19.05.2024. აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირიაკე. ხმა II.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მარიამ მაგდალელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართალთა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა; კეთილმსახურისა თამარისა, მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213); მართლისა იობ მრავალვნებულისა (2000-1500 წწ. ქრ.შ-მდე); მოწამეთა: ბარბაროს მხედრისა, ბაქოსი, კალიმაქესი და დიონისესი (362); მოწამისა ბარბაროს ავაზაკყოფილისა. 

დღის ლოცვა

მართალი იობ მრავალვნებულის

ტროპარი: სიმდიდრესა რა სათნოებათასა იობისა ხედვიდა მართალთა იგი მტერი, წარპარვასა მისსა განიზრახვიდა და ამისთვის განარღვევდა გოდოლსა მას გვამისა მისისასა, გარნა საუნჯესა მას უბიწოსა გვამისა მისისასა ვერ შეუძლებდა წარპარვად, რამეთუ პოვებდა მას შეჭურვილად, ხოლო მე უბადრუკი ესე შიშველ და ტყვე-მყო; ამისთვის ისწრაფე, მაცხოვარ, პირველ აღსასრულისა ხსნად ჩემდა მზაკვარისა მისგან და მაცხოვნე მე.

კონდაკი: ვითარცა ჭეშმარიტად მშვიდი და ღმრთისა თანამზრახველი, წმიდა ქმნილად გამოსჩნდი შენ, დიდებულო იობ, მონაო მართალო, და განანათლე სოფელი მოთმინებითა შენითა, ჭირთა თავსდებითა და მოქალაქეობითა შენითა, ვინაცა ყოველნი ვაქებთ აღმასრულებელნი სახსენებელსა შენსა.

აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა

ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.

ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

კონდაკი: ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაი უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-3, მკ. 16: 9-20 (დას. 71). 
ლიტ.: საქმ. 6: 1-7 (დას. 16). მკ. 15: 43-16: 8 (დას. 69). 

ცისკ.: მკ. 16: 9-20 

9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.

ლიტ.: საქმ. 6: 1-7 

1. ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას. 2. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. 3. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. 4. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. 5. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი, 6. რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ. 7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.

ლიტ.: მკ. 15: 43-16: 8 

43. მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 44. ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდიხანია მოკვდა? 45. და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი. 46. ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს. 47. ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი. 

1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი. ღმერთმა აკურთხა მისი კეთილმსახურება და ურიცხვი სიმდიდრე მიმადლა: უამრავი საქონელი ჰყავდა და ყოველგვარი სიკეთით იყო აღსავსე. მისი შვიდი ვაჟი და სამი ასული ურთიერსიყვარულით ცხოვრობდა. ისინი მორიგეობით იკრიბებოდნენ ერთმანეთთან საერთო ტრაპეზზე, ყოველ მეშვიდე დღეს მართალი იობი მსხვეპლს სწირავდა უფალს შვილებისათვის: „იქნებ ვინმემ შესცოდა, იქნებ ვინმემ მკრეხელობა გაივლო გულშიო“. სამართლიანობისთვის და პატიოსნებისთვის წმიდა იობი საყოველთაო პატივით სარგებლობდა თანამოქალაქეებში.
ერთხელ, როცა უფლის საყდარში წმიდა ანგალოზები გამოცხადდნენ, მათ შორის გამოჩნდა სატანაც. ღმერთმა ჰკითხა სატანას, ნახა თუ არა მან მონა უფლისა იობი, მართალი და უმანკო. სატანამ ქედმაღლურად უპასუხა, რომ უფალი იცავს მას და უმრავლებს დოვლათს, მაგრამ თუ უბედურება დაატყდება თავს, იობი დაგმობს უფალს. ღმერთს სურდა გამოეცადა იობის მოთმინება და სატანას უთხრა: „ყველაფერს, რაც იობს გააჩნია, შენს ხელში ჩავაგდებ, მხოლოდ მას ნუ შეეხები“. ამის შემდეგ იობს მოულოდნელი უბედურებების წყება დაატყდა თავს: ერთმა მაცნემ ხარების გატაცების ამბავი მოუტანა, მეორემ ცხვრის ფარისა და მსახური ბიჭების დაწვა აუწყა ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლით, მესამემ აქლემების ამოხოცვა ამცნო. მაგრამ ყველაზე თავზარდამცემი იყო ის, რაც ბოლოს შეიტყო: როცა იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში ილხენდნენ, უდაბნოდან მონაბერმა მძლავრმა ქარმა ჭერი თავზე დაამხო ყმაწვილებს და ყველა ამოხოცა. მწუხარებისაგან გულშემოყრილმა იობმა მოსასხამი შემოიხია, გლოვის ნიშნად თავი გადაიპარსა, მაგრამ უფლის დასაგმობად ერთი სიტყვაც არ დასცდენია, პირიქით, მიწაზე დაეცა, შემოქმედს თაყვანი სცა და თქვა: „შიშველი გამოვედ საშოითგან დედისა ჩემისა, შიშველი მივალ დედისა ჩემისა მიწისა მიმართ. უფალმა მომცა, უფალმა წამგვარა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“.
უფლის ანგელოზები კვლავ წარდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ თქვა, რომ იობი მართალია, სანამ თვითონ არის უვნებელი, „თუ თვით მას შეეხება უბედურება, პირში დაგიწყებს გმობასო“. უფალმა აუწყა: „უფლებას გაძლევ, გააკეთო რაც გინდა, ოღონდ სულს ნუ შეეხები“. სატანამ საშინელი ავადმყოფობა – კეთრი შეჰყარა იობს. ვნებული იძულებული გახდა ხალხს განშორებოდა. მეგობრებმა და ნაცნობებმა მიატოვეს ერთ დროს დიდებული და სახელგანთქმული კაცი. ცოლი კი საყვედურით ეუბნებოდა: „სად არის შენი სარწმუნოება და კეთილი საქმე, რატომ არ გშველის ღმერთი? სჯობს ჰგმო იგი, იქნებ ბოლო მაინც მოგიღოსო“. მართალი იობი განსაცდელშიც უფლის ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.
იობის უბედურება გაიგო მისმა სამმა მეგობარმა და მოინახულა ავადმყოფი. დავრდომილის დანახვაზე მათ ტირილი წასკდათ. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უსიტყვოდ შესცქეროდნენ მის ტანჯვას და გულწრფელად თანაუგრძნობდნენ. ბოლოს იობმა გახსნა ბაგე და თავისი გაჩენის დღე დასწყევლა. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ იობი ღვთისგან ისჯებოდა ცოდვებისათვის და ურჩიეს, მონანიება. მართალი კი პასუხობდა, რომ ის ცოდვებისთვის კი არ იტანჯებოდა, არამედ უფალმა გამოსაცდელად მოუვლინა ეს სატანჯველი.
ამგვარი მოთმინებისთვის ღმერთმა ხელახლა დააჯილდოვა იობი. იგი სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდა ამისა, მას კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ქალი. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 248 წლისა. 
წმიდა მოწამენი ბარბარ მხედარი, ბაქო, კალემახოსი და დიონისე (+362) ცხოვრობდნენ მე-4 საუკუნეში და იმპერატორ იულიანე განდგომილის არმიაში მსახურობდნენ. წმიდა ბარბარი ფარული ქრისტიანი იყო. ფრანკებთან ომის დროს მან გაიმარჯვა მტრის გოლიათ მეომართან ორთაბრძოლაში და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ფრანკებზე გამარჯვების შემდეგ მხედართმთავარმა ბაქომ გადაწყვიტა მსხვერპლი შეეწირა წარმართული ღმერთებისათვის და პირველი მსხვერპლშეწირვის პატივი დაუთმო ბარბარს, როგორც გამარჯვებულს. წმიდა ბარბარმა საჯაროდ გამოაცხადა თავისი ქრისტიანობა და უარი თქვა მსხვერპლშეწირვაზე. ამისთვის იულიანე განდგომილის ბრძანებით სასტიკად აწამეს. წმიდანი ხეზე დაკიდეს და ისე დაუსერეს სხეული, რომ შიგნეული გადმოუცვივდა. წმიდა მოწამემ ღვთისგან შემწეობა ითხოვა. მაშინ გამოჩნდა უფლის ანგელოზი და წმიდანის წყლულები განკურნა. ამ სასწაულის მხილველმა ბაქომ და ორმა მხედარმა – კალემახოსმა და დიონისემ წარმართული ღმერთები უარყვეს და ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც თავი მოეკვეთათ. წმიდა ბარბარი ურმის თვალზე აწამეს და ცეცხლი შეუნთეს, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა მოწამე, ალი ჯალათებს მოედო და დაწვა. ამის შემდეგ წმიდანს კიდევ 7 დღე აწამებდნენ, მაგრამ ღვთაებრივი ძალის შემწეობით უვნებელი რჩებოდა. ამ სასწაულების მხილველი ბევრი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. წმიდა ბარბარმა თავისი საოცარი მოღვაწეობა დაასრულა 362 წელს. ის მახვილით განგმირეს. წმიდანის სხეული მიწას მიაბარა პელოპონესის ეპისკოპოსმა ფილიკიმ. 
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე. ბარბარს მოაგონდა ყველა ბოროტება, მის მიერ ქმნილი და სინანულში ჩავარდა. „უფალს სათნო ეყო მის გვერდით ჯვრაცმული ავაზაკის ლოცვა, მეც დამიცავს თავისი გამოუთქმელი მოწყალების გამო“. მან მთელი საგანძური გამოქვაბულში დატოვა და უახლოეს ეკლესიაში წავიდა, მღვდელს მოუთხრო ყველაფერი და შეევედრა, მიეღო მისგან აღსარება. მღვდელმა ბარბარს თავის სახლში მისცა ბინა. მღვდლის სახლში ავაზაკყოფილი საღორეში დასახლდა, საქონლის საჭმელს ჭამდა და ცხოველზე უარესად მიაჩნდა თავი. მღვდლისგან ცოდვათა შენდობის შემდეგ წმიდა ბარბარი ტყეში წავიდა და 12 წელი გაატარა გამუდმებულ ლოცვასა და ტირილში. ბოლოს, წმიდანმა ზეციდან ნიშანი მიიღო, რომ მისი ცოდვები აღხოცილ იქნა უფლისაგან. ერთხელ იმ ადგილებში ვაჭრებმა გაიარეს. მათ შენიშნეს, ხშირ ბალახში რაღაც შეიძრა, იფიქრეს, რომ ნადირი იყო და ისარი ესროლეს. ახლოს რომ მივიდნენ, შეძრწუნდნენ. წინ მომაკვდავი ადამიანი იწვა. წმიდანი ვაჭრებს შეევედრა, არ ედარდათ, მხოლოდ მღვდლისთვის შეეტყობინებინათ ეს ამბავი. მღვდელმა, რომელმაც მიიღო წმიდა ბარბარის აღსარება, და მისცა მას წმიდა ზიარება, ამჯერად ვერ მიუსწრო სულთმობრძავს. ის კრძალვით მიეახლა წმიდანის ღვთაებრივი შუქით განათებულ ცხედარს. დაასაფლავა იქვე, სადაც გარდაიცვალა. შემდგომ წმიდა მოწამის კუბოდან წმიდა მაკურნებელმა მირონმა იწყო დენა. წმიდა ბარბარის ნაწილები განისვენებენ კელიის მონასტერში თესალიაში, ქალაქ ლარსის მახლობლად.