23.06.2024. აღდგომიდან მე-8 კვირიაკე. მეერგასე (50-ე) დღეს შემდგომად პასექისა. კვირიაკე სულისა წმიდისა

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-8 კვირიაკე. სულის შაბათი მეერგასე (50-ე) დღეს შემდგომად პასექისა. კვირიაკე სულისა წმიდისა

ხსნილი. 23.06.2024 

სულიწმიდის მოფენა წმიდა მოციქულებზე. სულთმოფენობა. მარტვილია. მრავალთა წმიდათა ქართველთა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XVII-XVIII); ღირსისს თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილი, 1869-1936)***; მღვდელმოწამისა ტიმოთესი, პრუსიელ ეპისკოპოსისა (361-363); მოწამეთა ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (313): ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა და ღირსისა დედისა პანსემნისა (363); ბასიანესი, ლავდიელ ეპისკოპოსისა (409). 

დღის ლოცვა

სულთმოფენობა

ტროპარიკურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლადწმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდებაი შენდა.

კონდაკი: რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთვისცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლადწმიდასა. 

დღის საკითხავები 

მწუხრ.: 1) რიცხ. 11: 16-17, 24-29. 2) იოელ. 2: 23-32. 3) ეზეკ. 36: 24-28. 
ცისკ.: ინ. 20: 19-23 (დას. 65). 
ლიტ.: საქმ. 2: 1-11 (დას. 3). ინ. 7: 37 – 52; 8: 12 (დას. 27). 

მწუხრ.: 1) რიცხ. 11: 16-17, 24-29 

16. უთხრა უფალმა მოსეს: შემოკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, რომელთაც ხალხის უხუცესებად და რჯულისკაცებად იცნობ. მოიყვანე ისინი სადღესასწაულო კარავთან, რომ შენთან ერთად იდგნენ იქ. 17. ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო. 

24. გავიდა მოსე და უთხრა ხალხს უფლის ნათქვამი. შეჰყარა სამოცდაათი კაცი ერის უხუცესთაგან და კარვის ირგვლივ დააყენა ისინი. 25. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყოველანი, ოღონდ მცირე ხნით. 26. ორი კაცი დარჩენილიყო ბანაკში, ერთს ერქვა ელდადი, მეორეს, – მედადი. მათაც დაადგრა სული (ისინი ჩაწერილთა შორის იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან) და ისინიც დაეცნენ ქადაგად ბანაკში. 27. მოირბინა ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა მოსეს, ელდადი და მედადი ქადაგად დაეცნენო ბანაკში. 28. მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე! 29. უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!

მწუხრ.: 2) იოელ. 2: 23-32 

23. და შვილნო სიონისანო, იხარებდით და იშუებდით უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოგცნა თქუენ ჭამადნი სიმართლედ და გიწჳმოს თქუენ წჳმაჲ, მსთუაჲ და მცხუედი, ვითარცა წინასწარ. 24. და აღივსნენ კალონი იფქლითა და ზეშთა გარდაეცნენ საწნეხელნი ღჳნითა და ზეთითა, 25. და ნაცვლად მოგაგო თქუენ წელიწადთა წილ, რომელნი შესჭამნა მკალმან, და ბუზმან, და ერვისივმან, და მგრაგნელმან, ძალმან ჩემმან დიდმან, რომელი გამოვავლინე თქუენდამი. 26. და სჭამოთ მჭამელთა და განსძღეთ და აქოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელნი ქმნნა თქუენ თანა საკჳრველებანი და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნომდე. 27. და სცნათ, ვითარმედ საშუალ ისრაჱლისა ვარ. და მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი. და არა არს ღმერთი თჳნიერ ჩემსა. და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნოდმდე. 28. და იყოს, ამათსა შემდგომად მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორცსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, და მოხუცებულნი თქუენნი ძილისშორისსა იძილისშორისებდენ, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ. 29. და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაწარმეტყუელებდენ, 30. და ვსცე ნიშები ცასა შინა ზე და სასწაულებ ქუეყანასა ზედა ქუე, სისხლი და ცეცხლი და ალმური კუამლისა. 31. მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ მოსლვადმდე დღე უფლისაჲ დიდისა და მჩენი. 32. და იყოს, ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს, რამეთუ შორის მთასა სიონსა და იერუსალჱმსა შინა იყოს ცხოვნებული, ვითარცა თქუა უფალმან, და მახარებელნი, რომელთა უფალმან უწოდოს.

მწუხრ.: 3) ეზეკ. 36: 24-28 

24. გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. 25. გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმედთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმედთ თქვენ. 26. მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. 27. ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ. 28. იცხოვრებთ იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი; იქნებით ჩემთვის საკუთარ ერად და მე თქვენი საკუთარი ღმერთი ვიქნები.

ცისკ.: ინ. 20: 19-23 

19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! 20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. 22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ.

ლიტ.: საქმ. 2: 1-11 

1. ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. 2. ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. 3. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. 4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ. 5. ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, როძლებიც არიან ცის ქვეშ. 6. ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე. 7. უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალალეველნი არ არიან? 8. როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, რომელშიც ვიშვით? 9. პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი, 10. ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომით მოსულნი, 11. იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს.

ლიტ.: ინ. 7: 37 – 52; 8: 12 

37. ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. 38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი. 39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო. 40. ამის გაგონებაზე ბევრმა თქვა ხალხში: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი. 41. მეორენი ამბობდნენ: ეს არის ქრისტე; სხვები კი კითხულობენ: განა ქრისტე გალილეიდან მოვა? 42. წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი. 43. და მის გამო დიდი ცილობა ატყდა ხალხში. 44. ზოგიერთს მისი შეპყრობა სურდა, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი. 45. მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი? 46. მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი. 47. ფარისევლებმა უთხრეს მათ: ნუთუ თქვენც გაცდუნათ? 48. ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი? 49. მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია. 50. უთხრა მათ ნიკოდემემ, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო: 51. განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა? 52. მიუგეს და უთხრეს: იქნებ შენც გალილეველი ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი. 

1. ხოლო იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია. 2. დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ. 3. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს 4. და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; 5. მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი? 6. ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე. 7. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. 8. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. 9. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი. 10. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? 11. მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ. 12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის – მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე,აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას „მეუფეო ზეცათაო“….
სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო.
ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.
ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.
იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ – ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.