25.02.2024. მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. ხმა 5

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

38-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

25.02.2024. კვირა. ხსნილი 

ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული; წმ. პროხორე ქართველისა (XI); წმ. ლუკა იერუსალიმელისა (მუხაიძე, 1277), ნიკოლოზ დვალისა, (1314); წმ. მელეტისა, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა (381); ღირსთა მარიამისა და მამისა მისისა ევგენისა (VI); წმ. ანტონისა, კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (895); წმ. ალექსი მოსკოვის მიტროპოლიტისა (1378). 

დღის ლოცვა 

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის 

ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.

მეზვერისა და ფარისევლის კვირა 

კონდაკი: ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლე, და სულთქუმით შეუვრდეთ მაცხოვარსა და ღაღად-ვყოთ: შეგვიწყალენ ჩვენ, მხოლოო მრავალმოწყალეო.
კონდაკი: სულთქუმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა და მისსა მიმართ მივეახლნეთ ჩვენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფისა ნებავს ცხოვრებაი ყოველთა კაცთა და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩვენთვის განხორციელდა ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს. 

დღის საკითხავები 

ცისკ. – სახ. მე-5, ლკ. 113 დას. 24: 12-35.

ლიტ. – 2 ტიმ. 296 დას. 3: 10-15. ლკ. 89 დას. 18: 10-14.
ღმრთისმშობ. – ფილპ. 240 დას. 2: 5-11. ლკ. 54 დას. 10: 38-42; 11: 27-28. 

ცისკ. – ლკ. 24: 12-35 

12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა. 13. იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი; 14. და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო. 15. ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ. 16. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი. 17. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი? 18. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ? 19. და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, – 20. სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი. 21. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. 22. თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან 23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. 24. ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი. 25. იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! 26. განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? 27. მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. 28. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. 29. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. 30. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. 31. მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის. 32. და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში? 33. მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი, 34. რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს. 35. მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.

ლიტ. – 2 ტიმ. 3: 10-15 

10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას, 11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა. 12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება. 13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან. 14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული. 15. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.

ლიტ. – ლკ. 18: 10-14 

10. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე. 11. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. 12. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ. 13. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს. 14. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

ღმრთისმშობ. – ფილპ.  2: 5-11 

5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი), 6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში, 7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში. 8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა; 9. და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს. 10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ. 11. მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, –

ღმრთისმშობ. – ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას. 

11: 27-28 

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.
ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.
ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი, ღვთის განგებით, მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.
გამოხდა ხანი. ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: „რაჲმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?” ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.
ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი (ცხოვრება იხილეთ 12 ივლისს). წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, დედა ღვთისა თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი”.
ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.
ეს მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა”.
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
პორტაიტის, ანუ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება. 
წმიდა მელეტი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი თავდაპირველად სებასტიის სამწყსოს განაგებდა (დაახლ. 357), შემდეგ კი იმპერატორმა კონსტანტინემ ანტიოქიაში უხმო არიანელებთან საბრძოლველად და ანტიოქიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
წმიდა მელეტი მხურვალედ იბრძოდა არიანელთა წინააღმდეგ, რის გამოც მწვალებელთა მანქანებით სამჯერ განიდევნა კათედრიდან: არიანელები გარს ერტყნენ კონსტანცის და თავიანთი გავლენის ქვეშ იქცევდნენ. ანტიოქიელი მღვდელმთავარი საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა და ცდილობდა, სულიერი შვილები სათნოებითა და კეთილი ზნით აღეჭურვა, რადგან თვლიდა, რომ ამგვარ ნიადაგში ადვილად გაღვივდებოდა ჭეშმარიტი სწავლების მარცვლები.
წმიდა მელეტიმ აკურთხა დიაკვნად წმიდა ბასილი დიდი; მანვე მონათლა და სულიერად მის თვალწინ იზრდებოდა მართლმადიდებლობის დიდი ლამპარი – წმიდა იოანე ოქროპირიც.
კონსტანცის შემდეგ ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა და ნეტარი მელეტი კვლავ განიდევნა. მას შემდეგ, რაც 363 წელს იმპერატორმა იობიანემ კათედრა დაუბრუნა, წმიდა მამამ დაწერა „გადმოცემა სარწმუნოებისა”, რომლის გავლენითაც მრავალი არიანელი მოექცა მართლმადიდებლობაზე.
381 წელს, იმპერატორ თეოდოსი დიდის (379-395) დროს, კონსტანტინეპოლში გაიმართა II მსოფლიო საეკლესიო კრება. თავდაპირველად მას მელეტი ანტიოქიელი ხელმძღვანელობდა. ღირსი მამა კრების დროს გარდაიცვალა. წმიდა გრიგოლ ნოსელმა მის სახოტბო სიტყვით მიაგო პატივი.
მწყემსმთავრის პატიოსანი ცხედარი კონსტანტინეპოლიდან ანტიოქიაში გადმოასვენეს. 
ღირსი მარიამ – მარინი და მამა მისი ღირსი ევგენი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ ბითვინიაში (მცირე აზიის ჩრდილო დასავლეთი ოლქი). დაქვრივების შემდეგ ღირსმა ევგენიმ გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მისმა ასულმა კი არ ისურვა მამასთან განშორება, მამაკაცის ტანსაცმელი გადაიცვა და თან გაჰყვა მშობელს. ისინი ერთად დამკვიდრდნენ ალექსანდრიის მახლობლად მდებარე სავანეში, სადაც მარიამი მარინის სახელით აღკვეცეს ბერად.
„ძმა“ მარინი მეტად წარემატებოდა სათნოებებში, თავმდაბლობით და მორჩილებით გამოირჩეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მარიამის მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მან კიდევ უფრო გაიძლიერა ღვაწლი. უფალმა არაწმიდა სულების განსხმის ნიჭით დააჯილდოვა თავისი სათნომყოფელი.
ერთხელ, მარინი სხვა ძმებთან ერთად მონასტრის ბოსტანში გაგზავნეს სამუშაოდ. გზად ერთი ღამე მათ სასტუმროში გაათიეს. ერთ-ერთ მდგმურთან ცოდვით დაცემულმა სასტუმროს მეპატრონის ასულმა ცილი დასწამა „ბერ მარინს“ და თავის მაცდურად გამოაცხადა. მისმა მამამ მონასტრის იღუმენთან იჩივლა და წინამძღვარმაც სავანიდან განდევნა „შეცოდებული ძმა“. ღირს დედას ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავის გასამართლებლად და მონასტრის გალავანთან დაიწყო ცხოვრება. როცა მიდგომილმა ქალმა ვაჟი შვა, მისმა მამამ მარინთან მოიყვანა შვილიშვილი, უხმოდ მიუგდო და გაბრუნდა. წმიდანმა მიირქვა შვილი და მისი აღზრდა იტვირთა.
სამი წლის შემდეგ ძმებმა სთხოვეს იღუმენს, შერისხული „ძმა“ სავანეში დაებრუნებინა. წინამძღვარი დათანხმდა, მაგრამ ძალზე უხალისოდ. უკან მობრუნებულ მარინს ის ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ავალებდა და „ბერიც“ მათ დიდი გულმოდგინებით ასრულებდა, თან ბავშვსაც ზრდიდა.
სამი წლის შემდეგ წმიდანმა მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. კელიაში შესულ ძმებს აღსრულებული მონაზონი და მის გვამთან მოქვითინე ბიჭუნა დაუხვდათ. როცა ნეტარი დედის ცხედრის დასაკრძალად შემოსვა დაიწყეს, მისი საიდუმლო გაცხადდა. აცრემლებულმა მონასტრის იღუმენმა პატიება სთხოვა მიცვალებულის სულს, მას მიჰბაძა სასტუმროს მეპატრონემაც. ღირსი მარიამის ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. ეშმაკეულქმნილმა მისმა ცილისმწამებელმა კუბოსთან საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვა და განიკურნა.
ღირსი მარიამ-მარინის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი 113 წელს ვენეციაში იქნა გადაბრძანებული. 
წმიდა ანტონი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი აზიელი იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება სიყრმიდან მიცვალებამდე კონსტანტინეპოლში გაატარა. იგი დაახლოებით 829 წელს დაიბადა მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. დედის გარდაცვალების შემდეგ 12 წლის ყრმამ მონასტერს მიაშურა, სადაც წინამძღვრის მიბაძვით, ღამეებს ათევდა ლოცვაში და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. გარკვეული დროის შემდეგ იგი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მღვდლად აკურთხეს და წინამძღვარადაც დაადგინეს. ამ ხარისხში მან ბერად აღკვეცა საკუთარი მამა. წმიდა ანტონი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, უყვარდა გლახაკები და გულუხვად განიკითხავდა მათ.
ნეტარი მამა 893 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღასაყდრეს. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გააძლიერა უქონლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით ხელმოკლე მღვდელმსახურებს შეეწეოდა. იმპერატორ ლეონ ბრძენის მხარდაჭერით პატრიარქმა ანტონიმ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისათვის.
895 წელს, ღრმად მოხუცებულმა ანტონიმ მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერში აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015 წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან ჯუარისა მონასტერი“.
გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე – სარო, ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა IV საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის (ხს. 1 ოქტომბერს). V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს (ხს. 30 ნოემბერს) აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც VII-XI საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ.
მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფემ ბაგრატ კურაპალატმა.
ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი ბერი შემოიკრიბა, რომელთაც საბაწმიდის ლავრის მსგავსი წესი და კანონი განუჩინა.
წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ, დაახ. 1066 წელს სული უფალს შეავედრა.
წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა წმიდა ლუკა ოცი წლისა შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა, ისიც მონაზვნად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს „ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში.
კაცთა წაწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღენთო ღვთის სათნო მამის მიმართ და მის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ ჴიდარი აამხედრა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა. მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა და არარაჲთ შეარჩინა“. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი, წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: „შეხ ხიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი და დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია, მივიდა შეხ ხიდართან და უთხრა „რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს, რაჲთა უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა ნეტარს. წმიდა ლუკამ მტკიცედ აღიარა შახის წინაშე ქრისტიანობა. უარით განაწყენებულმა და გულისწყრომით აღვსილმა შახმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული მსახურისათვის.
სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას წმიდა მოკვეთილი თავი აღმოსავლეთით შებრუნდა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ხიდარის ბრძანებით, წმიდანის პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს.
წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.
უსჯულოებმა წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.
დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.
ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.
ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელ მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.
როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწარობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნებელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: „ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთჳს“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“, – დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს. 
წმიდა ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი 1292 წელს (სხვა ცნობით – 1304 წელს) დაიბადა მოსკოვში, ჩერნიგოველ მთავართა წრიდან გამოსული ბოიარის, თეოდორე ბიაკონტის ოჯახში.
ღმერთმა ადრე გაუცხადა მღვდელმთავარს თავისი მაღალი მოწოდება, თორმეტი წლის ელეფთერმა ბადეები გაშალა ჩიტების საჭერად, თავისდაუნებურად ჩასთვლიმა და უეცრად ცხადად ჩაესმა: „ალექსი! ამაოდ რად შვრები? შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე“, ამ დღიდან მოყოლებული ყმაწვილს მარტოობა შეუყვარდა, ხშირად დადიოდა ტაძარში და თხუთმეტი წლისამ მონაზვნად შედგომა გადაწყვიტა. 1320 წელს იგი მოსკოვის ღვთის განცხადების მონასტერში დამკვიდრდა, სადაც 20 წელზე მეტი დაჰყო მკაცრ მოღვაწეობაში. აქ მისი თანამოსაგრეები და ხელმძღვანელები იყვნენ გამოცდილი ბერი გერონტი და სტეფანე, ღირსი სერგი რადონეჟელის ძმა. შემდეგ მიტროპოლიტმა თეოგნისტემ მომავალ მღვდელმთავარს უბრძანა, დაეტოვებინა მონასტერი და ეკლესიის სამოსამართლო საქმეები განეგო. ამ მოვალეობას იგი 12 წლის განმავლობაში ასრულებდა მიტროპოლიტის მოსაყდრის წოდებით. 1350 წელს მეუფე თეოგნისტემ ალექსის ვლადიმირის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მიტროპოლიტის სიკვდილის შემდეგ, 1354 წელს კი მის ტახტზეც აღსაყდრდა. ამ დროს რუსეთის ეკლესიაში აშლილობა და შფოთი სუფევდა ლიტვისა და ვოლინის მიტროპოლიტის, რომანის პრეტენზიების გამო. 1356 წელს არეულობებისა და მღელვარებისათვის ბოლო რომ მოეღო, მღვდელმთავარი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა მსოფლიო პატრიარქთან. პატრიარქმა კალისტემ ალექსი კიევისა და დიდი რუსეთი მთავარეპისკოპოსად დაადგინა, „ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტისა და ეგზარქოსის“ წოდებით.
წმიდა ალექსი გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, ნიშნავდა ეპისკოპოსებს, აარსებდა მონასტრებს, აგვარებდა ურთიერთობას ურდოს ხანთან. წმიდანი არაერთხელ გამხდარა იძულებული, თავად ემოგზაურა ოქროს ურდოში. 1357 წელს ხანმა დიდ მთავარს მოსთხოვა, მღვდელმთავარი ჩასულიყო მასთან და განეკურნა მისი ბრმა მეუღლე. „ამ საქმის აღსრულება ჩემს ძალებს აღემატება,- თქვა ნეტარმა ალექსიმ, – მაგრამ მე მწამს, რომ იგი, ვინც ბრმა განკურნა, არ უგულვებელყოფს სარწმუნოებით აღვლენილ ლოცვას“. მართლაც, მისი ლოცვით და ნაკურთხი წყლის სხურებით ხანის მეუღლე განიკურნა.
წმიდა ალექსიმ 78 წელი იცოცხლა. იგი 24 წელი განაგებდა კათედრას და გარდაიცვალა 1378 წლის 12 თებერვალს. 50 წლის შემდეგ სასწაულებრივ აღესრულა წმიდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება, აქედანვე იწყება მისი, როგორც წმიდა მღვდელმთავრის თაყვანისცემა.