,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
აღდგომიდან მე-5 შვიდეული
ორშაბათი ხსნილი
ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული. მოციქულთა სწორთა: კონსტანტინე მეფისა (337) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (327); კრება ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა.
დღის ლოცვა
მოქიცულთა სწორთა: კონსტანტინე მეფის და დედისა მისისა ელენე დედოფლის
ტროპარი: ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და ვითარცა პავლე, წოდებაი არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოჩნდა, უფალო, და სამეუფო ქალაქი ხელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშვიდობით, მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: კონსტანტინე დღეს დედისა თვისისა თანა ელენესა პატიოსანი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად, ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და ბრძოლათა შინა სიქადული.
ვლადიმერის ღმრთისმშობლის ხატის ტროპარი:
ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოჲ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა იჴსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იჴსნენ სულნი ჩუენნი.
დღის საკითხავები
ცისკ.: ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.: საქმ. 12: 12-17 (დას. 30). ინ. 8: 42-51 (დას. 32).
მოციქულთა სწორთა – საქმ. 26: 1-5, 12-20 (დას. 49). ინ. 19: 1-9 (დას. 35, შუა).
ცისკ.: ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
ლიტ.: საქმ. 12: 12-17
12. ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. 13. როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად როდე. 14. პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო. 15. მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო. 16. პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ. 17. ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა.
ლიტ.: ინ. 8: 42-51
42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 43. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. 44. თქვენ მამათქვენის – ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. 45. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი. 46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 47. ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ. 48. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული? 49. მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ. 50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი. 51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.
მოციქულთა სწორთა – საქმ. 26: 1-5, 12-20
1. აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა: 2. მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი. 3. მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს. ამიტომაც გთხოვ დიდსულოვნად მისმინო. 4. სიყრმიდანვე მე ჩემს ხალხს შორის ვცხოვრობდი იერუსალიმში, და ეს იცის ყველა იუდეველმა. 5. იმთავითვე მიცნობდნენ, თუკი მოწმობა სურთ, რომ ჩვენი სარწმუნოების მკაცრი მოძღვრების თანახმად, ვცხოვრობდი როგორც ფარისეველი.
12. სწორედ ამ მიზნით დამასკოს მიმავალმა მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და ბრძანებით, 13. შუადღისას, მეფეო, გზაზე ნათელი ვიხილე ზეცით, რომელიც აღემატებოდა მზის ბრწყინვალებას და მეც მომიცვა და ჩემი მხლებლებიც. 14. ყველანი მიწაზე დავემხეთ და ჩამესმა ხმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა. 15. მე მივუგე: ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. 16. მაგრამ წამოდექ და ფეხზე დადექი, ვინაიდან იმისთვის მოგევლინე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, 17. რათა გაგარიდო ხალხსა და წარმართთ, რომლებთანაც ახლა მიგავლენ, 18. იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან – სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის. 19. ამიტომაც არ ვეურჩე, მეფიო აგრიპა, ზეციურ ხილვას, 20. არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით.
მოციქულთა სწორთა – ინ. 19: 1-9
1. მაშინ პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა. 2. ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეულით შემოსეს იგი. 3. მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო: და სახეში ურტყამდნენ მას. 4. კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა, გამოგგვრით, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 5. მაშინ გამოვიდა გარეთ იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწის მოსასხამით. და უთხრა მათ პილატემ: აჰა, კაცი; 6. ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 7. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენა გვაქვს რჯული, და ჩვენი რჯულის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ დასახა თავი. 8. ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, უფრო შეშინდა. 9. ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა დიდი მეფენი, მოციქულთასწორნი კონსტანტინე (+337) და ელენე (+327)
წარმართებისაგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლი ეწოდა. წმიდა კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმიდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმიდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმიდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმიდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინეპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.
ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმიდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.
ქრისტიანული ეკლესიის მშვიდობა დაარღვია მწვალებლობამ, რომელიც ეკლესიის შიგნით გაჩნდა. ჯერ კიდევ იმპერატორის მოღვაწეობის დასაწყისში დასავლეთში გაჩნდა დონატისტთა და ნოვაცისტთა ერესი, რომელიც მოითხოვდა დევნილობის დროს განდგომილ ქრისტიანთა განმეორებით მონათვლას. ორი ადგილობრივი კრების მიერ უარყოფილი ეს ერესი საბოლოოდ დაგმო მილანის 316 წლის კრებამ. ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა. იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქ. ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი „ერთარსი მამისა“.
ნიკეას კრების შემდეგ მოციქულთასწორმა კონსტანტინემ გააგრძელა მოღვაწეობა ეკლესიის სასარგებლოდ. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს, დასაფლავებულია წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში.