გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
ქალწულმოწამისა პელაგია ტარსელისა (290); მღვდელმოწამისა ერაზმისა, თორმიელ ეპისკოპოსისა (303); მღვდელმოწამისა ალვიანე ანეელი ეპისკოპოსისა და მოწაფეთა მისთა (304); მღვდელმოწამისა სილვანე ღაზელი ეპისკოპოსისა და მის თანა 40-თა მოწამეთა (311); ღირსისა ნიკიფორე მიდიკიელი იღუმენისა (814); მოწამეთა: აფროდისა, მილდასი, მაკროვისა, უალერიანესი, გორდიანესი, ლეონტისა, ანტონისა და სამოცთა მოწამეთა, რომელნი სკვითოპოლისს იწამნეს; აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა, ქრისტეს მეგობრისა ლაზარესი და მარიამ მაგდალინელისა, ქრისტემოყვარე ლეონ მეფის დროს (886-912).
დღის ლოცვა
ქალწულმოწამე პელაგია ტარსელის კონდაკი:
საწუთო ესე უგულებელს-ჰყავ და ზეცათა კეთილთა ზიარ იქმენ, და გვირგვინი წამებისა მოიგე, პელაგია ყოვლადპატიოსანო, და, ვითარცა ძღვენი, შესწირენ ხორცნი შენნი სისხლითა შეღებულნი მეუფისა ქრისტესა, და აწ მას ევედრე ხსნად ჩუენდა ჭირთაგან, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა.
დღის საკითხავები
ლიტ.: საქმ. 5: 1-11 (დას. 13). ინ. 5: 30-6: 2 (დას. 17).
ლიტ.: საქმ. 5: 1-11
1. ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან – საფირასთან ერთად გაყიდა ყანა, 2. ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო. 3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანია, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი? 4. განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს. 5. ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას. 6. წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს. 7. სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. 8. ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად. 9. უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ. 10. მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს. 11. თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს.
ლიტ.: ინ. 5: 30-6: 2
30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. 31. თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 32. სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის, და ვიცი, რომ ჭეშმარატია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის. 33. თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან, და ისიც ემოწმა ჭეშმარიტს. 34. თუმცა მე კაცისაგან როდი ვიღებ მოწმობას, არამედ იმიტომ ვამბობ ამას, რათა გადარჩეთ. 35. ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით. 36. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული. 37. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი. 38. და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული. 39. წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის. 40. თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ. 41. დიდებას არ ვიღებ კაცთაგან. 42. მაგრამ მე გიცნობთ: ღმრთის სიყვარული არ არის თქვენში. 43. მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ. 44. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის? 45. ნუ გგონიათ, რომ ბრალს დაგდებთ მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი არის მოსე, ვისი იმედიცა გაქვთ. 46. ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა. 47. მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?
1. ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა. 2. თან მისდევდა დიდძალი ხალხი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა სნეულთა განკურნებისას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი (+დაახლ. 290) წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ – შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე – ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე. პელაგიას ასეთმა პასუხმა განარისხა იმპერატორის მემკვიდრე, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერი ევნო ქალწულისთვის. წმიდა პელაგიამ დედას სთხოვა, გაეშვა თავის გამზრდელთან, გულში კი ფიქრობდა, მოეძებნა ქრისტიანთა დევნის გამო მთებს შეხიზნული ტარსის ეპისკოპოსი კლინონი და ნათელ-ეღო. წმიდა პელაგიას ძილში გამოეცხადა ეპისკოპოსი და ქალწულმა ზედმიწევნით დაიმახსოვრა მისი სახე. ერთხელ წმიდა ქალწული დედის ბრძანებით ძიძასთან წავიდა მდიდრული ეტლით და მრავალრიცხოვანი ამალით. ღვთის ნებით მის შესახვედრად გამოვიდა ეპისკოპოსი კლინონი. პელაგიამ უმალ იცნო იგი, ფეხებში ჩაუვარდა და მონათვლა სთხოვა. ეპისკოპოსის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. კლინონმა მონათლა წმიდა პელაგია. საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზებმა ნათელი შესამოსელით დაფარეს ღვთის რჩეული. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ეპისკოპოსმა წმიდა პელაგიასთან ერთად ილოცა და განუტევა იგი. გზად მომლოდინე მსახურებთან დაბრუნებულმა პელაგიამ მაცხოვარზე იქადაგა და ბევრი მათგანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა ქალწულს სურდა, სახარების მადლით გაეთბო თავისი დედაც, მაგრამ განრისხებულმა ქალმა იმპერატორის შვილობილს აუწყა, რომ პელაგია ქრისტიანია და არ სურს მასზე დაქორწინდეს. ჭაბუკი მიხვდა, რომ პელაგია მისთვის დაკარგული იყო, არ ისურვა მისი მომავალი წამება ეხილა და მახვილით განიგმირა თავი. პელაგიას დედას შეეშინდა იმპერატორის რისხვისა, თავისი ქალიშვილი შეკრა და დიოკლეტიანეს მიჰგვარა, როგორც ქრისტიანი და დამნაშავე მისი შვილის სიკვდილში. იმპერატორი მოიხიბლა ქალიშვილის სილამაზით და ათასგვარი დაპირებით ეცადა წარმართობისაკენ მის მოქცევას. წმიდა ქალწულმა უარყო იმპერატორის წინადადება და უპასუხა: მე არ შევასრულებ შენს ბრძანებას, რამეთუ მყავს ზეციური სასიძო – ქრისტე, არ მსურს ამაო გვირგვინოსნობა, რადგან უფალმა სასუფეველში სამი გვირგვინი მომიმზადა: რწმენისათვის, ქალწულობისათვის და მოწამეობისათვის. დიოკლეტიანემ ბრძანა, პელაგია გახურებულ სპილენძის ხარში შეეგდოთ. წმიდა ქალწულმა ჯალათებს უფლება არ მისცა, შეხებოდნენ, პირჯვარი გადაისახა და თვითონ შევიდა გავარვარებულ ღუმელში. ცეცხლში მისი სხეული ცვილივით გალღვა და კეთილსურნელებით აავსო მთელი ქალაქი, ძვლები კი უვნებლად იქნა დაცული. წარმართებმა წმიდა ნაწილები ქალაქგარეთ გადაყარეს. მას უდაბნოდან გამოსული ლომები იცავდნენ ეპისკოპოს კლინონის მოსვლამდე. მღვდელმთავარმა შეაგროვა ძვლები და პატივით დამარხა. იმპერატორ კონსტანტინეს დროს (306-337), როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა პელაგიას საფლავზე ეკლესია ააშენეს.
წმიდა მღვდელმოწამე ერაზმი (+303) სიყრმითგანვე გულმოდგინედ მსახურებდა უფალს. ის აკურთხეს ფორმიის (იტალია) ეპისკოპოსად. დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ერაზმმა გადაწყვიტა გარიდებოდა სატანჯველს, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა და ქალაქში დაბრუნება უბრძანა. როცა შემხვედრი მხედრები წმიდანის აღმსარებლობით დაინტერესდნენ, მან ქრისტიანად გამოაცხადა თავი. წმიდა ერაზმი ანტიოქიაში დიოკლეტიანეს მიჰგვარეს. წმიდანმა უშიშრად აღიარა ქრისტე და უშჯულოებაში ამხილა იმპერატორი. წმიდა ერაზმი სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს. საპყრობილეში ჩაკეტილი ქრისტეს აღმსარებელი, ანგელოზმა სასწაულებრივად გამოიხსნა და უბრძანა: „მომყევი, იტალიაში წაგიყვან, იქ მრავალი ადამიანი ელოდება შენს სიტყვას“. ლუკიაში წმიდა ერაზმმა ხალხს ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა და მკვდრეთით აღადგინა ერთი დიდებულის ვაჟი. ამ სასწაულის შემდეგ 10000 კაცი მოინათლა. რომის იმპერიის დასავლეთის მფლობელმა მაქსიმიან პერკულმა ბრძანა წმიდანის შეპყრობა და სამსჯავროზე მიყვანა. წმიდა ერაზმმა კვლავ თამამად აღიარა ქრისტე. წმიდანი ცემეს და ძალით წაიყვანეს წარმართულ ტაძარში, მაგრამ, როგორც კი მან ტაძარში ფეხი შედგა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, სამსხვერპლოდან კი ცეცხლი გამოვარდა და მრავალი წარმართი დაწვა. გათავისუფლებულმა ერაზმმა უამრავი ხალხი მონათლა და ქალაქ სირმიაში წავიდა, სადაც კვლავ შეიპყრეს და აწამეს. წმიდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი და უვნებელი დარჩა. ამ სასწაულმა ისე შეძრა ხალხი, რომ იმპერატორს ამბოხების შეეშინდა და სასახლეში მიიმალა. ანგელოზმა ბორკილებისაგან გაათავისუფლა ერაზმი და დააბრუნა ფორმიაში, თავის საეპისკოპოსოში. ის აღესრულა 303 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ნეშტი.
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე (+304) ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო. ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს. წმიდა ალვიანეს უბრძანეს, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მან მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპმსახურებაზე უარი განაცხადა. წმიდანი აწამეს გახურებული რკინით, უმოწყალოდ ცემეს, მაგრამ ვერ მოტეხეს. მასთან ერთად აწამეს მისი მოწაფეებიც. ბოლოს წმიდანები გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.
წმიდა მღვდელმოწამე სილვან ღაზელი ეპისკოპოსი (+312) ერისკაცობაში მეომარი იყო. ზეციური მეუფის მსახურების მსურველი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ღაზის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა სილვანმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნისას წმიდანი მძიმე სამუშაოეზე გაგზავნეს სპილენძის საბადოებში. ამ სამუშაოებმა ეპისკოპოსი მოაუძლურა, მაგრამ სულით გაუტეხელი დაუღლელად ქადაგებდა ქრისტეს. ამან მისდამი წარმართთა სიძულვილი გააძლიერა. მათ წმიდა ეპიკოპოსს და მის მიერ მოქცეულ 40 ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს.
ღირსი ნიკიფორე წმიდა გრიგოლ პალამას (ხს. 14 ნოემბერს) მოძღვარი იყო. ნეტარი ბერი ათონის მთაზე მოსაგრეობდა XIV საუკუნეში. მას ეკუთვნის ღრმადსულიერი თხზულება იესოს ლოცვის შესახებ.