გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მამა კათალიკოსისა (744); ღირსთა: მიქაელ და არსენ ქართველთა, ულუმბელთა (IX); მოწამეთა ტიმოთესი და მავრასი (286); ღირსისა პეტრე სასწაულთმოქმედისა, არგოსელ ეპისკოპოსისა (X); ღირსისა თეოდოსი კიევო-პეჩორელი იღუმენისა (1074).
დღის ლოცვა
მრავალ სახენი წყლულებანი დაითმინენით და გვირგვინი ღმრთისა მიერ მოიხვენით, იოხეთ ჩუენთვისცა უფლის მიმართ სახსენებელთა თქუენთა საღმრთოთა აღმასრულებელთათვის, ყოვლადდიდო ტიმოთე და დიდებულო მავრა, რაითა მშვიდობით დაიცვას ქალაქი და ერი, რამეთუ იგი თავადი არს სიმტკიცე მორწმუნეთა.
დღის საკითხავები
ლიტ.: საქმ. 4: 23-31 (დახ. 12). ინ. 5: 24-30 (დას. 16).
ლიტ.: საქმ. 4: 23-31
23. განთავისუფლებულნი თავისიანებთან მივიდნენ და უამბეს ყველაფერი, რაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს მათ. 24. ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს: ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყოველივე იმისა, რაც არის მათში, 25. ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი? 26. აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“. 27. ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად. 28. რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა. 29. ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა, 30. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით. 31. როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა (დაახლოებით 286)
ხანგრძლივი წამების შემდეგ არიანეს ბრძანებით წმიდანები ჯვარზე გააკრეს. მეათე დღეს მოწამენი აღესრულნენ. ეს მოხდა 286 წელს. მოგვიანებით კონსტანტინეპოლში აშენდა მათი სახელობის ტაძარი და დადგინდა მათი ხსენების დღე.
წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (744)
ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. მამაჲ კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში. „ზედაძენს დაჯდა მამაჲ [ოცდა]გ წელს, მცხეთის კათალიკოსად დაჯდა ათოთხმეტ წელ“. როგორც ჩანს, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გამორჩეული სულიერებისათვის და მოღვაწეობისათვის საქართველოს კათოლიკოსად აურჩევიათ.
წმიდა მამაჲს მოღვაწეობით მადლიერი საქართველოს ეკლესია დღესაც იმედის თვალით შეჰყურებს თავის ბრძენ მწყემსმთავარს: „ვიხარებთ ხსენებასა შენსა ზედა, წმიდაო ღვთისა მამაჲ და ვითხოვთ წყალობასა, მოგვანიჭე საუკუნო სიყვარული ლოცვითა შენითა წმიდითა. ამინ“.
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი (IX)
პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი – არსენი არის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა“. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.
როცა ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი (ხს. 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი.
ორ მოწაფესთან ერთად ულუმბოზე მისულ წმიდა ილარიონ ქართველს ადგილობრივი ბერები მტრულად დახვდნენ. ბერძენთა ლავრის მამასახლისმა მათი გაძევება მოინდომა, ვითარცა „კაცთა უცხოთა და უმეცართა“ ელინთა ენისა, რომელთა შესახებ არ იცოდა, „კეთილად ზრახვენ ანუ მართალი წარმუნოებაჲ უპყრიეს“. ასეთი „უმშჯავრო“ განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამასახლისს: „ნუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკჳდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი?“
ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები მომრავლდნენ X საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა ღირსი იოანე (ხს. 12 ივლისს) და მისი შვილი – ღირსი ექვთიმე (ხს. 13 მაისს).
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსნი მამანი მიქაელი და არსენი.
ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი (X)
ღირსი თეოდოსი იღუმენი (+1074)
წმიდა თეოდოსი სავანეში სხვებზე მეტს საქმიანობდა და ძმათა საქმეებსაც თვითონ ასრულებდა. ყველაზე ადრე მიდიოდა ტაძარში და ღვთისმსახურების დამთავრებამდე ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. 1054 წელს ღირს თეოდოსის მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი, 1057 წელს კი იღუმენად აირჩიეს. მისმა მოღვაწეობამ მრავალი ბერი შეკრიბა სავანეში. მან ააშენა ახალი ეკლესია და შემოიღო სტუდიონის მონასტრის წესდება. იღუმენის ხარისხში მყოფი ღირსი თეოდოსი ყველაზე მძიმე მორჩილებაში იყო. ის ჩვეულებრივ, მხოლოდ პურს და მწვანილს ჭამდა, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. ღირსი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა გაჭირვებულებზე. წმიდა თეოდოსიმ იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი და აღესრულა 1074 წელს. ის დაკრძალეს მის მიერვე გათხრილ მღვიმეში, სადაც დიდმარხვას ატარებდა ხოლმე. 1091 წელს აღმოიყვანეს წმიდანის უხრწნელი ნაწილები. 1108 წელს მოხდა მისი კანონიზაცია.