31.01.2024. 35-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

35-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა 

31.01.2024. ოთხშაბათი. მარხვა

კეთილმსახურისა მეფისა თამარისა (1213); ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირსისა ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა და მთარგმნელისა (1101); ღირისი ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, 1923); ღირსისა მარკიანე კვირელისა (388); ღირსთა კირილესი და მარიამისა (1337). 

დღის ლოცვა

ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანიასი)
ტროპარი: 
ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმიდითა შენითა, მამაო წმიდაო ალექსი, და ცხრა დასთა ანგელოზთა თანა ადიდებ წმიდასა სამებასა, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.: 
იაკ. 1: 1-18 (დას. 50). მკ. 10: 11-16 (დას. 44).

მეფისა: რომ. 13: 1-10 (დას. 111). ინ. 10: 1-9 (დას. 35, შუა).

ცისკ.: ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

ლიტ.: იაკ. 1: 1-18 

1. იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, – გიხაროდეთ. 2. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. 3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; 4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. 5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა. 6. მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს. 7. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან. 8. ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე. 9. დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით, 10. ხოლო მდიდარი – თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი. 11. რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე. 12. ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ. 13. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. 14. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. 15. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს. 16. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმანო. 17. ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი. 18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.

ლიტ.: მკ. 10: 11-16 

11. და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს. 12. ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს. 13. მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ. 14. ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. 15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში. 16. მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი.

მეფისა: რომ. 13: 1-10 

1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. 2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. 3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. 4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. 5. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც. 6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი. 7. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, საშიშარს – შიში, პატივსაცემს – პატივისცემა. 8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. 9. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.

მეფისა: ინ. 10: 1-9 

1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. 2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია. 3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. 4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას. 5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას. 6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა. 7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. 8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. 9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა ათანასე და კირილე, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსების ხსენებას დედა-ეკლესია ერთ დღეს განაჩინებს ნიშნად მადლიერებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის, რომელსაც ისინი ეწეოდნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატების დასამტკიცებლად და ერეტიკული სწავლებათაგან მათ დასაცავად.
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373), ეკლესიის უდიდესი მამა და მართლმადიდებლობის ბურჯი, დაიბადა დაახლოებით 297 წელს ალექსანდრიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე სრულად წმიდა წერილი შეისწავლა. მომავალი მღვდელმთავარი სიყრმითგანვე გაიცნო ალექსანდრიის პატრიარქმა წმიდა ალექსანდრემ (ხს.29 მაისს). ერთხელ ბავშვები, მათთან ერთად პატარა ათანასეც, ზღვის ნაპირზე თამაშობდნენ. ქრისტიანმა ბავშვებმა გადაწყვიტეს მოენათლათ თანატოლი წარმართები. ყრმა ათანასემ, რომელიც ბავშვებმა „ეპისკოპოსად” აირჩიეს, შეასრულა ნათლობის წესი და ზუსტად გაიმეორა სიტყვები, რომელიც ეკლესიაში გაეგონა. პატრიარქი ალექსანდრე ფანჯრიდან უყურებდა ამ სცენას. მან ბავშვები და მათი მშობლები თავისთან მოიხმო, დიდხანს საუბრობდა მათთან და დაარწმუნა, რომ ბავშვების მიერ თამაშით შესრულებული ნათლისღება ეკლესიის წესს სრულიად შეესაბამებოდა, ნათლისღება აღსრულებულად ჩათვალა და მხოლოდ მირონცხების საიდუმლო ჩაატარა. ამ დღიდან პატრიარქი აკვირდებოდა ყრმა ათანასეს სულიერ ზრდას, ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ კი დიაკვანადაც აკურთხა. ამ დროს დაწერა წმიდანმა პირველი საღვთისმეტყველო თხზულებანი: „წარმართთა წინააღმდეგ” და „განხორციელებისათვის”. დიაკვნის ხარისხში ახლდა წმიდა ათანასე პატრიარქ ალექსანდრეს 325 წლის I მსოფლიო კრებაზე, ნიკეაში. კრებაზე წმიდა ათანასემ ამხილა არიოზის ერესი და მოითხოვა, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება: „ერთარსი მამისა”. ის სიტყვა მოიწონეს კრების მართლმადიდებელმა მამებმა, აშკარა და ფარულმა არიანელებმა კი მოიძულეს წმიდა ათანასე და მთელი სიცოცხლის მანძილზე დევნიდნენ მას. წმიდა პატრიარქის, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრის კათედრაზე ერთსულოვნად აირჩიეს წმიდა ათანასე. ის დიდხანს უარობდა, უღირსად მიიჩნევდა თავს, მაგრამ არ შეიძლებოდა მთელი ეპარქიის სურვილის უგულებელყოფა – 28 წლის ათანასეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 47 წლის მანძილზე მართავდა სამწყსოს წმიდა ათანასე, ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა: რამდენჯერმე განიდევნა ალექსანდრიიდან, ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი; 20 წელი იმყოფებოდა წმიდანი დევნულობაში: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა. იყო დრო, როცა „მთელ ქვეყანას გმინვა აღმოხდა, რადგან, თავისდა გასაოცრად არიოზის მიმდევრად იგრძნო თავი”, მწვალებელთა მახეს განრიდებული ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი – ათანასე კი უკაცრიელი თავშესაფრიდან ყურადღებით ადევნებდა თვალს ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებს, წერდა ეპისტოლეებს და ტრაქტატებს არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ და მტკიცე ბურჯად ედგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. არიანელ ეპისკოპოსთა ცრუ კრებაზე წმიდანს მღვდელმთავრის ხარისხიც კი აჰყარეს. როდესაც იულიანე განდგომილმა (361-363) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მისი რისხვა პირველად სწორედ წმიდა ათანასეს დაატყდა. იულიანეს მისი მოკვდინებით გამანადგურებელი დარტყმის მიყენება უნდოდა ქრისტიანობისთვის, მაგრამ უმალ თვითონ აღესრულა უსახელოდ. ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი იულიანეს უკანასკნელი სიტყვები იყო: ”შენ გაიმარჯვე, გალილეველო!” იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ წმიდა ათანასე 7 წელი მართავდა სამწყსოს და აღესრულა 373 წელს 76 წლის ასაკში.
ჩვენამდე მოღწეულია წმიდა ათანასეს მრავალი თხზულება.
წმიდა ათანასეს ეკლესია იხსენიებს ორჯერ: 2 მაისს და 18 იანვარს – წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად. 
 
ღირსი მარკიანე კვირელი უდაბნოში მოსაგრეობდა ქალაქ კვირის მახლობლად. ის პატარა ქოხში დამკვიდრდა და დროს ლოცვაში, ფსალმუნთა გალობაში და საღვთო წიგნების კითხვაში ატარებდა, ძალიან ცოტას ჭამდა. ხმა ღირსი მამის წმიდა ცხოვრების შესახებ შორს გავარდა და სულიერი მოღვაწეობის მსურველები მიიზიდა მისკენ. წმიდანმა ძმებისთვის სავანე დაარსა.
ღირსმა მარკიანემ უფლისგან საკვირველქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ მან ჯვარი გადასახა კელიაში შემოსრიალებულ გველს და ქვეწარმავალი ცეცხლმა შემუსრა; ღამით, როცა წმიდანი კითხულობდა, მას ზეციური ალი უნათებდა, საძმოს შესაწევნელად მრავალ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა ღირსი მამა. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლ. 388 წელს. 
 

წმ. კირილე ალექსანდრიელი თორმეტი ანათემა

1 . თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!

2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა!

3. თუ ვინმე ერთ ქრისტეში განყოფს ჰიპოსტასებს შეერთების შემდეგ და შეაკავშირებს მათ მხოლოდ ღირსებისმიერი ან თვითუფლებრივი ან ძალმოსილებითი თანაშეკავშირებით და არა, უმალ, ბუნებითი შეერთების შესაბამისი თანაშერთვით, ანათემა!

4. თუ ვინმე სახარებისეული და სამოციქულო ნაწერების სიტყვებს ანდა ქრისტეს შესახებ წმინდანთა გამონათქვამებს ან კიდევ თვით მის მიერვე თავის თავზე თქმულთ ორი პირისადმი ანუ ჰიპოსტასისადმი განყოფს და ერთ ნაწილს განუკუთვნებს მას როგორც ადამიანს, მამაღმერთის სიტყვისგან განცალკეცებით მოაზრებულს, მეორე ნაწილს კი, როგორც ღვთის შესაფერისს, მხოლოდ მამაღმერთის სიტყვას, ანათემა!

5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა, და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა!

6. თუ ვინმე ამბობს, რომ მამაღმერთის სიტყვა არის ქრისტეს ღმერთი და მეუფე და თუ ვინმე უმალ თვით  არ აღიარებს ერთობლივად ღმერთად და ადამიანად, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, თანახმად წერილისა, ანათემა!

7. თუ ვინმე ამბობს, რომ იესო, როგორც ადამიანი, მოქმედებდა ღვთის სიტყვის მიერ და რომ მას უკავშირდებოდა მხოლოდშობილის დიდებულება, როგორც თითქოსდა მხოლოდშობილისგან განსხვავებულს, ანათემა!

8. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ საჭიროა ღმერთ-სიტყვასთან ერთად მისგან მიღებული ადამიანის თანათაყვანისცემა, თანადიდება და ღმერთად თანაშერაცხვა, როგორც სხვისა სხვასთან (რადგან წინდებული „თანა” ყოველთვის იმას გვაიძულებს, რომ შემატებულობა ვიფიქროთ) და თუ ვინმე უმალ ერთი თაყვანისცემით არ სცემს პატივს ემმანუელს და ერთ აღსარებას არ უკავშირებს მას, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, ანათემა!

9. თუ ვინმე ამბობს, რომ ერთი უფალი იესო ქრისტე იდიდება სულიწმინდის მიერ, რომ არის იგი თავისი ძალის, როგორც თითქოსდა უცხოს, გამომყენებელი და რომ სულიწმინდისგან იღებს იგი შემძლეობას, რათა იმოქმედოს უწმინდური ძალების წინააღმდეგ ან აღასრულოს ადამიანების წინაშე საღვთო ნიშნები, და თუ თავისვე საკუთრად არ იტყვის სულიწმინდას, რომლის მიერ იმოქმედა მან, აგრეთვე, საღვთო ნიშნები, ანათემა!

10. საღვთო წერილი ამბობს, რომ ჩვენი აღსარების მღვდელმთავარი და მოციქული გახდა ქრისტე, ხოლო ჩვენს გამო თავისი თავი შესწირა მან ღმერთსა და მამას „კეთილსურნელების საყნოსელად“ (ეფეს. 5.2). ამიტომ, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი და მოციქული გახდა არა თვით სიტყვა მამაღმერთისა, რაჟამს იქმნა იგი ხორცი და ჩვენებრ ადამიანი, არამედ – სხვა ვინმე, განსხვავებული მისგან, კერძოდ, ადამიანი, რომელიც ქალისგან იშვა. ანდა თუ ვინმე იტევის, რომ თავისი თავისთვისაც შესწირა მან მსხვერპლი და არა, უმალ, მხოლოდ ჩვენთვის, რადგან არ საჭიროებდა მსხვერპლს ის, ვინც არ იცოდა ცოდვა, ანათემა!

11. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ უფლის სხეული ცხოველმყოფელია და რომ საკუთარია იგი თვით მამაღმერთის სიტყვისა, არამედ – რომ სხვა ვინმესია იგი, სიტყვისგან განსხვავებულისა, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ღირსებით ანუ თითქოსდა მხოლოდ იმით, რომ სიტყვას მასში აქვს მკვიდრობა, და თუ ვინმე არ აღიარებს, რომ იგი, როგორც ვთქვით, ცხოველმყოფელია უმალ იმით, რომ გახდა საკუთარი სხეული სიტყვისა, რომელსაც ძალუძს ცხოველყოს ყოველივე, ანათემა!

12. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ღვთის სიტყვა ხორცით ევნო, ხორცით ჯვარსეცვა, ხორცით იგემა სიკვდილი და გახდა პირმშო მკვდართა, რადგანაც არის იგი სიცოცხლე, ცხოველმყოფელი, და ღმერთი, ანათემა!

თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“ II
თბილისი, 2004 წ. 

წმიდა ეფრემ მცირის – XI საუკუნის უდიდესი საეკელსიო მოღვაწის, მწერლის, მთარგმნელის და ფილოსოფოსის ცხოვრება, სამწუხაროდ, უცნობია, მაგრამ მისი „მოსახსენებელი“ და სხვა წყაროები საშუალებას გვაძლევს, შევიტყოთ ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმთავრესი ეტაპები.
1027 წელს, საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის ტახტზე ასვლისას, საბერძნეთში საცხოვრებლად წავიდნენ ტაოელი აზნაურები. მათი სამშობლოდან აყრის მიზეზი იყო საქართველოსა და ბიზანტიას შორის ჩამოვარდნილი შუღლი „ზემო ქვეყანათა“, ანუ ტაო-კლარჯეთის მიწების გამო და ის შინააშლილობა, რაც ამ პოლიტიკურ დაძაბულობას მოჰყვა.
აზნაურთა შორის იყვნენ „ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოზი იოანე“. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეფრემ მცირე იყო ძე ვაჩეს შვილი.
ეფრემმა კონსტანტინოპოლში მიიღო განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, შემდეგ კი ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. იმ დროს იქ სამოცდაათამდე ქართველი ბერი ცხოვრობდა და დიდი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.
შავ მთაზე მისული ეფრემი თავდაპირველად იქაურ ქართველ მოღვაწეებს დაემოწაფა. თავის „მოსახსენებელში“ ღირსი ეფრემი ამბობს, რომ შავთელმა საბა თუხარელმა „ქრისტეს მიმსგავსებულითა სახიერებითა მიტჳრთა ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა და სხუათავე ქველისმოქმედებათა თანა ესეცა აჩუენა ჩემზედა, რომელ ბერძულისაცა წიგნთა კითხვისა სწავლაჲ იღუაწა ჩემთჳს ადგილსა შინა ჯეროვნად მომზავებულსა, რომელ არს მონასტერი წმიდისა სჳმეონ საკჳრველთმოქმედისაჲ“. როგორც ჩანს, ეფრემმა საბა თუხარელისაგან შეისწავლა საეკლესიო წიგნების კითხვის წესი. საკმაოდ დავალებულად მიიჩნევს თავს ეფრემი იოანე ფარაკნელისაგანაც. ერთ ანდერძში ნეტარი გვაუწყებს: „ვიდრეღა იგი ჯერეთ ჩუენ თანა იყო ნეტარი იგი და ყოვლად რჩეული მოღუაწეთა შორის ბერი იოვანე ფარაკნელი, მან… განკვეთილობის ნიშნების გამოყენება მასწავლა“. გაბრიელ მღვდელი არჩევდა წიგნებს ეფრემის სათარგმნელად.
ეფრემის ანდერძ-მინაწერები მადლიერებით იხსენიებს შავ მთაზე მოღვაწე მამებს: საბა თუხარელს, ანტონ ტბელს, ეფრემ ოშკელს, არსენ იყალთოელს, სტეფანე ჭულეველს, იოანე ფარაკნელს, მღვდელ გაბრიელს და სხვებს. განუზომელია ეფრემის ღვაწლი ქართული სასულიერო და ფილოსოფიური მწერლობის წინაშე. მისი შრომების რიცხვი ასამდე აღწევს და ეხება საეკლესიო მწერლობის თითქმის ყველა დარგს.
წმიდა ეფრემმა შექმნა საკუთარი თეორია მთარგმნელობისა, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგი დროის ქართულ მწერლობას. ამ თეორიას სამი არსებითი ნიშანი ახასიათებს:
1. თხზულება უნდა ითარგმნებოდეს აუცილებლად თავდაპირველი დედნიდან, იმ ენიდან, რომელზედაც იგი შეიქმნა;
2. შესრულებული თარგმანი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ სიზუსტემ არ უნდა შელახოს იმ ენის ბუნება, რომელზედაც ძეგლი ითარგმნება;
3. თარგმანზე დართული უნდა იყოს სპეციალური კომენტარები, რომლებშიც განხილული იქნება თხზულებასთან დაკავშირებული ისტორიულ-გრამატიკულ-ტექსტოლოგიური საკითხები.
დედანის აზრის უკეთ გასაგებად და გასაადვილებლად ეფრემ მცირემ შეიმუშავა პუნქტუაციის ხმარების საკუთარი წესიც. როგორც თავად წერს, იგი წერტილს იყენებდა „მცირედ სასუენად, ორწერტილს განსაკუეთელად სიტყვისა და სამწერტილს დიდად სასუენად და ექუს წერტილს სრულიად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებლად სიტყვისა“.
ეფრემს უთარგმნია დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ხუთი თხზულება, ბასილი დიდის და ეფრემ ასურის „ასკეტიკონი“, ეპისტოლეთა და ფსალმუნთა კომენტარები, იაონე დამასკელის „წყარო ცოდნისა“ და უამრავი სხვა.
ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაშრომთაგან გამოირჩევა „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების“.
XI საუკუნის II ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ სცნობდნენ. სხვა მიზეზთა შორის ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა არც ერთ მოციქულს არ უქადაგია. საჭირო გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დაცვა-დადასტურება. იქაურ ქართველ მოღვაწეებს ეფრემისათვის დაუვალებიათ ამ საქმის მოგვარება. ეფრემმა საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული წყაროები, „მცირედი სიტყუანი, ვითარცა თესლთა მკრებელმან, მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან“ ერთად შეკრიბა და მეცნიერული არგუმენტებით დაასაბუთა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა.
ბერძნული წყაროებით ასაბუთებს ეფრემი ქართველთა შორის წმიდა ნინოს ქადაგების ფაქტს, კათოლიკოსთა ხელდასხმისა და მირონის კურთხევის ნებართვის მოპოვების თარიღს.
ღირს ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. 1091 წლის ახლო ხანებში ის კასტანას მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.
ღირსი ეფრემი გარდაიცვალა 1101 წლის ახლო ხანებში. რუის-ურბნისის კრების (1103 წ.) აქტები მას მიცვალებულთა შორის იხსენიებს.
ეკლესიისა და ერის წინაშე დიდი დამსახურებისთვის, ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეფრემი წმიდანად შერაცხა. 
წმიდა მაქსიმე ახალი, სერბელი, სერბეთის წმიდა მეფის, სტეფანეს (ხს. 10 დეკემბერს) ვაჟი, უნგრო – ვლახეთის მიტროპოლიტი იყო. იგი მიიცვალა 1516 წლის 18 იანვარს. 

ღირსი მამაჲ ჩვენი მღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია) (+1923)

წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.
ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.
ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.
ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.
ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: „რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? “ უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: „ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: „ღმერთი! “ კვლავ გაისმა ხმა: „მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”
შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.
ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.
შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.
ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერულ მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.
ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და, ბოლოს, აღესრულა.
თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.
დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.
1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.
ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის. როდესაც მკაცრმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად გატეხა, მოწაფეები დაითხოვა და ბოლო, დაახლოებით 1915 წლის შემდგომ წლებში, ვიდრე ამიერ ქვეყნიდან განსვლამდე, თავის სქემონაზონ ბიძაშვილებს, დებს – აკეფსიმასა და ფასტოს იხმარებდა.
1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.
მიუხედავად ალექსი ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს .
ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.
ღვთის წყალობით და უფლისმიერი მინიშნებით ალექსის აღკვეცამდე მისმა შუათანა დამ, სოფიომ მიიღო დედისგან ლოცვა-კურთხევა და მონაზვნად აღიკვეცა ახლად დაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში. თავად ალექსი ნააღდგომევს აპირებდა სოფლისგან განშორებას. დაიწყო კიდეც მზადება აღთქმის შესასრულებლად: დიდი მარხვა მკაცრად იმარხა-დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, დიდ ხუთშაბათს ეზიარა. დიდ პარასკევს, ღამით, მან იხილა ჩვენება: თითქოს საკვირველ ტაძარში შევიდა. ამბიონზე ბარძიმითა და საზიარებელი კოვზით იდგა თავად მაცხოვარი, რომელმაც აზიარა მომავალი წმიდანი. ეს ჩვენება ღირსმა უფლის ნებად მიიღო, დიდ შაბათს მღვდლის წინაშე გულწრფელად აღიარა თავისი ცოდვები და ეზიარა.
გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.
ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.