14.02.2024. 37-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

37-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი 

14.02.2024. ხსნილი 

მიგებების წინადღესასწაული.

მოწამისა ტრიფონ ნიკეელისა (250); მოწამეთა: პერპეტუასი, სატირისა, რევოკატისა, სატორნილესი, სეკუნდესი და ფილიციტატასი (202-203); ღირსისა პეტრე გალატიელისა (429); ღირსისა ბენდიმიანე ბითვინიელ მეუდაბნოისა (512); ახალმოწამისა ანასტასი ნავპლიოსელისა (1655).

დღის ლოცვა

მირქმის წინადღესასწაული

ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდნი მოიწივნის ქვეყანად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა წინაშე ტაძრისა პირმშო ყოველთა დაბადებულთა დედისაგან უქორწინებელისა და ჩუენთანა უგალობენ ანგელოზნი წინადღესასწაულსა ამას, ყოვლადსაკვირველსა საკვირველებათასა.

კონდაკი: მამისა თანა სიტყუა უხილავი აწ უკუე იხილვების ხორცითა, გამოუთქუმელად ქალწულისაგან შობილი და ხელთა ზედა მოხუცებულისათა მიეცემის, თაყვანს ვსცემთ მას, ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა.

დღის საკითხავები

ლიტ.: იაკ. 3: 11 – 4: 6 (დას. 55). მკ. 11: 23-26 (დას. 51) – ოთხშ.
იაკ. 4: 7 – 5: 9 (დას. 56). მკ. 11: 27-33 (დას. 52) – ხუთშ.
მოწ.: რომ. 8: 28-39 (დას. 99). ლკ.10: 19 -21 (დას. 51 შუა). 

ლიტ.: იაკ. 3: 11 – 4: 6 

11. განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან მოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი? 12. განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი – ლეღვი? ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი. 13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით. 14. ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას. 15. არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული. 16. ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე. 17. ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე – მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. 18. სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.

1. საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან? 2. გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ. 3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ. 4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა. 5. იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“. 6. მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.

ლიტ.: მკ. 11: 23-26 

23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, – ექნება ის, რასაც იტყვის. 24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ. 25. როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. 26. ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

იაკ. 4: 7 – 5: 9 

7. მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან. 8. მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო. 9. იტანჯეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ; დაე, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი – მწუხარებად. 10. დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ. 11. ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის და განსჯის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული. 12. ერთია რჯულმდებელი და მსაჯული, რომელსაც ძალუძს თქვენი ცხონებაც და წარწყმედაც; შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს? 13. ამრიგად, თქვენ, რომელნიც ამბობთ: დღესა თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, ერთ წელიწადს დავრჩებით იქ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო, 14. მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება, 15. ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, – 16. თქვენი ქედმაღლობის გამო იქადით; მაგრამ ყოველგვარი სიქადული ბოროტებაა. 17. ამიტომ ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს.

1. და თქვენც, მდიდარნო, იტირეთ და ივაგლახეთ თქვენს თავს მოწევნადი უბედობისთვის. 2. სიმდიდრე თქვენი დალპა და მღილმა შეჭამა თქვენი სამოსი. 3. ოქრო-ვერცხლი თქვენი დაიჟანგა, მათი ჟანგი სამოწმებლად იქნება თქვენს წინააღმდეგ და შეჭამს თქვენს ხორცს, როგორც ცეცხლი; უკანასკნელ დღეთათვის დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე. 4. აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს. 5. ხარობდით ამ ქვეყნად და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისათვის დაასუქეთ თქვენი გულები. 6. მსჯავრი დასდეთ და მოკალით მართალი, ის კი წინაც არ აღგდგომიათ. 7. მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს. 8. თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა. 9. ნუ დრტვინავთ, ძმანო, ერთურთის მიმართ, რათა არ განისაჯოთ; აჰა, მსაჯული კართანა დგას.

მკ. 11: 27-33 

27. კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა ტაძრად მიმოდიოდა, მიუახლოვდნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი. 28. და უთხრეს მას: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ამისი ძალა? 29. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და მიპასუხეთ: მაშინ გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. 30. ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ. 31. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? 32. ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მიაჩნდა იოანე. 33. ამიტომ პასუხად უთხრეს იესოს: არ ვიცით. ხოლო იესომ მიუგო მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.

მოწ.: რომ. 8: 28-39 

28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. 29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

მოწ.: ლკ.10: 19 -21 

19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე პერპეტუა პატრიციების გვარის შთამომავალი იყო. მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წმიდანი მოწამეობრივად აღესრულა ძმასთან, სატირთან, მხევალთან – ფელიციტატასთან და ჭაბუკებთან: რევოკატთან, სატორნილესთან და სეკუნდთან ერთად, რომლებიც ასევე ქრისტიანობის მისაღებად ემზადებოდნენ.
წმიდა მოწამე ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელს მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით გაასხნა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისაგან იხსნა; ამ დროს რომში მეფობდა გორდიანი, რომელსაც ეშმაკეული ასული ჰყავდა. ქალწულში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ნებით, შესძახა: „ვერავინ განდევნის ტრიფონის გარდა”. როცა მეფის მსახურებმა მოძებნეს ყრმა და მასთან ერთად რომში ბრუნდებოდნენ, ეშმაკმა შესძახა: „არ შემიძლია აქ გაჩერება, ტრიფონი ახლოვდება!” და დატოვა ასული. გახარებულმა გორდიანმა სთხოვა წმიდანს ხილულად ეჩვენებინა მისთვის ეშმაკი. ტრიფონმა გააძლიერა ლოცვა, მეშვიდე დღეს კი სულიწმიდის მადლით აღვსილმა დემონს უბრძანა: „ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ხილულად ეჩვენე აქ მყოფთ, გამოაჩინე შენი საძაგელი, ურცხვი სახე და გვიჩვენე შენი უძლურება!” იმავ წამს გამოჩნდა ეშმაკი, ცეცხლოვანთვალებიანი შავი ლეკვის სახით, რომელიც თავს მიწაზე მოათრევდა. მეფე და მისი მხლებლები შეძრწუნდნენ. მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა; წმიდანი ყველა გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებოდა. ერთადერთი, რასაც საზღაურად ითხოვდა, იესო ქრისტეს რწმენა იყო.
როცა ტახტზე ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი, დეკიუსი (249-251) ავიდა, ეპარქ აკილინეს მოახსენეს, ტრიფონი უშიშრად ქადაგებს ქრისტიანობას და მრავალს მოაქცევს თავის რჯულზეო. წმიდანი შეიპყრეს. დაკითხვაზე მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, მაგრამ მარტვილს ერთხელაც არ დაუკვნესია. ბოლოს მას თავის მოკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინ წმიდა ტრიფონმა შესთხოვა უფალს, განსაკუთრებული მადლი მიენიჭებინა მათთვის, ვინც მის სახელს შემწედ მოუხმობდა. ქრისტეს ტარიგმა მანამ შეჰვედრა სული უფალს, სანამ ჯალათი აღმართულ მახვილს დაჰკრავდა. ეს მოხდა ნიკეაში 250 წელს. წმიდანის ნაწამები სხეული ქრისტიანებმა ტილოში შეგრაგნეს და სურდათ, იგი ნიკეაშივე დაეკრძალათ, მაგრამ ტრიფონი გამოცხადებით ეჩვენა მათ და ითხოვა, თავის მშობლიური სოფლის, კამპსადას მიწისთვის მიებარებინათ. ღვთისმოყვარე ადამიანები ასეც მოიქცნენ.
შემდგომში წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი რომში წააბრძანეს.
პეტრე გალატელი ცხრა წლის იყო, როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ჯერ იერუსალიმს მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიაში დაემკვიდრა. აქ წმიდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით ღებულობდა. გულმოდგინე მოღვაწეობისთვის მან უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი მამა 429 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.
ღირსი ვენდიმიანი მიზიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი წმიდა ავქსენტის (ხს. 14 თებერვალს) მოწაფე იყო. წმიდანი ავქსენტის მიერ ქალკედონის (მცირე აზია) მახლობლად დაარსებულ მონასტერში დაემკვიდრა, სადაც თავისი მოძღვრის კელიაში ერთ კლდის ნაპრალში მოსაგრეობდა 42 წლის მანძილზე და უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიიღო. წმიდა ვენდიმიანი გარდაიცვალა 512 წელს.