28.01.2024. 34-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხსნილი.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

34-ე შვიდეული კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I. ხსნილი. 28.01.2024

ღირსთა პავლე თებელისა (341) და იოანე გლახაკისა (V); წმიდისა დიდებულისა მოწამისა არჩილ მეფისა (774); წმიდათა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრი სივნიელისა (IV); ღირსმოწამისა პანსოფი ალექსანდრიელისა (250); ღირსთა: პროხორესი (X) და გაბრიელისა (XI); გერასიმე ალექსანდრიელ პატრიარქისა (1714).

დღის ლოცვა 

ღირსთა ამბა პავლე განშორებულისა, თებელისა, და იოანე გლახაკისა

კონდაკი: ვითარცა მთიებსა დაუვალისა საცნაურისა მზისასა, დღეს შემოკრებულნი შეგასხამთ გალობითა, რამეთუ აღმობრწყინდი მყოფთა ბნელსა უმეცრებისასა და ყოველთა აღმოუწოდებ საღმრთოსა მიმართ სიმაღლისა, თებაიდისა სამკაულო პავლე ღირსო, მამათა და მმარხველთა მტკიცო საფუძველო.

კონდაკი: შეიყუარე სიბრძნე წარუპარველი სიგლახაკისა და სიმდიდრე მშობელთა შენთა მოიძულენ, და იპყრენ სახარებაი ხელთა შინა შენთა, და შეუდეგ ქრისტესა ღმერთსა, იოანე, მას ევედრე დაუცხრომლად ჩვენ ყოველთათვის. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).
ლიტ.:
 კოლ. 3: 12-16 (დას. 258). ლკ. 18: 18-27 (დას. 91).
ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30. (დას. 43). 

ცისკ.: მთ. 28: 16-20 

16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.

ლიტ.: კოლ. 3: 12-16 

12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. 13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. 14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. 15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით. 16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

ლიტ.: ლკ. 18: 18-27 

18. ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? 19. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმერთისა. 20. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას? 21. ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან. 22. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. 23. ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. 24. დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 25. ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში. 26. ამას გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? 27. ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.

ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ.: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

ღირსი მოწამე პანსოფი ალექსანდრიელი პროკონსულის ნილოსის ვაჟი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოს მიაშურა, სადაც 27 წელი მოსაგრეობდა. დეკიუსის დროინდელ (249-251) დევნულობისას ღირსი პანსოფი ალექსანდრიის პრეფექტს მიჰგვარეს განსასჯელად. წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უღმერთობა, რისთვისაც სასიკვდილოდ სცემეს წკეპლებით. წმიდა მარტვილი აღესრულა დაახლოებით 249-251 წლებში. 
პავლე თებაიდელი ეგვიპტის ქალაქ თებაიდაში დაიბადა. მას შემდეგ, რაც ყმაწვილს მშობლები გარდაეცვალა, ერთმა ვერცხლისმოყვარე ნათესავმა გადაწყვიტა, მიესაკუთრებინა მისი ქონება. სიხარბით გონებადაბინდულმა შევიწროება დაუწყო ობოლს, ბოლოს კი, იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელი დევნულობისას, მისი უსჯულოთა ხელში ჩაგდებაც განიზრახა. როცა პავლემ ამ მზაკვრობის შესახებ შეიტყო, დატოვა ქალაქი და უდაბნოში გავიდა.
ღირსი მამა მთის ძირში მდებარე ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ 91 წელი დაჰყო დაუდუმებელი ლოცვითა და მარხვით: მისი ერთადერთი საკვები იყო ფინიკები და პური, რომელსაც ყვავი უზიდავდა, სუსხისა და პაპანაქებისგან მხოლოდ პალმის ფოთლების სამოსელი იცავდა. როცა წმიდანის აღსასრული მოახლოვდა, ღმერთმა ინება, რომ მის შესახებ ანტონი დიდისთვის (ხს. 17 იანვარს) ეუწყებინა. ერთხელ, ანტონს გონებაში გაურბინა ფიქრმა, რომ ალბათ არსად იპოვება სხვა მისი მსგავსი მეუდაბნოე, მაგრამ უეცრად ჩაესმა ხმა: „ანტონი, არის ღვთის მონა, რომელიც შენზე სრულყოფილია და აქ შენზე ადრე დასახლდა. შედი უდაბნოს სიღრმეში და ჰპოვებ მას”. ნეტარი მეუდაბნოე მიჰყვა უფლის მოწოდებას და წმიდა პავლეს გამოქვაბულს გადააწყდა. ღირსი მამა წინ გამოეგება სტუმარს, რითაც მას თავმდაბლობის მაგალითი აჩვენა. ბერებმა სახელებით მოიკითხეს და ამბორს უყვეს ურთიერთას, შემდეგ კი დიდხანს საუბრობდნენ. ამ დროს ყვავი მიფრინდა და ორივეს პური მიართვა. ღირსმა პავლემ განუცხადა ანტონს, რომ მოწევნული იყო მისი მიცვალების ჟამი და დაკრძალვა სთხოვა. ნეტარი მამა მუხლმოყრილი აღესრულა, ლოცვის დროს. ანტონი ხედავდა, თუ როგორ მაღლდებოდა მისი სული ზეცად ანგელოზების, წინასწარმეტყველების და მოციქულების თანხლებით. უდაბნოდან გამოსულმა ორმა ლომმა წმიდანს თათებით გაუთხარა სამარე. ღირსმა ანტონიმ მიწას მიაბარა უფლის სათნომყოფელის ცხედარი, თან წამოიღო პალმის ფოთლებისგან შემზადებული მისი სამოსელი და თავის სავანეს დაუბრუნდა. ამ სამოსს ანტონი ინახავდა, როგორც უდიდეს სიწმინდეს და იცვამდა წელიწადში მხოლოდ ორჯერ – აღდგომას და სულთმოფენობას. ღირსი პავლე თებაიდელი გარდაიცვალა 341 წელს, 113 წლის ასაკში. წმიდანს სავანე არ დაუარსებია, მაგრამ მისი მიცვალების შემდეგ მომრავლებულმა მისმა მიმბაძველებმა მონასტრებით გადაფარეს მთელი უდაბნო. ღირსი პავლე მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობის მამად ითვლება.
XII საუკუნეში, იმპერატორ მანუელის (1143-1180) ბრძანებით, წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს. შემდგომში ისინი ვენეციაში იქნა გადასვენებული, აქედან კი – უნგრეთში. ღირსი პავლეს პატიოსანი თავის ნაწილი რომშია დაცული. 
წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ – წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს. 
ღირსი იოანე გლახაკი (მეტალავრე) კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა V საუკუნეში. მდიდარმა და დიდებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ყმაწვილი ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით საღვთო წიგნები იზიდავდა. მან სცნო ამ სოფლის ამაოება და გადაწყვიტა, უფლის მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდანმა მშობლებს სთხოვა, სახარება მაჩუქეთო, შემდეგ კი ფარულად დატოვა სახლი, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და აქ მღვიძარეთა მონასტერში ბერად აღიკვეცა. ახალგაზრდა მოწესე გულმოდგინედ შეუდგა მსახურებას, ის აოცებდა საძმოს მუდმივი ლოცვით, უდრტვინველი მორჩილებით, მკაცრი თავშეკავებითა და მოთმინებით.
ექვსი წლის შემდეგ იოანეს განსაცდელი დაატყდა თავს: მას განუწყვეტლივ აგონდებოდა მშობლები, მათი სიყვარული და ალერსი, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ დაამწუხრებდა მათ შვილის მოულოდნელი დაკარგვა. ეშმაკისგან მოვლენილი აზრებითა და წარმოდგენებით შეშფოთებული ბერი იმდენად მოუძლურდა, რომ უკვე სიკვდილის საფრთხის წინაშე იდგა. წმიდანმა თავისი სულიერი მდგომარეობა წინამძღვარს გაუმხილა და სავანის დატოვების ნებართვა სთხოვა. მანაც, სულიწმიდით შთაგონებულმა, მისცა კურთხევა. წასვლის წინ იოანე მხურვალედ ევედრა საძმოს, ელოცათ მისთვის, რადგან იმედოვნებდა, რომ მათი ლოცვით ღმერთი წყალობის თვალით მოხედავდა: მშობლებსაც ნახავდა და ეშმაკის მზაკვრობასაც გადაურჩებოდა.
კონსტანტინეპოლში გლახაკის სამოსლით დაბრუნებული იოანე საკუთარი სახლის ჭიშკართან დამკვიდრდა. წმიდანი ისე იყო შეცვლილი, რომ მშობლებმაც ვერ იცნეს. ისინი, ღვთის გულისთვის და საკუთარი გულმოწყალებით, ყოველ დღე უგზავნიდნენ საზრდელს „უცნობ გლახაკს “.
სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა წმიდანი ტალავარში და მოთმინებით იტანდა ყოველგვარ გასაჭირს. ერთ დღეს იოანეს გამოცხადებით ეუწყა, რომ მისი ტანჯვის დასასრული მოახლოებული იყო და სამ დღეში წარსდგებოდა უფლის წინაშე. მხოლოდ მაშინ აჩვენა წმიდანმა დედ-მამას მათი ნაჩუქარი სახარება. წმიდა იოანეს უკანასკნელი სათხოვარი იყო, იქ დაეკრძალათ, სადაც მისი ტალავარი იდგა და კუბოში თავისივე ძონძებით ჩაესვენებინათ.
25 წელს მიახლოებული ღირსი მამა V საუკუნის შუა წლებში აღესრულა. მის საფლავზე მშობლებმა ააგეს ტაძარი, რომელთანაც დავრდომილთა თავშესაფარიც დაარსეს. XII საუკუნეში წმიდანის უხრწნელი თავი ჯვაროსნებმა ბეზანსონში (საფრანგეთი) წაიღეს, მისი წმიდა ცხედარი კი რომში განისვენებს. 

ღირსი პროხორე და გაბრიელი (XI)

 ღირსი პროხორე და გაბრიელი (XI)