გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. მარხვა
შაბათი. 30.03.2024
ღირსმოწამისა გაბრიელ მცირისა, ლეკთაგან წამებულისა (1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (411); მოწამისა მამისა მარინოსი.
დღის ლოცვა
ღირსი ალექსი ღმრთისკაცის
ტროპარი: სათნოებათა ზედა კეთილთა დამოკიდებულ იქმენ შენ და გონებაი განიწმიდე ბილწთა გულისთქუმათაგან, ხოლო ცხორებაი შენი უვნებელობითა განაშუენე და მმარხველობაი სიხარულევანი შეიწყნარე სვინდისისა სიწმიდითა, ხოლო ლოცვათა შინა ვითარცა უხორცო იქცეოდი და გამობრწყინდი, მსგავსად მზისა, სოფელსა შინა, ყოვლადნეტარო ალექსი.
კონდაკი: სახლი მშობელთა შენთა ვითარცა უცხოსა გაქუნდა და იქცეოდი მას შინა სახითა გლახაკისათა, და შემდგომად მიცვალებისა გვირგვინი მიიღე დიდებისა, და საკვირველმოქმედად გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა, ალექსი, კაცო ღმრთისაო, ანგელოზთა და კაცთა სიხარულო.
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
დღის საკითხავები
ლიტ.: ებრ. 3: 12-16 (დას. 309). მკ. 1: 35-44 (დას. 6).
მიცვ: 1 თეს. 4: 13-17 (დას. 270). ინ. 5: 24-30 (დას. 16).
ლიტ.: ებრ. 3: 12-16
12. იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. 13. არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით. 14. რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ. 15. ვიდრე არ ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვისას“. 16. ვინაიდან ზოგმა ისმინა და დრტვინვას მოჰყვა; მაგრამ ყველა კი არა, ვინც მოსეს მეოხებით გამოვიდა ეგვიპტიდან.
ლიტ.: მკ. 1: 35-44
35. ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა. 36. თან გაჰყვნენ სიმონი და მასთან მყოფნი. 37. იპოვეს იგი და უთხრეს, ყველა შენ გეძებსო. 38. და უთხრა მათ: წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისათვის მოვსულვარ. 39. დადიოდა მთელს გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკთ. 40. მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. 41. შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე; 42. ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა. 43. მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი. 44. უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად.
მიცვ: 1 თეს. 4: 13-17
13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. 14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. 15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. 16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. 17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.
მიცვ: ინ. 5: 24-30
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411)
როცა წამოიზარდა, მშობლების მსგავსად, მკაცრად მარხულობდა, გლახაკებს ეხმარებოდა და მდიდრული სამოსლის ქვეშ ძაძებს ატარებდა. მასში ადრე გაიღვიძა სოფლის დატოვების და ღვთისმსახურებისთვის თავის შეწირვის სურვილმა. მშობლებს უნდოდათ ალექსი დაექორწინებინათ და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, საცოლეც მოუძებნეს.
ნიშნობის შემდეგ საცოლესთან მარტო დარჩენილმა ალექსიმ თითიდან ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა, საცოლეს მისცა და უთხრა: „შეინახე, უფალი იყოს ჩვენთან და დაიფაროს ჩვენი ახალი ცხოვრება“, თვითონ კი საიდუმლოდ გავიდა სახლიდან და მესოპოტამიაში მიმავალ ხომალდზე ავიდა.
ალექსი ჩავიდა ქალაქ ედესაში, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან დასახლდა და მათხოვრობა დაიწყო. ღირსი ალექსი მხოლოდ წყლით და პურით იკვებებოდა. მიღებულ მოწყალებას კი ღარიბებსა და უძლურებს ურიგებდა, ყოველ კვირას ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ნათესავები უშედეგოდ ეძებდნენ ალექსის. ევფიმიანეს გაგზავნილი მსახურები ჩავიდნენ ედესაში, მაგრამ ტაძრის კარიბჭესთან მჯდარ გლახაკში თავიანთი ბატონი ვერ შეიცნეს: ალექსი მკაცრი მარხვისაგან გამხდარიყო, სილამაზე გაქრობოდა, მხედველობა დასუსტებოდა. ნეტარმა მამამ იცნო ისინი და უფალს მადლობა შესწირა, რადგან თავისი მსახურებისაგან მიიღო მოწყალება.
წმიდა ალექსის დედა განმარტოვდა და მხურვალედ ლოცულობდა შვილისათვის. საცოლეც დედამთილთან ერთად გლოვობდა.
ღირსი ალექსი ედესაში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. ერთხელ ეკლესიის მნათეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა: „შეიყვანე ჩემს ტაძარში ღვთისკაცი, ღირსი ცათა სასუფევლისა; ლოცვა მისი ღმერთამდე ადის და სულიწმიდა არს მის თანა.“ მნათემ დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. შეწუხებულმა ღვთისმსახურმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიმართ და სთხოვა, ეჩვენებინა მისთვის ღვთისკაცი. ხატიდან გაისმა ყოვლაწმიდა ქალწულის ხმა: ღვთის რჩეული ის მათხოვარია, ეკლესიის კარიბჭესთან რომ ზისო. მნათემ მოძებნა წმიდა ალექსი და ტაძარში შეიყვანა. მორწმუნეები, რომლებმაც შეიტყვეს ამ სასწაულის შესახებ, განადიდებდნენ ღმერთს. მიწიერი დიდების ხიბლით შეშინებული წმიდანი ავიდა ხომალდზე და კილიკიას გაემგზავრა, მაგრამ, ღვთის განგებით, ქარიშხალმა გემი შორეული იტალიის ნაპირზე გარიყა. ნეტარი მამა რომში წავიდა, მამის სახლში მივიდა და თავშესაფარი ითხოვა. ევფიმიანემ შვილი ვერ იცნო, ბრძანა შესასვლელთან მოეწყოთ ალექსისათვის საცხოვრებელი და მისი ტრაპეზიდან ეკვებათ.
მშობლების სახლში ალექსი განაგრძობდა ლოცვასა და მარხვას, მორჩილებით იტანდა წყენასა და დაცინვას მამის მსახურებისაგან. მისი ოთახი საცოლის ფანჯრების პირდაპირ იყო და ნეტარი მამა იტანჯებოდა მისი მოთქმა-ვაების სმენით. მხოლოდ ღვთისადმი უზომო სიყვარული ეხმარებოდა ნეტარს ამ ტკივილების გადატანაში. წმიდა ალექსი მშობლიურ სახლში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. უფალმა მას წინასწარ გამოუცხადა გარდაცვალების დღე, წმიდანმა აღწერა თავისი ცხოვრება და ეპისტოლეში შენდობა სთხოვა მშობლების და საცოლეს.
წმიდა ალექსის გარდაცვალების დღეს საკათედრო ტაძარში სწირავდა რომის პაპი ინოკენტი (402-417). წირვას იმპერატორი ჰონორეუსიც (395-423) ესწრებოდა. მსახურების დროს საკურთხეველთან გაისმა ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ (მთ.11, 28), მოძებნეთ ღვთისკაცი, მარადიულ სიცოცხლეში, დაე, მან ილოცოს ქალაქისათვის,“ შეშინებული და გაოგნებული რომაელები მთელ ქალაქში ეძებდნენ ღვთისთვის სათნოყოფილს, მაგრამ ვერ იპოვეს. ღამისთევის ლოცვისას პაპი შეევედრა უფალს, დახმარებოდა ნეტარის პოვნაში. ლიტურღიის დამთავრებისთანავე კვლავ გაისმა ხმა „ღვთისკაცი ევფიმიანეს სახლში ეძიეთ“, როცა ევფიმიანესთან მივიდნენ, წმიდა ალექსი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი სახე ანგელოზებრივ ბრწყინავდა, ხელში კი ეჭირა ქარტა, რომელიც ვერაფრით გააშვებინეს. წმიდანის ცხედარი ძვირფას სახვევებში შეგრაგნეს. პაპმა და იმპერატორმა მუხლი მოიდრიკეს ნეშტის წინაშე და შეევედრნენ, ხელი გაეშალა. წმიდანმა ხელი გაშალა. როდესაც ეპისტოლე წაიკითხეს, მშობლებმა და საცოლემ ტირილით თაყვანი სცეს წმიდა ნეშტს. წმიდანის ცხედარი ქალაქის მოედანზე დაასვენეს. მის ირგვლივ მთელმა რომმა მოიყარა თავი. პაპმა და იმპერატორმა თავიანთი მხრებით შეასვენეს წმიდანი ტაძარში. ერთი კვირის შემდეგ კი მარმარილოს აკლდამაში ჩაასვენეს. წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა კეთილსურნალოვანმა მირონმა დაიწყო დენა.
ღირსი მამაჲ ჩვენი გაბრიელ-მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული (+802)
მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებანიც, მათ შორის: 1) მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს; 2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის; 3) სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი; 4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი; 5) მოკლე მოთხრობა პროფირისათვის.
მოუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.
ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთვარდიაკონი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.
ძმებმა ნეტარი მამის წმიდა ცხედარი მონასტერში გადმოასვენეს და იქვე დაფლეს.