27.01.2024. 34-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი. ხსნილი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

34-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხსნილი

27.01.2024. შაბათი

წმიდისა დედისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი, ქართველთა განმანათლებელისა (IV); ღირსმოწამეთა მამათა, სინასა და რაითს სარკინოზთაგან მოწყვედილთა: ესაიასი, საბასი, მოსესი და მოწაფისა მისისა მოსესი, იერემიასი, პავლესი, ადამისა, სერგისა, დომნესი, პროკლესი, იპატისა, ისაკისა, მაკარისა, მარკოზისა, ბენიამინისა, ევსევისა, ელიასი და სხვათა მათ თანა (IV-V); ღირსისა იოსებ აილანელისა, რაითელ მოღვაწისა (IV ); ღირსისა თეოდულესი, ღირსი ნილოს ბრძენის ძისა (V); ღირსისა სტეფანესი, ჰინოლაკოს მონასტრის აღმაშენებელისა (VIII). 

დღის ლოცვა 

წმიდისა დედისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი

ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა, განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა, მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).
ლიტ. რიგ.: ეფ. 5: 1-8 (დას. 228). ლკ. 14: 1-11 (დას. 74).
წმ. ნინო: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). მთ. 25: 1-13 (დას. 104). 

ცისკ.: მთ. 10: 1, 5-8 

1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. 

5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.

ლიტ. რიგ.: ეფ. 5: 1-8 

1. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. 2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს. 3. ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ, 4. არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად – მადლიერება. 5. რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში. 6. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე. 7. ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. 8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.

ლიტ. ლკ. 14: 1-11 

1. მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას. 2. და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი. 3. მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს? 4. ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და გაისტუმრა. 5. და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს? 6. ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას. 7. როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ: 8. ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატით სტუმარიც ჰყავს: 9. შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა. 10. ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში. 11. რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

წმ. ნინო: 1 კორ. 4: 9-16 

9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.

წმ. ნინო: მთ. 25: 1-13 

1. მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. 2. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური. 3. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. 4. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. 5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. 6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. 7. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. 8. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. 9. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. 10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. 11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. 12. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. 13. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14)  

 

წმიდა დედა ჩვენი ნინო მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი (IV)

კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.

წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.

ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: „როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი.

ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.

იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა , რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ“.

ეფესოში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწთა და საძაგელთა კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ.

დიოკლეტიანემ მალემსმრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: „მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში“.

თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად.

წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.

საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: „უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა. რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის –გცენ იესოს მიერ ძისა შენისა“,- შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა .

წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა მიჰმადლა შვილი. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა თხოვეს. „არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტჱსითა“,- უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.

წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.

წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა (ხს. 15 იანვარს).

წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

 

ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და მის მახლობლად, მეწამული ზღვის ნაპირას მდებარე რაითის სავანეში -„ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა“. ბერები საოცრად თავშეკავებული, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ: მთელი კვირის მანძილზე მდუმარებაში იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან ფარულად მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საერთოდ არ ღებულობდნენ. „და იყვნეს იგინი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყჳთელ იყვნეს და ჴორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა”.
312 წელს, ქრისტეშობიდან მესამე დღეს სინას მონასტერს სარკინოზები დაეცნენ და საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. ტაძრის მახლობლად მყოფმა ბერებმა კოშკს შეაფარეს თავი და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შეწევნას. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულებს და „აჩვენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაჲ კუამოდა, და ცეცხლი აღიწეოდა ვიდრე ცადამდე.” სარკინოზები საოცარმა სახილველმა დააფრთხო და გაიქცნენ, „ზოგი აქლემებისა მათისაჲ და საჭურველისა მათისაჲ დაყარეს შიშისაგან “.
მეორე დღეს ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნებმა იწყეს „სვლად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა“. 38 მოკლული ჰპოვეს, ორიც – მძიმედ დაჭრილი. საშინელი სახილველი იყო მოხუცი, ღვაწლმოსილი ბერების ცხედრები: „რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუაჲ ყოველადვე ორად განკუეთილ იდვა. და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცჳვნებულ იყვნეს, და სხუაჲ ჴელით და ფერჴით დაჭრილი იდვა, ვითარცა ჴუნდი”. იმედოვნებდნენ, რომ დაჭრილთაგან ერთი – ამბა საბა გადარჩენოდა, მაგრამ თავად იგი ძლიერ წუხდა ამის გამო, „ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაჲ მე, რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისაჲ და ვერ შევედ მას შინა”. ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, არ განეშორებინა იმ წმიდა მამებისგან, რომლებიც მისი სახელისათვის სიკვდილის ღირსნი შეიქნენ. ღმერთმა წყალობით მოხედა ბერს და წმიდათა მოწყვეტიდან ოთხი დღის შემდეგ მისი სულიც შეივედრა. „და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხჳ მათი რიცხჳსაებრ წმიდათა ორმეოცთაჲსა”.
როგორც გაირკვა, სწორედ ამ დღეს საშინელი სისხლისღვრა გაჩაღებულა რაითშიც. რაითის მონასტერს ზღვიდან თავს დაესხნენ არაბთა ტომები – აბაშები, „რიცხჳ მათი ვითარ სამას კაც”. ამ დროს მონასტერში ორასამდე ერისკაცი იმყოფებოდა ოჯახით, ისინი აღსდგნენ ცოლ-შვილისა და სავანის ბერების დასაცავად, მაგრამ ვერას გახდნენ – ბრძოლაში გამოცდილმა და რაოდენობითაც აღმატებულმა მტერმა დაამარცხა და „წარტყუენეს ყრმები და დედები მათ თანა “.
ამის შემდეგ უღმრთოებმა ტაძარს თავშეფარებულ ბერებამდეც მიაღწიეს: „ვითარცა მჴეცნი მძჳნვარენი რბიოდეს და ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და უშუერითა “. მონასტრის წინამძღვარმა –პავლემ განამტკიცა ძმები, შემდეგ კი საკურთხევლისკენ პირმიქცეულმა ზეცად აღაპყრო ხელები და უფალს შემწეობა სთხოვა.
ამასობაში უღმრთოებმა ტაძრის კარებთან მჯდომი იერემია შეიპყრეს და წინამძღვრის ჩვენება მოსთხოვეს. „არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი“ – მტკიცედ უპასუხა ბერმა. უსჯულოებმა ხელ-ფეხი შეუკრეს „და დაადგინეს იგი შიშუველი და ესრეთ ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ჴორცნი მისნი”. წმიდა იერემია არც განძრეულა, სიხარულით და მადლობით დაითმინა სატანჯველი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
როცა ეს პავლემ იხილა, გამოეყო ძმებს და განაცხადა: „აჰა, ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ”. უსჯულოებმა ახლა მას მიჰმართეს ცემით და გადამალული განძის ჩაბარება მოსთხოვეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიიღებდნენ, ერთმა მათგანმა მახვილით თავი გაუპო წმიდანს „და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდსა ტანჯვისა”.
ამის შემდეგ მეომრები ღრიალით შეიჭრნენ ტაძარში და დაერივნენ წმიდა მამებს: „იწყეს ცემად მათთა მახჳლითა, ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუეთეს და რომელიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახჳლითა ნაწლევნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მჴარსა ეხეთქნა და ორად განეპო, ვიდრე მკერდამდე, ვიდრემდის ესრÅთ მოწყვდნეს წმიდანი იგი მამანი “.
უღმრთოებს ძლიერ მოეწონათ ამბა სოლომონის ვაჟი, თხუთმეტი წლის სერგი და გადაწყვიტეს, თან წაეყვანათ იგი. როცა ყრმამ იხილა, რომ „არა მოჰკლავენ მას მოყუასთავე თჳსთა თანა და ეგულების წარყვანებაჲ მისი მათ თანა”, ჯერ მწარედ ატირდა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა, განაგდო შიში, „აღიღო მახჳლი ერთი მათგანისაჲ და უხეთქნა მჴარსა ოდენ ჰაბაშისასა” – სიკვდილის მაძიებელს მტრის განრისხება სურდა. მიაღწია კიდეც თავისას: „ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახჳლითა”.
როცა ხოცვა – ჟლეტისაგან მოიცალეს, ბარბაროსებმა ტაძრისა და სენაკების ჩხრეკა დაიწყეს – განძს ეძიებდნენ. „არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაჲ აქუნდა წმიდათა მათ ქვეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფასÅ და სიხარული წარუვალი ქრისტÅს მიერ უფლისა ჩვენისა”. უსჯულოების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა – მათ ტყვედ წასხმული ქალები და ბავშვებიც დახოცეს, მაგრამ თვითონაც საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს – მოყვასთა დასახმარებლად მოსულ ქრისტიანთა ლაშქარს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.
ამ დღეს აღსრულებული მამები „მონანი იყვნეს. ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულისა სასუფეველისა მისისასა. ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაჲთა ითხოვონ ჩუენთჳს შეწევნაჲ.“
სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღგვიწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა (ხს. 12 ნოემბერს ) მოგვითხრო.
სინასა და რაითის მონასტრებში ამ დღეებში გაბრწყინებული წმიდანებიდან მხოლოდ რამოდენიმეს სახელია ცნობილი: საბა, ისაია, მოსე, მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია. 
ღირსი თეოდულე იყო ძე ნილოს მმარხველისა (ხს. 12 ნოემბერს), რომელმაც აღწერა რაითელ მამათა მოწყვეტა V საუკუნეში. თეოდულე მამასთან ერთად სიყრმეშივე განერიდა ამ სოფელს და სინას მთაზე დაემკვიდრა. მეუდაბნოე ბერებზე ბარბაროსების თავდასხმის დროს იგი ტყვედ ჩავარდა. ქალაქ ულუზაში თეოდულე ადგილობრივმა მღვდელმთავარმა გამოისყიდა უსჯულოთა ხელიდან. წმიდა ნილოსმა სწორედ მის სახლში იპოვა მონატრებული ვაჟი. ეპისკოპოსმა მღვდლად აკურთხა მამაც და შვილიც, რის შემდეგაც ისინი სინას მთას დაუბრუნდნენ. წმიდათა უხრწნელი ნაწილები, იუსტინე უმცროსის (565-578) ზეობისას, კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრუნეს. 
ღირსი სტეფანე VII საუკუნეში ცხოვრობდა. დიდი მოსაგრე მამების მიბაძვით, მან მოიარა პალესტინის ბევრი სავანე, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სავანე დაარსა ბითვინიაში, ქალკედონის მახლობლად, სადაც ბევრმა ბერმა მოიყარა თავი.
წმიდა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების ჟამი. რამდენიმე ბერი ღირსი გახდა ეხილა ანგელოზთა თანხლებით მისი დიდებული ამაღლება ცათა სასუფეველში. 
წმიდა მთავარეპისკოპოსი საბა ერობაში – როსტისლავი (რასტკო), სერბეთის თვითმპყრობელის, სტეფანე ნემანის და ბერძენი იმპერატორის ასულის, ანას მესამე ვაჟი იყო. მშობლები ხედავდნენ შვილის საოცარ ნიჭიერებას და ფიქრობდნენ, თხუთმეტი წლის ასაკში ჰერცოგოვის მმართველად დაედგინათ იგი, მაგრამ ღმერთი სხვა სარბიელისთვის ამზადებდა თავის რჩეულს: როსტოსლავს ბავშვობიდანვე ძლიერ იზიდავდა მარხვა, ლოცვა, ღვთისმსახურება და თავს არიდებდა უქმსიტყვაობას, სიცილსა და გართობას.
ერთხელ სასახლეში მდიდრული ქეიფი იყო გაჩაღებული, სადაც მეფის ძე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მას მხიარული ახალგაზრდობის გარემოცვაში ხშირად შემოაწვებოდა ხოლმე გულზე სევდა, მისი სული რაღაც სხვას თხოულობდა, სხვაგან ისწრაფოდა. ამ დროს ყმაწვილმა გაიგო, რომ მათთან სტუმრად რუსი ბერი მოსულიყო, უჩუმრად განერიდა მოქეიფეებს, თავის ოთახში გაიყვანა სტუმარი და დიდხანს ხარბად უსმენდა მის მონათხრობს ბერ-მონაზონთა ცხოვრებაზე. ამ დღეს, აქ მან ჰპოვა, რასაც ეძებდა, სიხარულმა მოიცვა მთელი მისი არსება და გადაწყვიტა, მთლიანად უფლისთვის მიეძღვნა თავი. მან მამას დაუბარა, სანადიროდ მივდივარო დიდი ხნით, შემდეგ მსახურები სხვადასხვა მხარეს დაგზავნა, თვითონ კი ათონზე გაემგზავრა, პანტელეიმონის რუსულ მონასტერში. ამ დროს მომავალი წმიდანი 19 წლისა იყო. როცა მამამ შვილის ადგილსამყოფელი გაიგო, სასწრაფოდ შეჰყარა ლაშქარი ერთგული მხედარმთავრის სარდლობით და იმ ოლქის გამგებელს, რომელშიც ათონი შედიოდა, შეუთვალა, ან შვილი დამიბრუნეთ, ან საომრად გაემზადეთო. მონასტერში ჩასულმა სარდალმა მეომრებს უბრძანა, ფხიზლად ედევნებინათ თვალყური როსტისლავისთვის, მაგრამ მათ ბევრი ღვინო დალიეს, დათვრნენ და ჩაეძინათ. მეფისწულმა ისარგებლა შემთხვევით, ფარულად დადო მონაზვნობის აღთქმა და ბერადაც აღიკვეცა საბას სახელით (1186წ). ახალნაკურთხმა ბერმა მშობლებს თავისი საერო ტანსაცმელი, მოკვეცილი თმები და წერილი გაუგზავნა. მეფე სტეფანემ ათონზე დიდძალი ოქრო გაგზავნა სავანეთა შესამკობლად და გლახაკთათვის, მაგრამ მის ღვთისმოყვარე ძეს მეტი სურდა: იგი ნატრობდა, მამაც თავის გვერდით ეხილა, სულის საცხოვნებლად მოღვაწე ბერებს შორის. უფალმა ყურად-იღო თავისი რჩეულის ვედრება და მალე საბას კეთილმსახური მშობლებიც მონაზვნად შედგნენ: მამას სიმეონი დაერქვა, დედას კი – ანასტასია. თავიდან მამა-შვილი ვათოპედის სავანეში მოღვაწეობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილენდარის მონასტერი. წმიდა სვიმეონი მალე მიიცვალა. ერთხელ იგი შვილს ძილში გამოეცხადა და უწინასწარმეტყველა, რომ მღვდელმთავრის ხარისხში მყოფი გაანათლებდა თავის ქვეყანას. ამ წინასწართქმის აღსრულებამდე საბა განაგრძობდა ჩვეულ მოღვაწეობას: ნუგეშს სცემდა განდეგილ ბერებს, ზრუნავდა გლახაკებზე; მან შესძლო ტყვედ წასხმული კარაკალის მონასტრის იღუმენისა და ძმებისთვის სავანე დაებრუნებინა. წმიდა საბას გულმოწყალებასა და სიუხვეს გრძნობდნენ ქსეროპოტამისა და ფილოთეოსის ბერებიც.
ხილენდარის სავანეში საბა ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი – მღდვლად. თესალონიკში წმიდანს არქიმანდრიტად დაასხეს ხელი, 1219 წელს კი, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, პატრიარქმა გერმანემ სერბეთის პირველ მთავარეპისკოპოსად აკურთხა ნეტარი მამა. საბას ძალისხმევით საბერძნეთის იმპერატორმა სერბეთის ეკლესიას მთავარეპისკოპოსის არჩევის უფლება მიანიჭა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მაშინდელი გაცხარებული ომების დროს. ნიკეიდან ათონზე ჩასულმა მამამ უკანასკნელად მოიარა წმიდა მთის სავანეები, მოილოცა ყველა ტაძარი და გამოემშვიდობა ნეტარ მეუდაბნოე მამებსაც. მას ძალიან უჭირდა აქაურობის დატოვება, ისე იყო გულდამძიმებული, რომ ძლივს მოადგამდა ფეხს. სასოწარკვეთილ მამას ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „რად მწუხარებ, როცა მე გეგულვები მეოხად წინაშე უფლისა ყოველთასა, მეუფისა და ძისა ჩემისა?!” მადლიერმა წმიდანმა ამ ხილვის მოსაგონებლად თესალონიკში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ორი დიდი ხატი შეუკვეთა.
სერბეთში წმიდა მამის მოღვაწეობას მრავალი ნიში და სასწაული ახლდა თან. ღამისთევის ლოცვებისა და ლიტურღიის დროს, საბა თავისი მამის უხრწნელ ცხედარს უკმევდა. მისი ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოედინებოდა.
ერთხელ უნგრეთის მეფე ვლადისლავმა სერბეთს ომი გამოუცხადა. მასთან მოლაპარაკება მიანდეს წმიდა საბას, რომელმაც არა მარტო სასურველი მშვიდობა მოუპოვა თავის ერს, არამედ უნგრელი მონარქი მართლმადიდებლობაზეც კი მოაქცია. წმიდა მთავარეპისკოპოსი, რომელმაც სათავე დაუდო სერბეთს ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას, იღვწოდა სერბეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვისაც. ქვეყნის დამოუკიდებლობა რომ განემტკიცებინა, მან მეფედ აკურთხა თავისი ძმა – სტეფანე, მისი მიცვალების შემდეგ კი – რადოსლავი, სტეფანეს ძე. ამის შემდეგ საბამ მოილოცა იერუსალიმის სიწმიდეები. სამშობლოში დაბრუნებულმა კი უკვე ვლადისლავს დაასხა ხელი მეფედ და სერბეთის ტახტის განსამტკიცებლად ბულგარეთის მთავრის, ასანის ასულზე დააქორწინა იგი. მღდელმთავარმა მოიარა მთელი სერბეთი, მონასტრების წეს-განგებანი ათონისა და პალესტინის სავანეთა ტიპიკონების მიხედვით შეასწორა, მრავალი ტაძარი ააგო და აკურთხა, განამტკიცა მრევლი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. ამის შემდეგ კი მღვდელმონაზონ არსენს დაასხა ხელი ეპისკოპოსად, დალოცა ყველა და დატოვა მშობლიური ქვეყანა, რადგან სურდა, მყუდროებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. მან იმოგზაურა პალესტინაში, სირიასა და სპარსეთში, ბაბილონში, ეგვიპტესა და ანატოლიაში, მოილოცა წმიდა ადგილები, მოინახულა იქ მოსაგრე დიდი მამები, თან წმიდანთა უხრწნელ ნაწილებსაც აგროვებდა.
სერბეთის ეკლესიის პირველმა მთავარეპისკოპოსმა თავისი ცხოვრება ბულგარეთში, ტირნოვოში, თავისი ნათესავის, ასანის სასახლეში დაასრულა (+1237). მალე საბას წმიდა ნაწილები სერბეთში გადაასვენეს. გადასვენებისას იმდენი სასწაული აღესრულა, რომ ბულგარელები განაწყენდნენ თავიანთ მეფეზე, როგორ თმობსო ასეთ საუნჯეს. წმიდანის ცხედარი მილეშევოს ტაძარში დაასვენეს. აქაც მრავალი კურნება მოხდა. სასწაულები აღესრულებოდა ტირნივში დარჩენილ საბას კუბოს ნაწილებთანაც.
დიდია წმიდა მღვდელმთავრის, საბა სერბელის მემკვიდრეობის მნიშვნელობა სლავებისთვის. მის სახელთანაა დაკავშირებული იერუსალიმის წესდების შემოღება სლავურ სავანეში; ათონის ხილენდარის მონასტერი დღემდე მისი დადგენილი ტიპიკონით ცხოვრობს; მეტად გავრცელდა სჯულისკანონის საბასეული რედაქცია ალექსი არისტანის განმარტებებით. საბასეული რედაქცია უდევს საფუძვლად ბეჭდურ სჯულის კანონსაც, რომელიც 1653 წელს გამოიცა და რომლითაც დღესაც ხელმძღვანელობს რუსეთის ეკლესია.