,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
1-ლი (ყოველთა წმიდათა) კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII.
მსგეფსი ხსნილი. 30.06.2024
მოწამისა შალვა ახალციხელისა (1227); მოწამეთა: მანოელისა, საბელისა და ისმაილისა (362).
პეტრე-პავლობის მარხვის აღება.
დღის ლოცვა
სულთმოფენობიდან 1, ყოველთა წმინდათა კვირა
ტროპარი: მაღლითა გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმაი თავს იდებ და სამისა დღისა დაფლვაი, რაითა ჩუენ განმანთავისუფლნე ცოდვათა ჩუენთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩუენო, უფალო, დიდება შენდა.
ტროპარი: მოციქულნო და წინასწარმეტყუელნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამამთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისანო, მეოხ-გუეყვენით წინაშე ღმრთისა.
ტროპარი: ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სოფლისა შემოქმედისა პირველ ნაყოფად, მხსნელო შესწირავს შენდა სოფელი მხნეთა მოწამეთა და გევედრების: მათითა ოხითა მშვიდობაი მომადლე ეკლესიასა და ერსა და ქალაქსა და სოფელსა შენსა და იხსნენ ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღმრთისმშობელისათა.
ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო შალვა ახალციხელმან ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო შალვა ახალციხელო, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
მოწამეთა: მანუელისა, საბელისა და ისმაილის კონდაკი:
სარწმუნოებითა ქრისტესითა მოწყლულთა ყოვლადნეტართა და მისთა სარწმუნოებით მსმელთა სასმელისათა სპარსთა სამისნონი და სამსახურებელნი ქუეყანად დააკვეთენით, სამებისა რიცხვნო, მეოხებასა ყოფდით ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).
ლიტ.: ებრ: 11: 33 – 12: 2 (დას. 330). მთ. 10: 32-33, 37-38; 10: 27-30 (დას. 38).
ცისკ.: მთ. 28: 16-20
16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
ლიტ.: ებრ: 11: 33 – 12: 2
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
ლიტ.: მთ. 10: 32-33, 37-38; 10: 27-30
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; 38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
27. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. 28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. 29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. 30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი (+1227)
სისხლში გაგიხამებია, შავლეგო,
ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო,
მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, შავლეგო,
მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო,
შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო.
(ხს. 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ
მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას
დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა
სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა.
მეფის ბრძანებით ბასიანის ბრძოლაში (1204 წ.) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას
მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად. წმიდა თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს ჯალელედინი შემოიჭრა საქართველოში
დიდძალი ლაშქრით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს
მთავრად მოხუცებული ივანა ათაბაგი დაუდგინა.სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ.
მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს, შალვა და
ივანე ახალციხელებს დაევალა, ივანე ათაბაგი კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა
გადამწყვეტი იერიშის მისატანად.
უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს,
თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ ამაოდ ელოდნენ მაშველ ჯარს, „არა ინება
შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი
შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“, – წერს ჟამთააღმწერელი. დამარცხდნენ ქართველები,
ოთხი ათასი ქართველი დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში, მოიკლა თვითონ ივანე
ახალციხელი, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს და ჯალალედინს მიჰგვარეს.გაიხარა ჯალალედინმა საქვეყნოდ განთქმული მეომრის ნახვით, პატივით მიიღო
ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქებიც კი უბოძა სამმართველოდ და უფრო „დიდ ნიჭსაც“
დაჰპირდა რჯულის გამოცვლის სანაცვლოდ.„ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაჲ შეუძლებელ არს ჩემგან. დააცხრუე ჩემდა აღთქმანი
ეგე არად საჴმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მჴედრად
ქრისტესა“, – მხნედ უპასუხა წმიდანმა.დიდხანს ცდილობდა ჯალალედინი უსჯულებისკენ მიედრიკა ზნესრული რაინდი და, როცა
ვერას გახდა, მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. წამების ჟამს შალვა სიხარულით
ამბობდა: „იხარებდ, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანა ხორცათა ძუელსა კაცსა
აღიძარცჳ და ხრწნადთაგან სიმარჯუეთა განთავისუფლდები… დავითმინოთ, შალვა,
სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიც „ერთგზის წინა-უძს ყოველსა კაცსა“.მრავალი ტანჯვის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც
„აღასრულა ჰსრბაჲ მარტჳლებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან
მისმან, მისცუალა თჳსთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა, მჴედარი თჳსი,
გვირგვინოსანი გჳრგჳნითა სიმართლისათა“ (+1227).
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი (+362)
როცა მეფე ალამუნდარმა შეიტყო, რომ იულიანემ მისი ელჩები დახოცა, ახლა კი სპარსეთთან საომრად მოეშურებოდა, აღდგა ქვეყნის დასაცავად – ცხარე ბრძოლა ბერძნების დამარცხებით დამთავრდა. სისხლისღვრას თავად უსჯულო იმპერატორიც შეეწირა – იგი დიდმოწამე მერკურის (ხს. 24 ნოემბერს) მახვილით განიგმირა.
30 წლის შემდეგ კეთილმსახურმა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (+395) კონსტანტინეპოლში წმიდა მოწამეების მანუელის, საბაილისა და ისმაილის სახელობის ტაძარი ააგო, კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა გერმანემ კი, მაშინ მღვდელ-მონაზონმა (ხს. 12 მაისს), მარტვილთა სადიდებელი კანონიც შექმნა.