გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
18.05.2024
წარგზავნა კვირაცხოვლობის დღესასწაულისა. დიდმოწამისა ირინე მაკედონელისა (I-II); ქალწულმოწამისა საგდუხტისა (I); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ბარძიმი შეუსმელი“ (1878).
დღის ლოცვა
ღვთისმშობლის ხატის “ბარძიმი შეუსმელი” ტროპარი:
თაყუანსა ვცემთ რწმენითა ღმრთიურსა და საკვირველსა ხატსა შენსა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რომელი ბარძიმისა შეუსმელისაგან გულმოწყალებისა შენისაგან დაარწყულებ ჩუენთა გულთა და კეთილმორწმუნეთა კაცთა მოუვლენ სასწაულთა. ჩუენცა, მხილველნი და მსმენელნი ამისა, ვიხარებთ სულითა და მხურვალედ გიღაღადებთ: დედოფალო უმოწყალესო, განკურნენ სნეულებანი და ვნებანი ჩუენნი, ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, დახსნისათვის სულთა ჩუენთა.
დღის საკითხავები
საქმ. 5: 21-33 (დას. 15). ინ. 6: 14-27 (დას. 19).
საქმ. 5: 21-33
21. ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში. 22. მაგრამ, როდესაც მივიდნენ, მსახურებმა ისინი ვერ ნახეს საპყრობილეში, გამობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს: 23. საპყრობილე საგულდაგულოდ დახშული დაგვხვდა, მცველები კი კართან იდგნენ; მაგრამ, რიდესაც გავაღეთ, ვერავინ ვნახეთ შიგ. 24. ამ სიტყვების გაგონებისას ტაძრის მცველთა მეთაური და მღვდელმთავარნი საგონებელში ჩავარდნენ, ეს რას ნიშნავსო? 25. ვიღაცა მოვიდა და მოახსენა მათ: ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიანო. 26. მაშინ მცველთა უფროსი მსახურების თანხლებით წავიდა და მოიყვანა ისინი, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო. 27. როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ: 28. აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი. 29. ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა. 30. ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაჰკიდეთ და მოჰკალით. 31. თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს. 32. ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ. 33. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ ბოლო მოეღოთ მათთვის.
ინ. 6: 14-27
14. ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ ქმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად. 15. იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი; ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე. 16. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ; 17. ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან. 18. ძლიერი ქარი ქროდა და ზღვა ბობოქრობდა. 19. ოცდახუთი თუ ოცდაათი უტევანი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს, და შეშინდნენ. 20. ხოლო იესომ უთხრა მათ: მე ვარ, ნუ გეშინიათ. 21. უნდოდათ ნავზე აეყვანათ, მაგრამ მაშინვე მიადგნენ ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ. 22. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ არ იყო იქ სხვა ნავი, გარდა იმ ერთისა, რომელშიაც ისხდნენ მისი მოწაფეები, იესო კი არ მჯდარიყო ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხთლოდ მოწაფეებს გაეცურათ. 23. ხოლო ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. 24. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იქ აღარც იესოა და აღარც მისი მოწაფეები, თვითონაც ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გასწიეს. 25. ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ? 26. მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. 27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)