21.03.2024. დიდი მარხვის პირველი შვიდეული. ხუთშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის პირველი შვიდეული

ხუთშაბათი. 21.03.2024. 

ღირსისა თეოფილაქტე აღმსარებელისა, ნიკომიდიელ ეპისკოპოსისა (842-845); მოციქულისა 70-თაგანისა ერმესი (I); მღვდელმოწამისა თეოდორიტე ანტიოქიელი ხუცისა (361-363); ღირსისა დომენტისა (363). 

დღის ლოცვა

ღირსი თეოფილაქტე აღმსარებელის კონდაკი:

მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი კიდეთა სოფლისათა, წმიდაო თეოფილაქტე, და თანა არსად მამისა და სულისა წმიდისა სიტყუა ჰქადაგე, და საღმრთოთა ცხოვართა კრებული განამტკიცენ, და სათნოდ სამებისა განსცხადენ, რომლისა წინა სდგა, ითხოვე ჩუენთვის დიდი წყალობაი. 

დღის საკითხავები 

ხუთშ. VI ჟამზე: ეს. 2: 11-21.
მწუხრზე: დაბ. 2: 4-19. იგავ. 3: 1-18. 

ხუთშ. VI ჟამზე: ეს. 2: 11-21 

11. დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს! 12. რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება. 13. ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას, 14. ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს, 15. ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს, 16. ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას. 17. დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს. 18. და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება. 19. შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება. 20. იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა. 21. რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება. 

მწუხრზე: დაბ. 2: 4-19 

4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. 5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა. 6. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს. 7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. 8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. 9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა. 10. მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. 11 . ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. 12. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც. 13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას. 14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი. 15. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. 16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. 17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით. 18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. 19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.

მწუხრზე: იგავ. 3: 1-18 

1. შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა, 2. დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ. 3. მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე. 4. წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში. 5. ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. 6. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს. 7. ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე. 8. ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის. 9. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით. 10. ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები. 11. უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; 12. რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს. 13. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! 14. რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი – ხალას ოქროს. 15. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას. 16. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა; 17. მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა. 18. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოციქული ერმი (I), ფილიპოპოლის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. იგი მოწამეობრივად აღესრულა I საუკუნის დასასრულს. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული რომაელებს მოუწოდებდა, პატივით მოეპყრან მოციქულ ერმის. 
წმიდა თეოდორიტე ანტიოქიელი (+361-363) ანტიოქიის საკათედრო ტაძრის პრესვიტერი იყო. ეს ეკლესია მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) და მისმა ვაჟმა კონსტანციმ ააგეს. კონსტანცის (337-361) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა იულიანე განდგომილმა (361-363) გადაწყვიტა კერპთაყყვანისცემის აღდგენა მთელი რომის იმპერიაში. იმპერატორმა ბრძანა, დაეხურათ ქრისტიანული ტაძრები და საეკლესიო განძეულობა საიმპერატორო სალაროსათვის გადაეცათ. ანტიოქიის გამგებელმა იულიანემ აქტიურად მიჰყო ხელი ბრძანების შესრულებას და თავისი უღირსი საქმე საკათედრო ტაძრებიდან დაიწყო. მისი ბრძანებით, თეოდორიტე შეიპყრეს განძეულის გადამალვის ბრალდებით, მაგრამ წმიდა მამამ უარყო ეს ბრალდება და უშიშრად ამხილა იულიანე განდგომილებაში.
მიუხედავად მხეცური წამებისა, წმიდა მოწამე სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იცავდა ქრისტეს სარწმუნოებას, იულიანეს და იმპერატორს კი მკრეხელობის გამო მოულოდნელი აღსასრული უწინასწარმეტყველა.
პრესვიტერის სიმტკიცითა და მოთმინებით გაოგნებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც ისინი ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა თეოდორიტეს კი თავი მოჰკვეთეს.
სიწმიდეების შებილწვა და მკრეხელობა დაუსჯელი არ დარჩენილა. წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა – გამგებელი იულიანე მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, იმპერატორი იულიანე კი სპარსელებმა ომში მოკლეს. 
ღირსი თეოფილაქტე ნოკომიდიელი (842-845) ხატმებრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) სიკვდილის შემდეგ ტახტზე კონსტანტინე VI (780-797) ავიდა, შეიცვალა პატრიარქიც: წმიდა პავლემ (ხს. 30 აგვისტოს) უარი განაცხადა მღვდელმთავრის კათედრაზე (784 წ.). ახალ პატრიარქად აირჩიეს წმ. ტარასი (ხს. 25 თებერვალს), რომელიც იმ დროს მეფის პირველი მრჩეველი იყო. წმ. ტარასის მოთხოვნით მოიწვიეს VII მსოფლიო კრება (787 წ.), რომელმაც დაგმო ხატმებრძოლეობის ერესი. მართლმადიდებლობას შედარებით მშვიდი ხანა დაუდგა. ისევ აივსო მონასტრები, აღსდგა სულიერი ცხოვრება.
წმიდა ტარასის ერთგული მოწაფე წმიდა თეოფილაქტე წმიდა მიხეილთან (ხს. 23 მაისს) ერთად, პატრიარქის კურთხევით, შავი ზღვისპირა მონასტერში განმარტოვდა. ქრისტეს თავდადებულმა მსახურებმა ღვთივსათნო საქმეებისა და დაუცხრომელი ლოცვისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღეს: მათი ლოცვით ზაფხულის პაპანაქებასა და გვალვაში ყანაში მომუშავეებს სასმელი წყალი არ მოჰკლებიათ.
მონასტერში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ პატრიარქმა წმიდა მიხეილი – სინადის ეპისკოპოსად, წმ. თეოფილაქტე კი – ნიკომიდიის ეპისკოპოსად აკურთხა.
ეპისკოპოსის ხარისხში მყოფი თეოფილაქტე დაუცხრომლად იღწვოდა თავისი სამწყსოსათვის. აშენებდა ტაძრებს, საავადმყოფოებს, გლახაკთა თავშესაფრებს, უხვად გასცემდა მოწყალებას, მფარველობდა ობლებს, ქვრივებს, უძლურებს, უვლიდა კეთროვნებს.
როცა იმპერატორის ტახტზე ავიდა ხატმებრძოლი ლეონ V სომეხი (813-820), საშინელმა ერესმა ახალი ძალით იფეთქა. იმპერატორზე გავლენა ვერ მოახდინა წმ. ტარასის შემცვლელმა წმიდა ნიკიფორემ (ხს. 2 ივნისს), რომელიც ეპისკოპოსებთან ერთად არწმუნებდა იმპერატორს, არ დაერღვია ეკლესიის სიმშვიდე. მოლაპარაკებაზე მყოფმა თეოფილაქტე ნიკომიდიელმა უშიშრად ამხილა ერეტიკოსები და ლეონ სომეხს მალე გარდაიცვალება უწინასწარმეტყველა. ამისთვის ის ტროვილის ციხესიმაგრეში (მცირე აზია) გადაასახლეს. აქ იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი სიკვდილამდე, 30 წლის განმავლობაში; აღესრულა დაახლოებით 845 წელს.
ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ (847 წ.), წმიდა თეოდორასა (ხს. 11 თებერვალს) და მისი შვილის, მიხეილის დროს, წმიდა ეპისკოპოსის თეოფილაქტეს ნაწილები პატივით გადაასვენეს ნიკომიდიაში.