17.03.2024. ყველიერის კვირიაკე. ხმა VIII.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ყველიერის კვირიაკე. ხმა VIII. 

ხსენება ადამის განდევნისა. მიტევების კვირიაკე. ღირსისა გერასიმე იორდანელისა (475); მოწამეთა პავლესი და ივლიანასი (273); ღირსისა იაკობ მმარხველისა (VI); გრიგოლისა, კვიპროსის კონსტანცელი ეპისკოპოსისა; კეთილმსაზურისა მთავრისა დანიელ მოსკოველისა (1303).

დღის ლოცვა 

ღირსი გერასიმე იორდანიელის კონდაკი:

აღეტყინე შენ ზეცისა სურვილითა და სიფიცხე იგი იორდანისა უდაბნოსა აღირჩიენ უფროს ყოვლისა სოფლისა სიტკბოებათა, ვინაიცა მხეცი დაგამორჩილა შენ ვიდრემდე სიკუდიდმდე, მამაო მორჩილებისაო, და მწუხარებით საფლავსა შენსა ზედა აღესრულა, და აწ ჩუენთვისცა ევედრე ესრეთ მადიდებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, მამაო გერასიმე, რომელნი მოგიხსენებთ შენ.

ყველიერის, მიტევების კვირა, კონდაკი:

უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო, და გლახაკთა ხელისამპყრობელო, მეუფეო ქრისტე, განამტკიცე და განაბრძვნე გული ჩემი, და მომეც მე სიტყუა, სიტყუა ღმრთისაო, რაითა ლმობიერად გიღაღადებდე: ჰეი მრავალმოწყალეო, მომეც კურნებაი და შემიწყალე მე. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).
ლიტ.: რომ. 13: 11 – 14: 4 (დას. 112). მთ. 6: 14-21 (დას. 17). 

ცისკ.: ინ. 20: 11-18 

11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.

ლიტ.: რომ. 13: 11 – 14: 4 

11. მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. 12. ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით. 13. და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით, 14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად. 

1. შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ. 2. რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს. 3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი. 4. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.

ლიტ.: მთ. 6: 14-21 

14. თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. 15. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. 16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 17. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი. 18. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. 19. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ. 20. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ. 21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: პავლე და დაჲ მისი, იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატინიკე (+273). წმიდა მოწამენი, პავლე და იულიანა იმპერატორ ავრელიანეს დროს (270-275) აღესრულნენ ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდაში. ერთხელ ამ ქალაქში იმპერატორი ჩავიდა თავისი ამალით. დამხდურთა შორის მყოფმა პავლემ პირჯვარი გადაისახა. კარისკაცებმა ის შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. პავლეს დამ, იულიანამ, საჯაროდ ამხილა იმპერატორი უსამართლობასა და სისასტიკეში, რის შემდეგაც მანაც ძმის ხვედრი გაიზიარა. წმიდანთა მოთმინებით გაოცებულმა სამმა ჯარისკაცმა – კვადრატიმ, აკაკიმ და სტრატონიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტეს ახალი აღმსარებლები დაუყონებლივ დახოცეს.
უსჯულო იმპერატორმა იულიანას ცდუნება გადაწყვიტა და ცოლად შერთვას შეჰპირდა იმ პირობით, თუ ქრისტეს უარყოფდა. წმიდანმა შორს დაიჭირა იმპერატორის წინადადება. ავრელიანეს ბრძანებით, წმიდა იულიანა საროსკიპეში შეაგდეს, მაგრამ უფალმა დაიცვა: ყველა, ვინც მასთან შეხებას ეცადა, დაბრმავდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ და-ძმა. ქრისტიანთა წამებით შეძრწუნებული ხალხი აბობოქრდა. იმპერატორი შეშინდა და მოწამეებისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
სიკვდილის წინ ქრისტესთან მიახლოების სიხარულით გაბრწყინებული და-ძმა გალობდა: „შენ მაცხოვნე ჩვენ მაჭირვებელთა ჩვენთაგან და მოძულეთა ჩვენთა არცხვინე“ (ფს. 43,8). 
ღირსი გერასიმე, რომელიც იყო იორდანეს (+475), წარმოშობით ლიკიიდან (მცირე აზია) იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ იგი თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, დაახლოებით 450 წელს კი, პალესტინაში ჩამოვიდა და იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა.
ერთ დროს ღირსი გერასიმე ევტიხისა და დიოსკორეს ერესით იყო ცდუნებული და იესო ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდა, მაგრამ ღირსი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) თანადგომით ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდა.
სავანეში წმიდა ბერმა მკაცრი წესები განაჩინა: კვირაში ხუთი დღე მეუდაბნოეები განმარტოებით ცხოვრობდნენ, ცეცხლზე გამზადებულ საზრდელს არ ღებულობდნენ, მხოლოდ გამხმარი პურით, ბალახითა და წყლით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას საღვთო ლიტურღიაზე იკრიბებოდნენ და ეზიარებოდნენ.
თითოეულ ბერს გააჩნდა მხოლოდ ძველი სამოსელი და ჭილოფი დასაძინებლად. კელიიდან გასვლისას მამები კარს არ კეტავდნენ, რათა გამვლელი შემოსულიყო, დაესვენა და საჭირო ნივთები წაეღო.
თვით ღირსი გერასიმე სამაგალითო იყო თავისი ღვაწლით. დიდმარხვაში ბრწყინვალე აღდგომამდე არაფერს ჭამდა, მთელ მარხვას უდაბნოში ატარებდა საყვარელ მოწაფესთან, ნეტარ კირიაკესთან (ხს. 29 სექტემბერს) ერთად, რომელიც ექვთიმე დიდმა გამოგზავნა მასთან.
როცა ექვთიმე დიდი გარდაიცვალა, ღირსმა გერასიმემ იხილა, თუ როგორ აღიყვანეს წმიდანის სული ანგელოზებმა ზეცად, ნეტარი კირიაკე ეახლა, წმიდა ექვთიმეს სავანეში წავიდა და მისი ცხედარი მიწას მიაბარა. 
ღირსი იაკობ მმარხველი (IV) ფინიკიის ქალაქ პროთირიონთან ახლოს მოღვაწეობდა. ის 15 წელი ცხოვრობდა გამოქვაბულში და, განსაკუთრებული ღვთისმოსაობის გამო, უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მისი გავლენით, ბევრი იქაური მცხოვრები მოექცა ქრისტეს სჯულზე. შემდეგ იაკობი სხვა გამოქვაბულში გადავიდა და იქ 30 წელი გაატარა. ეშმაკმა საშინელი განსაცდელი მოუვლინა წმიდანს: ერთხელ იაკობმა ბოროტი სულით შეპყრობილი გოგონა განკურნა, შემდეგ კი ცოდვით დაეცა მასთან. ჩადენილი ცოდვის გამო სინდისის ქენჯნით შეძრწუნებული ბერი დიდხანს დაეხეტებოდა უდაბნოში, ვერსად პოულობდა თავშესაფარს და იქამდეც კი მივიდა, რომ ბერობის დაგდება და ერში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მრავალმოწყალე უფალმა არ დაუშვა მონანული სულის დაცემა. უდაბნოში მოხეტიალე იაკობი მონასტერს გადააწყდა და იღუმენის და საძმოს წინაშე აღიარა თავისი ცოდვა. მიუხედავად იღუმენის რჩევისა, დარჩენილიყო მათთან, იაკობმა კვლავ უდაბნოს მიაშურა, ბოლოს იგი შეხვდა ერთ მადლითა და სიბრძნით აღსავსე მეუდაბნოეს, მანაც თავისთან დარჩენა შესთავაზა იაკობს. იაკობი არ დარჩა, მაგრამ მეუდაბნოესთან საუბრით გაძლიერებული და დაიმედებული გამოქვაბულში ჩაიკეტა და ათი წლის განმავლობაში სინანულით, ცრემლითა და გოდებით შესთხოვდა უფალს ცოდვის მიტევებას. ღმერთმა შეივრდომა ლოცვებით განძლიერებული ბერი და კვლავ მიჰმადლა სასაწაულთქმედების ნიჭი. წმიდა იაკობი სიკვდილამდე თავის გამოქვაბულში ცხოვრობდა და იქვე დაიმარხა. 
წმიდა კეთილმსახური დანიელ მოსკოველი (+1303) ვლადიმირში დაიბადა 1261 წელს. ის იყო მეოთხე ძე წმიდა ალექსანდრე ნეველისა (ხს. 30 აგვისტოს და 23 ნოემბერს).
1272 წელს მთავარმა დანიელმა მემკვიდრეობით მიიღო ქალაქი მოსკოვი და მისი მიმდებარე მიწები. კეთილმსახურმა მთავარმა მდინარე მოსკოვის პირას ააშენა ტაძარი თავისი ზეციური მფარველის, ღირსი დანიელ მესვეტის (ხს. 11 დეკემბერს) სახელზე. მოსკოვის სამთავრო მაშინ პატარა და უბადრუკი იყო.
1300 წელს ღირსი დანიელის წინამძღოლობით მოსკოველებმა გაანადგურეს თათართა ლაშქარი, რომელიც დედაქალაქის დაპყრობას აპირებდა. ეს იყო პირველი გამარჯვება თათრებზე. მთავარს გამარჯვებით არ უსარგებლია, არ გაუძარცვავს, არ დაურბევია დამარცხებული სამთავრო და არც მისი მიწები მიუტაცნია. მას ერთხელაც არ აუღია ხელთ მახვილი თავისი სამთავროს გასაფართოებლად. ასეთი ღვთისმოსაობისთვის უფალმა დააჯილდოვა ღირსი დანიელი: ძმისწულმა, პერეიასლავლ-პალესკის მთავარმა, იოანე დიმიტრის ძემ, 1302 წელს თავისი სამთავრო მას გადასცა. ამ შემოერთებამ მოსკოვი დააწინაურა სხვა სამთავროთა შორის, სწორედ აქედან დაიწყო რუსეთის მიწების გაერთიანება.
1303 წელს წმიდა დანიელი მძიმედ დაავადდა, სქემა შეიმოსა და ანდერძად დაიბარა დაესაფლავებინათ დანილოვის მონასტერში. კეთილმსახური მთავარი გარდაიცვალა 4 მარტს.
დიდი მთავრის იოანე III-ის (1462-1505) დროს ღირსმა დანიელმა თავი შეახსენა გულმავიწყ შთამომავლობას. ის ერთ ყმაწვილს გამოეცხადა და უთხრა: „ნუ გეშინია, მე ქრისტიანი ვარ და ამ მხარის ბატონი ვარ. ჩემი სახელია დანიელი, მთავარი მოსკოვისა. ღვთის ნებით აქა ვარ დაფლული. უთხარი დიდ მთავარ იოანეს: დამივიწყე, მაგრამ არ მივიწყებს უფალი!“ ამის შემდეგ მთავარმა იოანემ, ეკლესიებში წინაპართა სულის საოხად, პანაშვიდების გადახდა დააწესა. იოანე მრისხანეს მეფობის დროს ღირსი დანიელის საფლავთან განიკურნა კოლომნელი ვაჭრის მომაკვდავი ვაჟი. ამ სასწაულით შეძრულმა მეფემ ბრძანა ძველი დანილოვის მონასტრის აღდგენა. 1652 წელს მოხდა ღირსი დანიელის წმიდა ნაწილების აღმოყვანება.