გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
ქრისტეშობა – ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
ხსნილია ყოვლითურთ 5 (18) იანვრამდე.
დღის ლოცვა
ქრისტეშობა
ტროპარი: შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემა შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო, დიდება შენდა.
კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირავნ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარსკულავისა-თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.
დღის საკითხავები
წმ. იოანე ოქროპირის წირვა.
ცისკ. – მთ. 2 დას. I, 18-25.
ლიტ. – გალ. 209 დას. IV, 4-7. მთ. 3 დას. II, 1-12.
ცისკ. – მთ. 1: 18-25
18. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან. 19. ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი. 20. ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის. 21. და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. 22. ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: 23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. 24. გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი. 25. და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.
ლიტ. – გალ. 4: 4-7
4. მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს. 5. რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა. 6. ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“! 7. ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.
ლიტ. – მთ. 2: 1-12
1. ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, 2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას. 3. ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად. 4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე. 5. ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ: 6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს. 7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი. 8. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას. 9. ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. 10. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს. 11. როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. 12. და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცნენ თავიანთ ქვეყნად.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ხორციელად შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მაცხოვარი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ, საყოველთაო აღწერები ტომებისა და გვარების მიხედვით ჩაეტარებინათ. თითოეულ ტომსა და გვარს თავისი ქალაქები და მამამთავართა სახელებთან დაკავშირებული ადგილები ჰქონდა. რადგან მარიამი და იოსები დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, აღწერისთვის დავითის ქალაქში – იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. ბეთლემში ჩასული მარიამისა და იოსებისთვის არც ერთ სასტუმროში არ აღმოჩნდა თავისუფალი ადგილი და ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქის განაპირას მდებარე ერთ გამოქვაბულს შეჰფარებოდნენ, რომელიც უამინდობისას პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა. ამ გამოქვაბულში, პირუტყვთა საკვებად და საფენად მიმობნეულ თივასა და ჩალაში, ზამთრის ცივ ღამეში იშვა მაცხოვარი სოფლისა. უმტკივნეულოდ ნაშობი ჩვილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავად გაახვია სახვევებში და ბაგაში მიაწვინა, „რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას“ (ლკ. 2: 7). შუაღამის სიჩუმეში, მახლობლად, სოფელში მწყემსები „ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა“. ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა“ (ლკ. 2: 10-11). მწყემსებმა გულითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს. მათ შემდეგ ახლად გაბრწყინებული უჩვეულო ვარსკვლავის წინამძღოლობით „მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად. თაყუანისცემად მისა“ (მთ. 2: 1-2) და, როცა იხილეს ყრმა მაცხოვარი, „დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა, და შეწირეს მისა ძღუენი: ოქრო, გუნდრუკი და მური“ (მთ. 2: 11): ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც ადამიანს.
ქრისტეშობის დღესასწაულს ეკლესია პირველი საუკუნიდან აღნიშნავს. მოციქულთა კანონებში ვკითხულობთ: „შობის დღესასწაულს უნდა უქმობდნენ, რადგან იგი ადამიანებს აძლევს სიხარულს მარიამ ქალწულისგან ამ სოფლის გადასარჩენად ღვთის სიტყვის შობით“.
***************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************