22.2024. 38-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

38-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

22.02.2024. ხუთშაბათი. ხსნილი 

მიგებების დღესასწაულის წარგზავნა.

მოწამისა ნიკიფორესი ასურეთის ანტიოქიიდან (257). მღვდელმოწამეთა: მარკელე სიცილიელ ეპისკოპოსისა, ფილაგრე კვიპრელ ეპისკოპოსისა და პანკრატი (ბაგრატი) ტავრომენიელ ეპისკოპოსისა (I); მღვდელმოწამისა პეტრე დამასკელისა (775); მღვდელმოწამისა აგათანგელოზისა, დამასკელ კათალიკოზისა (233-247). ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსისა (2014 წ.). 

დღის ლოცვა 

მოწამე ნიკიფორეს
კონდაკი: ღმრთისა სიყუარულისა საკრველითა შეკრულმან ნიკიფორე, ცხადად განიხსენ სიბოროტე სიძულილისა და მახვილსა ქედი შენი წარუპყრენ, ვითარცა საღმრთომან მოწამემან, ვინა ევედრე განხორციელებულსა მას მაცხოვარსა ჩუენ ყოველთათვის, რომელნი უგალობთ დიდებულსა სახსენებელსა შენსა.

სხვა კონდაკი: ფრთოვან-იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, წმიდაო, რომლისაცა ცხოველი ჯვარი მხართა ზედა აღიღე და არცხვინე სივერაგესა ეშმაკთასა, და იღუაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, და გამოსჩნდი შენ ჭეშმარიტად აღჭურვილი, ნიკიფორე, მესაიდუმლედ ღმრთისა. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 1 პეტ. 4: 12-5: 5 (დას. 62). მკ. 12: 38-44 (დას. 57). 

ლიტ.: 1 პეტ. 4: 12-5: 5 

12. საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. 13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ. 14. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება. 15. მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. 16. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო. 17. რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ? 18 თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს? 19. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული. 

1. ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს: 2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით. 3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს. 4. და როცა მოვა სარქალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ. 5. ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.

ლიტ.: მკ. 12: 38-44 

38. და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში – სალმის ძღვნა, 39. სინაგოგებში – წინა რიგები და წვეულებებზე – სუფრის თავში ჯდომა. 40. რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი. 41. დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა. 42. მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა, რაც შეადგენს კოდრანტს. 43. მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში. 44. ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

მღვდელმოწამეები: მარკელი, ფილაგრე და პანკრატი წმიდა პეტრე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მანვე დაადგინა ისინი ეპისკოპოსებად: მარკელი -სიცილიაში, ფილაგრე -კვიპროსში, პანკრატი კი -ტავრომენში. წარმართებს შორის ქრისტიანობის ქადაგებისთვის წმიდა მღვდელმთავრები მოწამეობრივად აღესრულნენ.
წმიდა მოწამე ნიკიფორე სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. ამავე ქალაქში მკვიდრობდა ხუცესი საპრიკიუსი. ნიკიფორეს და საპრიკიუსს ერთმანეთთან ისეთი გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდათ, რომ ბევრს ისინი ღვიძლ ძმებადაც კი მიაჩნდა. ერთხელ, ეშმაკის მანქანებით, განუყრელი მეგობრები წაჩხუბდნენ და უწინდელი მხურვალე სიყვარული საშინელი სიძულვილით შეეცვალათ. ნიკიფორე მალე მოვიდა გონს, სინანულში ჩავარდა და მეგობრების მეშვეობით შენდობა სთხოვა საპრიკიუსს, მაგრამ მას არ სურდა პატიება. მაშინ ნიკიფორე თვითონ მოვიდა ყოფილ მეგობართან და მდაბლად ითხოვა შენდობა, მაგრამ საპრიკიუსი შეუბრალებელი იყო. ამ დროს იმპერატორებმა ვალერიანემ (253-259) და გალიენმა (260-268) ქრისტიანთა დევნა წამოიწყეს. სამსჯავროს წინაშე წარმდგართა შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო ხუცესი საპრიკიუსი. მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და სასტიკი სატანჯველებიც უდრტვინველად დაითმინა ქრისტესთვის. ბოლოს მტარვალებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როცა საპრიკიუსი დასასჯელად მიჰყავდათ, აცრემლებული ნიკიფორე კვლავ შენდობას სთხოვდა ყოფილ მეგობარს, თავისი აზრით, უკვე წმიდა მოწამეს. ხუცესმა კი გული გაიქვავა და თვით სიკვდილის წინაც არ შეუნდო თავის ძმას. ამის გამო უფალმა საპრიკიუსს ჩამოაცალა მადლის საბურველი, რომელიც წამების დროს სიმტკიცეს ანიჭებდა. ახოვან მამას სიკვდილის შიში დაეუფლა და შემდრკალმა განაცხადა, რომ მზად იყო კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. გაოცებული ნიკიფორე ემუდარებოდა მას, განდგომით არ დაეღუპა თავი უკვე სასუფევლის ზღურბლზე მდგარს, მაგრამ ამაოდ. მაშინ თავად ნიკიფორემ განაცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და მწამს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც უარყო საპრიკიუსმა. მე დამსაჯეთ საპრიკიუსის ნაცვლად! ” როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, მან ბრძანა, უფლისგან განმდგარი მამა გაენთავისუფლებინათ, ნიკიფორესთვის კი თავი მოეკვეთათ.

მღვდელმოწამე პეტრე დამასკელი (+743)

მღვდელმოწამე პეტრე დამასკელი (+743)