21.02.2024. 38-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

38-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. მარხვა 

21.02.2024. ოთხშაბათი. 

მიგებების შემდგომი დღესასწაული.

დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა, ჰერაკლიელისა (IV); წინასწარმეტყველისა 12-თაგანისა ზაქარია მანგლისმხილველისა (520 წ. ქრ. შ.-მდე); საბა I-ისა, სერბელ მთავარეპისკოპოსისა (1268-1269).

დღის ლოცვა 

დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის

ტროპარი: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილად მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვის მარადის გნატრით მორწმუნენი.

კონდაკი: სიმხნითა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყუა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთიდევ და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 1 პეტ. 4: 1-11 (დას. 61). მკ. 12: 28-37 (დას. 56).
დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: I-10 (დას. 292). მთ. 10: 16-22 (დას. 36).

ლიტ.: 1 პეტ. 4: 1-11 

1. ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს. 2. რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი. 3. რადგან თქვენთვის ისიცა კმარა, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, უწმინდურებას, ბილწ გულისთქმათ, მემთვრალეობას, ნაყროვანებას, განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი. 4. ამიტომაც უკვირთ, რომ მათთან ერთად არ მონაწილეობთ იმავე გარყვნილებაში, და გგმობენ კიდეც. 5. მალე აგებენ პასუხს მის წინაშე, ვინც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს. 6. მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რომ ხორცით განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი, და სულით ეცოცხლათ, როგორც ღმერთს. 7. თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ. 8. უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს. 9. უდრტვინველად უმასპინძლეთ ერთურთს. 10. თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს. 11. თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლიტ.: მკ. 12: 28-37 

28. მოვიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, და ჰკითხა იესოს: რომელია უპირველესი მცნება? 29. ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! 30. და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, – აი, უპირველესი მცნება. 31. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. 32. მწიგნობარმა უთხრა მას: კეთილი, მოძღვარო; ჭეშმარიტს ამბობ, რომ ერთია ღმერთი, და არ არის სხვა, მის გარდა; 33. და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი – ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია. 34. როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის. 35. კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა? 36. რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს. 37. ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.

დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: I-10 

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

დიდმოწ.: მთ. 10: 16-22 

16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი იყო ერთი ათორმეტი მცირე წინასწარმეტყველთაგანი. 70 წელი იმყოფებოდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში, მაგრამ ბოლოს მეფე კვიროსმა გაანთავისუფლა ისინი და ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მიტაცებული სიწმიდეები დაუბრუნა. დაბრუნებიდან მეშვიდე თვეს იუდეველებმა დანგრეული სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ კი ტაძრის აღორძინებასაც შეუდგნენ. კეთილმსახური ადამიანები უხვ შემოწირულობებს აკეთებდნენ, მაგრამ ბოროტი ადამიანების, ავაზაკებისა და წარმართების მანქანებით მშენებლობა ჭიანურდებოდა. ისრაელში სარწმუნოებრივი სულისკვეთების განსახორციელებლად უფალმა მათ შორის ორი წინასწარმეტყველი – ანგია და ზაქარია გამოარჩია.
ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9), უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა (11,12-13), მაცხოვრის გვერდის განგმირვა (12,10), მოციქულთა გაფანტვა გეთსემანიის ბაღში (13,7), მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს (14,6-7). გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა – ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველს“ ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავლებლად ფრინავდა ჰაერში (5,1-2). 
წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. გამოჩენილი სიმამაცისათვის თეოდორე ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად დანიშნეს. წმიდანი თავის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარების სწავლებას. პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით განმტკიცებულმა მისმა სიტყვებმა მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მალე თითქმის მთელი ჰერაკლია გაქრისტიანდა. ამ დროს იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა წამოიწყო. ის ცდილობდა ყველაზე ახოვანი ქრისტიანობის დამცველები მოეშთო და ამით სარწმუნოებისათვის თავი წარეკვეთა. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო თეოდორე სტრატილატიც. წმიდანმა ლიკინიუსი თავად მოიწვია ჰერაკლიაში და აღუთქვა, რომ ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. თითქოსდა ამ დიდებული ცერემონიის აღსასრულებლად, მან საკუთარ სახლში თავი მოუყარა მთელი ქალაქის ოქროსა და ვერცხლის კერპებს. ქრისტიანობის სიძულვილით დაბრმავებულმა ლიკინიუსმა ირწმუნა თეოდორეს შემონათვალი, მაგრამ სასტიკად მოტყუვდა: წმიდა მხედარმა ცრუ-ღმერთების ქანდაკებები შემუსრა, მათი ნამსხვრევები კი მოწყალებად გასცა. თეოდორე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს: მიწაზე დააკრეს, ხარის ძარღვებით სცემეს, რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, ცეცხლის ალზე ტანჯეს, თვალები დათხარეს.შემდეგ ხუთი დღე საპყრობილეში ამყოფეს მშიერ-მწყურვალი, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, წმიდანი ლოცვას მიეცა . მაგრამ უფალმა ისურვა, რომ თეოდორეს მიცვალება ისეთივე სასწაულებრივი ყოფილიყო, როგორც მთელი მისი სიცოცხლე: წყლულები დაუამა მას და ჯვარიდან გარდამოხსნა, მეფის მეომრებმა იხილეს ჭეშმარიტი ღმერთის ძალმოსილება, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ამის შემდეგ, წმიდანმა არ ისურვა მოწამეობრივი სიკვდილი თავიდან აეცილებინა, დააშოშმინა მტარვალთა წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ნებით ჩაბარდა ლიკინიუსს. გზად იგი ერთი სიტყვის წარმოთქმით საპყრობილეთა კარებს განახმიდა და ტუსაღებს ბორკილებისაგან ანთავისუფლებდა. მის სამოსელსა და სასწაულებრივ განკურნებულ სხეულზე შეხებით სნეულები და ეშმაკეულები მეყსეულად იკურნებოდნენ. მეფის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ მან თავის მსახურს – უარს, რომელიც ესწრებოდა და აღწერდა მის წამებას, უთხრა: „ნუ დაიზარებ ჩემი მიცვალების დღის ჩანიშვნას, ცხედარი კი ევქაიტში დაჰფალით“, ამ სიტყვებით იგი ყოველწლიურ მოხსენიებას ითხოვდა. შემდეგ წმიდა მოწამემ წარმოთქვა „ამინ!“ და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს. ეს მოხდა 319 წლის 3 თებერვალს, შაბათს, დღის 3 საათზე. 

წმიდა საბა II, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1271)

 წმიდა საბა II, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1271)