1.05.2024. ვნების შვიდეული. დიდი ოთხშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ვნების შვიდეული. დიდი ოთხშაბათი

1.05.2024. მძიმე მარხვა 

ღირსისა ბასილისა (რატიშვილი, XIII); ღირსისა იოანესი, ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფისა (820-850); მოწამეთა: ბიქტორისა, ზოტიკესი, ზენონისა, აკვინდინესი და სევერიანესი (303); კოზმან აღმსარებელისა, ქალკედონელ ეპისკოპოსისა, და ღირსისა ავქსენტისა (815-820); მოწამისა იოანე ახლისა, იოანინელისა (1526). 

დღის ლოცვა

ღირსი იოანეს, მოწაფისა ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელის კონდაკი: 

ცხორებაი შენი განაშუანე კრძალულებითა, მამაო, და ხორცნი მოაკუდინენ, და სძლე მტერისა მანქანებასა, ყოვლადნეტარო, და აღხედ ღმრთისა მიმართ უჭირველსა და დაუსრულებელსა ცხორებასა, ვითარცა ღირსი მკვიდრობისა; იოანე, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

დიდი ოთხშაბათი

ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი: ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან. 

დღის საკითხავები 

ლიტურგია პირველშეწირულისა.

ცისკ.: ინ. 12: 17-50 (დას. 41 შუა).
VI ჟამზე: ეზეკ. 2: 3-10; 3: 1-3.
მწუხრ.: 1) გამ. 2: 11-22. 2) იობ. 2: 1-10.
ლიტ.: მთ. 26: 6-16 (დას. 108). 

ცისკ.: ინ. 12: 17-50 

17. მასთან მყოფი ხალხი მოწმობდა, რომ საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი. 18. ამიტომაც გამოეგება ხალხი, ვინაიდან გაეგო, რომ მან მოახდინა ეს სასწაული. 19. ხოლო ფარისევლებმა ერთმანეთს უთხრეს: ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას. 20. დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. 21. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს. 22. მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს. 23. იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს. 25. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. 26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. 27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ! 29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას. 30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს. 32. და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან. 33. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 34. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე? 35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. 36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან. 37. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი. 38. რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: უფალო, ვინ იწამა ჩემი ნათქვამი? ან ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა? 39. ამიტომაც ვერ იწამეს, რომ ესეც თქვა ესაიამ: 40. დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. 41. ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის. 42. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით. 43. რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა. 44. ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი. 45. და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს. 46. მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში. 47. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად. 48. ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს. 49. ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო. 50. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, და რასაც ვიტყვი, როგორც მამამ მაუწყა, ისე ვიტყვი. 

VI ჟამზე: ეზეკ. 2: 3-10; 3: 1-3 

3. მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე. 4. ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი. 5. გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. 6. შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა. 7. უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან. 8. შენ კი, ადამის ძევ, ისმინე, რასაც გეუბნები: ნუ იქნები ურჩი, როგორიც ეს ურჩი მოდგმაა; გააღე პირი და შეჭამე, რასაც მოგცემ. 9. და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში. 10. გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი. 

1. მითხრა: ადამის ძევ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს. 2. გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი. 3. მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში. 

მწუხრ.: 1) გამ. 2: 11-22. 2) იობ. 2: 1-10 

1) 11) როცა გაიზარდა მოსე, მივიდა თვისტომებთან და ნახა მათი მძიმე შრომა. ხედავს, სცემს ეგვიპტელი კაცი ერთ ებრაელს, მის თვისტომთაგანს. 12. მიიხედ-მოიხედა და როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა. 13. გამოვიდა მეორე დღეს და ხედავს, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა დამნაშავეს: რად სცემ შენიანს? 14. მიუგო: ვინ დაგაყენა ჩვენს თავკაცად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოკალი? შეეშინდა მოსეს და თქვა: ნამდვილად გამჟღავნებულა ამბავი. 15. შეიტყო ფარაონმა ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს. მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან. 16. შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოსულიყვნენ და წყალს იღებდნენ, ავსებდნენ გეჯებს მამისეული ფარის დასარწყულებლად. 17. მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და გამოესარჩლა მათ, დაურწყულა კიდეც ფარა. 18. მივიდნენ ქალები რეღუელთან, თავიანთ მამასთან. უთხრა მამამ: რატომ მოხვედით დღეს ასე ადრე? 19. უთხრეს: ერთმა ეგვიპტელმა კაცმა მწყემსებისგან დაგვიცვა, წყალიც ამოგვიღო და ფარაც დაგვირწყულა. 20. უთხრა თავის ასულებს: სად არის? რატომ მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ. 21. გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა, და მიათხოვა კაცმა მოსეს თავისი ასული, ციფორა, ცოლად. 22. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმურად ვიყავი უცხო ქვეყანაში.

2) 1. ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინშე წარსადგომად. 2. უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან. 3. უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი. 4. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი. 5. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას – მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა. 6. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი. 7. გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე. 8. აიღო იობმა კეცის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა. 9. უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი! 10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით. 

ლიტ.: მთ. 26: 6-16

6. ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში, 7. მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს. 8. ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ასეთი ფლანგვა? 9. ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული. 10. მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო: 11. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 12. ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა. 13. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად. 14. მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან 15. და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი. 16. და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი, სევერიანე (+303) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. წმიდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის (+303, ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) შეურყეველმა რწმენამ და სიმტკიცემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. წმიდა ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი და სევერიანე ესწრებოდნენ წმიდა გიორგის წამებას ურმის თვალზე და როცა მისი სასწაულებრივი გადარჩენა იხილეს, სახალხოდ აღიარეს, რომ თვითონაც ქრისტეს მიმდევრები იყვნენ. მსაჯულის ბრძანებით მათ თავი მოჰკვეთეს ნიკომიდიაში (+დაახლ. 303). 
წმიდა კოზმან ქალკედონელი და ღირსი ავქსენტი (+815-820) ცხოვრობდნენ IX საუკუნეში, როცა ხატმებრძოლები დევნიდნენ მართლმადიდებლებს. წმიდა კოზმანი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად, შემდგომ კი ქალკედონის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. მგზნებარედ იცავდა მართლმადიდებლობას ხატმებრძოლი ერეტიკოსებისაგან. ამ საქმეში მისი ერთგული თანაშემწე იყო ღირსი ავქსენტი.
ხატმებრძოლები მრავალგზის ამაოდ ეცადნენ თავიანთ მხარეს გადაედრიკათ წმიდა ეპისკოპოსი, იგი არ დაემორჩილა იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) ბრძანებას ტაძრიდან წმიდა ხატების გატანის თაობაზე. ურჩობისათვის კოზმანს მღვდელმთავრის ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც იგი ღირს ავქსენტისთან ერთად მტკიცედ იცავდა ხატთა თაყვანისცემის უძველეს და წმიდა წესს. 
წმიდა იოანე ბავშვობიდანვე წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის (ხს. 20 ნოემბერს) მოწაფე იყო. იოანემ ახალგაზრდობაშივე დასთრგუნა ხორციელი ვნებები და მთელ დღეებს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. წმიდა გრიგოლს ძალიან უყვარდა მისი მორჩილი და ბრძენი მოწაფე, წმიდა იოანეც ყოველმხრივ ცდილობდა მიებაძა მისი მოძღვრისთვის, იგი კეთილმსახურებითა და გულმოდგინებით აღასრულებდა ყოველივე ლოცვა-კურთხევას.
ხატმბრძოლთა ერესის მძიმე დროში, ლეონ სომეხის მეფობისას, წმიდა გრიგოლი და იოანე კონსტანტინეპოლში ჩავიდნენ და იქ განამტკიცებდნენ მორწმუნეებს მართლმადიდებლობაში. წმიდა იოანე იქვე აღესრულა, დაახლოებით 820-850 წლებში.
წმიდა იოანე მგალობელმა (ხს. 4 აპრილს) წმიდა იოანე დაკრძალა მისი მოძღვრის, წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის გვერდით. 
ღირსი ბასილი იყო საქართველოს კათოლიკოს ევფემიოსის (ექვთიმე III) ბიძა. წინასწარჭვრეტის მადლით გაბრწყინებული ბასილი წმიდა ათონის მთაზე მოღვაწეობდა.
წმიდა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) მეფობის დროს საქართველო საყოველთაო განუკითხაობამ მოიცვა. ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე მეფე იძულებული იყო მონღოლთა სურვილები აესრულებინა და ურჯულოთა მხარდამხარ ებრძოლა. გაუთავებელ ომებს ქართველთა სისხლი ეწირებოდა. ამას ზედ დაერთო ჩვენი ცოდვების გამო გარდამოვლენილი სასჯელი ღვთისა – საშინელი მიწისძვრა, რომელმაც მთელი სამცხე და ქართლი დაანგრია.
ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა, დაიწყო შინაომები, ქართველები მტრებსაც კი აღემატებოდნენ უზნეობით და ურჩობით. დემეტრე მეფეს კვლავ უწევდა მსხვერპლის გაღება, რასაც თანამედროვენი რენეგატობასა და სისუსტეში უთვლიდნენ. 15 წლის მეფე პოლიტიკური მოსაზრებით ტრაპიზონის სამეფოს ტახტის მფლობელის კომნენოსის ასულზე დააქორწინეს. შემდეგ, ასევე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შერთეს, მესამე ცოლად კი თავად მოიყვანა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. ასე რომ, ყოველგვარი სულიერი სათნოებით გამორჩეული, ეკლესიათა მაშენებელი, გლახაკთა ხელის ამპყრობელი მეფე სამი ცოლის პატრონი შეიქმნა. უსაყვარლესი დაჲ თამარი არღუნ ყაენს მისცა რძლად, რომელიც შემდეგ მიხრწნილმა სადუნ მანკაბერდელმა გამოისყიდა და ცოლად დაისვა; მცირეწლოვანი ასული რუსუდანი კი მონღოლთა დიდ ნოინს – ბუღას ვაჟს მიათხოვა.
ამგვარი საქციელის გამო მეფე ამხილა საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზმა და როცა ვერარა შეასმენინა, თავად განიძარცვა ეკლესიის საჭეთმპყრობელის პატივი.
წარმართებში აღრეული მეფის სამხილებლად წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი. მეფეს მიეახლა და ვითარცა მოციქულმა, ამხილა ცოდვათა გამო, მოუწოდა დაეტოვებინა „უწესონი ქორწინებანი“, სამაგიეროდ კი შეჰპირდა: „მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“.
ღირსმა ბასილიმ მეფესთან ერთად მთავრებიც ამხილა და მათი დაფარული გულისზრახვანი გააცხადა. დემეტრემ და მისმა ამალამ უგულუბელს-ჰყვეს სათნოებით გაბრწყინებული მონაზვნის ნათქვამი. მაშინ წმიდა ბერმა მომავალი უწინასწარმეტყველა მეფეს: „ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინენ და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. და აჰა, ესერა შენ და მთავართა გეტყჳ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუაჲ ჩემი. უკეთუ ეგო უწესობასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“.
გაოგნებულმა მეფემ მდუმარედ მოისმინა ბერის სიტყვები და თავი დადრიკა, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო.
მალე გაცხადდა ბასილი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება. საქართველოს მეფესა და მის ერზე განსაცდელი გარდამოვიდა. მონღოლთა სამეფო კარზე ატეხილი ინტრიგების გამო დემეტრე მეფე ურდოში დაიბარეს. „ბოროტად და უპატიოდ“ მოიკლა ქრისტეს მიერ შეყვარებული მეფე მძლავრთა მიერ, „სხუამან დაიპყრა“ სამეფო მისი – იმერეთიდან დავით ნარინის ძე მოიხმეს და მას ჩააბარეს დემეტრეს ტახტი, „შვილნი მისნი მიმოდაიბნინენ“: ტრაპიზონის მეფის ასულმა შვილებითურთ – ვახტანგით, ლაშათი და მანოველით მთიულეთს შეაფარა თავი, სოლღარმა თავის სახლობას წაიყვანა შვილები: ბაადური, იადგარი და ჯიგდა-ხათუნი, უმცროსი ძე კი – გიორგი (მომავალი გიორგი ბრწყინვალე) ნათელასთან ერთად ბაბუამ, ბექა ჯაყელმა შეიკედლა და გამოზარდა.
ასე მოუვლენდა უფალი „ჟამით-ჟამამდე“ საქართველოს სამხილებლად და გამოსაფხიზლებლად წმიდანებს, რომელთა სახელები ცათა შინა არს დაწერილი. 
წმიდა მოწამე იოანე ახალი (+1526) დაიბადა საბერძნეთში, ქალაქ იანინში. დაობლების შემდეგ წმიდა იოანე კონსტანტინეპოლში წავიდა. მშობლების დანატოვარი თანხით ქალაქის ბაზარში პატარა დუქანი იყიდა და ხელოსნობა დაიწყო.
წმიდა იოანე შრომისმოყვარე იყო, პატიოსნად ასრულებდა ყველა შეკვეთას და საქმეც კარგად მისდიოდა, მაგრამ მისი სული ზეცათა სასუფეველს მიელტვოდა.
წმიდა იოანე მძიმე დროში ცხოვრობდა. კონსტანტინეპოლი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქრისტიანები ძლიერ იდევნებოდნენ. მრავალი ქრისტიანი ხელოსანი და ვაჭარი გამაჰმადიანდა. წმიდა იოანე მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და საყვედურობდა განდგომილებს, რისთვისაც მათ მოიძულეს წმიდანი და მისი დაღუპვა განიზრახეს. იოანემ ეს იცოდა, მაგრამ არ ეშინოდა, რადგან, ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებული, თვითონვე ეძიებდა სიკვდილს ქრისტესთვის.
დიდ პარასკევს წმიდა იოანე თავის სულიერ მოძღვართან წავიდა და კურთხევა სთხოვა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. მღვდელმა ჭაბუკს ურჩია, თავი გამოეცადა და ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყო წამებისათვის. წმიდა იოანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, განემტკიცებინა იგი. წმიდანმა დიდ შაბათს ძილში იხილა, რომ ცეცხლოვან ღრუბელზე იდგა და გალობით განადიდებდა უფალს. ეს ხილვა მან მოწოდებად მიიღო, უფლის წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა და მოძღვარს კვლავ სთხოვა კურთხევა.
ბაზარში მისულ წმიდა იოანეს ხელოსნებმა ქრისტიანობისთვის ყვედრება დაუწყეს. პასუხად წმიდანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო და არასოდეს უარყოფდა თავის სარწმუნოებას. მაშინ რჯულის მოღალატეებმა სასამართლოში დააბეზღეს წმიდა მოწამე. მსაჯულები ცდილობდნენ გადაებირებინათ იგი, მაგრამ წმიდა იოანემ მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. წმიდანს რამდენიმე დღე უმოწყალოდ ცემდნენ, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. წმიდა იოანე სიხარულით შეხვდა განაჩენს, აგიზგიზებულ კოცონზეც სიხარულით ავიდა. მაგრამ ჯალათებმა ცეცხლიდან გამოიყვანეს და თავი მოჰკვეთეს, გვამი კი კვლავ კოცონში შეაგდეს.
ქრისტიანებმა შეაგროვეს წმიდანის ძვლები და სასოებით დაკრძალეს ტაძარში.