7.03.2024. ხორციელის ხუთშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ხორციელის ხუთშაბათი

7.03.2024. მარხვა. 

მღვდელმოწამისა პოლიკარპე სმირნელ ეპისკოპოსისა (167); ღირსთა: იოანესი, ანტიოქესი, ანტონინესი, მოსესი, ზევინისი, პოლიქრონისი, სხვა მოსესი და დამიანესი, სირიელ მეუდაბნოეთა (V); ღირსისა ალექსანდრე მონაზონისა, მღვიძარეთა სავანის იღუმენისა (430); მოწამისა დავითისა, დვინში წამებულისა. 

დღის ლოცვა 

მღვდელმოწამე პოლიკარპეს, სმირნელი ეპისკოპოსის 

კონდაკი: ნაყოფნი სიტყვიერნი შესწირენ შენ უფლისა, ბრძენო პოლიკარპე, და მსხვერპლნი სათნოებათანი, და ღმრთისა მიერ ღირსად მღდელმთავრად იდიდე; ამისთვის დღეს განათლებულნი სიტყუათა შენთაგან უგალობთ შენსა ღირსსა სახსენებელსა და ვადიდებთ უფალსა. 

დღის საკითხავები 

1 ინ. 4: 20-5: 21 (დას. 74). მკ. 15: 1-15 (დას. 66).
მღვდელმოწ. – ებრ. 334 დას. 13: 7-16. ინ. 36 დას. 10: 9-16.

1 ინ. 4: 20-5: 21 

20. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს? 21. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. 

1. ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს. 2. იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს. 3. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია. 4. რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა. 5. ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? 6. ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება. 7. ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია. 8. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია. 9. თუ კაცთა მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, რადგანაც ეს არის საღმრთო მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. 10. ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. 11. მოწმობა კი ის არის, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე მის ძეშია. 12. ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს. 13. ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. 14. და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს. 15. და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ. 16. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი. 17. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი. 18. ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას. 19. ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. 20. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. 21. შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ.

მკ. 15: 1-15 

1. ინათა თუ არა, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებსა და მთელ სინედრიონთან ერთად. შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს. 2. პილატემ ჰკითხა მას: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: შენ ამბობ. 3. მღვდელმთავრები ბევრ რასმე სდებდნენ ბრალად. 4. ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას: რატომ არაფერს იტყვი პასუხად? ხედავ, რამდენ რასმე გწამებენ? 5. მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს. 6. ხოლო ყოველ დღესასწაულზე ათავისუფლებდა იგი ერთ პატიმარს, რომელსაც სთხოვდა ხალხი. 7. და იყო მაშინ ვინმე ბარაბა, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას. 8. მოვიდა ხალხი და დაუწყო იმისი თხოვნა, რასაც პილატე ყოველთვის უსრულებდა მათ. 9. ხოლო პილატემ მიუგო და უთხრა მათ: თუ გნებავთ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს. 10. რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი. 11. მაგრამ მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რათა უმალ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. 12. ხოლო პილატემ მიუგო და კვლავ უთხრა მათ: კი მაგრამ, რა გსურთ, რა ვუყო იმას, ვისაც იუდეველთა მეფეს უწოდებთ? 13. ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი! 14. პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი! 15. მაშინ პილატემ, ხალხის მოსამადლიერებლად, გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.

მღვდელმოწ. – ებრ. 13: 7-16 

7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.

მღვდელმოწ. – ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

მღდელმოწამე პოლიკარპე ზმირნელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 80 წელს და მცირე აზიის ქალაქ ზმირნაში ცხოვრობდა. ადრე დაობლებული წმიდანი, ანგელოზის მინიშნებით, კეთილმსახურმა ქვრივმა, კალისტამ აღზარდა. დედობილის სიკვდილის შემდეგ პოლიკარპემ მთელი ქონება მოწყალებად გასცა და დავრდომილთა და სნეულთა მსახურება იტვირთა. წმიდანი ძლიერ შეიყვარა და დაიახლოვა ზმირნის ეპისკოპოსმა ვუკოლმა (ხს. 6 თებერვალს). მან დიაკვნად აკურთხა პოლიკარპე და ტაძარში ღვთის სიტყვის ქადაგება დაავალა.
ამ დროს წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პოლიკარპე მეტად დაახლოებული იყო მასთან და თან ახლდა სამოციქულო მოგზაურობებში. მღვდელმთავარმა ვუკოლმა ხუცესად დაასხა ხელი წმიდანს, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე კი დაიბარა, ზმირნის კათედრა პოლიკარპესთვის ჩაებარებინათ. წმიდა პოლიკარპე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მას თბილად ეპყრობოდა და დიდ პატივს სცემდა წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.
როცა ტახტზე იმპერატორი მარკუს ავრელიუსი (161-180) ავიდა, დაიწყო ქრისტიანთა ერთ-ერთი უსაშინლესი დევნა. წარმართები ითხოვდნენ, რომ მსაჯულს მოეძებნა წმიდა პოლიკარპე – „ყველა ქრისტიანის მამა“ და „მთელი აზიის მაცდუნებელი“. ამ დროს, სამწყსოს დაჟინებული მოთხოვნით, წმიდანი პატარა სოფელში იმყოფებოდა, ზმირნის მახლობლად. როცა მხედრები მოვიდნენ მის წასაყვანად, მღვდელმთავარი გამოეგება მათ და ბრძანა, დაეპურებინათ მეომრები, თვითონ კი ილოცა მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის წინ. მისი წამება და სიკვდილი აღწერილია ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთ უძველეს ძეგლში „ზმირნის ეკლესიის ეპისტოლე სხვა ეკლესიათა მიმართ“. სამსჯავროზე წარდგენილმა წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც დაწვა მიუსაჯეს. ჯალათებს უნდოდათ, ძელზე მიელურსმნათ ქრისტეს მხნე აღმსარებელი, მაგრამ პოლიკარპემ დაამშვიდა ისინი, კოცონიდან არ ჩამოვალო. ცეცხლის ალი გარს შემოერტყა წმიდანს და მის თავს ზევით, ჰაერში შეერთდა. წარმართებმა და იუდეველებმა დაინახეს, რომ ღვთის რჩეულს ცეცხლი არ ვნებდა და მოითხოვეს, მახვილით მოეკლათ იგი. როცა პოლიკარპეს ლახვარი უგმირეს, ჭრილობიდან გადმოსულმა სისხლმა კოცონი ჩააქრო. მღვდელმოწამის ცხედარი დაწვეს. ზმირნელმა ქრისტიანებმა კრძალვით შეკრიბეს და დაიცვეს მისი წმიდა ნაწილები.
წმიდა პოლიკარპეს ეკუთვნის რამდენიმე ეპისტოლე სამწყსოსა თუ კერძო პირების მიმართ. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლემ ფილიპელთა მიმართ, რომელიც ნეტარი იერონიმეს ცნობით, ღვთისმსახურების დროს იკითხებოდა მცირე აზიის ეკლესიებში. 
წმიდა გორგონია, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის და, გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობით, სიბრძნით, შრომისმოყვარეობით. მისი სახლი მუდამ ღია იყო გლახაკთათვის. წმიდანი მშვიდობით მიიცვალა 372 წელს, 39 წლის ასაკში. 
ღირსი იოანე, წმიდა ლიმნეის (ხს. 22 თებერვალს) მოწაფე, V საუკუნეში ცხოვრობდა, სირიაში. მან „მიუსაფარი ცხოვრების“ ღვაწლი იტვირთა. ღია ცის ქვეშ, მთის მწვერვალზე დაემკვიდრა და აქ 25 წელი დაჰყო. ღირსი მამა მხოლოდ პურითა და მარილით იკვებებოდა და სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდა. მასთან სტუმრად მოსულმა ერთმა მოსაგრემ მთაზე ნუშის ხე დარგო, რომ პაპანაქების დროს ჩრდილში თავის შეფარება შესძლებოდა, მაგრამ წმიდანმა ბრძანა, ხე მოეჭრათ – სხეულს ოდნავი განსვენების ნებაც არ მისცა.
ღირსი მოსე წმიდა იოანეს მიბაძვით მთის მწვერვალზე დაემკვიდრა, სოფელ რამის მახლობლად.
ამგვარივე ღვაწლი იტვირთეს ღირსმა ანტიოქემ და ანტონინემ, რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე ახოვნად მოსაგრეობდნენ და სულის სიმტკიცის მაგალითს იძლეოდნენ.
ღირსი ზევინიც იმავე მთაზე მოღვაწეობდა. მან ღრმა სიბერემდე იცხოვრა, ღირსი მამის სავანის ახლომახლო მკვიდრნი დიდ პატივს მიაგებდნენ წმიდანს და მისი ლოცვებით განსაცდელებში შეწევნას ღებულობდნენ.
წმიდა პოლიქრონი, ზევინის მოწაფე, ბაძავდა მოძღვარს – მანაც მარხვისა და ღამისთევის ღვაწლი იტვირთა. წმიდა პოლიქრონი ბორკილებს არ ატარებდა, მაგრამ ლოცვის დროს ბეჭებზე მუხის დიდ ფესვს იდებდა, რომელიც თვითონ ამოთხარა მიწიდან. ერთხელ, გვალვის დროს, წმიდა მამის ლოცვით წვიმა მოვიდა, ქვის ცარიელი ჭურჭელი კი, გლახაკთა შესაწევნად ზეთით აავსო. ღირს პოლიქრონთან ერთად ცხოვრობდა მისი მოწაფე – მოსე, რომელიც ცდილობდა, ყველაფერში მიებაძა მოძღვრისთვის და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა.
წმიდანის მეორე მოწაფე – ღირსი დამიანე იერად წოდებულ სავანეში დაემკვიდრა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. წმიდა მამას კელიაში მხოლოდ ერთი მომცრო ყუთი ჰქონდა ოსპით, რომელიც მის ერთადერთ საკვებს წარმოადგენდა.
ეს წმიდა მამები მშვიდობით მიიცვალნენ V საუკუნეში, სირიაში. 
ღირსი დამიანე ათონზე, ესფიგმენის მონასტრის ერთ-ერთ სკიტში მოღვაწე მდუმარე ბერი იყო. ნეტარი მამა დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობდა წმიდა კოზმა ზოგრაფელთან (ხს. 22 სექტემბერს) და მეგობრობდა მასთან. მორჩილებით გამორჩეული მამა უფალმა ადიდა: მიცვალების შემდგომ 40 დღე მისი ცხედარი კეთილსურნელებას აფრქვევდა (+1568).