გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-5 შვიდეული.
16.04.2024. სამშაბათი
ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა, მიდიკიის სავანის წინამძღვრისას (824); ქალწულმოწამისა თეოდოსია ტვირელისა (307-308); ღირსისა ილირიკესი; მოწამეთა: ელპიდიფორესი, დიოსი, ბითონისი და გალიკესი.
დღის ლოცვა
ღირსი ნიკიტა აღმსარებლის, მედიკიის მონასტრის წინამძღვრის კონდაკი:
ზეციერი სიბრძნე და ცხორებაი მოიგე, და ცხადად ბრწყინავ, ვითარცა მზე, და შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთათა განანათლებ მყოფთა უფსკრულსა შინა ცხორებისასა, მამაო ნიკიტა, და წარუმართებ ყოველთა ღმრთისა მიმართ, ვინა ევედრე მას დაუცხრომლად ჩვენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 40: 18-31.
მწუხრზე: დაბ. 15: 1-15. იგავ. 15: 7-19.
VI ჟამზე: ეს. 40: 18-31
18. ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით? 19. ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული. 20. ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს. 21. ნუთუ არ იცით, ნუთუ არ გსმენიათ, ნუთუ არ გემცნოთ დასაბამიდან? ნუთუ არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან? 22. ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად. 23. არარაობად აქცევს მთავრებს, არაფრად აგდებს ქვეყნის მსაჯულებს. 24. ის იყო დაინერგნენ, ის იყო ჩაითესნენ, ის იყო მიწაში ფესვი გაიდგეს, რომ დაუბერა მათ და გადახმენ, ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა. 25. ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა. 26. ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს. 27. რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან და ღვთისგან განუკითხავიაო ჩემი სამართალი? 28. განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება. 29. ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს. 30. იღლებიან ჭაბუკები და იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები ემხობიან. 31. უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
მწუხრზე: დაბ. 15: 1-15. იგავ. 15: 7-19
დაბ. 15: 1-15. 1. ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო. 2. უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია. 3. კვლავ უთხრა აბრამმა: შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის, და, აჰა, ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ. 4. კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა: არ იქნება იგი შენი მემკვიდრე; მხოლოდ შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე. 5. გარეთ გაიყვანა და უთხრა: აჰხედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა. 6. ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს. 7. უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა. 8. უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ? 9. უთხრა: მომიყვანე სამი წლის ხბო, სამი წლის თხა, სამი წლის ცხვარი, გვრიტი და მტრედის ხუნდი. 10. აიღო ეს ყველაფერი, შუაზე დახლიჩა და ერთმანეთს მიუწყო ნახლეჩები, ოღონდ ფრინველები არ დაუხლიჩავს. 11. დააცხრნენ სვავები მძორებს, მაგრამ მოუგერია ისინი აბრამმა. 12. მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი. 13. უთხრა უფალმა აბრამს: იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს. 14. იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე განვსჯი; შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან. 15. შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა-პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები.
იგავ. 15: 7-19. 7. ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი არ არის. 8. ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის. 9. ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს. 10. მკაცრი სასჯელი აქვს გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება. 11. შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები ადამის ძეთა. 12. ქარაფშუტას არ უყვარს თავისი მამხილებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა. 13. მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება. 14. გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით საზრდოობს. 15. უკეთურის ყველა დღე ბოროტია, გულკეთილს კი მუდამ ლხინი აქვს. 16. უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი მოუსვენრობაში. 17. უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი. 18. ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს. 19. ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი კი მოსწორებულია.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი (+824)
შვიდი წლის შემდეგ ღირს ნიკიტას პრესვიტერად დაასხეს ხელი. უძლურებაში მყოფმა ღირსმა ნიკიფორემ მას მიანდო მონასტრის მოვლა-პატრონობა.
ღირსმა ნიკიტამ თავდაუზოგავად დაიწყო ზრუნვა მონასტრის აყვავებისა და კეთილმოწყობისათვის, პირადი მკაცრი ცხოვრების წესით აძლევდა საძმოს ბერული ცხოვრების მაგალითს. რამდენიმე წლის შემდეგ მოწესეთა რიცხვი მონასტერში ასამდე გაიზარდა.
ღირსი ნიკიფორეს გარდაცვალების შემდეგ ძმებმა იღუმენად ერთსულოვნად ნიკიტა აირჩიეს.
უფალმა წმიდა ნიკიტა სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მისი ლოცვით მრავალი განიკურნა: ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, გონარეულს გონება დაუბრუნდა, განიკურნა ორი ეშმაკეული ქალი.
ლეონ სომეხის (813-820) დროს განახლდა ხატმბრძოლობის ერესი. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდნენ და ასახლებდნენ. 815 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა ერეტიკოსთა კრება, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო წმიდა პატრიარქი ნიკიფორე (806-815+828), მის ადგილზე კი აირჩია ერეტიკოსი ერისკაცი თეოდოტი. გადასახლებული და დატყვევებული მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ნაცვლად ერეტიკოსები დანიშნეს. იმპერატორმა ყველა მონასტრის იღუმენი მოიწვია და შეეცადა ისინი ერესზე მოექცია. მოწვეულთა შორის იყო ღირსი ნიკიტაც, რომელიც მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას. მისი მიბაძვით ყველა იღუმენი წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონის ერთგული დარჩა. ამისთვის ისინი შეიპყრეს. ღირსი ნიკიტა ვაჟკაცურად ითმენდა განსაცდელს და სხვებსაც ამხნევებდა.
იმპერატორმა და ცრუპატრიარქმა თეოდოტიმ გადაწყვიტეს, ეცდუნებინათ ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებლები: იმპერატორი მათ შეჰპირდა, რომ ყველას თავისუფლებას მიანიჭებდა და წმიდა ხატთა თაყვანისცემის უფლებას მისცემდა იმ პირობით, თუ ცრუპატრიარქ თეოდოტისთან ეზიარებოდნენ. ნიკიტა დიდხანს ჭოჭმანობდა, სხვა ტუსაღები კი ევედრებოდნენ, მიეღო იმპერატორის წინადადება. ღირსი ნიკიტა წავიდა ტაძარში, სადაც სხვების თვალის ასახვევად ხატები იყო დასვენებული და წმიდა ნიკიტაც ეზიარა. როდესაც მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მამამ ნახა, რომ ქრისტიანთა დევნა არ წყდებოდა, კვლავ ჩავიდა კონსტანტინეპოლში და უშიშრად ამხილა ხატმბრძოლობის ერესი. წმიდა ნიკიტა კვლავ შეიპყრეს და ექვსი წლის მანძილზე, ლეონ სომეხის გარდაცვალებამდე, ციხეში ტანჯავდნენ. ტყვეობაში ყოფნისას მისი მხურვალე ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 824 წელს წმიდა ნიკიტამ ღვთივ მიისვენა. მისი ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. წმიდანის საფლავთან სასწაულები აღესრულებოდა.