10.06.2024. აღდგომიდან მე-6 შვიდეული. ორშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-6 შვიდეული. ორშაბათი

ხსნილი. 10.06.2024. 

ნიკიტა აღმსარებელისა, ქალკედონელ ეპისკოპოსისა (IX); მღვდელმოწამისა ევტიქი მელიტინელ ეპისკოპოსისა (1); მოწამისა ელიკონიდასი (244); მღვდელმოწამისა ელადი ეპისკოპოსისა (VI-VII). 

დღის ლოცვა

ღირსი ნიკიტა აღმსარებლის, ქალკედონელი ეპისკოპოსის კონდაკი: 

სიწმიდითა მით საქმეთა შენთათა განბრწყინდი, ღირსო, და მოციქულთა საყდართა მკვიდრ იქმენ, ნიკიტა, და მსგავსად მზისა განანათლე სამწყსო შენი, მამაო, და ყოველნი აღავსენ საღმრთოთა მოძღურებითა, ვინაცა გიხმობთ: გიხაროდენ, ქალკედონისა მშუენიერებაო. 

დღის საკითხავები 

საქმ. 17: 1-15 (დას. 39). ინ. 11: 47-57 (დას. 40). 

საქმ. 17: 1-15 

1. ამფიპოლისი და აპოლონია გადაიარეს და თესალონიკეში ჩავიდნენ, სადაც იყო იუდეველთა სინაგოგა. 2. პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან; 3. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით; ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც მე გახარებთო. 4. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი. 5. მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი. 6. რაკიღა მათ ვერ მიაგნეს, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და თან ყვიროდნენ: ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან; 7. იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს. 8. აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი. 9. მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი. 10. მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. 11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო. 12. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი. 13. მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი. 14. მაშინ ძმებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს პავლე ზღვისაკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. 15. პავლეს მხლებლებმა ათენამდე მიაცილეს იგი, მიიღეს ბრძანება სილასა და ტიმოთეს მიმართ, რომ სასწრაფოდ ხლებოდნენ მას, და უკანვე გაბრუნდნენ.

ინ. 11: 47-57 

47. მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. 48. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც. 49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ 50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს. 51. ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის. 52. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები. 53. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი. 54. ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდეველთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად. 55. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო. 56. ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: როგორ გგონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზე? 57. ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე ევტიქი, მელიტინელი ეპისკოპოსი (I)

მღვდელმოწამე ევტიქი, მელიტინელი ეპისკოპოსი (I)მღვდელმოწამე ევტიქი მელიტინელი (I) წმიდა მოციქულთა თანამოსაგრე იყო. ქრისტესთვის აღესრულა ქალაქ მელიტინაში I საუკუნეში. 
წმიდა მოწამე ელიკონიდა (+244) ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა. მმართველმა ჯადოქრობა დასწამა წმიდანს და კვლავ სატანჯველად გადასცა ჯალათებს, შემდეგ ბრძანა, შეეწყვიტათ წამება და ელიკონიდას პატივსა და ქურუმების წოდებას დაჰპირდა, თუ კერპთაყვანისცემის რიტუალს აღასრულებდა. მოულოდნელად წმიდანი დათანხმდა. გახარებულმა ქურუმებმა და ხალხმა ყიჟინით წაიყვანეს მოწამე სამსხვერპლოში და მისივე თხოვნით მარტო დატოვეს. ღვთის ნებით ელიკონიდა უეცრად გოლიათური ძალით აღივსო და ყველა კერპი დალეწა. შეძრწუნებულმა ქურუმებმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. სასჯელის მოლოდინში საპყრობილეში გამომწყვდეულ წმიდა აღმსარებელს მაცხოვარი გამოეცხადა წმიდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების თანხლებით და წყლულებისაგან განკურნა. ხუთი დღის შემდეგ ელიკონიდასთან სამი დამშეული ლომი შეუშვეს, მაგრამ მხეცები მორჩილად მიუახლოვდნენ მას და ფეხები აულოკეს. გამხეცებული წარმართთა ბრბო მოითხოვდა, მოეკვდინებინათ წმიდანი. ლომები გამოცვივდნენ საკნიდან და ხალხს დაერივნენ. პერინიუსის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 244 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის ნეშტი. 
მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი (VI-VII) ქრისტეს აღსარებისათვის ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. აღესრულა სასტიკი ცემისაგან. წმიდანისადმი მიძღვნილ კანონში ნათქვამია, რომ საპყრობილეში მას გამოეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და წყლულებისაგან განკურნა. სხვა ცნობით, წმიდა ელადი აწამეს სპარსელებმა რომის იმპერიაზე თავდასხმის დროს.
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX) VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული. ხატმბრძოლი ლეონ სომეხის (813-820) დროს წმიდანი თამამად ამხელდა ერეტიკოსებს. ამისთვის მრავალი დევნა დაითმიანა უსჯულო იმპერატორისა და მისი მიმდევრებისაგან. წმიდა აღმსარებელი გარდაიცვალა IX საუკუნის დასაწყისში. მის ნაწილებთან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა. კონსტანტინეპოლელი პრესვიტერის იოსების მიერ დაწერილ კანონში მოიხსენიება წმიდა ნიკიტას ძმაც – წმიდა ეგნატე.