4.03.2040. ხორციელის ორშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ხორციელის ორშაბათი

4.03.2024. მსგეფსი. 

ღირსისა ლეონისა, კატანელ ეპისკოპოსისა (დაახ. 780); მღვდელმოწამისა სადუკისა, სპარსელი ეპისკოპოსისა და მისთანა 128 მოწამეთა (342-344); ღირსისა აღათონ რომის პაპისა (682). 

დღის ლოცვა 

ღირსი ლეონის, კატანელი ეპისკოპოსის, კონდაკი:

ვითარცა რა მნათობი დიდი აქუ შენ ეკლესიასა, ყოვლადნეტარო ლეონი, და უფროის მზისა განაბრწყინვებ მას, რომელიცა უკუე დაიცევ, ღირსო, უძლეველად და შეურყეველად, და შეუგინებელადცა მწვალებელთაგან, ვითარცა მარადის მოხსენებულმან. 

დღის საკითხავები 

ლიტ. – 1 ინ. 2: 18 – 3: 10. მკ. 11: 1-11.
ღირ. – გალ. 5: 22 – 6: 2. მთ. 11: 27-30. 

ლიტ. – 1 ინ. 2: 18 – 3: 10 

18. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. 19. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი. 20. თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი. 21. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის. 22. ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი. 23. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს. 24. ამრიგად, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დე, დარჩეს თქვენში, რადგან თუ ის, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დარჩება თქვენში, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. 25. ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, არის საუკუნო სიცოცხლე. 26. თქვენი მაცთუნებლების გამო მოგწერეთ ეს. 27. თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით. 28. ასე რომ, შვილებო, დარჩით მასში, რათა მისი გამოცხადებისას თამამად ვიყოთ და არ შევრცხვეთ მის წინაშე, როდესაც მოვა. 29. თუკი იცით, რომ მართალია, ისიც იცოდეთ, რომ მის მიერაა შობილი სიმართლის ყველა მოქმედი. 

1. ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ: ქვეყანა იმიტომ არ გვიცნობს, რომ ვერ იცნო იგი. 2. საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის. 3. ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა. 4. ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება. 5. თქვენ იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა. 6. არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი. 7. შვილებო, ნურავინ გაცთუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი. 8. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი. 9. ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი. 10. ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.

ლიტ. მკ. 11: 1-11 

1. როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე 2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ. 3. ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო. 4. ისინი წავიდნენ, დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი. 5. ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს? 6. მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი. 7. მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ზედ შესვეს იგი. 8. ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი – ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ. 9. წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. 10. კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა! 11. შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით.

ღირ. – გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ. – მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად 128 მოწამე სპარსეთში აღესრულნენ საპორ II-ის ზეობისას. სადუკი მღვდელმოწამე სვიმეონის (ხს. 17 აპრილს) მემკვიდრე იყო. ერთხელ, ძილში სვიმეონმა გააფრთხილა იგი მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. წმიდა მამა ცამდე წვერმიბჯენილი კიბის თავზე მდგომი ეჩვენა ეპისკოპოსს და უთხრა: „ამოდი ჩემთან, სადუკ, და ნუ შიშობ“. მალე მეფე საპორმა ქრისტიანთა დევნა წამოიწყო და ბრძანა, შეეპყროთ სადუკი ღვთისმსახურთა დასთან და სამწყსოსთან ერთად. სულ 128 კაცი დაატუსაღეს, მათ შორის – 9 ქალწული. ისინი საპყრობილეშო ჩააგდეს, სადაც 5 თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ და ითხოვდნენ, განეგდოთ ქრისტიანობა და მზისა და ცეცხლისთვის ეცათ თაყვანი. წმიდა მოწამეები გაბედულად პასუხობდნენ: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და ერთადერთ, ჭეშმარიტ ღმერთსა ვცემთ თაყვანს“. ქრისტეს მარტვილებს თავი მოჰკვეთეს. 
ღირსი აღათონი, რომის პაპი მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო და მათი წყალობით კარგი განათლებაც მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ ნეტარმა მამამ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი ბერად აღიკვეცა. მისი კეთილმსახური ცხოვრება ადამიანთაგან დაფარული არ დარჩენილა, 679 წელს წმიდა რომის პაპად იქნა არჩეული. ღირსი აღათონი სიკვდილამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. 
წმიდა ლეონი, სიცილიის ქალაქ კატანის ეპისკოპოსი, განთქმული იყო თავისი სიკეთით, გულმოწყალებით, გლახაკებისა და მწირების სიყვარულით. უფალმა მას სნეულებათა კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. წმიდა ლეონის ეპისკოპოსობის დროს კატანში ცხოვრობდა მოგვი ილიოდორი, რომელიც ხალხს თავისი სასწაულებით აოცებდა. ილიოდორი თავდაპირველად ქრისტიანი იყო, მაგრამ შემდგომ უარყო მაცხოვრის სარწმუნოება და დემონის მსახური გახდა. მღვდელმთავარი ლეონი ხშირად შეაგონებდა ჯადოქარს, ხელი აეღო ბოროტმოქმედებაზე და სინანულით განწმენდილი, უფალს მობრუნებოდა, მაგრამ ამაოდ. უსჯულოს თავხედობა იქამდე მივიდა, რომ თვით წმიდა ეპისკოპოსის აბუჩად აგდებაც კი გადაწყვიტა. ის სამეუფო წირვის დროს შევიდა ტაძარში და თავის ჯადოქრობით მრევლში შფოთი და აურზაური გამოიწვია: ზოგმა ფეხების ბაკუნი დაიწყო, ზოგმა – უაზრო ხარხარი, სხვები საშინელ მრისხანებაში ჩავარდნენ. ილიოდორი იმუქრებოდა, თავად ეპისკოპოსსაც ღვთისმსახურთა დასით ხტუნვასა და ცეკვა-თამაშს დავაწყებინებო. ღირსი ლეონი მიხვდა, რომ უწყინარი შეგონებების დრო დამთავრდა, მუხლი მოიყარა ტრაპეზის წინაშე, მხურვალედ ილოცა, შემდეგ გამოვიდა საკურთხევლიდან, ომოფორი ყელზე შემოაჭდო უსჯულოს, მოედანზე გაიყვანა და აიძულა, საჯაროდ ეღიარებინა ყველა ცოდვა. ამის შემდეგ მწყემსმთავარმა ხალხს დიდი კოცონი დააგზნებინა და გრძნეულთან ერთად შიგ შევიდა ისე, რომ ომოფორისთვის ხელი არ გაუშვია. ეშმაკის მსახური მალე დანახშირდა და ჩაიფერფლა, წმიდა ლეონი კი სრულიად უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან და მშვიდად დაასრულა საღვთო ლიტურღია. ამ სასწაულმა სიცოცხლეშივე დიდად გაუთქვა სახელი ღირს მამას.
წმიდანი მოხუცებულობაში მიიცვალა. მისი უხრწნელი ცხედრიდან ღვთის სადიდებლად კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა.