,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-3 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II.
ხსნილი. 14.07.2024
სასწაულთმოქმედთა უვერცხლოთა მკურნალთა კოზმან და დამიანესი, რომში წამებულთა (284); მოწამისა პოტიტე ყრმისა (II); ღირსისა პეტრე პატრიკისა (854); ნერსე სომხეთის მთავარეპისკოპოსისა (V).
დღის ლოცვა
მოწამეთა კოზმა და დამიანესი, რომაელთა უვერცხლოთა
ტროპარი: წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ, და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.
კონდაკი: რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმართლესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხვრეთ, სოფლის მკურნალნო, საკვირველებათა მიერ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-3, მკ. 16: 9-20 (დას. 71).
ლიტ.: რომ. 5: 1-10 (დას. 88). მთ. 6: 22-33 (დას. 18).
უვერცხ.: 1 კორ. 12: 27-31; 13: 1-8 (დას. 153). მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).
ცისკ.: მკ. 16: 9-20
9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.
ლიტ.: რომ. 5: 1-10
1. ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, 2. ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით; 3. და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას, 4. მოთმინება – გამოცდილებას, გამოცდილება – სასოებას, 5. სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ. 6. ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩვენი უძლურებისას, ქრისტე დროულად მოკვდა უღვთოთათვის. 7. მართლაცდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის ვინმემ, შესაძლოა, კიდევაც გაბედოს სიკვდილი. 8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. 9. მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას. 10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
ლიტ.: მთ. 6: 22-33
22. სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. 23. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი? 24. არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. 25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული – უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი? 26. შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ? 27. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე? 28. ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ. 29. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი. 30. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? 31. ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო? 32. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. 33. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
უვერცხ.: 1 კორ. 12: 27-31; 13: 1-8
27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი – მისი ასონი, 28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა. 29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი? 30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი? 31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ.
1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.
უვერცხ.: მთ. 10: 1, 5-8
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე პოტიტე ყრმა (II)
ეპირის ოლქში ცხოვრობდა დიდებული ქალბატონი კვირიაკია, სენატორის მეუღლე, რომელიც კეთრით დასნეულდა. როცა წმიდა პოტიტეს შესახებ შეიტყო, მან თავისთან მოიწვია წმინდანი და წამლობა სთხოვა. წმინდანმა უპასუხა, თუ ქრისტეს ირწმუნებ, განიკურნებიო. კვირიაკია მოინათლა და სასწაულებრივად განიკურნა. საკვირველების მხილველმა მთელმა სახლეულმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო.
ამის შემდეგ პოტიტე გარგარის მთაზე დამკვიდრდა და განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. აქ მას შეხვდნენ იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) მსახურები და სთხოვეს, სასახლეში გაჰყოლოდა მათ იმპერატორის ეშმაკეული ასულის განსაკურნებლად. წმიდა პოტიტემ განკურნა სნეული, ანტონინუსმა კი სიკეთე არაადამიანური სისასტიკით გადაუხადა ნეტარს. მან თავისი ქალიშვილის განკურნება წარმართულ ღვთაებებს მიაწერა და პოტიტეს მათთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმინდანმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ქრისტე. ამით განრისხებულმა თვითმპყრობელმა მას ენა ამოგლიჯა და თვალები დასთხარა. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს (+138-161).
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე – რომსა შინა წამებულნი (+284)
წმიდანი უვეცხლონი, კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით. ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებით“. როცა მშობლებისგან მდიდარი მემკვიდრეობა მიიღეს, მათ ქონების გაყიდვა და გლახაკთა დახმარება დაიწყეს. თავიანთი სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით წმიდანებმა მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.კოზმასა და დამიანეს ღვთივსათნო ცხოვრებამ, საზოგადოე-ბაში მათმა ავტორიტეტმა, რომის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრო და მკურნალთა შესაპყრობად მეომრები გაგზავნეს. ძმები რომ ვერ იპოვეს, მეომრებმა სხვა ქრისტიანები დაატუსაღეს. მაშინ კოზმა და დამიანე მხედრებს ჩაბარდნენ იმ პირობით, რომ პყრობილები გაეთავისუფლებინათ. რომში უფლის რჩეულები თავდაპირველად საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი სამსჯავროზე წარადგინეს. მათ იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება.იმპერატორ კარუსს (282-283), ღვთის განგებით, სნეულება შეეყარა და საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა უფლის ყოვლისშემძლეობაში. ამაყმა თვითმპყრობელმა შემწეობა ითხოვა წმიდა ძმებისაგან და აღთქმა დადო, რომ ქრისტეს შეუდგებოდა. კოზმამ და დამიანემ უწამლეს იმპერატორს, რის შემდეგაც ორივენი გაათავისუფლეს.რაც ვერ შეძლო წარმართთა სიძულვილმა და რომაელ ხელისუფალთა სისასტიკემ, მოახერხა შურმა: მხცოვანი მკურნალი – მასწავლებელი, რომელთანაც ძმები თავის დროზე ექიმობას სწავლობდნენ, მათმა დიდებამ შურით აღავსო, მოწაფეები ტყეში გაიტყუა თითქოსდა იშვიათი სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად. აქ, ბოროტისგან გონდაბინდულმა, ვერაგულად მოკლა ძმები და მათი წმიდა ცხედრები მდინარეს მისცა (ამ დღის წმინდანები, კოზმა და დამიანე უნდა განვასხვაოთ მათი მოსახელე წმინდანებისგან, რომელთა ხსენებაც აღინიშნება 17 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს).
წმინდა ნერსე, სომხეთის მთავარეპისკოპოსი (IV)
ისტორიულ წყაროთა თანახმად, იგი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საგვარეულოდან უნდა ყოფილიყო. კათოლიკოს ფარენის გარდაცვალების შემდეგ სომეხთა მეფის, არშაკის სამეფო კარის მსახურთმთავარი, ნერსე, საიმდროოდ – ჯერ კიდევ საერო პირი, მიიჩნიეს საპატრიარქო ტახტის საუკეთესო კანდიდატად და მეფის იძულებით იგი ხელდასხმულ იქნა კათოლიკოსად.
მოგვიანებით იგი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის პირველი დიდი რეფორმატორი და თავისი ხალხის უდიდესი ქველმოქმედი გახდა.
მისი ინიციატივით მოწვეულ აშტიშატის ეროვნულ-საეკლესიო კრებაზე (354 წელი) პირველად მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც არეგულირებენ სასულიერო-საეკლესიო ცხოვრებას, განსაზღვრავენ ოჯახის მორალურ პრინციპებს.
კათოლიკოს ნერსეს ინიციატივითვე დაფუძნდა მონასტრები და სკოლები, უსახლკაროთა და უმწეოთათვის კი – თავშესაფრები და საავადმყოფოები.
კათოლიკოსი მუდამ თავის სამწყსოსთან იყო. სწორედ მისი წყალობით იძლია მტერი ძირავის ომში – წმინდა მამა მთელი ბრძოლის განმავლობაში ლოცულობდა სომხური ჯარის გამარჯვებისათვის.
ამგვარი უდიდესი ეროვნული და საეკლესიო ღვაწლის გამო მას განმანათლებელი უწოდეს.
ღირსი პეტრე პატრიკიოს-ყოფილი (+854)
ღირსი პეტრე სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა (+854) და თავისსავე სავანეში დაკრძალეს.