,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-5 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.
ხსნილი. 28.07.2024
630-თა წმიდათა მამათა, რომელნიც შეიკრიბნენ IV მსოფლიო კრებაზე; მოწამეთა: კვირიკესი და დედისა მისისა ივლიტასი და მათთანა 11411-თა (305); მოწამისა ავუდიმოსი (IV); მოციქულთა სწორისა. ვლადიმერისა (ბასილისა) (1015).
დღის ლოცვა
დღის საკითხავები
მწუხრ.: მამათა: 1) დაბ. 14: 14-20. 2) 2. შჯ. 1: 8-11, 15-17. 3) 2 შჯ. 10: 14-21.
ლიტ.: რომ. 10: 1-10 (დას. 103). მთ. 8: 28-9: 1 (დას. 28).
მამათა: ებრ. 13: 7-16 (დას. 334). ინ. 17: 1-13 (დას. 56).
მოწ.: 1 კორ. 13: 11-14: 5 (დას. 154, შუა). ლკ. 10: 19-21 (დას. 51 შუა).
მწუხრ.: მამათა: 1) დაბ. 14: 14-20
14. როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე. 15. გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის. 16. დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც. 17. მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება. 18. სოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. 19. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! 20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.
მწუხრ.: მამათა: 2) 2. შჯ. 1: 8-11, 15-17
8. აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა. წადით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას – აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მათ მოდგმას. 9. ასე გითხარით თქვენ იმჟამად: მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება. 10. უფალი, თქვენი ღმერთი, გაგამრავლებთ-მეთქი და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით ურიცხვნი ხართ დღეს. 11. უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, კიდევ ათასჯერ გამრავლოთ, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც უთქვამს თქვენთვის.
15. ავიყვანე შტოთა თავკაცები – ბრძენი, გაგებული და გამოცდილი კაცები და დაგიდგინეთ თითოეულ შტოს მეთაურებად – ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, თქვენს შტოთა მიხედვით. 16. მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს მოძმეებს და საჯეთ სამართალი ერთმანეთს შორის მათსა და მათ მდგმურს შორის. 17. მიკერძოებული ნუ იქნები სასამართღაოზე, ერთნაირად მოუსმინეთ მცირეს და დიდს, ნუ შეგეშინდებათ კაცისა, რადგან საღვთო საქმეა სამართალი. თუ საქმე გეძნელათ, მე მომახსენეთ და მოვისმენ.
მწუხრ.: მამათა: 3) 2 შჯ. 10: 14-21
14. აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია. 15. მაგრამ მხოლოდ შენი მამა-პაპა შეივრდომა სიყვარულით და გამოგარჩიათ თქვენ, მათი მოდგმა, ყველა ხალხიდან, როგორც დღეს. 16. დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და ნუღარ იქნებით ქედმაღლები, 17. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს. 18. იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს. 19. გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. 20. უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე. 21. ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიადი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი.
ლიტ.: რომ. 10: 1-10
1. ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის. 2. ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად. 3. ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. 4. რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. 5. მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“. 6. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად. 7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. 8. მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ. 9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, – ცხონდები. 10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.
ლიტ.: მთ. 8: 28-9: 1
28. და როცა მიაღწია მეორე ნაპირს, გადარელთა მხარეს, შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას. 29. და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად. 30. ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. 31. ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ. 32. და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლტს; და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში დაინთქა. 33. ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს. 34. და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, სთხოვეს, აქაურობას გაეცალეო.
1. მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში.
მამათა: ებრ. 13: 7-16
7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
მამათა: ინ. 17: 1-13
1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. 2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს. 4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. 5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. 6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. 7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. 9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან. 10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი; და მე ვიდიდე მათში. 11. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. 12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. 13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.
მოწ.: 1 კორ. 13: 11-14: 5
11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს. 12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები. 13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.
1. მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია. 2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს. 3. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს. 4. ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. 5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი – წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.
მოწ.: ლკ. 10: 19-21
19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
630-თა წმიდათა მამათა, რომელნიც შეიკრიბნენ IV მსოფლიო კრებაზე;
წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)
როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.
– „შეიბრალე თავი, ივლიტა, – ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, – დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“
– „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს – მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!“ – პასუხობდა ნეტარი.
უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა და მაცხოვარს შეჰღაღადა: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა“.
ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.
ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.
წმიდა მოწამე აბუდიმე (IV)
მოციქულთასწორი ვლადიმირი – წმიდა ნათლისღებით ბასილი (+1015)
ახოვანი მხედარი – ვლადიმირი ნათლისღებამდე სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა. 978 წელს მან ცბიერებით ჩაიგდო ხელთ კიევის სამთავრო, ძმა – იაროპოლკი კი სიცოცხლეს გამოასალმა. უსჯულო მთავარი სრულ თავისუფლებას აძლევდა ვნებებს და, ამასთან, თავგამოდებული კერპთმსახურიც იყო: თავისი სასახლის მახლობლად, მაღალ მთაზე მან პერუნის ახალი, ვერცხლისთავიანი ქანდაკი დაადგმევინა. სწორედ ვლადიმირის ბრძანებით შესწირეს პერუნს მსხვერპლად თეოდორე ვარიაგი და მისი ძე იოანე (მათ ხსენებას რუსეთის ეკლესია 12 ივლისს აღასრულებს). მაგრამ, მოციქულის სიტყვებით, „საცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ გარდაემატოს მადლი“ – უფალმა ბოროტს დამონებული მთავარი თავის რჩეულ ჭურად გამოარჩია: ვლადიმირი დაეჭვდა ხელით ქმნილი ღვთაებების ძლევამოსილებაში და ჭეშმარიტ ღმერთს დაუწყო ძიება.
როცა ხმა გავარდა, რუსეთის მთავარი სარწმუნოების გამოცვლაზე ფიქრობსო, მისკენ გაემართნენ სხვადასხვა სჯულის მქადაგებლები. მთავარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბერძენმა ბერმა.
მთავარმა ვლადიმირმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მართლმადიდებლური წესით მონათლულიყო, მაგრამ, როგორც წარმართს, დამამცირებლად მიაჩნდა, თხოვნით მიემართა ბიზანტიელთათვის; ამიტომ ერთი წლის შემდეგ მან საბერძნეთზე გაილაშქრა და ბერძენ იმპერატორებს, ბასილისა და კონსტანტინეს შეუთვალა, თუ თქვენს დას – ანას არ მომათხოვებთ, კონსტანტინოპოლს დავიპყრობო.
სამეფო ოჯახისათვის ბარბაროსთან ნათესაური კავშირი არ იყო სჯულისმიერი და სასურველი, მაგრამ მეამბოხე მხედართმთავრების – ბარდა სკლიაროსისა და ბარდა ფოკას შფოთით შერყეულ ქვეყანას ვლადიმირთან ბრძოლა ისეთ დიდ საფრთხეს უქმნიდა, რომ ბასილი და კონსტანტინე იძულებულნი გახდნენ, დამორჩილებოდნენ ვლადიმირის წინადადებას, პირობად კი ქრისტიანობის მიღება შესთავაზეს. ვლადიმირმა მიუგო: მე ისედაც დიდი ხანია, მომწონს თქვენი სარწმუნოება და გამომიგზავნეთო მეფის ასული.
მალე ხერსონში დიდებულებისა და ღვთისმსახურების თანხლებით ჩავიდა მეფის ასული ანა, რომელმაც დიდი სულიერი ბრძოლის შემდეგ, ღვთისა და ერის სიყვარულის გამო შეძლო გადაედგა ეს ნაბიჯი. აქ მან შეიტყო, რომ რამდენიმე დღის წინ ვლადიმირი დაბრმავებულიყო, ამას ღმერთების რისხვას აწერდა და, შიშით შეპყრობილს, ნათლობის სურვილი მინავლებოდა. წარმართ მთავარს კეთილმსახურმა სასძლომ შეუთვალა: „ნათელიღე და აგეხილება სულიერი და ხორციელი თვალები!“ ისიც დაჰყვა რჩევას და უხმო ხერსონის ეპისკოპოსს. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის მოედანზე მდგარ ტაძარში საზეიმო ნათლობაც აღესრულა. მიმრქმელი დაუსწრებლად იყო ბასილი კეისარი. ახალნათელღებულს სწორედ მისი სახელი უწოდეს. ემბაზიდან ამოსვლისთანავე ვლადიმირს თვალისჩინი დაუბრუნდა და, სიხარულით ატაცებულმა, შესძახა: „ახლა კი ვცან ჭეშმარიტი ღმერთი!“
გაქრისტიანებული მთავარი დაქორწინდა ანაზე და კიევში დაბრუნდა. მასთან ერთად კიევში ჩავიდნენ ბიზანტიიდან გაგზავნილი მიტროპოლიტი, ექვსი ეპისკოპოსი და მღვდელმსახურნი. ღვთის სიყვარულით ანთებული მთავარი გაეყარა თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, თორმეტი ვაჟიშვილი კი ნათლობაზე დაითანხმა. მათ მრავალმა ბოიარმაც მიჰბაძა. შემდეგ ვლადიმირმა მთელი ქალაქის მცხოვრებლებს უხმო ნათლისღებისთვის: „ვინც ხვალ მდინარესთან არ მოვა – მდიდარი თუ გლახაკი, მდაბიო თუ მონა – ჩემი მტერი იქნება!“ მეორე დღეს ურიცხვი ერი მოადგა ნაპირებს. მიტროპოლიტმა აკურთხა მდინარის წყალი და შეუდგა ნათლობას… ეს მოხდა 988 წელს.
ამის შემდეგ მოციქულთასწორი მთავარი დაუცხრომლად იღვწოდა ქვეყანში მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად. სულიწმიდის მადლმა სრულიად გარდაქმნა მისი ბუნება – უხეში და სასტიკი წარმართი ღვთისმოშიშ და გულმოწყალე ქრისტიანად იქცა: მის სასახლეში მისული გლახაკები უხვად ღებულობდნენ მოწყალებას. დავრდომილთათვის საკვებით დატვირთული საზიდრები იგზავნებოდა სოფლებსა და ქალაქებში; მთავრის კარზე დიდ დღესასწაულებზე სამი სუფრა იშლებოდა: სასულიერო პირთათვის, გლახაკთათვის და მთავრისა და მისი რაზმისათვის. ერთხელ მეომრებს უკმაყოფილება გამოუთქვამთ იმის გამო, რომ ტრაპეზის დროს მათ ხის კოვზებს ურიგებდნენ და არა ვერცხლისას. ეს რომ გაიგო, ვლადიმირმა ყოველგვარი განაწყენების გარეშე ბრძანა, ვერცხლის კოვზები ჩამოერიგებინათ: „ოქრო-ვერცხლით ერთგულ მხედრობას ვერ მოიპოვებ, ერთგული მხედრობით კი ოქროსაც მოიპოვებ და ვერცხლსაც!“ ამგვარ წვეულებებზე ჩვეულებად იყო მიღებული წმიდა წერილის კითხვა – წმიდა მთავარი წარმართული ღრეობების მოყვარე ქვეშევრდომთა სულიერ ზრდასა და განახლებაზე ზრუნავდა; ვლადიმირის დროს თურმე იმატა დანაშაულობებმა, რადგან ცოდვის ჩადენის შიშით მან მეტად შეამსუბუქა სასჯელები. მღვდელმთავრებმა ნეტარს მიუთითეს: „ღმერთმა მთავრები ბოროტთა დასასჯელად და კეთილთა შესაწყნარებლად დაადგინა, შენც მოვალე ხარ, დასაჯო დამნაშავენი, მაგრამ სამართლიანად და წინდახედულად“.
სევდიანი იყო ნეტარი მოციქულთასწორის ცხოვრების დასასრული: მან სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამთავრო ძეებს. მათ შორის შფოთი ატყდა, გარეშე მტერიც შემოეჯარა ქვეყანას… და სრულიად მარტო დარჩენილმა მთავარმა 1015 წლის 15 ივლისს დაასრულა პავლე მოციქულის ცხოვრებას მიმსგავსებული მიწიერი „სრბაჲ თვისი“.
წმიდა ვლადიმირის ცხედარი თეოდორეს და იოანეს მოწამეობის ადგილას მის მიერვე აგებულ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს მეუღლის, ანას გვერდით. 1635 წელს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.