიფრქვა ირგვლივ. ასე გაცხადდა ღვთის ნება. წმიდანმა აქ ააგო პირველი საერთო საცხოვრისი, ანუ, ლავრა, რომელიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს და „ყოველთა, რომელნი მისა მიივლტოდიან“, მაგრამ ერთხელ, შიმშილობის დროს, უამრავი დამშეული ხალხი მოგროვდა და „შეეშინდა მსახურთა, ნუუკე პური ვერ ეყოს სიმრავლეს მას ერისასა“. ღმერთს მინდობილმა იღუმენმა ბრძანა, გაეღოთ კარები. დამშეული ხალხი ტაბლების ირგვლივ დასხეს. „ჭამეს ყოველთა. და განძღეს და წარვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა“, მონასტრის ბეღელს კი არაფერი დაკლებია.
წმიდა მამა ზრუნავდა სნეულებზეც. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს.
„და ვინმცა შეუძლო მოთხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაჲ იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე“? ყოველ კვირას, შაბათის მწუხრიდან გათენებამდე, იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა, ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა.
იმპერატორ ანასტასის (491-518) ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიხისა და სევერის მწვალებლობა, რომლებიც „უთავოებად“ (ბერძნულად აკაფალებად) იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებებისა და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. თეოდოსი აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად: ყველა მონასტრის წინამძღვარი შეჰყარა, მათთან ერთად მეფეს მისწერა წერილი, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი და განაცხადა: ბერები „არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს“. იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღვთო შურით აღძრული წმიდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა.
წმიდა თეოდოსის ღმერთმა წინასწარხედვის ნიჭი მიჰმადლა, მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა: ბეღელში იფქლი მრავლდებოდა, გვალვის დროს წვიმა გარდმოდიოდა ზეციდან, უშვილო დედებს შვილები ეძლეოდათ, სნეულებათაგან იკურნებოდნენ, განსაცდელებიდან უვნებლად გამოდიოდნენ;
ღირსმა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე. 105 წლის ასაკში, „სალმობასა თანა სიბერე დიდით“ დამძიმებულმა წმიდანმა, სიკვდილამდე სამი დღით ადრე უდაბნოს ყველა მამასახლისს სამ-სამი სეფისკვერი დაუგზავნა ევლოგიად და სამი დღის შემდეგ ყველანი თავისთან იხმო. როცა მამები შეგროვდნენ, წმიდა თეოდოსიმ მოიკითხა ისინი, დალოცა, შემდეგ კი ხელები აღაპყრო, ილოცა და სიტყვებით: „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა,“ მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს. წმიდანი პატივით დაკრძალეს იმ გამოქვაბულში, სადაც დაიწყო მოღვაწეობა.
წმიდა თეოდოსი ტრაპიზონელი (XIV)
ღირსი მიხეილ კლოპელი, ნოვგოროდელი (+დაახლ. 1453-1456)
ერთხელ ღირსმა მიხეილმა ქვიშაზე დააწერა: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო“ (ფს. 115,4), ამ ადგილას წყარო აღმოცენდება“. მართლაც, მიწიდან წყალმა ამოხეთქა. შიმშილობის დროს წმინდა მამის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა მონასტრის ბეღელში, თუმცა ბერები უხვად ურიგებდნენ მას დამშეულებს. ღირსი მიხეილი გარდაიცვალა 11 იანვარს (+დაახლ. 1453 – 1456წწ.). იგი დაკრძალეს იმ ადგილას, რომელზეც თვითონვე მიანიშნა.