გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. 27.03.2024
ოთხშაბათი. მარხვა
ღირსისა ბენედიქტე ნურსიელ იღუმენისა (543); ევსქიმონ აღმსარებელისა, ლამპსაკიელ ეპისკოპოსისა (IX); თეოგნოსტე კიეველ და მოსკოველ მიტროპოლიტისა (1353).
დღის ლოცვა
ღირსი ბენედიქტეს კონდაკი:
მადლითა ღმრთისათა განმსდიდრდი შენ, ხოლო საქმენი განამტკიცენ ჩინებისა და გამოსჩნდი, ბენედიქტე, სათნო ქრისტეს ღმრთისა ლოცვათა და მარხვათა შინა, და აღივსე საღმრთოთა ნიჭითა სულისათა, სნეულთა მკურნალო და განმდევნელო ეშმაკთა, ხოლო მსწრაფლშემწეო სულთა ჩუენთა.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 5: 16-25.
მწუხრზე: დაბ. 4: 16-26. იგავ. 5: 15-23; 6: 1-3
VI ჟამზე: ეს. 5: 16-25
16. მაგრამ აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე და წმიდა ღმერთი იწმიდებს სამართალში. 17. გაიკვებებიან ცხვრები თავიანთ ფარეხში და ნასუქალთა ნარჩენებს უცხონი შეჭამენ. 18. ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით – ცოდვას. 19. რომ ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ. 20. ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს – ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს – ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს – სიმწარედ! 21. ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით! 22. ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში! 23. ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყუნებელს! 24. როგორც ცეცხლის ენა ჭამს ჩალას და ალი ბუგავს თივას, ასე ჩალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, რადგან შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის შეგონება არად ჩააგდეს. 25. ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
მწუხრზე: დაბ. 4: 16-26
14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. 15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. 16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. 17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი – ენოქი. 18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი. 19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს – ცილა. 20. შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა. 21. მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა. 22. შვა ცილამაც – თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა. 23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი – ჩემდა ჭირად. 24. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ. 25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. 26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.
მწუხრზე: იგავ. 5: 15-23; 6: 1-3
15. სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან, 16. გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე – წყლის ნაკადები. 17. მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ, 18. კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან. 19. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით; 20. რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს? 21. რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება. 22. საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება. 23. ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება.
1. შვილო თუ თავდებად დაუდგები შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის, 2. მახეში ხარ გაბმული შენი ბაგის ნათქვამით, დაჭერილი ხარ შენი ბაგის ნათქვამით. 3. ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსი ბენედიქტე (+543)
წმიდა ბენედიქტეს მიერ დადგენილი მკაცრი წესები ყველას არ მოსწონდა და ღირსი მამაც ხშირად ხდებოდა საგანი უსაფუძვლო მითქმა-მოთქმისა და დევნისა.
ბოლოს ის დასახლდა კამპანიაში და კასონის მთაზე დაარსა მონტე-კასონის მონასტერი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დასავლეთის ეკლესიის საღვთისმეტყველო განათლების ცენტრი იყო. ამ სავანეში წმიდა ბენედიქტემ, აღმოსავლეთის მეუდაბნოეთა ცხოვრებებისა და იოანე-კასიანე რომაელის (ხს. 29 თებერვალს) კანონების მიხედვით, შეადგინა სამონასტრო ტიპიკონი, რომელიც შემდეგ მრავალმა დასავლურმა მონასტერმა მიიღო. კანონი მოითხოვდა მონაზვნებისაგან საკუთარი თავის აბსოლუტურ უარყოფას, უსიტყვო მორჩილებას და მუდმივ შრომას. უფროს ბერებს დამატებით ევალებოდათ ყრმათა აღზრდა და ძველ ხელნაწერთა გადაწერა, რამაც ქრისტიანობის პირველი საუკუნეების მრავალი ძვირფასი ძეგლი შემოგვინახა. თითოეული ახალმოსული მთელი წელი მორჩილებაში იყო, რათა ტიპიკონი ესწავლა და მონასტრულ ცხოვრებას შეჩვეოდა. ყოველი საქმე კურთხევით უნდა შეესრულებინა. მონასტრის თავი იყო იღუმენი რომელიც შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა. ის განსჯიდა, ასწავლიდა არიგებდა. იღუმენი ითვალისწინებდა უფროსი გამოცდილი ძმების რჩევებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ღებულობდა. ტიპიკონის დაცვა აუცილებელი იყო ყველასათვის. უფალს სათნო ეყო წმიდა ბენედიქტეს ღვაწლი და წინასწარხედვისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მან თავისი სიკვდილიც წინასწარ განჭვრიტა.