გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. ორშაბათი
ღირსისა გიორგისა, მაწყვერელ ეპისკოპოსისა (X); ღირსისა ტიტე სასწაულთმოქმედისა (IX); მოწამეთა: ამფიანესი და ედესისა (306); მოწამისა პოლიკარპესი (IV).
დღის ლოცვა
ღირსი ტიტე საკვირველმოქმედის კონდაკი:
მსოფლიონი შფოთნი დაუტევენ და მყუდროებით ცხორებაი შენი განვლე, ბრძენო, და მიხვედ ღმრთისა მიმართ, საკვირველმოქმედო მამაო ჩვენო, ღირსო ტიტე.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 37: 33-38; 38: 1-6.
მწუხრზე: დაბ. 13: 12-18. იგავ. 14: 27-35; 15: 1-4.
VI ჟამზე: ეს. 37: 33-38; 38: 1-6
ეს. 37: 33-38. 33. ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს. 34. უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი. 35. მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა ის ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის. 36. გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარია ყველა. 37. აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში. 38. ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს ის ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.
38: 1-6. 1. იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც გჭირდება იგი, რადგან უფალმა შექმნა იგი. 2. რადგან მკურნალობა უზენაესისგან არის და ნიჭიც მეუფისგან ეძლევა მას. 3. ცოდნა მკურნალს თავს აუმაღლებს და დიდებულთა წინაშე მოუხვეჭს პატივს. 4. უფალმა მიწისგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ. 5. განა ხისგან არ დატკბა წყალი, რათა საცნაური გამხდარიყო მისი ძალა? 6. მანვე მისცა ადამიანებს ცოდნა, რათა ედიდებინათ იგი მის საკვირველ საქმეთა გამო.
მწუხრზე: დაბ. 13: 12-18
12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები. 13. ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს. 14. უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. 15. მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ. 16. ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება. 17. ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი. 18. აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
მწუხრზე: იგავ. 14: 27-35; 15: 1-4
14: 27-35. 27. უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი. 28. ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი – მთავრის დაღუპვა. 29. სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს. 30. მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა. 31. ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია. 32. ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს. 33. სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული და უგუნურთა შორისაც ხდება საცნაური.
15: 1-4. 1. მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს. 2. ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს. 3. ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს. 4. ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მოწამენი: ამფიანე და ედესი (+306)
მოწამენი: ამფიანე და ედესი (+306) – ძმები იყვნენ, ცხოვრობდა პატრაში (ლუკიის პროვინცია), ქალაქის კერპთაყვანისმცემელი მმართველის ოჯახში. ისინი წარმართული სიბრძნის დასაუფლებლად ქალაქ ბირითში გაგზავნეს. აქ ძმები ქრისტეს სჯულზე მოექცნენ და მისი მხურვალე მიმდევრები გახდნენ, შემდეგ წარმართი მშობლები დატოვეს და წავიდნენ კესარიაში, სადაც ნახეს მოძღვარი, პრესვიტერი პამფიოლე და მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს მოღვაწეობა.
იმ დროს, იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313) ბრძანებით, კესარიის ყველა მცხოვრებს მსხვერპლი უნდა შეეწირა კერპებისათვის. ბევრი ქრისტიანი გაექცა კერპთაყვანისცემის საცდურს და მივარდნილ ადგილებში გაიხიზნა. გაიხიზნენ წმიდა ამფიანე და ედესიც, მაგრამ ერთხელ, როდესაც ქალაქის მმართველი ტაძარში მსხვერპლშეწირვაზე შევიდა, წმიდა ამფიანე მას თამამად მიეახლა და ურჩია, ცრუმსახურებისთვის თავი დაენებებინა და ქრისტეს სჯულზე მოქცეულიყო. მმართველის ბრძანებით წმიდა ამფიანე შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და საკანში ჩააგდეს. ორი დღე ტანჯავდნენ ჭაბუკ მოწამეს, რკინის ჯოხით ცემდნენ, ზეთში ამოვლებული სელით უწვავდნენ სხეულს, ბოლოს კი ყელზე ქვა დაკიდეს და ზღვაში გადააგდეს. მოწამის გვამი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ის პატივით მიაბარეს მიწას.
ედესიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სპილენძის მაღაროებში გაგზავნეს სამუშაოდ. რამდენიმე წლის შემდეგ გაანთავისუფლეს და ალექსანდრიაში გადაასახლეს. აქ მან ქალაქის მმართველი, იეროკლე ამხილა ქრისტიანთა მიმართ უზომო სიმკაცრეში, რისთვისაც სასტიკად აწამეს და ძმის მსგავსად ზღვაში დაახრჩვეს (+306).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მოწამე პოლიკარპე (IV)
მან საჯაროდ აღიარა ქრისტე და ნებაყოფლობით წავიდა სატანჯველად. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
ღირსი ტიტე, საკვირველთმოქმედი (IX)
წმიდა გიორგი მაწყვერელი (IX-X)
ცნობები წმიდა გიორგი მაწყვერელის შესახებ შემოგვინახა გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის (ხს. 5 ოქტომბერს) ნაწარმოებებმა.
გიორგი მერჩულე: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ წერს: „ვჰგონებდ ცხოვრებასა ამას დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა“, შემდგომ ჩამოთვლის ცნობილ საეკლესიო მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას და მათ შორის ასახელებს ღირს გიორგი მაწყვერელს. ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, „აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას“.
უმთავრესი ცნობები ღირსი სერაპიონ ზარზმელის (ხს. 29 ოქტომბერს) შესახებ ბასილისთვის მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს – „ყოველნი ესე სასწაულნი და საქმენი, რომელნი იგი პირველ ეპისკოპოსობისა და უკუანაჲსკნელ ეხილვნეს, მომითხრნეს პირმან მან უტყუელმან, გიორგის ვიტყჳ მაწყუერელს“.
ღირსი გიორგი მაწყვერელი მეტად დაახლოებული ყოფილა წმიდა სერაპიონ ზარზმელთან (ხს. 29 ოქტომბერს), დასწრებია მის დასაფლავებას და დიდად შეუწყვია ხელი მისი ცხოვრების დაწერისთვისაც.
ღირსმა გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა გვარში და სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათაკვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა „ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ“ და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი“, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი“.
ღირსი გიორგი მაწყვერელი მშვიდობით აღესრულა X ს-ის პირველ მეოთხედში.