12.02.2024. 37-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

37-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი 

12.02.2024. ხსნილი 

კრება დიდთა მღვდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა (1084); მღვდელმოწამისა იპოლიტესი, რომის პაპასა და მის თანა მოწამეთა: კენსორინესი, საბიანესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა 20-თა (III); ღირსისა ზენონისა, წმიდა ბასილი დიდის მოწაფისა (V); მოწამისა თეოფილე ახლისა (780-802); კეთილმსახურისა პეტრესი, ბულგარეთის მეფისა (967). 

დღის ლოცვა

დიდთა მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა 

ტროპარი: ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა სამ-მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლეს და თაფლ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელნი სიტყვათა მათთა ტრფიალ-ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმიდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.

კონდაკი: სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმიდანი შენნი. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.: მღ.მთ.: ებრ 13: 7-16 (დას. 334). მთ. 5: 14-19 (დას. 11). 

ცისკ.: ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

ლიტ.: მღ.მთ.: ებრ 13: 7-16 

7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.

ლიტ.: მღ.მთ.: მთ. 5: 14-19 

14. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული. 15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს. 16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. 17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. 18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინეპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი – გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი – იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს). ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა.
ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს, რომ თანასწორნი არიან უფლის წინაშე და უბრძანეს ერთ დღეს დაეწესებინათ მათი ხსენება. 
 
წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი, კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი III საუკუნეში ეწამნენ.
წმიდა კენსორინე რომაელი იმპერატორის კლავდიუს II-ს (268-270) უახლოესი კარისკაცი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისათვის შეიპყრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც თავისი ლოცვის ძალით მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის მოწმე საპყრობილის მცველმა 20 მხედარმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისათვის მათ კენსორინესთან ერთად თავი მოეკვეთათ. ამავე ხანებში მოიყვანეს დაკითხვაზე ქალწული ქრისია, რომელმაც ახოვნად აღიარა ქრისტე. იგი მხეცურად აწამეს, შემდეგ კი ზღვაში დაახრჩვეს.
წმიდა საბინეს მძიმე ურო ურტყეს, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა მარტვილმა ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა ქრისიასთან ერთად ეწამნენ: ფილიკე, მაქსიმე, პერკულინი, ვენერიუსი, სტირაკი, მინა, კომოდი, ერმი, მავრი, ევსები, რუსტიკი, მონაგრეოსი, ამანდინი, ოლიმპიუსი, კვიპრი, თეოდორე ტრიბუნი, მაქსიმე ხუცესი, არქელაოს დიაკონი და კვირინე ეპისკოპოსი.
წმიდა იპოლიტემ, როცა მოწამეთა ტანჯვის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე გამოცხადდა, მტარვალს სისხლისმსმელი უწოდა და უღმერთოებაში ამხილა იგი, გამძვინვარებულმა მსაჯულმა მხცოვანი მღვდელმთავარი სასტიკად დატანჯა. ბოლოს ხელ-ფეხშეკრული ზღვაში ჩააგდებინა. ეს მოხდა 268 წელს. 

  ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე (V)

ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე, მდიდარი პონტოელების შვილი იყო. იგი იმპერატორ ვალენტინის (364-378) კარზე მსახურობდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი განერიდა ამ სოფელს და ანტიოქიის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში დასახლდა. ორმოცი წელი მოსაგრეობდა იგი ამ მღვიმეში, ყოველ კვირა დღეს ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა. მას კელიაში არც საწოლი ჰქონდა, არც კერა, არც სანათური, ძველი ფლასები ეცვა, ღებულობდა მხოლოდ პურსა და წყალს, რომელიც ძალიან შორიდან მოჰქონდა ძნელად სავალი გზით. წმიდა ზენონი განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა საღვთო წიგნებს, რომლებიც მასთან სულიერი დამოძღვისთვის მოსულებს მოჰქონდათ. ღვთაებრივი მადლით აღსავსე ნეტარი მოსაგრე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი გარდაიცვალა V ს-ის დასაწყისში.
წმიდა მოწამე თეოფილე ახალი კონსტანტინეპოლელი, ბერძენთა ლაშქრის მხედართმთავარი და სენატორი იყო. არაბებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მტრებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს. უსჯულოები ამაოდ ეცადნენ წმიდანის გადადრეკას ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, რის შემდეგაც კუნძულ კვიპროსზე საპყრობილეში ჩააგდეს. ოთხი წლის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
კეთილმსახური პეტრე, ბულგარეთის მეფე, ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ის ხშირად აკითხავდა ღირს იოანე რილელს (ხს. 18 აგვისტოს, 19 ოქტომბერს), სთხოვდა მას ლოცვას და სულიერ რჩევა-დარიგებას. კეთილმსახურმა მეფემ შესძლო, ბიზანტიასთან ზავი დაედო ბულგარეთისათვის ხელსაყრელი პირობებით და იმასაც მიაღწია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქს ეცნო ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა და ბულგარეთში საპატრიარქო საყდარი დაემტკიცებინა. პეტრემ ხელი შეუწყო ქვეყნიდან ბოგომილების ერესის ამოძირკვას, გარდაიცვალა 967 წელს, 56 წლის ასაკში.
 წმიდა მოწამე თეოდორე (+1784)

წმიდა მოწამე თეოდორე ქალაქ მიტილინში დაიბადა, დაოჯახდა და შვილებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით ზრდიდა. ღვთის დაშვებით, მან უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალე სინანულში ჩავარდა, დატოვა ოჯახი და ათონის მთას მიაშურა. წმიდა მამამ მონასტერში ვერ ჰპოვა მოსვენება და მწარედ განიცდიდა მომხდარს. უფალმა თავისი რჩეული მაჰმადიანთა სამსჯავროს წინაშე ქრისტეს აღსარებისათვის აკურთხა. განრისხებულმა მსაჯულმა ბრძანა, საშინლად დაეტანჯათ მოწამე, რის შემდეგაც იგი თოკით დაახრჩვეს და ზღვაში ჩააგდეს. ქრისტიანებმა წმიდა მარტვილის ცხედარი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.