გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
ხორციელის პარასკევი
8.03.2024. მარხვა.
პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავისა წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი; მოწამისა სერგისა, კაბადოკიის კესარიელისა (304); ღირსისა იოანე მომკელისა (X); ღირსისა ერაზმ კიევო-პეჩორელისა (1160).
დღის ლოცვა
იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა
ტროპარი: ქუეყანით აღმობრწყინდა თავი იგი წინამორბედისა და უხრწნელებისა მცხინვარებასა მიჰფენს ყოველთა საკურნებელად სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა, რამეთუ ზეცას აქებენ სიმრავლენი ანგელოზთანი, და ქუეყანასა ზედა კაცნი ერთ ხმობით უღაღადებთ. ქრისტე ღმერთო, ვედრებითა მისითა გარდამოავლინე დიდი წყალობაი შენი ჩუენ ზედა.
კონდაკი: წინასწარმეტყუელო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო, ვპოვეთ ქუეყანით, და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კუალადცა, ვითარცა პირველ, ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.
დღის საკითხავები
მწუხრზე: დაბ. 4: 16-26. იგავ. 5: 15-23; 6: 1-3.
იოანესი: 1) ეს. 40: 1-3, 9; 41: 17-18; 45: 8; 48: 20-21; 54: 1. 2) მალაქ. 2: 1-2, 5-7, 12, 17. 3) სიბრძ. 4: 7, 16-17, 19-20; 5: 1-7.
ცისკ.: ნათლისმც,: ლკ. 7: 17-30 (დას. 31).
ლიტ.: 2 ინ. 1: 1-13 (დას. 75). მკ. 15: 22, 25, 33-41 (დას. 68).
ნათლისმც.: 2. კორ. 4: 6-15 (დას. 176). მთ. 11: 2-15 (დას. 40).
მწუხრზე:
1) დაბ. 4: 16-26: 16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. 17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი – ენოქი. 18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი. 19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს – ცილა. 20. შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა. 21. მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა. 22. შვა ცილამაც – თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა. 23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი – ჩემდა ჭირად. 24. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ. 25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. 26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.
იგავ. 5: 15-23; 6: 1-3: 15. სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან, 16. გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე – წყლის ნაკადები. 17. მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ, 18. კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან. 19. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით; 20. რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს? 21. რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება. 22. საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება. 23. ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება.
1. შვილო თუ თავდებად დაუდგები შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის, 2. მახეში ხარ გაბმული შენი ბაგის ნათქვამით, დაჭერილი ხარ შენი ბაგის ნათქვამით. 3. ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე.
1) იოანესი: 1) ეს. 40: 1-3, 9; 41: 17-18; 45: 8; 48: 20-21; 54: 1.
ეს. 40: 1-3, 9: 1. ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. 2. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის. 3. ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის!
9. ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აღიმაღლე შენი ხმაძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას ქალაქებს, აქ არის-თქო თქვენი ღმერთი!
41: 17-18: 17. ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ. 18. გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას – წყაროსთვალად.
45: 8: 8. იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს.
48: 20-21: 20. გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი! 21. არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა.
54: 1: 1. გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.
იოანესი: 2) მალაქ. 2: 1-2, 5-7, 12, 17
1. ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო: 2. თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში.
5. ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის; რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს. 6. ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან. 7. რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი.
12. მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენს – მღვიძარს და ხმისგამცემს და ძღვენის მიმტანს ცაბაოთ უფლისადმი.
17. დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არისო სამართღის ღმერთი?
3) სიბრძ. 4: 7, 16-17, 19-20
7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება.
16. როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე – ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს. 17. რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ მიხვდებიან, რა განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი.
19. შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად მკვდართა შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და ძირფესვიანად შეარყევს მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან სატანჯველში, და წარიხოცება მათი ხსენება. 20. შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე უკეთური საქმეები ამხილებს მათ.
3) სიბრძ. 5: 1-7
1. მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი ღვაწლი აბუჩად აიგდეს. 2. მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა. 3. ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან სულშეჭირვებულნი: 4. ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი აღსასრული კი უპატიობად. 5. როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო? 6. ამგვარად, გადავსცდით ჭეშმარიტების გზას, აღარ გვინათებდა სამართლიანობის ნათელი და აღარც მზე ამოდიოდა ჩვენთვის. 7. ბილიკები ჩვენი ურჯულოებითა და წარწყმედით ავავსეთ, უვალი უდაბნოები გადავლახეთ, მაგრამ უფლის გზა კი ვერ შევიცანით.
ცისკ.: ნათლისმც,: ლკ. 7: 17-30
17. და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს. 18. ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს. 19. ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 20. ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 21. ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა. 22. მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ. 23. ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში. 24. ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? 25. რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან. 26. რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. 27. ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. 28. რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. 29. მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით. 30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
ლიტ.: 2 ინ. 1: 1-13
1. უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებით, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, 2. ჭეშმარიტების გულისთვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და ჩვენშივე იქნება უკუნისამდე. 3. მადლი, წყალობა, მშვიდობა ნუ მოგშლოდეთ მამა ღმერთისა და მისი ძის – იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით. 4. დიდად გავიხარე, როცა ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებით მოარულნი, როგორც მიგვიღია მცნება მამისგან. 5. ახლა გთხოვ, ქალბატონო, ისე კი არა, თითქოს ახალ მცნებასა გწერდე, არამედ იმას, რაცა გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 6. სიყვარული კი ისაა, რომ მივსდევდეთ მისი მცნებების გზას; აი, მცნება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა მისი გზით იაროთ. 7. რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე. 8. თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური. 9. ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც. 10. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ. 11. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება. 12. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე ქაღალდითა და მელნით, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გეწვევით და პირისპირ გესაუბრებით, რათა სრულ იყოს ჩვენი სიხარული. 13. მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულნი. ამინ.
ლიტ.: მკ. 15: 22, 25, 33-41
22. მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.
25. ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.
33. ხოლო მეექვსე საათის დამდეგს მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა. 34. მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? 35. ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა: აჰა, ელიას უხმობსო. 36. ერთი კი გაიქცა, ძმრით გაჟღენთა ღრუბელი, ლერწამზე წამოაგო, სასმელად მისცა და ამბობდა: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის ჩამოსახსნელად. 37. ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული. 38. მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა. 39. როცა მის პირდაპირ მდგარმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე იყო ღმრთისა. 40. იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, მათ შორის, მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე, 41. რომლებიც თან დაჰყვებოდნენ, როცა გალილეაში იყო, და ემსახურებოდნენ მას; და სხვაც მრავალი, მასთან ერთად ამოსული იერუსალიმს.
ნათლისმც.: 2. კორ. 4: 6-15
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.
ნათლისმც.: მთ. 11: 2-15
2. ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე. 3. რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 4. ხოლო იესომ მიუგო მათ: მიდით და უთხარით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: 5. ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლანაკნი სახარებით ხარობენ. 6. ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში. 7. ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? 8. რისთვის დადიოდით უდაბნოში? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან. 9. რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. 10. რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. 11. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. 12. ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას. 13. რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. 14. და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. 15. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის (ხს. 29 აგვისტოს) შემდეგ მისი სხეული მოწაფეებმა პატივით დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, წმიდა თავი კი უსჯულო ჰეროდიადამ უპატიო ადგილას დაფლა. კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ქოზას ცოლმა (მას იხსენებს ლუკა მახარებელი – ლკ. 8,3), იოანეს თავი ფარულად ჩადო პატიოსან ჭურჭელში და ელეონის მთაზე – ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში მიაბარა მიწას. მრავალი წლის შემდეგ ეს ადგილ-მამული კეთილმსახური დიდებულის, ინოკენტის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც აქ ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ტაძრის საძირკვლის თხრის დროს აღმოჩენილ იქნა ჭურჭელი უფლის წინამორბედის თავით. ნაპოვნი სიწმიდის სიდიადე მასთან აღსრულებული სასწაულებით გაცხადდა. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის პირველი პოვნა. ინოკენტი კრძალვით ინახავდა მას, მაგრამ სიკვდილის წინ იმის შიშით, რომ სიწმიდე უსჯულოებს არ ჩავარდნოდათ ხელში, იმავე ადგილას ჩაფლა, საიდანაც ამოიღო. შემდეგში ეს ადგილი თანდათან გაუდაბურდა, ტაძარი – ჩამოინგრა.
მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (+337, ხს. 21 მაისს) ზეობისას, ქრისტიანობის აყვავების ხანაში, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად მოსულ ორ ბერს ორჯერ გამოეცხადა უფლის წინამორბედი და თავისი პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი ამცნო. ბერებმა ამოთხარეს სიწმიდე, აქლემის ბეწვის ტომარაში ჩადეს და შინისაკენ გამობრუნდნენ. გზად მათ შემოხვდათ უცნობი მექოთნე და ძვირფასი ტვირთი მას მისცეს სატარებლად. მეკეცემ არ იცოდა, რა სიწმინდე მიჰქონდა, მაგრამ მას თავად ნათლისმცემელი გამოეცხადა და უბრძანა, გაქცეოდა დაუდევარ და უდებ ბერებს იმასთან ერთად, რაც ხელში ეპყრა. ღვთისმოყვარე ხელოსანი ფარულად განერიდა თანამგზავრებს. შემდგომში იგი პატივით ინახავდა წმიდა თავს, სიკვდილის წინ კი დას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული სიწმიდე მემკვიდრეობით გადაეცემოდა ღვთისმოშიშ ქრისტიანებს მანამ, სანამ მისი მფლობელი არ გახდა ერეტიკოსი მღვდელმთავარი ევსტათი. იგი პატიოსანი თავის სიწმიდის ძალით კურნავდა სნეულებს, შემდეგ კი აღსრულებულ სასწაულებს ერესის მადლს მიაწერდა და აცდუნებდა გამოუცდელ სულებს. როცა ევსტათის ბოროტმოქმედება გაცხადდა, ის იძულებული გახდა, გაქცეულიყო, სიწმიდე კი ემესის მახლობელ მღვიმეში დამალა იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა და კვლავ ხელში ჩაიგდებდა მას. ღმერთმა ეს არ დაუშვა: გამოქვაბულში დამკვიდრნენ კეთილმსახური ბერები, შემდეგ კი აქ მონასტერიც დაარსდა. 452 წელს, სავანის არქიმანდრიტ მარკელს იოანე ნათლისმცემელმა თავისი წმიდა თავის ადგილსამყოფელი აუწყა. ეს მოვლენა სიწმიდის მეორედ პოვნის სახელით იდღესასწაულა. ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ჯერ ემესაში გადაასვენეს, შემდეგ კი – კონსტანტინეპოლში.
წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.