გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
38-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
23.02.2024. პარასკევი. მარხვა
ღირსისა იოანე ჭიმჭიმელისა, ფილოსოფოსისა (XIII); მღვდელმოწამისა ხარალამპისა და მის თანა მოწამეთა: პორფირისა, ბაპტოსისა და სამთა დედათა (202) მოწამეთა: ენათასი, ვალენტინასი და პავლესი (308); ანასტასი იერუსალიმელ პატრიარქისა (VIII); წმიდისა გალინასი (II); ღირსისა მაკარი რომაელისა (VII).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე ხარალამპის და მისთანა მოწამეთა: პორფირის, ბაპტოსისა და სამთა დედათა კონდაკი:
აღუსებულ იქმენ მადლითა დიდებულისა მღდელობისათა და ეკლესია ბრწყინვალედ შეამკვე საღმრთოთა მით ვნებითა შენითა, რომელნიცა ქრისტესათვის თავს იდევ მხნედ მოხარულმან, ხარლამპი, პატიოსანო მნათობო ყოვლისა სოფლისაო, და განანათლენ კიდენი ქუეყანისანი, ვითარცა უძლეველმან.
დღის საკითხავები
ლიტ. – 2 პეტ. 64 დას. 1: 1-10. მკ. 58 დას. 13: 1-8.
ღირ. – გალ. 213 დას. 5: 22 – 6: 2. ლკ. 24 დას. 6: 17-23.
ლიტ. – 2 პეტ. 1: 1-10
1. სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, – მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმართლით, 2. მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით. 3. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო, 4. რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ. 5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი – შემეცნება, 6. შემეცნებას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, ხოლო მოთმინებას – ღვთისმოსაობა, 7. ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული. 8. თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას. 9. ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან. 10. ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.
ლიტ. – მკ. 13: 1-8
1. ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები! 2. მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. 3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: 4. გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება? 5. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. 6. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ. 7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. 8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს – სალმობათა დასაბამია.
ღირ. – გალ. 5: 22 – 6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირ. – ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)
მოხუცის მოთმინებისა და სრული განურისხველობის მოწმე ორმა მხედარმა -პორფირიმ და ბაპტოსმა აშკარად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც თავი მოეკვეთათ. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა – საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული.
გამხეცებულმა ლუკიუსმა თავად დასტაცა ხელი იარაღებს და მარტვილის წამება დაიწყო, მაგრამ უეცრად მკლავები წაერთვა, თითქოს მახვილით მოკვეთესო. ტანჯვის ადგილზე მოსულმა მმართველმა წმიდანს ზიზღით შენერწყვა სახეში და კადნიერებისთვის მეყსეულად დაისაჯა -თავი უკან შეუტრიალდა. მას შემდეგ, რაც ლუკიუსმა მღვდელმთავრისგან მდაბლად ითხოვა შენდობა, ღირსმა მამამ ილოცა შეცოდებულთათვის და ორივენი განიკურნა. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე. მათ შორის ლუკიუსმაც, რომელიც, სინდისის ქენჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა მოხუცს და კიდევ ერთხელ სთხოვა პატიება. ლუკიანემ მომხდარის შესახებ იმპერატორ სეპტიმიუს სევერს (193-211) შეატყობინა, რომელიც ამ დროს პისიდიის ანტიოქიაში (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) იმყოფებოდა. მეფემ ბრძანა, ხარლამპი მისთვის მოეგვარათ. მღვდელმოწამეს წვერზე ბაწარი გამოაბეს და ისე ათრიეს. სეპტიმიუსმა ისურვა, კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით ეწამებინათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც მარტვილის ცეცხლზე ტანჯვა დაიწყეს. სულიწმინდის მადლით მოსილი უფლის რჩეული უვნებელი დარჩა და სასწაულმოქმედების ნიჭიც მიიღო: მისი ლოცვით მკვდრეთით აღსდგა გარდაცვლილი ჭაბუკი, განიკურნა 35 წლის მანძილზე ბოროტი სულით გვემული ეშმაკეული.
ამ საკვირველებათა თვითმხილველებმა ერთხმად ადიდეს უფალი. ქრისტე მაცხოვარი ირწმუნა იმპერატორის ასულმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში ორჯერ შემუსრა კერპები. მეფის ბრძანებით, ხარლამპს ბაგეებში ქვებს ურტყამდნენ, სურდათ მისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ წვერებზე, მაგრამ იქედან გადმომსკდარმა ალმა თავად ჯალათები დაწვა. გაავებულმა სეპტიმიუს სევერმა და მისმა ერთმა დიდებულმა -კრისპმა, ღმერთი გმეს და დაცინვით მოუწოდეს მას, მიწაზე ჩამოსულიყო და აქ დაექადნა თავისი ძალით და ხელმწიფებით. ამგვარი თავხედობით განრისხებულმა უფალმა შეაზანზარა მიწა, შიშის ზარი დასცა ყველას, ორი უსჯულო კი ჰაერში გამოჰკიდა. უხილავი ბორკილებით შებოჭილი ღვთისმგმობლები მხოლოდ მღვდელმთავრის ლოცვებით დაეშვნენ მიწაზე. დამფრთხალმა იმპერატორმა თითქოს იგრძნო ზეცის, ქვეყნისა და ქვესკნელის მეუფის ყოვლისშემძლეობა და მზად იყო მის თაყვანსაცემად, მაგრამ ბოროტმა კვლავ აურია გონება და საშინელ მრისხანებაში ჩავარდნილმა ბრძანა, ჯერ ეწამებინათ, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ წმიდა ხარლამპისთვის. თავისი უკანასკნელი ლოცვის დროს, ნეტარი მღვდელმთავარი მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა და შესთხოვა მას, იმ ადგილისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, მშვიდობა და ნაყოფიერება მიემადლებინა, ხოლო მის მკვიდრთათვის, ცოდვათა მიტევება და ცხონება. ნეტარი მამა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა. იმპერატორის ასულმა გალინამ წმიდა ხარლამპის ცხედარი პატივით დაკრძალა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)
წმიდა ქალწულმოწამენი ენაფა, ვალენტინა და პავლა 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე II გალერიუსის (305-311) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის. წმიდა ენაფა ქალაქ ღაზის (სამხრეთ პალესტინია) მკვიდრი იყო, წმიდა ვალენტინა – პალესტინის კეისარიისა, პავლა კი კეისარიის მახლობლად ცხოვრობდა. სამსჯავროზე, მმართველ ფირმილიანესთან პირველად ენაფა წარადგინეს. მან ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად გვემეს, შემდეგ კი ძელზე მიაკრეს და წვერგამახული იარაღებით აწამეს. ღმერთების უპატივცემულობისათვის მსჯავრდადებული ვალენტინა წარმართულ ტაძარში მიიყვანეს ცრუ-ღმერთებისთვის ძღვენის შესაწირად, მაგრამ მან გაბედულად ესროლა ქვა სამსხვერპლოს, მასზე დაგზნებულ ცეცხლს კი ზურგი აქცია. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაუნდობლად სცემეს, შემდეგ კი წმიდა ენაფასთან ერთად მახვილით მოკლეს.
ბოლოს მიიყვანეს პავლაც. ქრისტეს ნეტარმა სასძლომ ახოვნად დაითმინა ურიცხვი სატანჯელი, ბოლოს კი მადლობა შესწირა უფალს, თაყვანი სცა იქ მყოფ ქრისტიანებს და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსი მამაჲ ჩვენი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XII)
იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. მან თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება: 1) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ“ მიტროფანე სმირნელისა; 2) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ“ ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა; 3) „თარგმანებაჲ მარკოზის სახარებისაჲ“ თეოფილაქტე ბულგარელისა; 4) მისივე „თარგმანებაჲ ლუკას სახარებისაჲ“.
ღირსი იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.
XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსლვაში“ აღწერს ჯვრის მონასტრის ფრესკებს და შარავანდედითა და გვირგვინით გამოხატულ წმიდა მამათა და მოწამეთა შორის ღირს მამას – იოანე ჭიმჭიმელსაც ასახელებს.
მოსე ჯანაშვილი „საქართველოს ეკლესიის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ იოანე ჭიმჭიმელს გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.