26.02.2024. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. ორშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული 

26.02.2024. ორშაბათი. მსგეფსი ხსნილია. 

ღირსისა მარტინიანე პალესტინელისა (V); ღირსისა ზოიასი და ფოტინესი (V); ღირსისა ევლოგი ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა (607-608); ღირსისა სტეფანესი (სამონაზვნო წესით სვიმეონისა), სერბეთის მეფისა, მირონმდინარისა (1200). 

დღის ლოცვა 

ღირსი მარტინიანესი 

ტროპარი: ალი მაცთურისა და საბრხენი მისნი ცრემლითა შენითა დაშრიტენ, სანატრელო, და ზღვისა ღელვანი და მხეცთა ზახებანი დააყუდენ, და ესრეთ ღაღადებდ უფლისა მიმართ: უფროისად დიდებულ ხარ შენ, ყოვლადძლიერო ღმერთო, რომელმან ცეცხლისა და მახვილისაგან მიხსენ მე.

კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა გამოცდილსა მოღუაწესა და ვნებათა აღმრჩეველსა პატიოსანსა, და უდაბნოსა ცხორებისა დამამკვიდრებელსა, ღირსად გალობით ვაქებდეთ მარტინიანეს, მარადის სანატრელსა, რამეთუ მან გველი დასთრგუნა. 

დღის საკითხავები 

ლიტ. – 2 პეტ. 66 დას. 1: 20 – 2: 9. მკ. 59 დას. 13: 9-13.
ღირ. – გალ. 213 დას. 5: 22 – 6: 2. მთ. 43 დას. 11: 27-30. 

ლიტ. – 2 პეტ. 1: 20 – 2: 9 

20. უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. 21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი. 

1. იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს. 2. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. 3. ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას. 4. რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად; 5. თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი – ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას; 6. თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი, 7. ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა, 8. (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), – 9. მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;

ლიტ. – მკ. 13: 9-13 

9. არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ. 10. და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება. 11. ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ – სული წმიდა. 12. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 13. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.

ღირ. – გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ. – მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

ღირსი მარტინიანე 18 წლის იყო, როცა პალესტინის კესარიის მახლობლად, უდაბნოში დაემკვიდრა. აქ ღირსმა მამამ მეოთხედი საუკუნე დაჰყო უფლისთვის სათნო ღვაწლში, სრულ მდუმარებაში და კურნების ნიჭიც მიემადლა, მაგრამ ადამიანთა მოდგმის მტერი არ ცხრებოდა და ათასგვარი საცდურით ცდილობდა მის მონადირებას. ერთხელ, ერთმა მეძავმა ქალმა გარყვნილ ადამიანებში დაიქადნა, რომ შესძლებდა ეცდუნებინა თავად მარტინიანეც, ვისი კეთილმსახურების ამბავიც მთელს ქალაქს მოედო. იგი წმიდა მამის კელიას ღამით მიადგა მწირის სახით და თავშესაფარი ითხოვა. მარტინიანეს შეებრალა ქალი და შეივრდომა. მაგრამ აი, ცბიერმა სტუმარმა სხვა, ძვირფასი სამოსელი ჩაიცვა და მოსაგრის ცდუნება დაიწყო. მაშინ ნეტარი მამა გარეთ გავიდა, კოცონი დაანთო და გავარვარებულ ნაკვერცხლებზე შიშველი ფეხებით შედგა, თან საკუთარ თავს ეუბნებოდა: „გიმძიმს, მარტინიანე, ამ დროებითი ცეცხლის გაძლება? როგორღა გაუძლებ დემონის მიერ შენთვის გამზადებულ მარადიულ ცეცხლს?!“ ამ სანახაობით თავზარდაცემულმა მეძავმა შეინანა თავის შეცოდება და წმიდანს შესთხოვა, ცხონების გზაზე დაეყენებინა. მარტინიანეს კურთხევით, იგი ბეთლემში, წმიდა პავლას მონასტერში გაემგზავრა, სადაც 12 წელი ცდილობდა მკაცრი მოღვაწეობით სინანულის ღირსი ნაყოფის გამოღებას. ეწია კიდეც ნეტარ აღსასრულს. ამ ქალს ზოია ერქვა.
დამწვრობათაგან განკურნებული ახოვანი მოსაგრე უდაბურ, კლდოვან კუნძულზე დაემკვიდრა და აქ, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა რამდენიმე წლის მანძილზე. იგი იკვებებოდა საზრდელით, რომელსაც დროდადრო უზიდავდა ერთი მენავე. სანაცვლოდ ღირსი მამა მას კალათებს უწნავდა.
ერთხელ, ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და სამგზავრო ხომალდი დაიღუპა. მის ნამსხვრევს ჩაჭიდებული ასული ფოტინია ზღვის ტალღებმა კუნძულთან მოაგდო. ღირსი მამა დაეხმარა მას ნაპირზე გამოსვლაში და უთხრა: „დარჩი აქ, აი, პური და წყალი, ორი თვის შემდეგ კი მენავე მოვა!“- ეს თქვა წმიდანმა, ზღვაში გადაეშვა და გასცურა. ხმელეთზე იგი ორმა დელფინმა გამოყვანა. ამ დღიდან ნეტარი მარტინიანე მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ ათენში ჩასული ღირსი მამა დასნეულდა. მან აღსასრულის მოახლოება იგრძნო, ტაძარში შევიდა, იატაკზე გაწვა, ეპისკოპოსს მოუწოდა და სთხოვა, დაეკრძალა მისი ცხედარი. ეს მოხდა 422 წელს.
ნეტარი ქალწული ფოტინია კუნძულზე დარჩა, ექვსი წლის განმავლობაში იღვაწა აქ განმარტოვებით , შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მენავემ, რომელიც მარტინიანეს მსგავსად, მასაც უზიდავდა საზრდელს, წმიდანის ცხედარი პალესტინის კესარიაში გადაასვენა. ეპისკოპოსმა სამღვდელო დასთან ერთად იგი პატივით მიაბარა მიწას. 

ღირსი ზოია და ფოტინე (V)

 ღირსი ზოია და ფოტინე (V)
ღირსი ევლოგი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი VI საუკუნის მოღვაწე იყო. იგი თავდაპირველად მაცხოვრის შობის იუსტინეს სავანეს წინამოძღვრობდა ანტიოქიაში, შემდეგ კი ალექსანდრიის კათედრაზე აღასაყდრეს. ახალ ხარისხში 27 წლის მანძილზე დაუცხრომლად იბრძოდა სხვადასხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ. ცნობები ევლოგის მოღვაწეობის შესახებ დაცულია ღირსი მამის, გრიგოლ დიოლოღოსისადმი მიმართულ წერილებში.
წმიდა ევლოგი 607 ან 608 წელს გარდაიცვალა. მისი თხზულებები მხოლოდ ნაწილობრივ, პატრიარქი ფოტის ამონაწერების სახითაა შემორჩენილი. ისინი ძირითადად ქრისტეს ორბუნებოვნებას ეხება და მის დროს გავრცელებული სხვადასხვა ერესის წინააღმდეგაა მიმართული. სრული სახით ჩვენამდე მოაღწია მისმა მხოლოდ ერთმა, ბზობის კვირიაკეს წარმოთქმულმა ქადაგებამ. 
ღირსი სვიმეონ მირონმდინარე, სერბეთის მეფე XII საუკუნეში ცხოვრობდა. მას ერობაში სტეფანე ნემანი ერქვა და სერბეთის დიდი ჟუპანი (მთავარი) იყო. სვიმეონმა ბევრი იღვაწა თავისი სამშობლოსათვის: გააერთიანა სერბეთის მიწების დიდი ნაწილი, დამოუკიდებლობა მოუპოვა ქვეყანას. ის გულმოდგინედ იცავდა თავის ერს ლათინთა მწვალებლობის თუ სხვა ერეტიკულ სწავლებათაგან. 80 წლის ასაკში სტეფანემ მიაშურა ათონს, სადაც თავისი წმიდა ცხოვრებით უკვე გაეთქვა სახელი მის ძეს – ღირს საბას (ხს. 12 იანვარს). აქ მათ ერთად განაახლეს ხილენდარის მიტოვებული მონასტერი, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული ბერები. წმიდა სვიმეონი ახოვანი მოსაგრე და ძმების ბრძენი მოძღვარი იყო. იგი 1200 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. ნეტარი მოღვაწის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. წმიდა საბამ მამის ნეშტი გადმოასვენა და მდინარე სტუდენცის ნაპირას მდებარე ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანა