5.03.2024. ხორციელის სამშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ხორციელის სამშაბათი

5.03.2024. მსგეფსი. 

ღირსისა ტიმოთე სიმვოლელისა (795); წმიდისა ევსტათი ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა, ქართლის ეკლესიის მაკურთხეველისა (337); წმიდისა გიორგი ამასტრიდელ ეპისკოპოსისა (802-811). 

დღის ლოცვა

ღირსი ტიმოთე სიმვოლელის კონდაკი:
ვითარცა რა ვარსკვლავსა მრავალმნათობსა, გიღაღადებთ შენ, ყოვლადქებულო, განანათლენ გულნი ჩუენ მაქებელთა შენთანი, საკვირველმოქმედო, ღირსო ტიმოთე. 

დღის საკითხავები 

ლიტ. – 1 ინ. 72 დას. 3: 10-20. მკ. 64 დას. 14: 10-42.
ღირ. – გალ. 213 დას. 5: 22 – 6: 2. ლკ. 24 დას. 6: 17-23. 

ლიტ. – 1 ინ. 3: 10-20 

10. ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი. 11. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 12. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა – მართალი. 13. ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ. 14. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. 15. ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული. 16. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება. 17. ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული? 18. შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით. 19. ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიმშვიდებთ გულს. 20. რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი.

ლიტ. – მკ. 14: 10-42 

10. და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან მის გასაცემად. 11. ხოლო მათ, ეს რომ გაიგეს, გაიხარეს და ვერცხლი აღუთქვეს მას. ის კი ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა გაეცა იგი. 12. უფუარობის პირველ დღეს, როცა სწირავდნენ საპასექე კრავს, მოწაფეებმა უთხრეს: სად გნებავს, წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? 13. გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით ქალაქში და შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; მას გაჰყევით. 14. სადაც შევა, უთხარით იმ სახლის პატრონს: მოძღვარი ამბობს: სად არის დარბაზი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს? 15. ის გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს, იქ მოგვიმზადეთ. 16. წავიდნენ მისი მოწაფეები, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა იესომ, და მოამზადეს პასექი. 17. მწუხრის ჟამს მივიდა თორმეტთან ერთად. 18. როცა ინახად ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე. 19. ხოლო ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ დაუწყეს კითხვა მას: მე ხომ არაო? 20. მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში. 21. და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი. 22. ჭამისას აიღო პური იესომ, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: აიღეთ, ჭამეთ; ეს არის ჩემი ხორცი. 23. აიღო სასმისი, აკურთხა და მისცა მათ; და სვამდნენ ყველანი იმით. 24. უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული. 25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს ღმრთის სასუფეველში. 26. იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. 27. უთხრა მათ იესომ: ამაღამ ყველანი შეცდებით ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ცხვრები. 28. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში. 29. პეტრემ უთხრა: შეიძლება ყველანი შეცდნენ, მაგრამ მე – არა. 30. მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე. 31. მაგრამ პეტრე უფრო დაჟინებით ამბობდა: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არ უარგყოფო, და ასევე ამბობდა ყველა. 32. მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და თავის მოწაფეებს უთხრა: ისხედით მანდ, ვიდრე ვილოცებ. 33. წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, და დაიწყო მწუხარება და ურვა. 34. უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ. 35. ცოტაზე გაშორდა მათ, მიწაზე დაემხო და ლოცულობდა, რათა, თუკი შესაძლო იყო, ასცდენოდა ეს საათი; 36. ამბობდა: აბბა, მამაო! ყველაფერი შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს სასმისი; თუმცა არა რაც მე მნებავს, არამედ რაც შენ. 37. დაბრუნებულმა მძინარენი ნახა ისინი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ყოფნა? 38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური. 39. კვლავ გაშორდა მათ და იმავე სიტყვებით ილოცა. 40. როცა დაბრუნდა, კვლავინდებურად მძინარენი ნახა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ, და არ იცოდნენ, რა მიეგოთ მისთვის. 41. მესამედაც მოვიდა, და უთხრა მათ: ისევ გძინავთ და განისვენებთ? კმარა, მოაწია დრომ: აჰა, მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში. 42. ადექით, წავიდეთ; აჰა მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი.

ღირ. – გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ. – ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა ევსტათი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი (323-331) III საუკუნის II ნახევარში დაიბადა. იგი ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო, ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და მათივე შუამდგომლობით იქნა არჩეული ანტიოქიის კათედრაზე პირველი მსოფლიო კრების მამების მიერ.
დიდად განათლებული ღვთისმეტყველი წმიდა ევსტათი საერო მეცნიერებებსაც კარგად ფლობდა. როცა აღმოსავლეთში გავრცელდა არიოზის ერესი, რომელიც არ სცნობდა ძის თანაარსობას მამა ღმერთთან, სიბრძნით გაბრწყინებული მამა გაბედულად აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. 325 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) პირველი მსოფლიო კრება მოიწვია. კრების პირველი თავმჯდომარე წმიდა ევსტათი იყო. ნიკეაში შემოკრებილმა მამებმა დაგმეს არიოზის ერესი და მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლო ჩამოაყალიბეს, უსჯულო არიოზსა და მის მიმდევრებს ხარისხები აჰყარეს და ეკლესიიდან განკვეთეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ზოგმა არიანელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ იმიტომ მოაწერა ხელი ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს, რომ ხარისხი შეენარჩუნებინა. შემდგომში მათ ბინძურ ინტრიგებს მიმართეს წმიდა ევსტათის წინააღმდეგ. ცხვრის ტყავში გახვეულმა მგლებმა მღვდელმთავარი ანტიოქიის ადგილობრივი კრების მოწვევაზე დაითანხმეს, შემდეგ კი ერთი მეძავი მოისყიდეს და შეაგონეს, კრებაზე ჩვილი ბავშვით გამოცხადებულიყო და ყრმის მამად წმიდა ევსტათი დაესახელებინა. მოციქულთა კანონების მიხედვით, მღვდელმთავრისადმი წაყენებული ბრალდება ორმა მოწამემ უნდა დაადასტუროს. არიანელებმა უგულებელყვეს ეს კანონი და წმიდა მამა გასამართლების გარეშე გადაასახლეს თრაკიაში.
მწყემსმთავრის სიმართლე მალე გაცხადდა: ცილისწამების შემდეგ მძიმედ დაავადებულმა ქალმა მოუწოდა მღვდელმსახურებს და მრავალი ადამიანის თანდასწრებით აღიარა თავისი შეცდომა. ამ დროისთვის წმიდა კონსტანტინე დიდი გარდაიცვალა და ტახტზე მისი შვილი, ერეტიკოსთა თანამგრძნობი და მფარველი კონსტანცი (337-361) ავიდა. წმიდა ევსტათის არ ეღირსა სამწყსოსთან დაბრუნება. ღირსმა მამამ გადასახლებაში შეჰვედრა სული უფალს 337 წელს. დევნულობაში მყოფი წმიდანი აღსრულებამდე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. 482 წელს ღირსი ევსტათის უხრწნელი ნაწილები პატივით გადმოასვენეს ანტიოქიაში. 
წმიდა იოანე სქოლასტიკოსი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი განათლებით იურისტი იყო. ის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პატრიარქის ტახტზე აღასაყდრეს. წმიდა მამა 565-577 წლებში მართავდა ეკლესიას. ჯერ კიდევ ხუცესობისას მან შეადგინა საეკლესიო კანონები 50 თავად, პატრიარქობის დროს კი ეკლესიასთან დაკავშირებულ სამოქალაქო განკარგულებებს ერთ კრებულში მოეყარა თავი. ამ კრებულზე დაყრდნობით შედგა ნომოკანონი, რომელსაც ეყრდნობა საეკლესიო სამართლისწარმოება. მღვდელმთავარი იოანე არის ავტორი საეკლესიო საგალობლებისა: „რომელი ქერუბიმთა“ და „სერობასა საიდუმლოსა შენისასა“. 
ღირსი ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. 614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო დაესხა თავს იერუსალიმს, გაძარცვა ქალაქი, უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ, 90 000-მდე ქრისტიანი დახოცა და მრავალიც ტყვედ წაასხა. ტყვეებს შორის იყო წმიდა ზაქარიაც. შემდგომში ხოსრო იძულებული გახდა, ბიზანტიელი იმპერატორის, ჰერაკლესთვის (610-641) ზავი ეთხოვა და უფლის ჯვარი და ცოცხლად დარჩენილი ტყვეები უკან დაებრუნებინა. განთავისუფლდა იერუსალიმის პატრიარქიც. იგი მშვიდობით მიიცვალა 633 წელს. 

ღირსი ტიმოთე მეუდაბნოე, იტალიელი ბერი, მოღვაწეობდა მცირე აზიაში, ოლიმპოს მთასთან მდებარე “სიმბოლოებად“ წოდებულ მონასტერში, რომლის არქიმანდრიტი ღირსი თეოკტისტე იყო. წმიდანმა გამუდმებული ღვაწლით სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და უფლისაგან სნულებათა კურნების და არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიემადლა. მან მრავალი წელი დაჰყო განდეგილობაში: იგი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 795 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წმიდა გიორგი, ამასტრიდელი ეპისკოპოსი შავი ზღვის სანაპიროზე, პაფლაგონიის ქალაქ კრომნაში დაიბადა. მის მშობლებს, კეთილმსახურ ქრისტიანებს არ ეძლეოდათ შვილი და მხურვალე ლოცვებით შესთხოვდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ბოლოს მათი ვედრება შესმენილ იქნა: უკვე ხანშიშესულებს ზეციურმა ხმამ აუწყა, რომ შეეძინებოდათ ვაჟი, რომელიც მღვდელმთავარი გახდებოდა, ზეგარდამო მიენიშნათ მათ მემკვიდრის სახელიც – გიორგი.
მოსიყვარულე მშობლებმა გიორგის შესანიშნავი საერო და სასულიერო განათლება მისცეს. როცა ჭაბუკმა სრულწლოვანებას მიაღწია, დატოვა სამშობლო, სირიის მთებს მიაშურა და ერთი განდეგილი ბერის ხელმძღვანელობით მკაცრი მოღვაწეობა დაიწყო. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ გიორგი ვონისის სავანეში დაემკვიდრა და კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი ღვაწლი. ღვთის ნებით, წმიდანის კეთილმსახური ცხოვრება გაცხადდა და ქალაქ ამასტრიდის ეპისკოპოსის მიცვალების შემდეგ სამღვდელოებისა და მრევლის სურვილით მღვდელმთავრად იქნა ხელდასმული. ღირსი გიორგი დაუღალავად მოძღვრავდა სამწყსოს, ტაძრებს კეთილმოაწყობდა, ქვრივებსა და ობლებზე ზრუნავდა, გლახაკებს აპურებდა და ღვთივსათნო ცხოვრების მაგალითს იძლეოდა.
უფალმა სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მან ლოცვის ძალით განდევნა ამასტრიდიდან სარკინოზები, რომლებიც აოხრებდნენ მის შემოგარენს, სიკვდილისაგან იხსნა ტრაპიზონში უსამართლოდ მსჯავრდადებული ვაჭრები. წმიდა გიორგი მშვიდობით მიიცვალა, სულიერი შვილებით გარემოცული. ეს მოხდა იმპერატორ ნიკიფორე I (802-811) ზეობისას, 3 მარტს.