16.03.2024. ყველიერის შაბათჲ

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ყველიერის შაბათი 

ყველიერის შაბ. ყოველთა ღირსთა მამათა და დედათა, ღვაწლით გაბრწყინვებულთა; იოანე (ოქროპირ) IV-ისა, საქართველოს კათოლიკოსისა (1001); მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ვასილისკოსი (კომანში აღსრულებულისა) (308); ღირსისა პიამა ქალწულისა (337); წმიდათა ზენონისა და ზოილესი; მღვდელმოწამისა თეოდორიტე ანტიოქიელი ზუცისა (361-363). 

დღის საკითხავები 

ლიტ.: რომ. 14: 19-26 (დას. 115). მთ. 6: 1-13 (დას. 16).
ღირსთა: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).

ლიტ.: რომ. 14: 19-26 

19. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ერთურთიაღშენებას ემსახურება. 20. საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს. 21. გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ. 22. გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით, რასაც აირჩევს. 23. ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა.

ლიტ.: მთ. 6: 1-13 

1. ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან. 2. და როცა გასცემ მოწყალებას, ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 3. ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა, 4. რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად. 5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. 7. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. 8. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ. 9. ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. 10. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. 11. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. 12. და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა. 13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.

ღირსთა: გალ. 5: 22-6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირსთა: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: ევტროპი, კლეონიკე და ვასილისკო (+308) პონტოს ამასიაში აღესრულენ 308 წელს.
ძმები, ევტროპი და კლეონიკე, და წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (ხს.17 თებერვალს) ძმისწული ვასილისკო, მეგობრები იყვნენ. წმიდა თეოდორეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინი საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მრავალი პატიმარი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
ამასიის ახალმა მმართველმა ასკლიპიოდოტმა თავისთან დაიბარა ქრისტეს ერთგული აღმსარებლები. მისი ბრძანებით მორწმუნენი სასტიკად სცემეს. წამების დროს წმიდა ევტროპი ხმამაღლა ლოცულობდა: „მოგვეც, უფალო, ძალი დათმენისა, მოგვმადლე გვირგვინი მოწამეობრივი და მოვედ შემწედ ჩვენდა, ვითარცა მოხვედ მონისა შენისა თეოდორეს თანა“. ლოცვის პასუხად წმიდა მოწამეებს თვით უფალი გამოეცხადა ანგელოზებთან და დიდმოწამე თეოდორე ტირონთან ერთად და დახმარება აღუთქვა. 
ეს გამოცხადება იხილეს წმიდა მოწამეებთან მყოფმა ჯარისკაცებმა და ასკლეპიოდოტს წამების შეწყვეტა სთხოვეს. მმართველი შეშინდა და ქრისტიანთა გაყვანა ბრძანა, შემდეგ ევტროპი მოიხმო და ურჩია, წარმართული ღმერთებისათვის სახალხოდ შეეწირა მსხვერპლი, გულში კი ქრისტიანად დარჩენილიყო, წმიდანმა უარი განაცხადა.
მეორე დღეს წმიდა მოწამენი წარმართულ ტაძართან მიიყვანეს და მოსთხოვეს, კერპთმსახურება აღესრულებინათ. ევტროპიმ ლოცვა აღავლინა მაცხოვრის მიმართ: „უფალო, იყავნ ჩვენთან, წარმართთა სიცოფე განაქარვე, რათა ქრისტიანებმა შესწირონ უსისხლო მსხვერპლი შენდა, ჭეშმარიტი ღვთის მიმართ“. ლოცვის დამთავრებისთანავე მიწა იძრა, ტაძრის კერპი დაიმსხვრა, ზეციდან კი გაისმა: „თქვენი ლოცვები შესმენილ იქნა. აქ აშენდება ტაძარი ქრისტიანთა სალოცავად“.
მიწისძვრის დამთავრების შემდეგ ასკლეპიოდიტმა ბრძანა, მიწაში სარები ჩაესოთ, მასზე მიებათ წმიდანები და ადუღებული ფისი გადაესხათ. წმიდანებმა ლოცვა დაიწყეს, ევტროპიმ კი მტანჯველებს გასძახა: „უფალმან მოაქციოს საქმენი თქვენნი თქვენდა“. ადუღებული ფისი მოწამეთა სხეულმა სასწაულებრივად აისხლიტა და ჯალათები დაწვა. ამის მნახველებს თავზარი დაეცათ, გამძვინვარებულმა მმართველმა კი ბრძანა, რკინის მარწუხებით დაეგლიჯათ წმიდანთა სხეულები და მარილიანი და ძმრიანი მდოგვი დაეყარათ წყლულებზე. წმიდანებმა ეს ტანჯვაც გასაოცარი სიმშვიდით აიტანეს.
3 მარტს წმიდა ევტროპი და კლეონიკე ჯვარს აცვეს, ვასილისკო კი აფხაზეთში გადაასახლეს.
22 მარტს ქალაქ კომანში წმიდა ვასილისკოს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. ქრისტიანებმა მოძებნეს მისი ნეშტი და დამარხეს. მოგვიანებით კომანში ააშენეს წმიდა ვასილისკოს სახელობის ეკლესია. 
ღირსი პიამა ქალწული (+337) ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად მოღვაწეობდა. იგი საკუთარ სახლში დაყუდებულივით ცხოვრობდა, არავის ნახულობდა, საზრდელს დღეგამოშვებით ღებულობდა და მთელ დროს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. უფალმა წმიდანს წინასწარხილვის ნიჭი მიმადლა. ერთხელ მეზობელი სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს წმიდა პიამას სოფლელების ამოწყვეტა, რათა ნილოსის მოქცევისას მხოლოდ თავიანთი მინდვრები მოერწყათ. ეს უფლისაგან ეუწყა წმიდა ქალწულს და თავისი სოფლის უხუცესებს შეატყობინა. შეშინებული უხუცესები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და სთხოვეს, წასულიყო მეზობელ სოფელში და გონს მოეყვანა მისი მცხოვრებლები. ქალწულმა ამაზე უარი განაცხადა _ ადამიანებთან კავშირი ხომ მას დიდი ხნის გაწყვეტილი ჰქონდა. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღსავსემ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. დილით, როცა ბოროტისაგან გონდაბინდული, შეიარაღებული მეზობელი სოფლელები წმიდა ქალწულის სოფელს მოადგნენ, მოულოდნელად შედგნენ და ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს. უფლის გამოცხადებით მათ შეიტყვეს, რომ ხელ-ფეხს წმიდა პიამას ლოცვა უბორკავდათ, გონს მოეგნენ და ბოროტი განზრახვა შეინანეს, შემდეგ წმიდა ქალწულის სოფელში ხალხი გაგზავნეს და შენდობა ითხოვეს.
წმიდა პიამა მშვიდობით აღესრულა 337 წელს. 
წმიდა იოანე – ოქროპირ კათოლიკოსი დაიბადა დაახ. X სს. 20-იან წლებში. წმიდანი დაახლოებით 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.
კათოლიკოსი ბასილი III (1065-1080) თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს. სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმიდა იოანე-ოქროპირ კათოლიკოსის შესახებ ვკითხულობთ, რომ იგი „ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად, მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“ (რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია და აღარ მოგვეპოვება).
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოანე ოქროპირ-კათოლიკოსი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე წმიდა მელქისედექ კათალიკოს-პატრიარქისა (ხს. 1 ოქტომბერს), რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო როგორც მისი წინამორბედი და შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქებისა, ამიტომაც წმიდა იოანე IV და იოანე V ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან.