11.04.2024. დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. ხუთშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. ხუთშაბათი.

11.04.2024 

მოწამეთა: მარკოზ არეთუსიელ ეპისკოპოსისა, კირილე დიაკონისა და სხვათა მრავალთა (364); ღირსისა იოანე მეუდაბნოისა (IV); ევსტათი აღმსარებელისა, ბითვინიელ ეპისკოპოსისა (IX). 

დღის საკითხავები 

ხუთშ. VI ჟამზე: ეს. 28: 14-22.
მწუხრზე: დაბ. 10: 32; 11: 1-9. იგავ. 13: 20-26; 14: 1-6. 

ხუთშ. VI ჟამზე: ეს. 28: 14-22 

14. ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მაგინებელნო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში! 15. რადგან ამბობთ: აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით შავეთთან; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი – საფარველად. 16. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება. 17. დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს – შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს. 18. გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით. 19. როგორც კი ჩამოივლის, შეგიპყრობთ თქვენ; რადგან ყოველ დილით ჩამოივლის, დღისით და ღამით. მისი ამბის გაგონებაც კი ზარდამცემი იქნება. 20. რადგან მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და ვიწრო იქნება საბანი გადასახურავად. 21. რადგან აღიმართება უფალი როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის როგორც გიბყონის ველზე თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების ჩასადენად. 22. ახლა მოეშვით შეგინებას, რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა საკვრელებმა, რადგან გავიგე რომ გადაწყვეტილია მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგან მთელი ქვეყნის განადგურება.

მწუხრზე: დაბ. 10: 32; 11: 1-9 

32. ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ. 

1. ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. 2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ. 3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. 4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. 5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. 6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. 7. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. 8. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. 9. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.

მწუხრზე: იგავ. 13: 20-26; 14: 1-6 

20. ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება. 21. ცოდვილებს უბედურება თანა სდევს, ხოლო მართალთ სიკეთით გადახდებათ. 22. კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის სიმდიდრე კი მართლისთვის ინახება. 23. ღარიბ-ღატაკის ხოდაბუნში უხვი საზრდოა, მაგრამ ზოგჯერ უსამართლობით იღუპება. 24. ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის. 25. მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამს, ბოროტეულთა სტომაქს კი მუდამ ეშიება. 

1. ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს, ბრიყვი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას. 2. სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზაგამრუდებულს კი ეჯავრება იგი. 3. ბრიყვის დასასჯელი კეტი მის პირშივეა, ბრძენთა ბაგეები კი მათი დამცველია. 4. სადაც ხარები არ არის, ბაგა ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით არის. 5. ჭეშმარიტი მოწმე არ იცრუებს, ცრუმოწმე კი ტყუილებს აფრქვევს. 6. ღვთისმგმობელი სიბრძნეს ეძებს, მაგრამ ამაოდ; გონიერს კი ცოდნა ეადვილება. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363) ეწამა იმპერატორ იულიანე განდგომილის (+361-363) დროს. მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით წმიდა მარკოზმა დაანგრია წარმართული სამსხვერპლო. როდესაც იულიანემ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წარმართობის აღდგენა, მტრებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ წმიდა მარკოზზე. მღვდელმთავარი განერიდა დევნას, მაგრამ როცა შეიტყო, რომ მის ძებნაში ქრისტიანებს აწამებდნენ, ნებაყოფლობით გამოცხადდა სამსჯავროზე. მოხუცი ბერი დიდხანს აწამეს, თმები დააგლიჯეს, მიწაზე ათრიეს, ჭაობში ჩააგდეს, დანით დასერეს. წარმართები წმიდა ეპისკოპოსისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. შემდეგ თაფლი და ქონი წაუსვეს ტანზე. მოწამეს ფუტკრების გუნდი დაესია. წმიდა ბერი ტკივილებს ვერ გრძნობდა, უფალი სასწაულებრივად იცავდა თავის ერთგულ მღვდელმთავარს, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა მტანჯველებს. არეთუსიის მცხოვრებლებმა ეპისკოპოსი გაანთავისუფლეს. განთავისუფლებულმა მარკოზმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მარკოზის წამებაზე მოგვითხრობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (ხს. 25 იანვარს).
ღირსი იოანე მეუდაბნოე (IV). ქრისტიანთა დევნის დროს ღვთისმოსავი ქვრივი იულიანა მცირეწლოვან შვილებთან, იოანესა და თემესტიასთან ერთად ემალებოდა წარმართებს. დედა შვილებს ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვას ასწავლიდა. დროდადრო ყრმა იოანე დადიოდა ახლომდებარე მონასტერში. ერთხელ იოანეს ერთმა ქრისტიანმა ურჩია ლოცვისთვის უფრო განმარტოებული ადგილი მოეძებნა. შვილი დედას გამოეთხოვა, მეუდაბნოე თარმუნისთან წავიდა და მისი კურთხევით უდაბნოში განმარტოვდა. ახალგაზრდა მოღვაწემ უდაბნოში ქვეწარმავლებით სავსე დამშრალი ჭა იპოვა, ილოცა და შიგ ჩავიდა. ჭის ფსკერზე უსმელ-უჭმელმა ლოცვაში გაატარა ორმოცი დღე. შემდეგ ახალგაზრდა მეუდაბნოეს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. ბოროტი სულები ღებულობდნენ დედის, დის, ნათესავების, ნაცნობების სახეს და ევედრებოდნენ ჭიდან ამოსულიყო. ამ დროს წმიდა იოანე ლოცულობდა და ბოროტი სულებიც ქრებოდნენ.
ღირსი იოანე სიცოცხლის ბოლომდე ჭაში იჯდა. მასთან ანგელოზებს მოჰქონდათ საზრდელი. მისი სიკვდილი გამოეცხადა ბერ ხრისიხს, რომელიც ოცდაათი წელი ცხოვრობდა უდაბნოში. გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანეს მოღვაწეობის ადგილას მრავალი სასწაული აღესრულა.
წმიდა ევსტათი ბითვინიელი (IX) ყველაზე დიდ სათნოებად უფლისადმი გამუდმებულ ლოცვას მიიჩნევდა. სიმდაბლით, სიბრძნით, უდიდესი რწმენით, მოყვასისადმი სიყვარულით და სათნო ცხოვრებით გამორჩეული ბერი ბითვინიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მრავალი წელი სიბრძნით განაგებდა სამწყსოს. ხატმებრძოლობის ერესის ბატონობის დროს წმიდა ევსტათი უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს. წმიდა მამა იმპერატორთან დაასმინეს და შეიპყრეს, შემდგომ კი გადაასახლეს. სამი წლის დევნულობის შემდეგ წმიდა ევსტათი გადასახლებაში გარდაიცვალა.