21.05.2024. აღდგომიდან მე-3 შვიდეული. სამშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია.

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-3 შვიდეული. სამშაბათი 

მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (98-117); ღირსისა არსენი დიდისა (449-450). 

დღის ლოცვა

მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა

ტროპარი: ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი, ღმრთისმეტყუელო იოანე, მეოხგუეყავნ ჩუენ.

ტროპარი: მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და გვიხსნენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქუს შენ კადნიერებაი მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყუელო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.

კონდაკი: დიდებულებანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.

დღის საკითხავები 

მწუხრ.: 1) 1 ინ. 3: 21-4: 6. 2) 1 ინ. 4: 11-16. 3) 1 ინ. 4: 20-5: 5.
ცისკ.: ინ. 21: 15-25 (დას. 67).
ლიტ.: საქმ. 8: 5-17 (დას. 18). ინ. 6: 27-33 (დას. 20).
მოც.: 1 ინ. 1: 1-7 (დას. 68). ინ. 19: 25-27;21: 24-25 (დას. 61). 

მწუხრ.: 1) 1 ინ. 3: 21-4: 6 

21. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე. 22. ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს. 23. მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი. 24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი – მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ. 

1. საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. 2. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. 3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად. 4. თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად. 5. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ. 6. ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.

მწუხრ.: 2) 1 ინ. 4: 11-16 

12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში. 13. იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის – ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ. 14. ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად. 15. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის – ღმერთში. 16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი – მასში.

მწუხრ.: 3) 1 ინ. 4: 20-5: 5 

20. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს? 21. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. 

1. ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს. 2. იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს. 3. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია. 4. რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა. 5. ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?

ცისკ.: ინ. 21: 15-25 

15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

ლიტ.: საქმ. 8: 5-17 

5. ასე, ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და უქადაგებდა მათ ქრისტეს. 6. ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე, უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. 7. ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროო ყვირილით გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა. 8. და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში. 9. იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი. 10. ყველა, დიდი თუ პატარა, უსმენდა და ამბობდა: ეს არის ძალა ღვთისა, დიადად რომ იწოდებაო. 11. სმენით კი იმიტომ უსმენდნენ, რომ რა ხანია აცვიფრებდა მათ გრძნეულებით. 12. მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც. 13. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა. 14. იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე, 15. რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა. 16. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით. 17. მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა.

ლიტ.: ინ. 6: 27-33 

27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი. 28. მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი? 29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული. 30. კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამთთ? მაინც რას მოიმოქმედებ? 31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური. 32. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს. 33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას.

მოც.: 1 ინ. 1: 1-7 

1. რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას; 2. (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ). 3. რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას – იესო ქრისტეს. 4. ამას გწერთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. 5. ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან, და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი. 6. თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის – იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.

მოც.: ინ. 19: 25-27; 21: 24-25 

25. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. 26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე! 27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი. 

24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისათვის „ძე ქუხილისა“ უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად გულმოდგინედ ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, თავის სახლში, რომელიც მდებარეობდა სიონის მაღლობზე, ზრუნავდა ყოვლადწმიდა მარიამზე – მაცხოვრის დედაზე, რომელიც მას მიანდო ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ და რომელიც მასთან ცხოვრობდა მიძინებამდე. პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იგი სამარიაშიც, შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში, იერუსალიმიდან გადავიდა მცირე აზიაში და მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. იოანე ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას იმ ადგილებში, სადაც მას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული, რათა მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული ქრისტიანობა შემდეგ სხვაგანაც გავრცელებულიყო. დომიციანეს მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა. კუნძულზე დღემდე არსებობს მონასტერი, აგებული ქრისტეს მოძღვრებისათვის პყრობილის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.
უფალმა პატმოსის კუნძულზე წმიდა მოციქულ იოანეს მოუვლინა მთელი რიგი საიდუმლო გამოცხადებანი, რომლებშიც წარმოდგენილი იყო კრავის ბრძოლა გველთან და პირველის გამარჯვება. უფალმა უბრძანა მას, დაეწერა წიგნი ამ ჩვენებებზე და გაეგზავნა ის ასიის შვიდი ეკლესიისათვის ქრისტიანთა სანუგეშოდ და სახელმძღვანელოდ. აპოკალიფსი – გამოცხადება, ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულს გვიცხადებს.
რომის ტახტზე იმპერატორ ტრაიანეს ასვლის შემდეგ პატმოსის პატიმარმა თავისუფლება მიიღო და დაბრუნდა ეფესოში, სადაც განაგრძო მოღვაწეობა ქრისტიანული მოძღვრების სიწმიდის დასაცავად.
მორწმუნეთა დაბეჯითებული თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო.
მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს (1 ინ. 2,22; 4,3), ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულით და სიმტკიცით; რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ქრისტე, მით უფრო სძულს ანტიქრისტე; რაც უფრო მეტად მიელტვის ჭეშმარიტებას, მით უფრო მეტად განეშორება სიცრუეს, რამეთუ ნათელი განდევნის ბნელს (ინ. 8,12; 12,35-36).
მოციქულთაგან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა. იგი მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით 110 წელს. ძველი გადმოცემის მიხედვით, როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, ჩაწვა შიგ, ვითარცა სარეცელში და მშვიდად განუტევა სული. დასაფლავებულია ეფესოში. 
ღირსი არსენი დიდი (+449-450) დაიბადა 354 წელს რომში, კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში, ღრმა სარწმუნოებამ ყმაწვილში მეცნიერებათა შესწავლის შეწყვეტისა და ღვთის მსახურებისთვის თავის გადადების სურვილი აღძრა. მალე წმიდა არსენის დიაკვნად დაასხეს ხელი.
რომის იმპერიის აღმოსავლეთის მმართველმა იმპერატორმა თეოდოსიმ (379-395) მისი განათლებისა და ღვთისმოსაობის შესახებ შეიტყო და თავისი ვაჟების, არკადისა და ჰონორიუსის აღზრდა დაავალა. თავისი სურვილის წინააღმდეგ, არსენი იძულებული გახდა დამორჩილებოდა იმპერატორის სურვილს. მაშინ წმიდა მამა 29 წლისა იყო.
კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდა არსენი დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა თეოდოსიმ და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა: „თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს“.
ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა ყრმათა აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი, რომლითაც გარშემორტყმული იყო, უმძიმებდა ბერული ცხოვრებისა და მდუმარებისკენ მოწოდებულ სულს. წმიდა არსენი მხურვალედ ევედრებოდა უფალს, გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზა. უფალმა ისმინა მისი და, ერთხელ, წმიდა მამას ზეციდან მოესმა ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა და ცხოვნდები“. წმიდა არსენმა განიძარცვა მდიდრული სამოსელი, მალულად დატოვა სასახლე, ხომალდზე ავიდა და ალექსანდრიაში წავიდა, აქედან კი უდაბნოს მიაშურა. მონასტერში მისულმა წმიდა არსენმა წინამძღვარს საძმოში მიღება სთხოვა. წმიდანი მიიყვანეს ღირს იოანე კოლოვასთან (ხს. 9 ნოემბერს). ღირსმა იოანემ წმიდა არსენის მორჩილების გამოსაცდელად ტრაპეზთან კი არ დასვა მისული, არამედ პურის ნაჭერი გადაუგდო და უთხრა: „ჭამე, თუ გინდა“. ღირსი არსენი მორჩილებით დაემხო მუხლებზე, მადლიერებით მიიღო პური და კუთხეში დადგა. წმიდა იოანემ თქვა: „ის უდიდესი მოღვაწე იქნება“ და სიხარულით აღკვეცა ბერად.
ღირსმა არსენმა გულმოდგინედ დაიწყო მოღვაწეობა და მალე აღემატა უდაბნოს ბევრ მამას. ერთხელ, ლოცვისას კვლავ გაიგონა ზეციური ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა, მდუმარება დაიმარხე, რადგან ესაა ძირი უცოდველობისა“. ღირსი არსენი განმარტოებულ კელიაში დასახლდა და მდუმარების ღვაწლს შეუდგა. იშვიათად გამოდიოდა გარეთ, მხოლოდ დღესასწაულზე და კვირაობით მიდიოდა ეკლესიაში. ერთი ბერის კითხვაზე, თუ რატომ განუდგა ხალხს, მოწამემ უპასუხა: „ღმერთი ხედავს, რომ ყველა მიყვარს, მაგრამ არ ძალმიძს ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ხალხთანაც“.
დიდი მოღვაწის სახელი შორს გავარდა. ბევრს უნდოდა მისი ნახვა, ამით კი ღირსი მამის მდუმარების აღთქმა ირღვეოდა, ამიტომ წმიდანი იძულებული იყო ხშირად გამოეცვალა საცხოვრისი, მაგრამ მისი ნახვის მსურველები მაინც ახერხებდნენ მის პოვნას.
ერთხელ ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა არსენის, როგორ მოქცეულიყო, როდესაც ფსალმუნის კითხვისას სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა. წმიდა ბერმა უპასუხა, რომ საჭიროა ფსალმუნის კითხვის გაგრძელება, რადგან ბოროტი ძალები გარბიან ადამიანისაგან წმიდა წერილის სიტყვების გაგონებისას.
ბერებს ხშირად ესმოდათ წმიდა არსენის სიტყვები: „იშრომე, არსენი, ნუ ზარმაცობ, შენ აქ დასასვენებლად კი არ მოსულხარ, არამედ საღვაწოდ“. წმიდა ბერი ხშირად იტყოდა ხოლმე: „ბევრჯერ ჩავვარდნილვარ სინანულში წარმოთქმული სიტყვების გამო, დუმილის გამო კი არასოდეს!“
წმიდა მამამ ბერულ მოღვაწეობაში 55 წელი გაატარა, თანამედროვეთაგან „დიდის“ ზედწოდება დაიმსახურა და აღესრულა 95 წლისა, 449 ან 450 წელს.