24.04.2024. დიდი მარხვის მე-6 შვიდეული. ოთხშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის მე-6 შვიდეული. ოთხშაბათი

მღვდელმოწამისა ანტიპასი, ასიის პერგამოს ეპისკოპოსისა (68); მოწამეთა პროკესისა და მარტინიანესი (67); ღირსისა ფარმუთისი (IV); ღირსისა იოანესი, ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფისა (IX). 

დღის ლოცვა

მღვდელმოწამისა ანტიპასი, ასიის პერგამის ეპისკოპოსისა

ტროპარი: კერპთა საცთური განაქარვე შენ, ანტიპა, და დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისა, და ღმრთისა მბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; ამისთვისცა ანგელოზთა წესთა თანა მაღალთა შინა განისვენებ და მეუფესა ყოველთასა დიდებისმეტყუელებასა შესწირავ, და ჩუენთვის ოხასა და მადლობასა წინა უყოფ, და მადლსა კურნებათასა მოგუანიჭებ; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მღვდელმოწამეო ანტიპა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი: მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელმთავართა შუენიერებაი იქმენ შენ, ნეტარო ყოვლადდიდებულო მოწამეო, და გამოუბრწყინდი ყოველთა, ვითარცა მზე, და განანათლებ, ყოვლადსაღმრთოო ანტიპა, და დახსნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა მღვდელმოწამესა და კურნებათა მომნიჭებელსა. 

დღის საკითხავები 

VI ჟამზე: ეს. 58: 1-11.
მწუხრზე: დაბ. 43: 26-31; 45: 1-16. იგავ. 21: 23-31; 22: 1-4.

VI ჟამზე: ეს. 58: 1-11 

1. ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები. 2. ყოველდღე მეძებენ მე და ჩემი გზების გაგება სურთ იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავიანთი ღმერთის სამართალს არ ივიწყებენ; მართალს სამართალს მეკითხებიან და ღმერთთან სიახლოვე სურთ. 3. რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ. 4. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა. 5. განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე? 6. განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი? 7. რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო? 8. მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება. 9. მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას; 10. თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება. 11. უფლის მიერ იქნები მუდამ ნატარები და გვალვებში სულს დაგიამებს; ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლები არასოდეს დაშრება. 

მწუხრზე: დაბ. 43: 26-31; 45: 1-16 

26. მოვიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი საკუთარი ხელით, და მიწამდე თაყვანისცეს. 27. მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა: ხომ მშვიდობით არის მოხუცი მამათქვენი, ვისზეც მელაპარაკებოდით? ხომ ცოცხალია ჯერაც? 28. უთხრეს: მშვიდობით არის შენი მორჩილი მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია. მუხლი მოიყარეს და თაყვანისცეს. 29. აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის შვილი; იკითხა: ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, ვისზეც მელაპარაკებოდით? თქვა: ღმერთი გწყალობდეს, ჩემო შვილო! 30. ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა. 31. დაიბანა პირი, გამოვიდა, გაიმაგრა გული; თქვა: მოგვიტანეთ საჭმელი.

1. ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა მხლებელთა წინაშე და იყვირა: გაიყვანეთ ყველანი! არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს. 2. იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს, და მოესმა ფარაონის სახლს. 3. უთხრა იოსებმა ძმებს: იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგა შეეშინდათ მისი. 4. უთხრა იოსებმა ძმებს: მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ. 5. ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა. 6. რადგან ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა. 7. გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამქვეყნად, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი. 8. თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად. 9. საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით: ასე ამბობს-თქო შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები-თქო. 10. იცხოვრე გოშენის მხარეში; ახლოს იქნებით-თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი საბადებელი. 11. აქ შეგინახავ-თქო, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლითურთ. 12. აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის, თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ. 13. მოახსენეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამომიყვანეთ მამაჩემი. 14. ყელზე მოეხვია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა; ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე. 15. სათითაოდ გადაკოცნა ძმები, ტიროდა და ეხვეოდა მათ. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები. 16. მისწვდა ხმა ფარაონის სახლს, იოსების ძმები ჩამოვიდნენო. ეამა ფარაონს და მის მორჩილთ.

მწუხრზე: იგავ. 21: 23-31; 22: 1-4 

23. საკუთარი პირისა და ენის დამცველი თავს გაჭირვებისგან იცავს. 24. ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა. 25. ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა. 26. იგი სულ მუდამ გაჭირვებაშია, ხოლო მართალი ხელგაშლილად გასცემს. 27. ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა მზაკვრობით სწირავენ. 28. ცრუმოწმე დაიღუპება. თავისი ყურით გამგონე კაცი კი მუდამ ილაპარაკებს. 29. ბოროტეული კაცი ამპარტავნულ სახეს იღებს, წრფელმა კი იცის თავისი გზა. 30. არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ. 31. ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის. 

1. რჩეული სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კეთილი მადლი კი – ვერცხლზე და ოქროზე. 2. მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს ხვდებიან – ორთავეს შემქმნელი კი უფალია. 3. გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან. 4. თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა პერღამელი (+68), წმიდა იოანე ღვთისმეტყველის (ხს. 26 სექტემბერს) მოწაფე, პერღამის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ნერონის (54-68) დროს. იმპერატორის ბრძანებით ყველას, ვინც კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სჯიდნენ ან ასახლებდნენ. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც გადაასახლეს კუნძულ პატმოსზე, სადაც უფალმა მას გამოუცხადა ქვეყნიერებისა და წმიდა ეკლესიის მომავალი.
„და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული:
ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს“ (გამოცხ. 2, 12-13).
წმიდა ანტიპამ თავისი მაგალითით, მტკიცე სარწმუნოებით და მოუღლელი ქადაგებით მიაღწია იმას, რომ პერღამის მცხოვრებლებმა თავი დაანებეს კერპთმსახურებას.
განრისხებულმა ქურუმებმა წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა შეიყვანეს არტემიდეს ტაძარში და ჩააგდეს გახურებულ სპილენძის ხარში, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე. წმიდანი ხმამაღლა ლოცულობდა, უფალს ევედრებოდა, მიეღო მისი სული და განემტკიცებინა ქრისტიანთა რწმენა. წმიდა ეპისკოპოსი მშვიდობით აღესრულა, თითქოს მიიძინაო (+68).
ღამით მღვდელმოწამის ცეცხლისგან შეუმუსრავი ცხედარი ქრისტიანებმა აიღეს და პატივით დამარხეს პერღამში. წმიდა ანტიპას აკლდამასთან მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. 
წმიდა მოწამენი პროკლე და მარტინიანე (I) – წარმართები იყვნენ და მსახურობდნენ რომში, მამერტინის ციხეში.
პროკლე და მარტინიანე თვალყურს ადევნებდნენ ტყვე ქრისტიანების საქციელს, უსმენდნენ მათ ქადაგებას და თანდათან შეიმეცნებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. როცა წმიდა მოციქული პეტრე ჩაამწყვდიეს მამერტინის ციხეში, პროკლემ და მარტინიანემ საბოლოოდ ირწმუნეს ქრისტე, მოციქულისგან ნათელიღეს და იგი საპყრობილედან გაანთავისუფლეს. ციხის უფროსმა პავლინმა შეიტყო ეს ამბავი და ახალნათელღებულებს მოსთხოვა ქრისტეს უარყოფა. მათ კი უშიშრად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება პავლინის ბრძანებით წმიდანები სასტიკად ცემეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.
მალე პავლინს ღვთის სასჯელი ეწია: მოულოდნელად დაბრმავდა და მესამე დღეს გარდაიცვალა. პავლინის შვილმა ქალაქის თავს მოწამეთა სიკვდილით დასჯა მოსთხოვა. წმიდა პროკლესა და მარტინიანეს თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 67). 
ღირსი ფარბეთა (IV) იმ უდაბნოში ცხოვრობდა, სადაც ღირსი იოანე (ხს. 29 მარტს) მოღვაწეობდა. ჭაში მჯდომ იოანესთან საზრდელი წმიდა ფარბეთას მიჰქონდა.