27.04.2024. ლაზარეს შაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ლაზარეს შაბათი. ხსნილია თევზით.

მკვდრეთით აღდგინება მართლისა ლაზარესი. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. მარტინე აღმსარებლისა, რომის პაპისა (655); მოწამეთა: ანტონი, იოანე და ევსტათი ლიტველთა (1347); მოწამისა არდალიონისა (305-311); მოწამეთა 1000-თა სპარსელთა და აზატ საჭურისისა (IV). 

დღის ლოცვა

დიდი მარხვის მე-6 შაბათი, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება

ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი: ჭეშმარიტად ყოველთათვის მხიარულებაი არს ქრისტე, ნათელი და ცხოვრებაი სოფლისა, რამეთუ აღდგომაი მკვდართა ცხად-ჰყო სახიერებითა თვისითა და სახე გვექმნა აღდგომისა, და ყოველთა ღმრთაებრ მიმადლებს ცოდვათა მიტევებასა.

კონდაკი: ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწვდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხიდღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, და შეიწირე იგი ცრემლნი მართას და მარიამისნი. 

დღის საკითხავები 

ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა. 

ებრ. 12: 28 – 13: 8 (დას. 333, შუა). ინ. 11: 1-45 (დას. 39).

ებრ. 12: 28 – 13: 8 

28. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით. 29. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი. 

1. ძმური სიყვარული ეგოს. 2. სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია. 3. გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ. 4. ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს. 5. ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“. 6. ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“ 7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.

ინ. 11: 1-45 

1. ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის – მართას სოფლელი. 2. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო. 3. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის. 4. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ. 5. უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე. 6. როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო. 7. ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში. 8. მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ? 9. იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს. 10. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში. 11. ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას. 12. ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება. 13. მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას. 14. მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა. 15. და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან. 16. ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ. 17. როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა. 18. ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე. 19. ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი. 20. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა. 21. და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. 22. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი. 23. უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა. 24. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. 25. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. 26. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? 27. მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად. 28. ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას – მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო. 29. ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია. 30. რადგანაც იესო ჯერ კიდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა. 31. როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო. 32. მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. 33. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: 34. სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. 35. მაშინ აცრემლდა იესო. 36. იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი. 37. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო? 38. ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ. 39. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ. 40. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი. 41. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. 42. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე. 43. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ! 44. და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს. 45. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან. უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე. ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე. მერმე ამისა შემდგომად ჰქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად. ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა? ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს. და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა. ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი. ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს. ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა. მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა. და მე მიხარის თქვენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა. ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა.
და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა. ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ. და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს. ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა. ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან. ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე? ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ. ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა. რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა. ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით, და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე. და ცრემლოოდა იესუცა. იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი! ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა? ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ? აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე! და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.
მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ. 
წმიდა მოწამე არდალიონი (+დაახლ. 305-311) – აღესრულა ქრისტესთვის იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ის მსახიობი იყო.
ერთხელ წმიდა არდალიონი ცირკში ქრისტიანის როლს თამაშობდა. ავტორის ჩანაფიქრით, მსახიობს ჯერ უარი უნდა განეცხადებინა მსხვერპლშეწირვაზე, შემდეგ კი დათანხმებულიყო ქრისტეს უარყოფაზე. მოქმედების მსვლელობისას წმიდა არდალიონი ხეზე ჩამოკიდეს და წამება დაუწყეს. ის ისე ბუნებრივად განასახიერებდა ტანჯულს, რომ მაყურებელი აღფრთოვანებული განადიდებდა მის ხელოვნებას. მოულოდნელად წმიდანმა ხალხს გაჩუმება სთხოვა და განაცხადა, რომ ის ჭეშმარიტად ქრისტიანია და არ განუდგება ქრისტეს. ქალაქის მმართველს სურდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ წმიდა არდალიონი თამაშობდა და სანახაობის ბოლოს მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, მაგრამ წმიდანი განაგრძობდა ქრისტეს აღიარებას. მაშინ მმართველმა მისი გახურებულ ღუმელში ჩაგდება ბრძანა. 
წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი (+655), წარმოშობით ტოსკანელი იყო. მან კარგი განათლება მიიღო და რომის ეკლესიის სამსახურში ჩადგა. პაპ თეოდორე I-ის (642-649) გარდაცვალების შემდეგ, ის აირჩიეს რომის მღვდელმთავრად.
ამ დროს ეკლესიის სიმშვიდე დაარღვია მონოთელიტობის ერესმა, რომელიც ფართოდ გავრცელდა საზოგადოების ყველა ფენაში. ერესს თავად იმპერატორი კონსტანცი (641-668) და კონსტანტინეპოლის პატრიარქი პავლე II-ც (641-654) თანაუგრძნობდნენ. იმპერატორის მითითებით გამოიცა ერეტიკული „რწმენის ნიმუში“ (ტიპოსი), რომელიც აუცილებელი იყო ყველასთვის და კრძალავდა შემდგომ კამათს.
ერეტიკული „რწმენის ნიმუშს“ რომის ეკლესია 649 წელს გაეცნო. წმიდა პაპმა მარტინემ, რომელიც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, რომში მოიწვია ადგილობრივი კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, ამასთანავე კონსტანტინეპოლის პატრიარქს გაუგზავნა ეპისტოლე და მოუწოდა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას დაბრუნებოდა. გაბრაზებულმა იმპერატორმა მთავარსარდალ ოლიმპიუსს უბრძანა, პაპი შეეპყრო. რომში ჩასულ ოლიმპიუსს შეეშინდა სამღვდელოებისა და ხალხის მღელვარებისა და ერთ-ერთ მეომარს დაავალა, მალულად მოეკლა წმიდა მარტინე. როგორც კი მეომარი პაპს მიუახლოვდა, მაშინვე დაბრმავდა. შეშინებული ოლიმპიუსი სასწრაფოდ სიცილიაში წავიდა და მალე ერთ-ერთ ლაშქრობაში დაიღუპა.
654 წელს იმპერატორმა, იმავე მიზნით, რომში გაგზავნა სხვა მხედართმთავარი – თეოდორე, რომელმაც პაპს ბრალდებად წაუყენა: იმპერიის მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მკრეხელურად მოხსენიება და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა. მიუხედავად სამღვდელოებისა და ერისკაცთა მხრიდან პაპის სრული უდანაშაულობის მტკიცებისა, თეოდორემ ღამით შეიპყრო წმიდა მარტინე და ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლა. მთელი წელიწადი იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი თითქმის უკაცრიელ კუნძულზე და უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ნაწამები აღმსარებელი შემდგომ კონსტანტინეპოლში წაიყვანეს.
ავადმყოფი მღვდელმთავარი სასამართლოზე საკაცით შეიყვანეს, მაგრამ მსაჯულებმა მას მოსთხოვეს, შეკითხვაზე პასუხი ფეხზე მდგარს გაეცა. ჯარისკაცები ხელებით ამაგრებდნენ ავადმყოფობისაგან ჯანგამოცლილ მოხუცს. სამსჯავროზე ცრუმოწმეები გამოვიდნენ და წმიდანს სარკინოზებთან ურთიერთობა დააბრალეს. მსაჯულებმა წმიდა მარტინეს თავის მართლება ყურად არ იღეს. უსამართლობით გულმოკლულმა მოხუცმა თქვა: „უწყის უფალმა, როგორ სიკეთეს იქმთ, თუ მალე გამომასალმებთ სიცოცხლეს“.
სამსჯავროს შემდეგ წმიდა მღვდელმთავარი სამოსელშემოძარცული გამოიყვანეს ბრბოსთან, რომელიც ყვიროდა: „ანათემა მარტინე პაპს“. ვინც სიმართლე იცოდა, თვალცრემლიანი ტოვებდა მოედანს. ბოლოს გამოაცხადეს სამსჯავროს გადაწყვეტილება: იმპერატორის სასამართლო წმიდანს პაპის ხარისხს ართმევდა და სიკვდილით სჯიდა. ნახევრადშიშველ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს ავაზაკებთან ერთად.
იმპერატორი მივიდა მომაკვდავ პატრიარქ პავლესთან და სამსჯავროს ამბები აუწყა. პატრიარქმა სთხოვა მას, შეეწყვიტა წმიდა მარტინეს წამება. იმპერატორმა მღვდელმთავართან გაგზავნა ხალხი დამატებით დაკითხვის ჩასატარებლად. წმიდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს.
წმიდა მარტინე გადასახლებაში გარდაიცვალა ავადმყოფობით, შიმშილით და ათასგვარი შევიწროებით გაწამებული (+16 სექტემბერი, 665). დაკრძალეს ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში.
680 წ. VI მსოფლიო კრებამ დაგმო მონოთელიტთა ერესი. წმიდა აღმსარებლის ნაწილები ჯერ კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი რომში გადაასვენეს. 
წმიდა მოწამენი ანტონი, იოანე, ევსტათი (+1347) აღესრულნენ ლიტვის დიდი მთავრის, ოლგერდის (1345-1377) დროს. მთავარი დაქორწინებული იყო ვიტებსკელი მთავრის ასულ მარიამზე (+1346), აღიარებდა ქრისტეს და მეუღლის სიცოცხლეში ქრისტიანობის ქადაგების ნებასაც იძლეოდა. მისმა ორმა ძმამ, ნეჟილომ და კუმეცმა ნათელიღეს მარიამის მოძღვრისგან და მიიღეს სახელები: ანტონი და იოანე. მარიამ დედოფლის თხოვნით ვილნოში მართლმადიდებლური ეკლესიაც კი აშენდა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მთავარმა ოლგერდმა დაიწყო მფარველობა ცეცხლთაყვანისმცემლებისა, რომლებიც დევნიდნენ ქრისტიანებს. წმიდა იოანე და ანტონი ცდილობდნენ თავიანთი აღმსარებლობა არ გამოეჩინათ, მაგრამ არც წარმართულ წესებს ასრულებდნენ.
მალე მთავარმა შეამჩნია ძმების განდგომა და დაკითხა ისინი. წმიდანებმა აღიარეს ქრისტიანობა. ოლეგერდმა მათ უბრძანა, ხორცი ეჭამათ (მაშინ მარხვა იყო), მაგრამ ძმებმა უარი განაცხადეს. წმიდანები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მთელი წელიწადი იტანჯებოდნენ. იოანეს შეეშინდა და განაცხადა, რომ შეასრულებდა მთავრის ყველა ბრძანებას. გახარებულმა ოლეგერდმა ორივე ძმა გაანთავისუფლა. ანტონი ქრისტეს ერთგული დარჩა და როცა მარხვაში ხორცის ჭამაზე კვლავ უარი განაცხადა, ისევ საპყრობილეში ჩააგდეს. ქრისტეს უარმყოფელი ძმა თავისუფალი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს არა მარტო ქრისტიანებმა, არამედ წარმართებმაც. მონანული იოანე ნესტორთან მივიდა და სთხოვა, ეშუამდგომლა ძმასთან, რომ ეპატიებინა მისთვის შეცოდება. ერთხელ წმიდა იოანემ ოლგერდს განუცხადა, რომ ეკლესიას დაუბრუნდა. მთავარმა მას აგრძნობინა, რომ ეს მისი პირადი საქმე იყო, შეეძლო ქრისტიანი ყოფილიყო, მაგრამ სხვის თვალში წარმართივით უნდა ეცხოვრა. საპასუხოდ წმიდა იოანემ მთელი სასახლის კარის წინაშე აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მოწამეები სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს.
ხალხი უწყვეტ ნაკადად მიდიოდა ციხეში. ძმებმა ბევრი წარმართი მოაქციეს ქრისტეს რჯულზე. საპყრობილე ქრისტიანულ სასწავლებლად გადაიქცა. შეშინებული ქურუმები ძმების დასჯას მოითხოვდნენ. 1347 წლის 14 აპრილს წმიდა ანტონი ხეზე ჩამოახრჩვეს.
ქურუმების იმედი არ გამართლდა: ხალხი კვლავ იკრიბებოდა იმ ციხის კედლებთან, სადაც წმიდა იოანე იმყოფებოდა. 1347 წლის 24 აპრილს წმიდა იოანეც იმავე ხეზე ჩამოკიდეს. ორივე წმიდანის ნეშტი ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ეკლესიის ეზოში.
მალე ქრისტესთვის აღესრულა წმიდა ძმების ნათესავი კრუმლეცი, ნათლისღების შემდეგ – ევსტათი. ის მთავრის არმიაში მსახურობდა და გამოირჩეოდა სილამაზით, ვაჟკაცობით, მამაცობით, გონიერებითა და სიკეთით. ოლგერდს იგი გამორჩეულად უყვარდა. ერთხელ წმიდა ევსტათიმ საზეიმო სუფრაზე ხორცი არ მიიღო და განაცხადა, რომ ქრისტიანია და შობის მარხვაში ხორცს არ ჭამს. წმიდა აღმსარებელს რკინის ჯოხებით დაუწყეს ცემა, მაგრამ ჭაბუკს კრინტიც არ დაუძრავს. ოლგერდმა ბრძანა, ყინვაში გაეყვანათ წმიდა ევსტათი და ცივი წყალი გადაესხათ. ამ სასჯელმაც ვერ გატეხა ქრისტიანის სული. გამძვინვარებული მთავრის ბრძანებით ევსტათის წვივები დაუმსხვრიეს, თმები კანიანად ააგლიჯეს და ყურები და ცხვირი მოაჭრეს. ქრისტეს მოწამე მხნედ ითმენდა ტანჯვას. თვით ჯალათები გააოგნა იმ ღვთაებრივმა ძალამ, რომელიც მას აძლიერებდა. წამების შემდეგ წმიდა ევსტათი ჩამოახრჩვეს იმავე მუხაზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა იოანე და ანტონი.
ოლგერდის ბრძანებით სამი დღის მანძილზე ეკიდა წმიდანის გვამი ხეზე, მაგრამ ღრუბლის სვეტი იცავდა მას მხეცებისა და ფრინველებისაგან. მოგვიანებით ამ ადგილას აიგო ტაძარი. სამმა მოწამემ სიცოცხლის ფასად განადიდა წმიდა სამება, ამიტომ ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელზე აკურთხეს. წმიდა ტრაპეზი დადგინდა იმ მუხის ფესვებზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა მოწამეები. მალე მოხდა ანტონის, იოანეს და ევსტათის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1364 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ფილოთეოზმა ღირს სერგი რადონეჟელს (+1392; ხს. 25 სექტემბერს) გაუგზავნა ჯვარი წმიდა მოწამეთა ნაწილებით. ეკლესიამ სამივე წმიდანის ხსენების დღედ 14 აპრილი განაჩინა. 
წმიდა დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 (27) აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში ივანე ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრი ტფილისში აღზარდეს ნათესავებმა, მარიამ ყიფიანმა და ნიკიფორე ფიოდოროვმა.
1830 წელს დიმიტრი ყიფიანმა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა და იქვე დაინიშნა მასწავლებლად.
ჭაბუკი დიმიტრი მონაწილეობდა 1820-1830-იანი წლების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურის გამოცოცხლებასა და აღორძინებას.
დიმიტრი ყიფიანს სწორედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინება მიაჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გამთლიანებისა და განმტკიცების საფუძვლად.
დიმიტრი ყიფიანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1832 წლის შეთქმულებაში. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იგი დაახლოებული ყოფილა შეთქმულების ორგანიზატორთა ჯგუფთან. შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დიმიტრი ვოლოგდაში გადაასახლეს და გუბერნატორის კანცელარიაში გაამწესეს.
1837 წელს დიმიტრი საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ქვეყანაში ეროვნულ იდეებს დიდი გასაქანი არ ჰქონდა. დიმიტრიმ შეძლო მისი მაღალი თანამდებობები გამოეყენებინა ქვეყნის გაძლიერებისა და ეკლესიის აღორძინებისათვის. იგი სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ქვეყანაში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის განმტკიცებისათვის.
1845 წელს დიმიტრი ყიფიანი ნინო ჭილაშვილზე დაქორწინდა. ნინო, წმიდა სოლომონ მეფის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით იზრდებოდა პეტერბურგში. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი გარდაეცვალათ. დიმიტრი ყიფიანს დარჩა სამი შვილი: ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე.
წმიდა დიმიტრი ყიფიანის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით იქნა დაარსებული: საჯარო ბიბლიოთეკა, პროფესიული ქართული თეატრი, ეროვნული ჟურნალისტიკა, ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და მრავალი სხვა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, დიმიტრი ყიფიანი იყო ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურობის წინამძღოლი და ტფილისის ქალაქისთავი.
დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი „ცისკარი“. მანვე განსაზღვრა ჟურნალის თემატიკა, რომელიც ყველა კატეგორიისა და სოციალური ფენის მკითხველს ითვალისწინებდა. დიმიტრი ყიფიანს არ გამორჩენია მხედველობიდან სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ინტერესებიც. დიმიტრი ყიფიანის სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებში დამუშავებულია საქართველოს ისტორიის არაერთი საკვანძო საკითხი: ქართველთა ეთნოგეზისი, სახელმწიფოებრიობისა და რელიგიის ისტორია, ისტორიული გეოგრაფიის ცალკეული საკითხები, ქართული დამწერლობის წარმოშობა-განვითარება და სხვა.
ეროვნულ საკითხში დიმიტრი ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის დევნა-შევიწროების ტენდენცია გამოიკვეთა, დიმიტრი ყიფიანი კავკასიის ხელისუფლებას აშკარა ოპოზიციაში ჩაუდგა და არსებული სასწავლო-საგანმანათლებლო პოლიტიკის მწვავე და შეურიგებელი კრიტიკა დაიწყო: „მერე რა ენისას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტან გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი; რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ მოციქულთა თანასწორნი და ათცამეტნი სირიელნი მამანი; რომელზედაც ჰმწერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულისმდებელნი, როგორც ვახტანგ მეფე; რომელსაც აქვს ანბანი უმარტივესი და უბუნებითესი ყოველთა ანბანთაგან!..“ – წერდა დიმიტრი.
1886 წელს ტფილისის სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობისათვის, საქართველოს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა, ქართველი ერი ამბიონიდან დასწყევლა. როდესაც დიმიტრი ყიფიანმა ეს ამბავი შეიტყო, ეგზარქოსს ხაშურიდან დეპეშა გაუგზავნა, სადაც მოკრძალებით, მაგრამ შეუვალი პირდაპირობით წერდა: „…თუკი ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან…“ პრაქტიკულად ყიფიანმა ეგზარქოსს საქართველოს დატოვება მოსთხოვა.
ამის გამო დიმიტრი თანამდებობიდან გადააყენეს და სტავროპოლში გადაასახლეს. გადასახლებაში ყოფნა დიმიტრი ყიფიანს დიდხანს არ მოუწია. 1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და მოჰკლა. „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს… იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“, – წერდა აკაკი წერეთელი.