გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-4 შვიდეული.
პარასკევი. 12.04.2024
ღირსისა იოანე სინელისა (კიბის აღმწერელისა, VI-VII); წინასწარმეტყველისა იოადისა (Xს. ქრ. შ-მდე); 70 მოციქულთაგან: სოსთენისა, აპოლოსი, კეფასი, კესარისა და ეპაფროდიტესი (I); აპოლასი (ევბულასი), დიდმოწამისა პანტელეიმონის დედისა (303); ღირსისა იოანე მდუმარისა (VI); ღირსისა ზოსიმე სირაკუზელი ეპისკოპოსისა (662): მღვდელმოწამისა და აღმსარებელისა აკაკი ეპისკოპოსისა (დაახ. 251); საჰაკისა, პართეველ ეპისკოპოსისა, ძისა დიდისა ნერსესი (VI).
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 29: 13-23.
მწუხრზე: დაბ. 12: 1-7. იგავ. 14: 15-26.
VI ჟამზე: ეს. 29: 13-23
13. თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება, 14. ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება. 15. ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი? 16. თქვე უკუღმართებო! თუ შერაცხილა თიხა მექოთნის სწორად? თუ უთქვამს შექმნილს შემქმნელისთვის, შენ არ შეგიქმნივარო? თუ უთქვამს ნასახს დამსახველისთვის, გაგება არ გაქვსო? 17. ცოტაც, სულ ცოტაც და გადაიქცევა ლიბანი ხოდაბუნად და ხოდაბუნი მაღნარად შეირაცხება. 18. გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ. 19. ბედშავს მოემატება სიხარული უფალში და ღარიბ-ღატაკნი ისრაელის წმიდაში გაიხარებენ. 20. რადგან აღარ იქნება მტარვალი და ბოლო მოეღება მაგინებელს, ამოწყდებიან ერთიანად ბოროტ საქმეზე მღვიძარენი; 21. რომლებიც სიტყვით აცთუნებენ ადამიანს, მახეს უგებენ კარიბჭესთან მომჩივანს და არაფრის გულისთვის აძევებენ მართალს. 22. ამიტომ ასე ეუბნება უფალი იაკობის სახლს, აბრაამის გამომსყიდველი: ამიერიდან არ იქნება შერცხვენილი იაკობი, ამიერიდან არ გაუფითრდება სახე. 23. რადგან როცა დაინახავს თავის მონაგარს, ჩემს ხელთა ქმნილებას, თავის წიაღში, წმიდაყოფენ ჩემს სახელს, წმიდაყოფენ იაკობის წმიდას და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ.
მწუხრზე: დაბ. 12: 1-7
1. უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. 2. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. 3. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა. 4. წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა. 5. თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში. 6. გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში. 7. გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.
მწუხრზე: იგავ. 14: 15-26
15. სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება. 16. ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული. 17. ფიცხი კაცი სიბრიყვეს სჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია. 18. სულელნი სიბრიყვეს იმკვიდრებენ, გონიერნი კი ცოდნით არიან დაგვირგვინებულნი. 19. უკეთურნი ქედს მოიხრიან კეთილთა წინ, ბოროტეულნი კი – მართლის კარიბჭეებთან. 20. ბეჩავი კაცი ახლობლისთვისაც კი საძულველია, მდიდარს კი ბევრი მოყვარე ჰყავს. 21. თავისი ახლობლის მოძულე ცოდვილია, ღარიბ-ღატაკთა მწყალობელი კი ნეტარია. 22. ხომ არეული აქვთ გზა-კვალი ავისმზრახველთ? კეთილისმზრახველთ კი მადლი და ჭეშმარიტება ახლავთ. 23. ყველა საქმეში გამორჩენაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვს. 24. ბრძენკაცთა გვირგვინი მათი დოვლათია, უგნურთა სიბრიყვე კი სიბრიყვეა. 25. ჭეშმარიტი მოწმე სულთა მხსნელია, ცრუ კაცი კი ტყუილებს აფრქვევს. 26. უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა იოად წინასწარმეტყველი
იოად წინასწარმეტყველი წარუდგა იერობოამს და სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მეფემ ხელით ანიშნა, შეეპყროთ წინასწარმეტყველი და ეს ხელი იმწამსვე შეახმა. იერობოამი შეევედრა იოადს, ელოცა მისთვის და წინასწარმეტყველის ლოცვით განიკურნა კიდეც. სამშობლოში დაბრუნებულმა იოადმა უგულვებელყო უფლის მცნება და ცრუწინასწარმეტყველის ემვეს მოწოდებული საჭმელი მიიღო. უფლის სასჯელმაც არ დააყოვნა: წინასწარმეტყველი ლომმა დაახრჩო. იოადის ნეშტი მისი მაცდუნებელი ცრუწინასწარმეტყველის საცხოვრებელთან დაასაფლავეს.
წმიდა ევბულია (+303)
ღირსი იოანე კლემაქი (+649)
ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და იყო წმიდა ქსენოფონტისა და მარიამის (ხს. 26 იანვარს) ვაჟი. 16 წლის იოანე მივიდა სინას მონასტერში. მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტირი. მონასტერში ოთხი წლის ცხოვრების შემდე იოანე ბერად აღიკვეცა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა, რომ გახდებოდა წმიდა ეკლესიის მნათობი. 19 წლის მანძილზე ღირსი იოანე მორჩილად იყო თავის სულიერ მამასთან. ამბა მარტირის გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანემ განდეგილური ცხოვრება აირჩია და თოლად წოდებულ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში.
ღირს იოანეს ჰყავდა მოწაფე, სახელად მოსე. ერთხელ ღირსმა მამამ მორჩილს დაავალა ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით ქანცგაწყვეტილი მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმიდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღსავსე მამაკაცი და უთხრა: „რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?“ ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირას დასასვენებლად წამოწოლილს ძილში მოესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოწყდა და სწორედ იმ ადგილს დაეცა, სადაც მოსე იწვა.
ღირსი იოანე იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა. ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. უმაღლესი გონიერებითა და ღრმა სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი მამა სიხარულით მოძღვრავდა ყველა მნახველს. როდესაც მას მრავალსიტყვაობა უსაყვედურეს, ღირსმა იოანემ საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი და ერთი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. მოშურნეებმა შეიგნეს თავიანთი შეცდომა და ღირს მამას შეევედრნენ, არ მოეკლო მათთვის სულის მარგებელი საუბარი.
ადამიანთაგან თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ღირსი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. 74 წლის ასაკში წმიდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში წმიდა იოანეს სასწაულმოქმედებისა და წინასწარხედვის ნიჭი მიემადლა უფლისაგან.
რაითის მონასტრის იღუმენის წმიდა იოანეს (ხს. ყველიერის შაბათს) თხოვნით წმიდა იოანემ დაწერა „კიბე“ – სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მიღწევისთვის. ამ ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისთვის დაიწერა, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს სულიერი ცხოვრების კიბის საფეხურების გავლასა და უფალთან მიახლოებას.