გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
ყველიერის პარასკევი
15.03.2024
მღვდელმოწამისა თეოდოტე აღმსარებელისა, კვირინელ ეპისკოპოსისა (326); ქალწულმოწამისა ევთალიასი (257); მოწამისა ტროადისა და მისთანა წამებულთა (III); ღირსისა აგათონ ეგვიპტელისა (V); 440-თა იტალიელ მოწამეთა (579): არსენი ტვერელი ეპისკოპოსისა (1409); წმიდისა ნიკოლოზ პლანასი (1932).
დღის ლოცვა
42-თა ამორეველთა მოწამეთა
კონდაკი: ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიითვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსაცდელთაგან.
სხვა კონდაკი: ახალ გამოჩინებულნი ვარსკულავნი სარწმუნოებისანი, გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვნეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრისტეს მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ზაქ. 8: 7-17.
VI ჟამზე: ზაქ. 8: 7-17
7. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე დავიხსნი ჩემს ერს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის დასავლეთის ქვეყნიდან; 8. მივიყვან მათ და დავასადგურებ შუაგულ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები რწმენაში და სიმართლეში. 9. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების ჟამს. 10. რადგან ამ დღეებამდე არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის; არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით და ერთი-მეორეზე მყავდა მისეული ადამიანები. 11. ახლა ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში, ამ ერის ნატამალისთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი. 12. რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს; და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას. 13. და როგორც საწყევარად იყავით ხალხებში, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ასე გიხსნით და საკურთხეველად იქნებით. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელი. 14. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა გამარისხა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ შევინანე, 15. კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ! 16. აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან, 17. ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს ყველაფერი, ამბობს უფალი.
მწუხრზე: ზაქ. 8: 19-23
19. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და კეთილ დღესასწაულებად; ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ. 20. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ ხალხები და უამრავ ქალაქთა მცხოვრებნი. 21. ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ, იტყვიან: წამო, წავიდეთ სამხვეწროდ უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლადო. მაშინ მეც წავალ. 22. მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და სამხვეწრად უფლის წინაშე. 23. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე ტროადი ჭაბუკი (III)
წმიდა ევთალია ქალწული (257)
წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი (+326)
მალე, წმიდა კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით, თავისუფლება მიენიჭა ყველა პყრობილ ქრისტიანს. სხვებთან ერთად განთავისუფლდა წმიდა თეოდოტეც. წმიდანი კირინში დაბრუნდა, სადაც ორი წელი იმსახურა ეპისკოპოსად, შემდეგ კი 326 წელს, მშვიდობით მიიცვალა.
ღირსი აღათონ მეგვიპტელი (V)
როცა ღირს აღათონს ჰკითხეს, რომელი ღვაწლია უმჯობესი ცხონებისათვის – გარეგნული თუ შინაგანი, მან მიუგო: „ადამიანი ხეს ჰგავს. გარეგან, ხორციელ საქმიანობას გამოაქვს ფოთლები, სულიერს _ ნაყოფი. წმიდა წერილი გვასწავლის: „ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედუას” (მთ. 3, 10), აქედან ცხადია, რომ უპირველესია ნაყოფი, სულიერი ღვაწლი, მაგრამ ხეს ამ ნაყოფის დასაცავად ფოთლებიც სჭირდება”.
ღირსი აღათონი გარდაიცვალა 435 წელს. უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში მდუმარე და ჩაფიქრებული იჯდა, თითქოს რაღაცას უთვალთვალებსო. ბერებს უთხრა, საკუთარ თავს ვხედავო უფლის სამსჯავროზე. „ნუთუ შენც გეშინია, მამაო?” – ჰკითხეს. „მე მთელი ჩემი შეძლებით აღვასრულებდი ღვთის მცნებებს, მაგრამ შემიძლია კი, დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ უფალს სათნოეყო ჩემი საქმენი? ვერ დავიჯერებ, სანამ არ ვიხილავ ღმერთს, ერთია ადამიანთა სამსჯავრო და სულ სხვაა ღვთის სამსჯავრო”, – ამის თქმისთანავე წმიდანი აღესრულა.