გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
ვნების შვიდეული. დიდი სამშაბათი
30.04.2024. მძიმე მარხვა
ეფრემ დიდისა, მაწყვერელ ეპისკოპოსისა, ღირსი გრიგოლ ხანცთელის მოწაფისა (IX); მღვდელმოწამისა სვიმეონ სპარსელ ეპისკოპოსისა, და მის თანა მოწამეთა: ავდელი და ანანია ხუცესთა, ქუსდაზატ (უსფაზან) საჭურისისა, ფუსიკისა, აზატისა, ასკიტრეასი და სხვათა მრავალთა (IV); ღირსისა აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსისა (435); მოწამისა ადრიანესი (251). აღაპიტე რომის პაპისა (536); ღირ. ზოსიმე სოლოვეცკელ იღუმენისა (1478).
ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: ჟამსა მას გასვლისასა იხსენებდი შენ, ჰოი სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა და მოცემული შენდა ტალანტი განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, აღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან შენისა.
დღის საკითხავები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
ცისკ.: მთ. 22: 15 – 23: 39 (დას. 90).
VI ჟამზე: ეზეკ. 1: 21-28; 2: 1.
მწუხრ.: 1) გამ. 2: 5-10. 2) იობ. 1: 13-22.
ლიტ.: მთ. 24: 36-26: 2 (დას. 102).
ცისკ.: მთ. 22: 15 – 23: 39
15. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე. 16. ჰეროდელებთან ერთად მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზასაც და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისა. 17. მაშ, გვითხარი: როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? 18. ხოლო იესო მიუხვდა მათ მზაკვრობას და თქვა: რატომ მაცდუნებთ, თვალთმაქცნო? 19. მიჩვენეთ ფული, რომლითაც იხდით ხარკს. და მიართვეს მას დინარი. 20. და უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? 21. მიუგეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა. 22. ეს რომ გაიგონეს, განცვიფრდნენ ისინი, მიატოვეს ის და წავიდნენ. 23. იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: 24. მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. 25. იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა. 26. ასევე მეორემაც და მესამემაც თვით მეშვიდემდე. 27. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. 28. მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. 29. იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას. 30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. 31. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს: 32. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ – ცოცხლებისა. 33. ისმენდა ხალხი და უკვირდა მისი მოძღვრება. 34. ხოლო როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველებს ხმა ჩააკმენდინაო, ერთად შეიკრიბნენ. 35. და ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, საცდუნებლად ჰკითხა: 36. მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება? 37. ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. 38. ეს არის პირველი და მთავარი მცნება. 39. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. 40. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი. 41. ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ფარისეველნი, იესომ ჰკითხა მათ: 42. რას იტყვით ქრისტესთვის? ვისი ძე არის იგი? ხოლო მათ მიუგეს: დავითისა. 43. უთხრა მათ იესომ: კი მაგრამ როგორღა უწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს: 44. უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს. 45. ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ? 46. ვერავინ შესძლო მისთვის სიტყვის მიგება: და იმ დღიდან ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე.
39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!
VI ჟამზე: ეზეკ. 1: 21-28; 2: 1
21. მათი მოძრაობისას ესენიც მოძრაობდნენ, მათი გაჩერებისას ესენიც ჩერდებოდნენ; მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ სისწორეზე, რადგან ცხოველი სული ედგა ბორბლებს. 22. ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე. 23. ცამყარს ქვემოთ მათი ფრთები უსწორდებოდნენ ერთმანეთს; თითოეულს ორ-ორი ფრთა ჰქონდა, რომელიც უფარავდა მათ სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს. 24. როცა მოძრაობდნენ, მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც დიდი ნიაღვრების ხმა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც. 25. გამოდიოდა ხმა ცამყარიდან, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც. 26. ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა. 27. ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე, რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ. 28. როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა.
1. მითხრა: ადამის ძევ! დადექ ფეხზე, უნდა გელაპარაკო!
მწუხრ.: 1) გამ. 2: 5-10. 2) იობ. 1: 13-22
1) 5. ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მხევლები კი ნილოსის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ლელიანში კიდობანი. გაგზავნა მხევალი და მოატანინა. 6. გახსნა და ნახა შიგ ბავშვი; აჰა, ტირის ბიჭი, შეეცოდა და თქვა ებრაელის ბავშვი იქნება. 7. უთხრა ბავშვის დამ ფარაონის ასულს: ხომ არ წავიდე და ებრაელი ქალი მოვიყვანო ძიძად? ძუძუს მოგიწოვებს მაგ ბავშვს. 8. უთხრა ფარაონის ასულმა: წადი. წავიდა ყმაწვილი ქალი და დაუძახა ბავშვის დედას. 9. უთხრა მას ფარაონის ასულმა: წაიყვანე ეს ბაეშვი და ძუძუ მიწოვე; გასამრჯელოს მოგცემ. წაიყვანა ქალმა ბავშვი და აწოვებდა ძუძუს. 10. წამოიზარდა ბავშვი და მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა, და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: რადგან წყლიდან მყავს ამოყვანილი.
2) 13. ერთ დღეს, როცა მისი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში, 14. მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით; 15. დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 16. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 17. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ქალდეველები დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და წაასხეს, და მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 18. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში. 19. ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 20. ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა. 21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია.
ლიტ.: მთ. 24: 36-26: 2
36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. 37. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, 39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 41. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? 46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. 47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. 48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას, 49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას, 50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, 51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
1. მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. 2. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური. 3. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. 4. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. 5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. 6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. 7. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. 8. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. 9. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. 10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. 11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. 12. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. 13. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა. 14. რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა. 15. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი, მესამეს – ერთი, თვითეულს – მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა. 16. ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. 17. ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. 18. ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი. 19. დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. 20. ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. 21. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. 22. ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. 23. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. 24. ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. 25. ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს. 26. ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. 27. ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ. 28. მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. 29. რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 30. ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 31. და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. 32. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. 33. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს – მარცხნივ. 34. მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. 35. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; 36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. 37. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? 38. როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? 39. როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? 40. მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. 41. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. 42. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; 43. უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. 44. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? 45. მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. 46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.
1. და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა: 2. თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მოწამე ადრიანე (+251)
მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მისთანა მოწამენი: ავდელია და ანანია ხუცესი, ქუსდაზად საჭურისი, ფუსიკი, ავატი, ასკიტრეა და სხვანი (+344)
344 წელს მეფემ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს დიდი ხარკი დაეკისრათ. როდესაც ზოგიერთმა მის გადახდაზე უარი განაცხადა, მეფემ ქრისტიანთა საყოველთაო დევნა გამოაცხადა, წმიდა სვიმეონი ბორკილდადებული მოიყვანეს სასამართლოზე ორ სხვა ხუცესთან – ავდელიასა და ანანიასთან ერთად. წმიდა ეპისკოპოსი არც მიესალმა მეფეს. როცა საპორმა იუცხოვა მის მიმართ ასეთი უპატიო დამოკიდებულება, სვიმეონმა უთხრა: „ადრე მე პატივს მივაგებდი შენს ხარისხს, ახლა კი მოყვანილი ვარ ქრისტეს უარყოფად, ამიტომ არ ეგების შენი თაყვანისცემა“.
მეფემ ეპისკოპოსს მოსთხოვა თაყვანი ეცა მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მთელ სახელმწიფოში აღმოფხვრიდა ქრისტიანობას. ვერც რჩევამ, ვერც მუქარამ ვერ მოტეხა წმიდა ეპისკოპოსი. ის ციხეში გადააგზავნეს. გზად მიმავალს შემოხვდა მეფის გამზრდელი საჭურისი ქუსდაზატი. მან თაყვანი სცა ეპისკოპოსს, მაგრამ წმიდა სვიმეონმა პირი იბრუნა მისგან და უსაყვედურა, რომ მან წამების შიშით მზეს სცა თაყვანი. საჭურისმა მთელი გულით შეინანა ცოდვა, ძვირფასი სამოსელი ძონძებით შეიცვალა და სასახლის კარებთან ატირდა: „ვაი ჩემდა, ვითარ წარვსდგე წინაშე ღვთისა ჩემისასა, რომელი უარვჰყავ მე? სვიმეონმაც ზურგი მაქცია“. მეფემ გაიგო საყვარელი გამზრდელის მწუხარება და მიზეზი ჰკითხა. საჭურისმა მეფეს განუცხადა, რომ ნანობს თავის განდგომილებას და დღეიდან მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ეთაყვანება. მეფეს გაუკვირდა მოხუცის გადაწყვეტილება და ალერსიანად ურჩია, პატივი მიეგო მამა-პაპათა ღმერთებისთვის. ქუსდაზატი შეურყეველი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა მოწამე ქუსდაზატის ერთადერთი თხოვნა იყო, მაცნეებს მთელი ქალაქისთვის შეეტყობინებინათ, რომ იგი ქრისტიანობისთვის მოკლეს. მეფემ აღმზრდელს თხოვნა შეუსრულა.
წმიდა ქუსდაზატის სიკვდილის ამბავი წმიდა სვიმეონის ყურამდეც მივიდა. მან ცრემლებით განადიდა უფალი. ამის შემდეგ წმიდა ეპისკოპოსს ისევ შესთავაზეს ქრისტეს უარყოფა და როცა პასუხად კვლავ უარი მიიღეს, გამძვინვარებულმა მეფემ ბრძანა, მღვდელმთავრის წინაშე თავი მოეკვეთათ საპყრობილეში მყოფი ყველა ქრისტიანისთვის. წმიდა ეპისკოპოსის კურთხევით ქრისტიანები უშიშრად მივიდნენ სასიკვდილოდ და მშვიდად დებდნენ კუნძზე თავს. ასე აღესრულა წმიდა სვიმეონის თანამოღვაწე ავდელია. როდესაც ანანია ხუცესის რიგი მოვიდა, იგი უცებ შეყოყმანდა. ერთ-ერთმა დიდებულმა, ფარულად ქრისტიანმა წმიდა ფასიკმა იფიქრა, რომ წმიდა ანანია დაბრკოლდა და ხმამაღლა შესძახა: „ნუ გეშინინ, ანანია, დახუჭე თვალი და იხილავ ღვთაებრივ ნათელს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“. ამით მან თავი გასცა. საპორის ბრძანებით წმიდა ფუსიკს ენა ამოგლიჯეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. მასთან ერთად აწამეს მისი ასული ასკიტრეა. ჯალათთან უკანასკნელი მივიდა წმიდა სვიმეონი და ლოცვით მოუდრიკა თავი (+13 აპრილი, 344 წ). მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე გრძელდებოდა ქრისტიანთა წამება. მოწამეობრივად აღესრულა მეფის ახლობელი კარისკაცი წმიდა ავატ საჭურისიც. ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ იმ დღეებში 1000 ქრისტიანი ეწამა, შემდეგ – 100 და კიდევ – 150.
ღირსი აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 433)
ეპისკოპოსი სიყვარულით ზრდიდა აკაკის: ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ დიაკვნად დაასხა ხელი, ბოლოს კი მღვდლადაც აკურთხა. წმიდა აკაკი ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, ხალხს ასწავლიდა წმიდა წერილს, განუმარტავდა მართლმადიდებლურ მრწამსს. მის მოწაფეთა შორის იყო თვით ექვთიმე დიდი (+473; ხს. 20 იანვარს).
ოტრიას გარდაცვალების შემდეგ მრევლის სურვილით მელიტინის კათედრაზე აღიყვანეს წმიდა აკაკი. ის ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მტკიცე რწმენის, მორჩილებისა და მოღვაწეობისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა: ერთხელ, როცა გვალვიან ზაფხულში ღია ცის ქვეშ ლიტურღიას ატარებდა, ბარძიმში ჩასხმულ ღვინოს მოულოდნელად წვიმის წვეთები შეუერთდა და გამხმარ მიწას სიცოცხლე დაუბრუნდა; მისი ლოცვით წყალდიდობისას ნაპირებიდან გადმოსული მთის მდინარე იმ ადგილას გაჩერდა, სადაც წმიდანმა ქვა დადო. მდინარე აზარის ერთ-ერთ კუნძულზე ეპისკოპოსმა, მიუხედავად წარმართთა წინააღმდეგობისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგო. მშენებლებმა ბოროტი განზრახვით თაღი ცუდად გააკეთეს. ლიტურღიის დროს თაღმა ჩამოიწია და ის-ის იყო უნდა ჩამონგრეულიყო, შეშინებული მლოცველები ტაძრიდან გასაქცევად მოემზადნენ, მაგრამ წმიდა ეპისკოპოსმა ისინი ფსალმუნის სიტყვებით შეაჩერა: „უფალ ნათელი ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდეს“ (ფს. 26,1). თაღი გაჩერდა და თითქოს ჰაერში დაეკიდა; ჩამოიქცა მხოლოდ მაშინ, როცა ლიტურღია დამთავრდა და ეპისკოპოსი უკანასკნელი გავიდა ტაძრიდან. ამის შემდეგ ტაძარი თავიდან ააშენეს.
წმიდა აკაკი მონაწილეობდა III მსოფლიო კრებაში და მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატებს.
წმიდა აკაკი მშვიდობით მიიცვალა 435 წელს.
წმიდა აღაპიტე რომის პაპი (+536)
გუთთა მეფემ თეოდორიკე დიდმა, წმიდა აღაპიტე კონსტანტინეპოლში გაგზავნა ზავის თაობაზე მოსალაპარაკებლად. გზად წმიდა მღვდელმთავარი ყრუ-მუნჯ და კოჭლ ადამიანს შეხვდა და კოჭლობისაგან განკურნა, შემდეგ კი მეტყველების ნიჭიც დაუბრუნა. კონსტანტინეპოლში წმიდა აღაპიტემ განკურნა ბრმა მათხოვარი.
ამ დროს კონსტანტინეპოლში ჩატარდა ადგილობრივი საეკლესიო კრება. წმიდა აღაპიტემ მონაწილეობა მიიღო კრების მუშაობაში და დამაჯერებლად დაიცვა მართლმადიდებლური სწავლება ერეტიკოს სევერიოსის მწვალებლობისაგან.
წმიდანი გარდაიცვალა კონსტანტინეპოლში 536 წელს.
წმიდა ეფრემ დიდი, მაწყვერელი (IX)
საეკლესიო საქმეებისთვის აფხაზეთს მიმავალმა გრიგოლმა ქართლში „ნებითა ღმრთისაჲთა… პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდითა და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთმოქმედი“. უკან დაბრუნებულმა გრიგოლმა ყრმა ეფრემი თან წაიყვანა ხანძთას არსენთან (ხს. 25 სექტემბერს) ერთად და აღსაზრდელად თავის თანამოღვაწეებს, ქრისტეფორესა და თეოდორეს (ხს. 5 ოქტომბერს) ჩააბარა.
ხანძთის სავანეში ყრმების გამოჩენამ საძმოს უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს მონასტრის წესდებით აკრძალული იყო. ბერებმა ღირს გრიგოლს მიმართეს: „საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თჳნიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოყვანენ და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენზევე გამოეხუების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩვენდა. დაღაცათუ უშიშ არს გული ჩუენი ჟამისა ამისათვის, არამეგ გარეშე წესისა არს საქმე ესე და აწ ესე არს სიტყვა ჩვენი, წმიდაო ღმრთისაო“. ღირსმა გრიგოლმა ძმებს აუწყა, რომ ყოველივე ღვთაებრივი გამოცხადებითა ჰქმნა: „ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი, რამეთუ ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას ჟამამდე პატივისა მათისა“.
ღირსი ეფრემი აწყურის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ის უდიდესი მოღვაწე იყო იმდროინდელი საქართველოს ეკლესიისა. ჯავახეთში შეკრებულ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც კათოლიკოსის ტახტზე არსენის დარჩენა-გადადგომის საკითხი უნდა გადაეწყვიტა, ერთ-ერთი უპირველესი ეპისკოპოსთაგანი, რომლის სიტყვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ ეფრემ მაწყვერელი იყო. ეფრემი იყო წინამძღოლი ეპისკოპოსთა და სამღვდელოთა იმ დასისა, რომელიც კათოლიკოსის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული არსენის გადაყენებას მოითხოვდა. კრების მონაწილენი მისგან ელოდნენ ჭეშმარიტი მსჯავრის დადებას, ამიტომაც პირველი სიტყვის თქმა მას სთხოვეს: „ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს“. ღირსმა ეფრემმა მორჩილად თქვა: „სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყუად“. გრიგოლ ხანძთელმა ეკლესიის მამებს და კრების ორგანიზატორებს, გუარამ მამფალს აუხსნა, რომ არსენი ღვთის ნებით გახდა კათოლიკოსი საქართველოჲსა, „არამედ მირეან მამამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო“. კრების შემდეგ ეფრემისა და არსენის სიყვარული კვლავ განახლდა.
წმიდა ეფრემმა უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოოდ განმტკიცების საქმეს. მისი შემწეობით საქართველოს ეკლესიამ მირონის მცხეთაში კურთხევის უფლება მიიღო. მანამდე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები წმიდა მირონს ანტიოქიის ეკლესიიდან იღებდნენ (მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის გამოკვლევითა და ვარაუდით, ქართული ეკლესია IV საუკუნეში ხარშავდა და აკურთხებდა მირონს მცხეთაში, ანტიოქიიდან კი მხოლოდ „წმიდა მირონის არომატი“ ნივთიერებები შემოჰქონდათ).
წმიდა ეფრემი ორმოცი წელი განაგებდა აწყურის კათედრას. მას ღვთისგან მიმადლებული ჰქონდა განჭვრეტის, სასწაულთა ქმნისა და კურნების ნიჭი.
წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი ღრმად მოხუცებული მიიცვალა. მის წმიდა ნაწილებთან სარწმუნოებით მისულნი მრავალგვარ სნეულებათაგან იკურნებოდნენ.
ღირსი ზოსიმე სოლოვკელი (+1478)
განმარტოებული ადგილის ძებნაში ღირსი მამა გაემგზავრა თეთრი ზღვის სანაპიროზე და იქ შეხვდა ღირს გერმანეს (ხს. 30 ივლისს), რომელმაც მოუთხრო ერთი უკაცრიელი კუნძულის შესახებ.
დაახლოებით 1436 წელს განდეგილებმა მშვიდობით მიაღწიეს კუნძულს. უფალმა მათი საცხოვრებელი ადგილი აკურთხა ღვთაებრივი გამოცხადებით, რომელიც ღირსმა ზოსიმემ იხილა. ბერებმა შიშველი ხელებით დაიწყეს მუშაობა, ააშენეს კელიები, დაამუშავეს მიწა. ერთხელ შემოდგომაზე მამა გერმანი მატერიკზე წავიდა სანოვაგისთვის, უკან დაბრუნება ვერ მოახერხა და მამა ზოსიმე მთელი ზამთარი მარტო დარჩა კუნძულზე. წმიდა ბერს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. მას გარდაუვალი შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა, მაგრამ სასწაულებრივად გამოჩენილმა ორმა უცნობმა დაუტოვა პური, ფქვილი და ზეთი. გაზაფხულზე მამა გერმანი დაბრუნდა მეთევზე მარკოზთან ერთად და სანოვაგე ჩამოიტანა.
როცა კუნძულზე რამდენიმე განდეგილმა მოიყარა თავი, მამა ზოსიმემ მათთვის ააშენა ხის ეკლესია უფლის ფერისცვალების სახელზე. მისი თხოვნით ნოვგოროდიდან ახლადდაარსებულ სავანეში ჩამოვიდა იღუმენი და ჩამოიტანა ოდიკი ეკლესიისათვის. ასე დაედო საფუძველი სახელგანთქმულ სოლოვკის მონასტერს. მკაცრ ბუნებრივ პირობებში ძმებმა მოახერხეს მოეწყოთ მეურნეობა, მაგრამ ნოვგოროდიდან გამოგზავნილი წინამძღვრები ვერ ეგუებოდნენ უჩვეულო გარემოს, ამიტომ ძმებმა იღუმენად ღირსი ზოსიმე აირჩიეს.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ღირსმა ზოსიმემ თვითონ დაამზადა თავისი კუბო. დაასაფლავეს ფერისცვალების ტაძრის წინ (+1478 წ, 17 აპრილი). 1566 წლის 8 აგვისტოს ზოსიმესა და საბატის წმიდა ნაწილები გადაასვენეს ფერისცვალების ტაძარში.
სიკვდილის შემდეგ წმიდა ზოსიმესადმი აღვლენილი ლოცვით მრავალი სასწაული ხდებოდა. ის ითვლება მეთევზეებისა და მეფუტკრეების მფარველად.