6.02.2024. 36-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

36-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი 

6.02.2024. ხსნილი 

წმ. მელქისედეკ I-ისა, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქისა, სვეტიცხოვლის განმაახლებელისა (XI); ღირსისა დედისა ქსენისი, რომელსა ერქვა ევსებია, რომაელისა (V); მოწამეთა: ბაბილა სიცილიელისა და მოწაფეთა მისთა ტიმოთესი და აღაპისა (310); მოწამეთა: პავლესი, პავსირისა, და თეოდოტისა (284-305); მოწამისა თეოდულესი, რომელი იყო ანაზარბო ქალაქით (284-305); ღირსისა მაკედონი სირიელი მეუდაბნოისა (420); ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა VII საუკუნეში); ნეტარისა ქსენია პეტერბურგელისა (XIX). 

დღის ლოცვა 

ნეტარი ქსენია პეტერბურგელი 

ტროპარი: ქრისტესმიერისა უპოვარებისა შემყუარებელი აწ უკუდავითა ტრაპეზითა დასტკბები, რომელმან უგუნურებისა ზმნობითა ამხილე უგუნურებაი სოფლისა, სიმდაბლითა ჯუარისათა ძალი ღმრთისა შეიწყნარე; ამისთვისცა ნიჭი სასწაულმოქმედი შემწევნელობისა მოიხვეჭე, ნეტარო ქსენია, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა სინანულისა ძლით გვიხსნას ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა.

დღის საკითხავები 

ლიტ. – ეფ. 222 დას. 2: 19 – 3: 7. მკ. 50 დას. 11: 11-23.
წმ. – ებრ. 318 დას. 7: 26 – 8: 2. ინ. 36 დას. 10: 9-16. 

ლიტ. – ეფ. 2: 19 – 3: 7 

19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; 20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, 21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, 22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით. 

1. სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის, 2. თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის, 3. რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ; 4. როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო, 5. რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ; 6. რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში; 7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.

ლიტ. – მკ. 11: 11-23 

11. შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით. 12. ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; 13. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. 14. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა. 15. მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. 16. და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში. 17. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. 18. გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება. 19. შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა. 20. დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო. 21. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. 22. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. 23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, – ექნება ის, რასაც იტყვის.

წმ. – ებრ. 7: 26 – 8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს. 

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

წმ. – ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები ტიმოთე და აღაპი III საუკუნეში ცხოვრობდნენ, რომის მახლობლად. წმიდა ბაბილა ქალაქ რეეპოლში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. იგი სიყმაწვილეშივე განერიდა მიწიერ საზრუნავებს, მთას შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმიდანთან ერთად მოღვაწეოდნენ მისი მოწაფეები: აღაპი და ტიმოთე. მოსაგრეებმა წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და აქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. ბაბილას მოღვაწეობით გაღიზიანებულმა კუნძულის მმართველმა წმიდანები შეიპყრო და სასტიკად აწამა. მათ ახოვნად დაითმინეს სატანჯველები და ბოლოს მახვილით აღესრულნენ. ქრისტეს ტარიგთა ცხედრები კოცონში ჩაყარეს, მაგრამ სიწმიდეს ალი არ გაეკარა. ადგილობრივმა ქრისტიანებმა ბაბილას, ტიმოთესა და აღაპის ნაწილები პატივით მიაბარეს მიწას. 

მოწამენი პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი (III)

წმიდა მოწამენი პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამნენ ეგვიპტეში. 
ღირსი ქსენია (ერობაში – ევსებია) დიდებული რომაელი სენატორის ერთადერთი ასული იყო. იგი სიყრმიდანვე აინთო საღვთო ტრფიალებით. მოსალოდნელი ჯვრისწერა თავიდან რომ აეცილებინა, ქალწულმა ორ მხევალთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და გემზე ავიდა. ღვთის ნებით, წმიდანი კესარიის ქალაქ მილასში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სავანის წინამძღვარს შეხვდა და სთხოვა, თან გაეყოლებინა ის და მისი თანამგზავრები. ევსებია ბერს ქსენიას სახელით გაეცნო. მილასში ქალწულმა მიწა იყიდა, წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ააგო და ქალთა მონასტერი დაარსა. მალე იგი კეთილმსახური ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. ღირს დედას ყველა უწვდიდა დახმარების ხელს. იგი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. თავის ღვაწლში წმიდა ექვთიმე დიდის რჩევით ხელმძღვანელობდა. წმიდა ქსენიამ ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეტარი აღსასრული ტაძრის თავზე ბრწყინვალე გვირგვინით გარშემორტყმული მანათობელი ჯვრის გამოჩინებით აღინიშნა. ეს ზეციური ნიშანი ზე ადგა ქალაქში გამოსვენებული ღირსი დედის ცხედარს და მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ გაქრა. ქსენიას წმიდა ნაწილებთან შეხებით მრავალი სნეული განიკურნა. 
ღირსი მაკედონი – ასურელი მეუდაბნოე (IV-V) თავდაპირველად მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. 25 წლის მანძილზე ფინიკიის, კილიკიის და სირიის მთებში მოგზაურობდა. შემდეგ წმიდანმა სირიის უდაბნოებში ერთი ღრმა თხრილი ამოარჩია სამკვიდრებლად და აქ, ღია ცის ქვეშ ატარებდა დღეებს ამქვეყნიურ დიდებასა და პატივს განრიდებული. ღირს მაკედონთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი დამოძღვრის მოსასმენად. სიბერის წლებში მოისმინა მეუდაბნოემ შეისმინა მათი ვედრება და ვიწრო კელიაში გადავიდა. მთელი ცხოვრების მანძილზე წმიდა მამა დანაყული და წყალში დამბალი ქერით იკვებებოდა (მიტომაც უწოდეს „კრიტოფაგი“ – ქერისმჭამელი), მხოლოდ სიცოცხლის მიმწუხრზე დაიწყო ცოტაოდენი პურის მიღება, მკაცრი მოღვაწეობით ხორციელად მოუძლურებულმა. უფალმა თავის რჩეულს ეშმაკთა განსხმისა და სნეულთა კურნების ნიჭი მიმადლა. ღირსი მაკედონი გარდაიცვალა დაახლოებით 76 წლის ასაკში (+420). 
ღირსი ფილონი კოპლასტიელი (კუნძული კვიპროსი) ეპისკოპოსი იყო. იგი მშვიდობით მიიცვალა V საუკუნეში. წმიდა მამას მიაწერდნენ მოსეს ხუთწიგნეულის კომენტარებსა და „ქება ქებათას“ განმარტებას. 
ღირსი დიონისეს (XVI) ღვთივრჩეულობა ბავშვობაშივე გაცხადდა ზეციური სასწაულით: მისი აკვნის თავზე ჯვარი გაბრწყინდა. მომავალმა წმიდანმა სიყრმიდანვე შეიყვარა საღმრთო წიგნების კითხვა და ლოცვა, მშობლების სიკვდილის შემდეგ კი ათონის მთას მიაშურა და ბერად აღიკვეცა. მკაცრი მოღვაწეობით გამორჩეული მოღვაწე მალე დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი. ღირს მამასთან მრავალი მონაზონი მოდიოდა რჩევა-დარიგების მოსასმენად და ისიც დაუზარებლად მოძღვრავდა ყველას. როცა ფილოთეოსის სავანის იღუმენი გარდაიცვალა, ძმების თხოვნით, წინამძღვრობა დიონისემ იტვირთა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოეწონათ ეს არჩევანი და ბერებს შორის შუღლი და მტრობა ჩამოვარდა. წმიდა მამა ყველაფერზე მაღლა მშვიდობასა და ურთიერთსიყვარულს აყენებდა, ამიტომ ნებით გადადგა იღუმენობიდან და ჯერ ბერიას მიაშურა, შემდეგ კი ოლიმპოს მთას. აქ მან ელია წინასწარმეტყველის სახელობის სავანე დააარსა, რომლის წესდებაც თვითონ შეადგინა. ღვთივსათნო მოღვაწეობისთვის ღირს დიონისეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. იგი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში და ოლიმპოზე თავისსავე სავანეში დაკრძალეს. 
წმიდა მოწამე იოანე ყაზანელი ნიჟნი ნოვგოროდიდან იყო. იგი თათრების ერთ-ერთი თავდასხმის დროს ტყვედ ჩავარდა და ყაზანში მცხოვრები ხანის ნათესავის, ალეი-შნურის ყმა გახდა. დღისით პატიოსნად ემსახურებოდა თავის ბატონს, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა, მოთმინებით იტანდა ყოველგვარ წყენას, დაცინვას და შეურაცხყოფას. ერთხელ ალეი-შნურმა გადაწყვიტა, მაჰმადიანობაზე მოექცია თავისი ტყვე. იოანემ კი განაცხადა, რომ უფლად მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს იესო ქრისტეს ცნობს. ღამით თათრებმა წმიდანი რუსულ სასაფლაოზე მიიყვანეს, მახვილით აწამეს, შეკრეს და თოვლში ჩააგდეს. გონსმოსულმა მოწამემ გაჭირვებით მიაღწია ყაზანში მცხოვრები რუსების საცხოვრებელს და ითხოვა, მღვდლისთვის ეხმოთ. ზიარების შემდეგ მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, გამთენიისას კი მიიცვალა (+24 იანვარი, 1529). 
ნეტარი ქსენია პეტერბურგელი XIX საუკუნეში ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში. მისი მეუღლე, მეფის კარის მომღერალი, 26 წლის იყო, როცა ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. მწუხარებამ შესძრა ქსენიას გული და აი, სწორედ მაშინ მოუწოდა მას უფალმა ქრისტეს სალოსობისაკენ. თავისი სულიერი ღვაწლი რომ დაეფარა, წმიდანი შეშლილივით იქცეოდა, უცნაურ ტანსაცმელს იცვამდა, და გარდაცვლილი მეუღლის, ანდრიას სახელს იჩემებდა. ქონება ღარიბებს დაურიგა და არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ეცვა: საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. როცა სმოლენსკის სასაფლაოზე ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, ქსენია ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს: ეკლესიის აგებაშიც მონაწილეობდა და ხორცის მოუძლურებით სულსაც შეეწეოდა მუდმივი ლოცვის ღვაწლში. ხალხის უმეტესობა ვერ უგებდა წმიდანს და დასცინოდა. ნეტარი ქსენია მოთმინებით იტანდა წყენას და თავისი შეურაცხმყოფლების ცხონებას შესთხოვდა უფალს. დაუცხრომელი ღვაწლისთვის წმიდანის განჭვრეტის, სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიემადლა.