გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. ორშაბათი.
8.04.2024. მარხვა.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულისა.
კრება მთავარანგელოზისა გაბრიელისა. მღვდელმოწამისა ირინეოს სრემელ (სირმიელ) ეპისკოპოსისა (286-305); მოწამეთა, რომელნი გუთეთში იწამნეს: ორთა ხუცესთა – ბათოსი და უირიკასი, ორთა ძეთა და ორთა ასულთა თანა მათთა და არპლა მონაზონისა, ერისკაცთა: ავიპასი, კოსტასი, აგიასი, უიასი, ეღათრაქსი, ისკოსი, შილასი, სიგისა, სვირილილესი, სვიმპლასი, თეთრასი, ფილგასი, დედათა: ანასი, ალასი, ბარკასი, მუიკასი, მამიკასი, უიკოსი, ანიმაისი, გაათასი – გუთელი დედოფლისა და დუკლიდასი (375-383); ღირსისა მალქოს ასურისა (IV); ღირსისა ბასილი ახლისა (944); ღირსისა თეოფილე ეკონომოსისა (V); ღირსისა იოანესი, წმიდა სერგის მონასტრის წინამძღვრისა.
დღის ლოცვა
კონდაკი: ზესთაბრწყინვალისა და პატიოსნისა, და ყოველთა შემოქმედისა, ყოვლადგამოუთქმელისა და საშინელისა სამებისა შენ ხარ ერის თავი, დიდებულო გაბრიელ, და მეოხი მვედრებელთა შენთა, წმიდაო, აწცა დაუცხრომლად ევედრე მას ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა და სატანჯველისა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მფარველო მონათა შენთაო.
დღის საკითხავები
ორშ. VI ჟამზე: ეს. 14: 24-32.
მწუხრზე: დაბ. 8: 21-22; 9: 1-7. იგავ. 11: 19-31; 12: 1-6.
ორშ. VI ჟამზე: ეს. 14: 24-32
24. დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება. 25. შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე, გადაიგდება ქედიდან უღელი და მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნებათ. 26. აჰა, განაჩენი, მთელი ქვეყნისათვის გამოტანილი, და აჰა ხელი, ყოველ ხალხზე მოღერებული! 27. ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს? 28. ასეთი განაჩენი იყო მეფე ახაზის სიკვდილის წელს. 29. ნუ გიხარია, ფილისტიმის ქვეყანავ, რომ დაილეწა შენი მგვემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება. 30. უპოვართა პირმშონი გამოიკვებებიან და ღარიბ-ღატაკნი სამშვიდობოს დამყუდრდებიან; შიმშილით მოვკლავ შენს ფესვს და შენს ნარჩომს ამოვწყვიტავ. 31. მოთქვამდე, კარიბჭევ, გოდებდე, ქალაქო, ძრწოდე, ფილისტიმის ქვეყანავ, რადგან ჩრდილოეთიდან წამოვა კვამლი და გაიფანტება მისი ბანაკი. 32. რას იტყვიან ხალხის მოციქულები? – რომ უფალმ აფუძნა სიონი და რომ იქ არის მისი ერის ჩაგრულთა საესავი.
მწუხრზე: დაბ. 8: 21-22; 9: 1-7
21. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი. 22. ვიდრე ქვეყანა იქნება – არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
1. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. 2. თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი. 3. ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. 4. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ. 5. მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. 6. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი. 7. ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე.
მწუხრზე: იგავ. 11: 19-31; 12: 1-6
19. სიმართლეს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი, ბოროტების ამყოლი კი თავისი სიკვდილისკენ მიექანება. 20. გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის. 21. იცოდე, ავკაცი ვერ გამართლდება, მართალთა მოდგმა კი გადარჩება. 22. გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე. 23. მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა. 24. ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია. 25. ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება. 26. ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა. 27. ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა. 28. თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან. 29. თავისი სახლის დამქცევი ქარს დაიმკვიდრებს, უმეცარი გულბრძენის მორჩილია. 30. მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ბრძენკაცი კი სულებს იზიდავს. 31. თუკი მართალს სანაცვლო მიეზღვება ამქვეყნად, მითუმეტეს ბოროტეულს და ცოდვილს.
1. გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. 2. როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები პირმიქცეული ჩემგან? 3. როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე? 4. მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ. 5. თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი. 6. ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა, მოსე წინასწარმეტყველს, შესაქმის დაწერა შთააგონა, დანიელ წინასწარმეტყველს გაუცხადა ებრაელი ერის მომავალი (დან. 8,16; 9,21-24); ეცხადებოდა მართალ ანას და ახარებდა ყოვლადწმიდა ქალწულის შობას; მოუშორებლად ახლდა ყრმა მარიამს იერუსალიმის ტაძარში. გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა მღვდელმთავარ ზაქარიას და უწინასწარმეტყველა უფლის წინამორბედის – იოანე ნათლისმცემლის შობა. უფალმა გაბრიელი გაუგზავნა დურგალ იოსებს და აუწყა ყოვლადწმიდა მარიამის მიერ ძე ღვთისას შობა, გააფრთხილა ჰეროდეს მზაკვრობაზე და უბრძანა, ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა მაცხოვართან და ღვთისმშობელთან ერთად. როდესაც მაცხოვარი გეთსემანიის ბაღში ლოცულობდა, ეკლესიის სწავლებით, მამა ღმერთმა გაბრიელ მთავარანგელოზი გამოუგზავნა განსაძლიერებლად.
მთავარანგელოზ გაბრიელისაგან გაიგეს მენელსაცხებლე დედებმა უფლის ბრწყინვალე აღდგომა.
მართლმადიდებელი ეკლესია თავის შვილებს მოუწოდებს, სარწმუნოებით ილოცონ წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელისადმი, ითხოვონ მისგან მეოხება და ხილულ და უხილავ მტერთაგან დაცვა.