გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-6 შვიდეული. პარასკევი
26.04.2024.
წმიდისა დიმიტრისა, სამშობლოსათვის წამებულისა (ყიფიანი, 1887); მღვდელმოწამისა არტემონ ლაოდიკიელ ხუცისა (303); მოწამისა კრისკენტი მირონ-ლუკიელისა (740); მოწამისა თომაიდა მეგვიპტელისა (476); მთავარეპისკოპოსისა მარტვირი იერუსალიმელისა (486).
დასასრული წმიდისა ორმეოცისა.
დღის საკითხავები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
VI ჟამზე: ეს. 66: 10-24.
მწუხრზე: დაბ. 49: 33; 50: 1-26. იგავ. 31: 8-32.
VI ჟამზე: ეს. 66: 10-24
10. იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე! 11. რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით; რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით. 12. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით. გამოიზრდებით, მკლავზე იქნებით აყვანილი და მუხლებზე ნასათუთები. 13. როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი. 14. დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი – მის მტრებს. 15. რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში – თავისი ბრაზი. 16. რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი. 17. ისინი, ვინც იწმიდებიან და სუფთავდებიან საკერპო ჭალებში შესასვლელად, სადაც ერთმანეთის გვერდით მდგარნი ჭამენ ღორის ხორცს, უსურმაგს და თაგვებს, ერთიანად დაიღუპებიან, ამბობს უფალი. 18. რადგან მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას. 19. დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვიდლოსნებთან, თუხალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას. 20. წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში. 21. მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი. 22. რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. 23. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი. 24. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.
მწუხრზე: დაბ. 49: 33; 50: 1-26
33. გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.
1. გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა. 2. უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი. 3. გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი; დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს. 4. როცა გაიარა გლოვის დღეებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს და უთხრა: თუ მიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ ფარაონთან და ასე უთხარით: 5. მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: აჰა, ვკვდები მე. იმ ჩემს სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავითხარეო. ახლა წავალ, დავმარხავ მამაჩემს და უკან დავბრუნდები. 6. თქვა ფარაონმა: წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა. 7. წავიდა იოსები მამის დასამარხავად, და წაჰყვნენ მას ფარაონის მორჩილნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი. 8. იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბალღები და ცხვარ-ძროხა დატოვეს გოშენის მხარეში. 9. დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები; შეიკრიბა დიდზე დიდი ბანაკი. 10. მივიდნენ ატადის კალოსთან, იორდანეს გაღმა, და გამართეს იქ დიდი და უსაზომოდ მწარე გოდება. შვიდ დღეს გლოვობდა იოსები მამას. 11. იხილეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: მწარე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი (ეგვიპტელთა გლოვა). 12. ყველაფერი ისე აღუსრულეს შვილებმა იაკობს, როგორც უანდერძა მათ. 13. წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან. 14. დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰყვა. 15. დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს: ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით. 16. შეუთვალეს იოსებს: მამაშენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ. 17. ასე უთხარით იოსებს: გევედრები, შეუნდე ცოდვა და დანაშაული ძმებს, თუმცა ბოროტად მოგექცნენ. ამიერიდან შეუნდე ცოდვა მამაშენის ღმერთის მსახურებს. ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს. 18. მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ. 19. უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არა ვარ? 20. თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა. 21. ამიერიდან ნუღარ გეშინიათ: თქვენც შეგინახავთ და თქვენს ბავშვებსაც. დაამშვიდა ისინი და ანუგეშა. 22. ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის მოდგმასთან ერთად. იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი. 23. მოესწრო იოსები ეფრემის შვილთაშვილებს; მენაშეს ძის, მაქირის, შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ. 24. უთხრა იოსებმა ძმებს: მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ, და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი აბრაამს, ისაკს და იაკობს. 25. დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები. 26. მოკვდა იოსები ას ათი წლისა, შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში.
მწუხრზე: იგავ. 31: 8-32
8. გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად. 9. გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გასაჩენად. 10. ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი. 11. მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება. 12. მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს და არა ბოროტებას. 13. ის ეძებს მატყლსა და სელს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელებით; 14. სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი პური. 15. ჯერ კიდევ ღამიანად დგება და სახლს საზრდოს აძლევს და მხევლებს – წესსა და რიგს. 16. იგი ყანაზე ფიქრობს და ყიდულობს კიდეც; საკუთარი ხელების ნაყოფით ვენახსა ჰყრის: 17. ძლიერებით ისარტყლავს წელს და მკლავს იმაგრებს. 18. გრძნობს, რომ კარგია მისი შენაძენი, მისი ლამპარი ღამით არ ჩაქრება. 19. ჯარაზე ხელს იწვდის და თითებით თითისტარი უჭირავს. 20. ღარიბისთვის ხელი გაშლილი აქვს და უპოვარს ხელს უწვდის. 21. მის სახლს თოვლის არ ეშინია, რადგან მთელი მისი სახლი ორკეცად არის შემოსილი. 22. ფარდაგებს თავად იკეთებს და იგი სელითა და ძოწეულით იმოსება. 23. მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან, როცა ქვეყნის უხუცებს შორის ზის. 24. მოსასხამებს ამზადებს და ჰყიდის, სარტყლებს მოვაჭრეებს აძლევს. 25. ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს გაღიმებით შესცქერის. 26. პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს. 27. თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს. 28. დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი – და აქებს მას. 29. მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას. 30. მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი. 31. მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი კარიბჭეებთან განადიდონ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი ხუცესი (+303)
ეპისკოპოსმა სისინმა შეიტყო, რომ ლაოდიკიაში უნდა ჩამოსულიყო მხედართმთავარი პატრიკიოსი, იგი წმიდა არტემონთან ერთად შეიპარა არტემიდას სამსხვერპლოში და კერპები დაამსხვრია, შემდეგ ეკლესიაში შეკრიბა სამწყსო და დაარიგა, რომ განმტკიცებულიყვნენ და არ შეშინებოდათ წარმართთა მუქარისა.
ლაოდიკიაში ჩამოსულმა პატრიკიოსმა ხუთდღიანი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად, შემდეგ კი არტემიდასთვის მსხვერპლის შეწირვაც მოიწადინა. როცა მოახსენეს, რომ სამსხვერპლო დარბეული იყო, ეშმაკისგან გაბოროტებულმა ქრისტიანული ეკლესიის დარბევა გადაწყვიტა, მაგრამ ტაძარში მისვლამდე საშინელმა ციებ-ცხელებამ შეიპყრო და სულთმობრძავი პირველსავე სახლში შეიყვანეს. „ქრისტიანებმა დამწყევლეს, მათი ღმერთი მსჯის“, – უთხრა მან მხლებლებს. კერპების მიმართ შეწირულმა ლოცვებმა ვერ უშველა სარდალს, მაშინ მან მალემსრბოლელი გაგზავნა ეპისკოპოს სისინთან და დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი მისი ოქროს ქანდაკების ჩამოსხმას დაჰპირდა. ეპისკოპოსმა უპასუხა: „ოქრო შენი შენ თანა იყვეს, უკუეთუ გინებს განკურნება, იწამე ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი“.
პატრიკიოსს სიკვდილის შეეშინდა და განაცხადა, რომ სწამდა ქრისტე. სისინ ეპისკოპოსის ლოცვით მხედართმთავარი განიკურნა, მაგრამ მისი სული მომხდარმა სასწაულმა ვერ შეცვალა – მას ეპისკოპოსისთვის ხელი არ უხლია, მაგრამ მიაშურა ქალაქ ესარიას, გზაში შემოხვდა მოხუცი, რომელსაც უკან წყვილ-წყვილად მოჰყვებოდა ექვსი გარეული ვირი და ორი ურემი. ეს იყო მღვდელი არტემონი. პატრიკიოსის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა ველური ცხოველების ასე დამორჩილებას, წმიდა არტემონმა უპასუხა, რომ ყოველივე ამქვეყნად ქრისტეს სახელს ემორჩილება და ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი.
პატრიკიოსმა შეიტყო, რომ მოხუცი ის არტემონი იყო, რომელმაც არტემიდეს ტაძარი დაარბია და მისი შეპყრობა ბრძანა. წმიდანი უშიშრად გაჰყვა ჯარისკაცებს, ცხოველებს კი უბრძანა, სისინთან წასულიყვნენ.
ერთმა ირემმა ღვთისაგან მეტყველების უნარი მიიღო და ეპისკოპოსს აუწყა, თუ რა შეემთხვა წმიდა მოძღვარს. სისინმა დიაკვნის ხელით სეფისკვერი გაუგზავნა წმიდა არტემონს.
კესარიაში პატრიკიოსი აიძულებდა წმიდა არტემონს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. სამსხვერპლოში უამრავი შხამიანი გველი ბუდობდა. ქურუმები მსხვერპლშეწირვის გარეშე არასოდეს აღებდნენ კარებს. წმიდა არტემონმა ილოცა, უშიშრად შევიდა სამსხვერპლოში და გველები გამოდევნა იქიდან. ზარდაცემული წარმართები გაიქცნენ, მაგრამ წმიდანმა ისინი შეაჩერა და სულის შებერვით შემუსრა ქვეწარმავლები. ქურუმმა ვიტალიმ ქრისტე ირწმუნა და წმიდა არტემონს მონათლვა სთხოვა.
მხედართმთავარს შეეშინდა, რომ წმიდა არტემონის სასწაულები მრავალი ადამიანის ყურადღებას მიიქცევდა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. უზარმაზარი ქვაბი ადუღებული ფისით აავსეს წმიდა არტემონის მოსაკვდინებლად, მაგრამ ორმა არწივის სახიანმა ანგელოზმა დასჯის ადგილს მიახლოებული ამხედრებული პატრიკისოი აიტაცა და ღირსი მამის სანაცვლოდ ის ჩააგდო ქვაბში.
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ არტემონის ლოცვით მიწიდან ამოხეთქა წყარომ, სადაც წმიდანმა ქურუმი ვიტალი და სხვა მრავალი წარმართი მონათლა. მეორე დღეს ახალნათელღებულები მისი ხელიდან ეზიარნენ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს.
კესარიის ეპისკოპოსმა წმიდა არტემონის სასწაულების ადგილი მოინახულა და შემდეგ იქ ტაძარი ააგო. ნათელღებულთაგან მრავალს დაასხეს ხელი დიაკვნად და მღვდლად, ვიტალი კი პალესტინის ეპისკოპოსად დაადგინეს. თავად მღვდელმოწამე არტემონი ღვთის მოწოდებით ასიაში წავიდა საქადაგებლად, გზად უფლის ანგელოზმა აღიტაცა და სოფელ ვულში დასვა, სადაც მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მალე წარმართებმა შეიპყრეს წმიდანი და თავი მოჰკვეთეს (+303).
მოწამე თომაიდა ეგვიპტელი (+476)
ეშმაკის ჩაგონებით წმიდა თომაიდას მამამთილი მისი სილამაზით მოხიბლა და, როდესაც შვილი სათევზაოდ იყო წასული, თავისი ყოვლადბილწი განზრახვის განხორციელება მოინდომა. წმიდანი საშინელ სამსჯავროს და ცოდვილთა დასჯას მოაგონებდა ვნებისაგან გონდაკარგულ მოხუცს, მაგრამ ვერაფერს გაჭრა. რძლის სიმტკიცით გამძვინვარებულმა მახვილს დასტაცა ხელი და ქალს დაემუქრა. წმიდანმა უპასუხა: „ორადაც რომ გამაპო, ღვთის მცნებას არ დავარღვევ“. ვნებით დაბრმავებულმა მამამთილმა მახვილით განგმირა წმიდანი. წმიდა თომაიდა ღვთის მცნების დაცვისთვის მოწამეობრივად აღესრულა 476 წელს.
მკვლელს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს – დაბრმავდა და კარებს ვერ მიაგნო. დილით, როცა ქმრის მეგობრები მოვიდნენ, სახლში იპოვეს წმიდა მოწამის გაცივებული გვამი და გასისხლიანებული, დაბრმავებული მამამთილი.
ამ ხანებში ალექსანდრიაში უდაბნოდან ჩამოვიდა ღირსი დანიელი. მან ოქტოდეკადის მონასტრის ბერებს მოუწოდა, წმიდა თომაიდას გვამი მონასტრის საძვალეში დაემარხათ. ზოგიერთი ბერი გაოცებული იყო და კითხულობდა, როგორ შეიძლებაო ქალის დამარხვა ბერებთან. ღირსმა დანიელმა თქვა, რომ „თომაიდა სიწმიდისთვის დაღუპული დედაა“. წმიდანის დამარხვის შემდეგ დანიელი უდაბნოში დაბრუნდა. მალე მასთან მივიდა ერთი ახალგაზრდა ბერი და უთხრა, რომ ხორციელი ვნებები ტანჯავდა. ღირსმა დანიელმა მას ურჩია, წმიდა თომაიდას საფლავთან ელოცა. ბერმა მოძღვრის რჩევა აღასრულა. ლოცვისას უნებურად ჩაძინებულს გამოეცხადა წმიდა მოწამე, რომელმაც უთხრა: „მამაო, მიიღე კურთხევა და წარვედ მშვიდობით“.
გამოღვიძებულმა ბერმა სიმშვიდე და სიხარული იგრძნო. ამის შემდეგ ის ხორციელ ვნებებს არ შეუწუხებია.
მოგვიანებით წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინეპოლში, დედათა ერთ-ერთ მონასტერში გადაასვენეს.
მოწამე კრისკენტი
წმიდა კრისკენტი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს.
წმიდა ანდრია კრიტელი (+740, ხს. 4 ივლისს) წმიდა კრისკენტის იხსენიებს წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში.