გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
ვნების შვიდეული. დიდი შაბათი
4.05.2024. მძიმე მარხვა
მღვდელმოწამისა ექვთიმე გაენათელ მიტროპოლიტისა (შერვაშიძე, 1822); მღვდელმოწამისა იანვარ ვენივენდოს ეპისკოპოსისა და მის თანა მოწამეთა: სოსე და პროკლე დიაკონთა, რომელნი იყვნენ ქალაქით პოტიოლით, ევტვიქი და აკუსტიონ დიაკონთა და ფავსტო და დისიდერი კლირიკოსთა (305); მოწამეთა: თეოდორე პერგიელისა, დედისა მისისა ფილიპიასი, დიოსკორესი, სოკრატესი და დიონისესი (II); მოწამეთა: დედოფლისა ალექსანდრასი, ისაკისა, აპოლოსისა და კოდრატესი (303); მაქსიმიანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (434).
დღის ლოცვა
სამღდელოთა საცხებელითა განშუენდით, დიდებულნო იანუარი და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღაღადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყუარისა ღმრთისათა.
დიდი შაბათი
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდენ: ცხოვრებისმომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა.
კონდაკი: რომელმან დაჰხშნა უფსკრულნი მკვდრად იხილვების, მურითა და ალოითა შემურვილი, საფლავსა დაიდების წარგრაგნილი სუდარითა, ვითარცა მკვდარი, უკვდავების მომცემელი, და დედანი ნელსაცხებლისა მიმღებელნი საფლავსა მისსა ზედა გოდებით ღაღადებდეს: ესე დღე უფროსად კურთხეული შაბათისა წმიდა, რომელსა ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა რა ძილისაგან, აღდგომაი ნებავს საფლავისაგან მესამესა დღესა.
დღის საკითხავები
ცისკ.: ეზეკ. 37: 1-14.
1 კორ. 5: 6-8; გალ. 3: 13-14 (დას. 133, 206). მთ. 27: 62-66 (დას. 114).
ცისკ.: ეზეკ. 37: 1-14
1. იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე. 2. შემომატარა მათ გარშემო და, აჰა, ძალზე ბევრი ეყარა ველზე და, აჰა, ძალზე გამხმარი იყო. 3. მითხრა: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები? ვთქვი, უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი. 4. მითხრა: უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი მათ: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა! 5. ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, შევიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. 6. მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ. 7. ვიწინასწარმეტყველე, როგორც მებრძანა. გაისმა ხმა, როცა წინასწარვმეტყველებდი და, აჰა, შეიქნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა. 8. დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არ არის 9. მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ. 10. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი. 11. მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო. 12. ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო, და მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე. 13. მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო. 14. ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით; დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, ამბობს უფალი.
1 კორ. 5: 6-8; გალ. 3: 13-14
6. საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? 7. მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა. 8. ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.
გალ. 3: 13-14
13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“, 14. რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით.
მთ. 27: 62-66
62. ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე 63. და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. 64. მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება. 65. უთხრა მათ პილატემ: დარაჯნი თქვენა გყავთ, წადით და უდარაჯეთ, როგორც გჩვევიათ. 66. ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს.
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.
ლიტ. (მწუხრ.): 1) დაბ. 1: 1-13. 2) ეს. 60: 1-16. 3) გამ. 12: 1-11. 4) იონ. 1: 1-16; 2: 1-11; 3: 1-10: 4: 1-11. 5) ისუ ნავ. 5: 10-15. 6) გამ. 13: 20-22; 14: 1-31; 15: 1-19. 7) სოფ. 3: 8-15. 8) 3 მეფ. 17: 18-24, 9) ეს. 61: 10-11; 62: 1-5. 10) დაბ. 22: 1-18. 11) ეს. 61: 1-9. 12) 4 მეფ. 4: 8-37. 13) ეს. 63: 11-19; 64: 1-5. 14) იერ. 38: 31-34. 15) დან. 3: 1-56.
რომ. 6: 3-11 (დას. 91). მთ. 28: 1-20 (დას. 115).
ლიტ. (მწუხრ.):
1) დაბ. 1: 1-13
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. 3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. 4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. 5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე. 6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. 7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. 8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა – მეორე დღე. 9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 12. წარმოშვა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით. 13. იყო საღამო, იყო დილა – მესამე დღე.
2) ეს. 60: 1-16
1. აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე. 2. რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი – ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება. 3. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე. 4. ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ. 5. მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა. 6. უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ. 7. კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან, ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ. 8. ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ? 9. რადგან მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ. 10. ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ. 11. მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ. 12. რადგან ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან. 13. ლიბანის დიდება შენთან შოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა – ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო. 14. ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა. 15. ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში. 16. ხალხთა ღალით გამოიკვებები და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
3) გამ. 12: 1-11
1. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: 2. თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში. 3. ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე. 4. თუ კრავის შესაჭმელად მცირეა სახლი, შეუამხანაგდნენ ერთმანეთს კარის მეზობლები და სულადობის მიხედვით აიყვანონ კრავი. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია. 5. საღი, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი. 6. ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს. 7. აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს, სადაც შეუდგებიან ჭამას. 8. იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ. 9. ნუ შეჭამთ ნახევრადშემწვარს ან წყალში მოხარშულს; მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად. 10. დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით. 11. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.
4) იონ. 1: 1-16; 2: 1-11; 3: 1-10; 4: 1-11
1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. 5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. 6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე. 7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან. 8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. 10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. 11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; 13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. 14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. 15. იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.
1. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა. 2. იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში. 3. და რაკი ღვინიო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ. 4. ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. 5. დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო. 6. იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. 7. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. 8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. 9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს. 10. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს. 11. ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა.
1. ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი, 2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი. 3. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს. 4. უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს? 5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. 6. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული. 7. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. 8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც. 9. მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს? 10. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი?
1. ხოლო როცა უფალმა გაიგო, ფარისევლებმა შეიტყვეს, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანეო 2. (თუმცა თვით იესო როდი სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები). – 3. მიატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა. 4. ხოლო გზად სამარიაზე უნდა გაევლო. 5. მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ მინდვრის მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს. 6. იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი. 7. მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ, წყალი დამალევინეო. 8. ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად. 9. და უთხრა მას სამარიელმა ქალმა: როგორ, შენ, იუდეველი, წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს? ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან. 10. მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ. 11. ქალმა უთხრა: ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი?
5) ისუ ნავ. 5: 10-15
10. იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე. 11. ჭამეს იმ ქვეყნის ნაყოფები პასექის მეორე დღეს – ხმიადები და ქუმელი – სწორედ ამ დღეს. 12. შეწყდა მანანა მას შემდეგ, რაც ჭამეს ქვეყნის ნაყოფი. აღარ ჰქონდათ ისრაელიანებს მანანა და ჭამდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავალს იმ წელს. და იკვებებოდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავლით იმ წელიწადს. 13. ერთხელაც, როცა იერიხონთან იყო იესო, გაიხედა და დაინახა მის წინ მდგარი კაცი, რომელსაც ხელში გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. მივიდა მასთან იესო და ჰკითხა: მტერი ხარ თუ მოყვარე? 14. მიუგო: არა, უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი. პირქვე დაემხო იესო და თაყვანისცა. უთხრა: რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მორჩილს? 15. უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: ფეხსამოსი გაიძვრე ფეხზე, რადგან წმიდაა ეს ადგილი, სადაც დგახარ. ასეც მოიქცა იესო.
6) გამ. 13: 20-22; 14: 1-31; 15: 1-19
20და აიყარნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ყეთამში, უდაბნოს პირას. 21და უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. 22 არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით.
1. მოხდა ისე, რომ შინყარის მეფის, ამრაფელის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამის მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ, 2. ბრძოლა გაუმართეს ბერაყს, სოდომის მეფეს, ბირშაყს, გომორის მეფეს, შინაებს, ადმას მეფეს, შემემებერს, ცებოიმის მეფეს და ბედაყის ანუ ცოღარის მეფეს. 3. ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა. 4. თორმეტი წელიწადი ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აღუდგნენ. 5. მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი მეფეებითურთ და ამოწყვიტეს რეფაიმები აშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელები ჰამში, ემიელები შავე-კირიათაიმში. 6. და ხორიელები სეყირის მთებში ელფარანამდე, უდაბნოს პირას რომ მდებარეობს. 7. უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი. 8. გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორის მეფე, ადმას მეფე, ცებოიმის მეფე, ბელაყის ანუ ცოღარის მეფე და ბრძოლა გაუმართეს სიდიმის ველზე 9. ქედორლაღომერს, ელამის მეფეს, თიდყალს, ცებოიმის მეფეს, ამრაფელს, შინყარის მეფეს და არიოქს, ელასარის მეფეს – ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს. 10. სიდიმის ველზე უამრავი ფისის ჭა იყო. უკუიქცნენ სოდომისა და გომორის მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ. 11. ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ. 12. ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული, სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ. 13. მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ემქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ. 14. როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე. 15. გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის. 16. დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც. 17. მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება. 18. სოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. 19. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! 20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი. 21. უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე. 22. უთხრა სოდომის მეფეს აბრამმა: უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს, 23. თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი. 24. გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად; ანერმა, ეშქოლმა და მამრემ წაიღონ თავ-თავიანთი წილი.
1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და უთხრეს: 2. რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას. 3. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით? 4. ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. 5. ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, – 6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას. 7. თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა: 8. ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. 9. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს. 10. მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ: 11. პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს. 12. მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ? 13. ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. 14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან. 15. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი. 16. ბოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? 17. ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. 18. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს. 19. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
7) სოფ. 3: 8-15
8. ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა. 9. რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ. 10. ქუშის მდინარეთა გაღმიდან ჩემი გაფანტული ხალხი მომართმევს ძღვენს. 11. იმ დღეს აღარ შეირცხვენ თავს შენი საქციელით, რითაც მცოდავდი, რადგან მაშინ მოვარიდებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს, რომ აღარ იამაყო ჩემს წმიდა მთაზე. 12. დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან უფლის სახელს. 13. აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი. 14. გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! 15. აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ.
8) 3 მეფ. 17: 18-24
18. უთხრა ქალმა ელიას: რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან და ბავშვს მიკლავ? 19. უთხრა ელიამ: მომეცი შენი შვილი, უბიდან გამოართვა დედას ბავშვი და ზემო თვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა. 20. შეჰღაღადა უფალს და უთხრა: უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ? 21. სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში. 22. ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი. 23. აიყვანა ელიამ ბავშვი და ჩაიყვანა ზემო ოთახიდან სახლში და მისცა დედას. თქვა ელიამ: დახედე, ცოცხალია შენი შვილი. 24. უთხრა ქალმა ელიას: ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და რომ ჭეშმარიტებაა შენს ბაგეებში უფლის სიტყვა.
9) ეს. 61: 10-11; 62: 1-5
10. ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით. 11. რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს თავის ამონაზარდს და ბაღი ამოზრდის თავის დანათესს, ასევე უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე.
1. სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა. 2. დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს – და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ. 3. იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში. 4. აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას – დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას პატრონი ეყოლება. 5. როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ასე დაგეპატრონებიან შენი შვილები; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.
10) დაბ. 22: 1-18
1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ! 2. უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ. 3. ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა. 4. მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი. 5. უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით. 6. აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად. 7. უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის? 8. უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად. 9. მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ. 10. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად. 11. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ. 12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ – მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. 13. გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად. 14. უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა. 15. მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან 16. და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, 17. კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს; 18. იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.
11) ეს. 61: 1-9
1. სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად. 2. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა; 3. დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები – საუფლო ნერგი, რომ იდიდონ. 4. ააშენებენ ძველთაძველ ნაოხარებს, აღადგენენ წინადროინდელ უკაცრიელ ადგილებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობაში უკაცრიელთ. 5. დადგებიან უცხონი და დამწყესავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი. 6. თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმეგათ; ხალხთა დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე. 7. სირცხვილის ნაცვლად ორმაგად მოგეზღვებათ; შეურაცხების ნაცვლად თავიანთ წილზე გაიხარებენ, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებვნ. საუკუნო სიხარული ექნებათ მათ. 8. რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა და უკეთურება, სიყვარულით მივაგებ მათ საზღაურს და საუკუნო აღთქმას დავუდებ. 9. განითქმება მათი თესლი ხალხებში და მათი მოდგმა ერებს შორის, და ყოველი მათი დამნახველი აღიარებს, რომ ისინი უფლისაგან კურთხეული თესლია.
12) 4 მეფ. 4: 8-37
8. ერთ დღესაც შუნემში გაიარა ელისემ. ცხოვრობდა იქ ერთი მდიდარი ქალი, რომელმაც პურის საჭმელად მიიწვია იგი. და რამდენჯერაც არ ჩაივლიდა, ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე იქ პურის საჭმელად. 9. უთხრა ქალმა თავის ქმარს: ნამდვილად ვიცი, რომ წმიდაა ღვთისკაცი, ჩვენთან რომ დადის ხოლმე მუდამ. 10. მოვუწყოთ მცირე ოთახი ზემოთვალში, დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი. როცა ჩვენთან გამოივლის, იქ შევიდეს. 11. ერთ დღესაც გამოიარა მათთან, შევიდა ზემოთვალში და დაწვა. 12. უთხრა ელისემ გეხაზის, თავის მსახურ ბიჭს: დაუძახე ამ შუნამელ ქალს. მანაც დაუძახა და ეახლა ქალი. 13. უთხრა ელისემ მსახურ ბიჭს: უთხარი მაგას: აჰა, დიდად ზრუნავ-თქო ჩვენზე. რა შემიძლია, რომ გაგიკეთო? იქნებ ველაპარაკო შენზე მეფეს ან მხედართმთავარს? მიუგო: ჩემიანებში ვცხოვრობ. 14. თქვა: მაინც რა გავუკეთო? თქვა გეხაზიმ: ჰო, მართლა, შვილი არა ჰყავს, ქმარი კი მოხუცია. 15. უთხრა: დაუძახე. დაუძახა და კართან დადგა ქალი. 16. უთხრა: გაის ამ დროს ჩახუტებული გეყოლება ვაჟიშვილი. თქვა ქალმა: არა, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მატყუებ შენს მორჩილს. 17. დაორსულდა ის ქალი და წლის სწორს შვა ძე, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის ელისეს. 18. გაიზარდა ბავშვი და ერთ დღესაც წავიდა მამამისთან, მომკელებთან. 19. უთხრა მამას: ვაი! ვაი, თავი! უთხრა კაცმა მსახურ ბიჭს: დედას წაუყვანე! 20. წაიყვანა და მიუყვანა დედას; იჯდა მის მუხლებზე შუადღემდე და მოკვდა. 21. ავიდა ქალი ზემოთვალში და ღვთისკაცის საწოლში ჩააწვინა ბავშვი. კარი გამოიკეტა და გარეთ გამოვიდა. 22. დაუძახა ქმარს და უთხრა: გამომიგზავნე ერთი ვინმე მსახური და ერთი ვირი. ღვთისკაცთან გავიქცევი და ისევ მოვბრუნდები. 23. უთხრა: რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს ხომ არც ახალმთავრობაა და არც შაბათი. მიუგო: მშვიდად იყავი. 24. შეკაზმა ვირი და უთხრა მსახურ ბიჭს: წინ წაუძეღი და იარე. გზად ნუ გამაჩერებ, თუ მე არ გიბრძანე. 25. გაემგზავრნენ, და მივიდნენ ღვთისკაცთან, ქარმელის მთაზე. როცა შორიდან მოჰკრა თვალი ქალს ღვთისკაცმა, უთხრა გეხაზის, თავის მსახურს: აგერ, ის შუნამელი ქალი. 26. აბა, გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე: როგორ ხარ-თქო, როგორ არის-თქო შენი ქმარი, როგორ გყავს-თქო შვილი. მიუგო ქალმა: კარგად. 27. მივიდა ქალი ღვთისკაცთან მთაზე და ფეხებში მოეჭიდა. მივარდა გეხაზი, რომ გაერიდებინა მისგან, მაგრამ უთხრა ღვთისკაცმა: თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის. 28. თქვა ქალმა: მითხოვნია შვილი ჩემი ბატონისთვის? ხომ ვთქვი, ტყუილად ნუ დამპირდები-მეთქი. 29. უთხრა გეხაზის: სარტყელი შემოირტყი წელზე, ჩემი არგანი დაიჭირე ხელში და წადი. შემხვედრს არავის არ მიესალმო; თუ ვინმე მოგესალმა, პასუხი არ გასცე. სახეზე დაადე ბავშვს ეს ჩემი არგანი. 30. თქვა ყმაწვილის დედამ: უფალს და შენს თავს გეფიცები, რომ არ დაგტოვებ. ადგა ღვთისკაცი და გაჰყვა ქალს. 31. მათზე წინ მივიდა გეხაზი და სახეზე არგანი დაადო ბავშვს. არ ისმოდა ხმა და ჩამიჩუმი. უკან გაბრუნდა მის შესახვედრად და მოახსენა: არ იღვიძებს ბავშვი. 32. შევიდა სახლში ელისე და, აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე. 33. შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი. 34. ზემოდან დააწვა ბავშვს, პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული. 35. ერთი გაიარ-გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოთ. შვიდჯერ დაამცხიკვა ყმაწვილმა და გაახილა თვალი. 36. დაუძახა გეხაზის და უთხრა: დაუძახე იმ შუნამელს. მანაც დაუძახა. მოვიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: წაიყვანე შენი შვილი. 37. მივარდა, ფეხებში ჩაუვარდა და მდაბლად თაყვანისცა; მერე აიყვანა თავისი შვილი და გავიდა.
13) ეს. 63: 11-19; 64: 1-5
16. შენა ხარ ჩვენი მამა, რადგან აბრაამმა არ უწყის ჩვენი თავი და ისრაელი არა გვცნობს ჩვენ; შენ, უფალი, ხარ ჩვენი მამა. ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი უკუნითიდან. 17. რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი სამკვიდროს შტოთა გულისათვის! 18. მცირეხანს ეპყრა შენს წმიდა ხალხს, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდათი. 19. ისე ვართ, თითქოს არ გეხელმწიფოს ჩვენზე უკუნითიდან, თითქოს ზედ არ გვეწეროს შენი სახელი!
1. ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე! როგორც გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები. 2. როცა ახდენდი სასწაულებს, რომელთაც არ ველოდი, ჩამოდიოდი და მთები დნებოდნენ შენს წინაშე. 3. უკუნითიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს თავის მოიმედეს. 4. შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე. აჰა, მრისხანე, რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა ხანია, და როგორღა გადავრჩებით? 5. ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი სიქველე წარმავალი სამოსელივითაა; ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი.
1. წელთა რვადაათთა ნაბუქოდონოსორ მეფემან ქმნა ხატი ოქროსაჲ, სიმაღლე მისი წყრთათა სამოცთა და სივრცე მისი წყრთათა ექუსთა. და აღდგა იგი ველსა შორის დეირასა, სოფელსა შინა ბაბილონსა. 2. და ნაბუქოდონოსორ მეფემან წარავლინა შეკრებად ყოველთა მის ქუეშეთა, და სატრაპეზთა, და ადგილისმთავართა, წინამძღვართა მძლავრთა, და ჴელმწიფებათზედათა და ყოველთა მთავართა სოფელთასა მოსლვად ენკენიათა ხატისათა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან. 3. და შეკრბეს ადგილისმთავარნი, ჳპატოსნი, სპასპეტნი, წინამძღუარნი დიდნი, ჴელმწიფებათზედანი, ყოველნი მთავარნი სოფელთანი მოსლვად ენკენიობასა ხატისასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და დგეს წინაშე ხატისა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ. 4. და ქადაგი ჴმობდა ძლიერებისა თანა: თქუენ გეტყჳ, ნათესავთა, ერთა, ტომთა, ენათა, 5. რომელსაცა ჟამსა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმონისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომთა თაყვანის-ეცით ხატსა ოქროსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან. 6. და რომელმანცა არა თაყუანის-სცეს, მასვე ჟამსა შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა. 7. და იყო, ოდეს ესმოდის ერთა ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა, და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომნი ერნი, ტომნი, ენანი თაყვანის-სცემდეს ხატსა ოქროჲსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან წინაშე ამისსა. 8. მაშინ მოუჴდეს მამრნი ქალდეველნი და შეასმენდეს იუდეანთა, და მიმგებელთა ჰრქუეს მეფესა ნაბუქოდონოსორს: 9. მეფეჲ საუკუნეთადმი ცოცხლებდინ! 10. შენ, მეფე, დასდევ რწმენაჲ: ყოველმან კაცმან, რომელმანცა ისმინოს ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, 11. დავარდეს და თაყუანი-სცეს ხატსა ოქროჲსასა; და რომელმან უკეთუ არდავრდომილმან თაყუანი-სცეს, შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა აგზებულისა. 12. არიან უკუე მამრნი იუდეანნი, რომელნი დაადგინენ საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა: სედრაკ, მისაკ, აბედნაქო; მათ მამრთა არა უსმინეს რწმენასა შენსა და ღმერთთა შენთა არმკუთველ არიან და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-სცემენ. 13. მაშინ ნაბუქოდონოსორ გულისწყრომისა თანა და რისხვისა თქუა მოყვანებად სედრაკ, მისაკ და აბედნაქოსი; და მამრნი იგი მოიყვანნეს წინაშე მეფისა. 14. და მიუგო ნაბუქოდონოსორ და ჰრქუა მათ: უკუეთუ ჭეშმარიტად, სედრაკ, მისაკ და ავდენაღო, ღმერთთა ჩემთა არამკუთნველ ხართ და ხატსა ოქროსასა, რომელი აღვსდგი, არ თაყუანის-სცემთ? 15. აწ უკუე, უკეთუ გაქუსყე მზად, რაჲთა, ვითარცა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დავრდომილთა თაყუანი-სცეთ ხატსა, რომელი შევქმენ. ხოლო უკუეთუ არ თაყუანის-სცეთ, მასვე ჟამსა შესცჳვეთ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა. და ვინ არს ღმერთი, რომელმან განგარინნეს თქუენ ჴელთაგან ჩემთა? 16. და მიუგეს სედრაკ, მისაკ და ავდენაგო, მეტყუელთა, მეფესა ნაბუქოდონოსორსა: არა საჴმარად მაქუს ჩუენ სიტყჳსა ამისთჳს მიგებად შენდა, 17. რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ. 18. და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ. 19. მაშინ ნაბუქოდონოსორ აღივსო გულისწყრომითა და შესახედავი პირისა მისისა იცვალა სედრახს ზედა, მისაქს, ავდენაქოს, და თქუა აღგზნებად საჴმილი შჳდწილად, ვიდრე არა სრულიად აღატყდეს, 20. და მამრთა, ძლიერთა ძალითა, ჰრქუა, შემკრველთა სედრახ, მისახ, ავდენაღოჲსთა, შეთხევაჲ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა. 21. მაშინ მამრნი იგი შეიკრნეს სარავარებისა თანა მათისა, და ტიარებისა, და პერიკნიმებისა და შესამოსლებისა მათისა. და შევარდეს შორის საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა, 22. ვინათგან სიტყუა მეფისა უფროს განძლიერდა და საჴმილი აღეტყინა შჳდწილ უმეტეს. 23. და კაცთა მათ შემასმენელთა სედრაქ მისაქ, ავდენაქოჲსთა მოსწყუედდა მათ ალი ცეცხლისაჲ გარემოს და მამრნი იგი, სედრაქ, მისაქ და აბედნაქო, შეცჳვეს საშუალ საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა შეკრულნი. 24. და ვიდოდეს საშუალ მის ალისა, უგალობდეს ღმერთსა და აკურთხევდეს უფალსა. 25. და წარდგომილმან შორის მათსა აზარია ილოცა ესრეთ, და აღმაღებელმან პირისა თჳსისამან შორის ცეცხლისა თქუა: 26. კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი, 27. რამეთუ მართალ ხარ ყოველთა ზედა, რომელნი მიყვენ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებ, და წრფელ გზანი შენნი და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებ. 28. და მშჯავრითა ჭეშმარიტებისათა ჰყავ ყოველთაებრ, რომელნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ქალაქსა ზედა წმიდასა მამათა ჩუენთასა იერუსალიმსა, და რამეთუ ჭეშმარიტებისა მიერ და მსჯავრისა მოაწიენ ესე ყოველნი ჩვენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს, 29. რამეთუ ვცოდეთ და ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდვთ ყოველთაგან, 30. და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ-იგი მამცენ ჩუენ, რაჲთა კეთილ იქმნეს ჩუენდა. 31. და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ. 32. და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა, განდგომილთა და მეფისა ცრუსა და უუსჯულოესსა უფროს ყოვლისა ქუეყანისა. 33. და აწ არა არს ჩუენი აღება პირისა, სირცხჳლი და ყუედრება იქმნა მონათა შენთა და მმსახურებელთა შენთა. 34. ნუ განმცემ სრულიად სახელისა შენისათჳს და ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა, 35. და ნუ განმაყენებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს შეყუარებულისა შენ მიერ, და ისაკ მონისა შენისა და ისრაილ წმიდისა შენისა, 36. რომელთა სთქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: განვამრავლო თესლი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და ვითარცა ქჳშა ბაგისა თანა ზღჳსა, 37. რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს. 38. და არა არს ჟამსა ამას მთავარი, და წინაწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა. 39. და პოვნად წყალობაჲ, არამედ სულისა მიერ შემუსრვილისა და მბერავისა სიმდაბლისაჲსა შემიწყნარე, 40. ვითარცა ყოვლადდასაწველებისა მიერ ვერძთა და კუროთაჲსა, და ვითარცა ბევრებისა მიერ კრავთა პოხიერთაჲსა, ესრეთ იქმენინ მსხუერპლი ჩუენი წინაშე შენსა, უფალო, დღეს, და სრულ-ჰყავ შემდგომად შენსა, რამეთუ არა არს სირცხჳლი მოსავთა შენდამი. 41. და აწ შეგიდგთ ყოვლისა მიერ გულისა და გეშიშვით შენ და ვეძიებთ პირსა შენსა. 42. ნუ მარცხუენ ჩუენ, არამედ ყავ ჩუენ თანა სახიერებისაებრ შენისა და სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა, 43. და განმარინენ ჩუენ საკჳრველებათაებრ შენთა და ეც დიდებაჲ სახელსა შენსა, უფალო! 44. და სირცხჳლეულ იქმნედ ყოველნი მაჩუენებელნი მონათა შენთა ძჳრებსა და კდემულ იყუნენ ყოვლისაგან მძლავრებისა, და ძალი მათი შემუსრენ. 45. ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო და დიდებული ყოველსა ზედა მკჳდროანსა. 46. და არ დასცხრებოდეს, რომელთა შესთხინეს მსახურნი მეფისანი, მაგზებელნი საჴმილსა, ნავთსა და ფისსა, ნაძეძსა და ნასხლევსა. 47. და გარდაეცემოდა ალი ზედაჲთ საჴმილისა წყრთათა ორმეოცდაცხრათა, 48. და მოგზნნა და მოწუნა, რომელნი პოვნა გარემოჲს საჴმილისა ქალდეველთაგანნი, 49. ხოლო ანგელოზი უფლისაჲ თანაშთავიდა მყის აზარიაეთსა საჴმილად მიმართ და განყარა ალი ცეცხლისა საჴმილისაგან. 50. და ყო შორის საჴმილისა, ვითარცა სული ცუარისა, ვითარცა-რაჲ მსტჳნავი, და არ შეეხო მათ ყოვლითურთ ცეცხლი მათდა, და არ შეაწუხნა იგინი და არ აღაშფოთნა იგინი. 51. მაშინ სამნივე, ვითარცა ერთისაგან პირისა, აქებდეს და აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა, საჴმილსა შორის მეტყუელნი: 52. კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა, და კურთხეულ სახელი დიდებისა შენისა წმიდაჲ და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა, 53. კურთხეულ ხარ ტაძარსა შორის წმიდისა დიდებისა შენისასა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა დიდებულ საუკუნეთა, 54. კურთხეულ ხარ მხედველი უფსკრულთა, მჯდომარე ქერაბინთა ზედა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა, 55. კურთხეულ ხარ საყდარსა ზედა მეფობისა შენისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა, 56. კურთხეულ ხარ სამყაროსა შორის ცისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა.
რომ. 6: 3-11
3. ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? 4. მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. 5. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით, 6. რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას. 7. რადგანაც მკვდარი ცოდვისაგან თავდახსნილია. 8. ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. 9. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. 10. რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს. 11. ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად – ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ.
მთ. 28: 1-20
1. ხოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და მეორე მარიამიც სამარხის სანახავად. 2. და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა. 3. სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი – სპეტაკი, როგორც თოვლი. 4. მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემგვანენ. 5. მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. 6. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა. 7. დაუყოვნებლივ წადით, და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ. 8. ხოლო ისინი მსწრაფლ გამოვიდნენ სამარხიდან, შიშითა და დიდი სიხარულით მირბოდნენ, რათა ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის. 9. და, აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. 10. მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ და იქ მიხილავენ. 11. და როცა ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა. 12. ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს 13. და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი. 14. და თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებისაგან გიხსნით. 15. მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ. და გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე. 16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.