გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
36-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
10.02.2024. ხსნილი
ღირსისა ეფრემ ასურისა, ედესელისა (373-379); ღირსისა პალადი მეუდაბნოისა (IV); ღირსისა ისააკ ასურისა, ნინევიელი ეპისკოპოსისა (VII); ღირსისა იაკობ დაყუდებულისა.
დღის ლოცვა
წმინდა ეფრემ ასურის კონდაკი:
წინაისწარ ხედვიდი მარადის ჟამსა სასჯელისასა და იგლოვდი მწარედ, ეფრემ, ვითარცა დაყუდების მყარე, ხოლო იქმენ საქმიანად და საქმეთა მიერ საღმრთოთა მასწავლელად, ვინა ყოვლადღირსო მამაო და ყოვლადშემკობილო, უდებთა აღადგენ სინანულად.
დღის საკითხავები
ლიტ.: ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
რიგ.: 1 კორ. 14: 20-25 (დას. 156). მთ. 25: 1-13 (დას. 104).
ლიტ.: ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია. 2. „პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, –
ლიტ.: ღირ.: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
რიგ.: 1 კორ. 14: 20-25
20. ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ – სრულწლოვანნი გონებით. 21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“. 22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი – მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის. 23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო? 24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს. 25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.
რიგ.: მთ. 25: 1-13
1. მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. 2. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური. 3. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. 4. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. 5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. 6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. 7. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. 8. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. 9. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. 10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. 11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. 12. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. 13. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსი ეფრემ ასური (+დაახლ. 373-379)
363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი – მცენარეულობა. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი მსმენელებს სინანულისაკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა, ამხელდა ფართოდ გავრცელებულ არიანელთა ერესს. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
ღირსმა მამამ იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო“ დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურღიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ადრევე ითარგმებოდა სხვადასხვა ენებზე.
წმიდა მამა, სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა კაბადოკიის კესარიაში გამოიარა, ბასილი დიდთან (ხს. 1 იანვარს). დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცესად კურთხევა უნდოდა, მაგრამ ეფრემმა დაიჟინა და დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან, თავიდან რომ აეცდინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მორწმუნეთა შემოწირულობით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო. შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.
ღირსი პალადი მეუდაბნოე (VI)
ღირსი სტეფანე ხირსელი (VI)
წმ. სტეფანე ღვთის მორჩილებითა და დიდი სიხარულით გამოემგზავრა ახალმოქცეულ ივერიაში.
ზედაზნის მთაზე დავანებულ მოწაფეებს იოანემ „მიუმცნო მცნება და სწავლა, რომლითა განამტკიცა იგინი“ და განუტევა საქადაგებლად აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეს. „ზენონ და სტეფანე წარვიდნენ კახეთს და მოვლეს იგი ქადაგებითა ღუთისათა“.
წმ. სტეფანემ „აღაშენა სამყოფელი თჳსი ხირსის სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმ. სტეფანესა“. ხირსა ქიზიყის მხარეშია. თუმცა ცალკეული მაგალითები ხირსელის სასწაულმოქმედი ცხოვრებისა აღარ არსებობს, უდავოა, რომ მან „უირცხუნი ძალნი და ნიშნი აღასრულნა ქვეყანასა ზედა, ვინათგან მრავალ არიან სასწაულნი“ ქმნილნი ასურელ მამათ მიერ. „შემდეგ მრავალს მოუღუაწებია ქვემო კახეთს“, ნეტარი მამა მშვიდობით აღესრულა. მის მიერ აღშენებულ მონასტერში „დაიდვა წმ. გუამი მისი სავსე სასწაულებითა და ნიშებითა“.