,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
ხსნილი თევზით. 6.07.2024
მოწამისა აგრიპინასი (253-260); მოწამეთა: ევსტუქი ხუცისა და შვილთა მისთა: პროვასი, ლულასი, ორბანესი და გაიანე ძმისწულისა მისისა (IV); ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა (1480).
დღის ლოცვა
ვლადიმერის ღმრთისმშობლის ხატის ტროპარი:
ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოი, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა იხსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იხსნენ სულნი ჩუენნი.
მოწამე აგრიპინას კონდაკი:
ბრწყინვალეთა მათ ღუაწლთა შენთა ნათლით შემოსილი დღე წარმოგვიდგა ჩუენ, რომელსა შინა პატივისმცემელნი შენნი საღმრთოსა ამას ეკლესიასა სიხარულით შემოვკრბებით გალობად შენდა: გიხაროდენ, ქალწულმოწამეო აგრიპინა, ყოვლადპატიოსანო.
დღის საკითხავები
რომ. 3: 19-26 (დას. 84). მთ. 7: 1-8 (დას. 20).
რომ. 3: 19-26
19. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს. 20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. 21. ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული, 22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით – ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება, 23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. 24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით, 25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით, 26. რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.
მთ. 7: 1-8
1. ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. 2. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ. 3. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ? 4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში. 5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი. 6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ. 7. ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ. 8. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა (1480)
წმიდა მოწამე აგრიპინა (+253-250)
წმიდა მოწამენი: ევსტოქი, გაიოზი, პროვი, ლოლი, ურვანე და სხვანი (V)
წმიდა ევსტოქი წარმართი ქურუმი იყო, მაგრამ ქრისტეს მარტვილთა საოცარი სიმამაცისა და მათ მიერ აღსრულებული სასწაულების მხილველმა, ირწმუნა ქრისტე. ქურუმყოფილი ანტიოქიელმა ეპისკოპოსმა ევდოქსიმ მონათლა და ხუცესად დაასხა ხელი. ქალაქ ლუსტრაში ევსტოქიმ მართლმადიდებლობაზე მოაქცია თავისი ახლო ნათესავი გაიოზი და მთელი მისი სახლეულობა, მათ შორის ყრმები: პროვი, ლოლი და ურვანე. იმპერატორის მეომრებმა შეიპყრეს წმიდანი და სამსჯავროზე წარადგინეს. სატანჯველებმა ვერ მოდრიკეს ნეტარი აღმსარებელი, ამიტომ გაიოზის ახალმოქცეულ ოჯახთან ერთად, გალატიის ქალაქ ანკვირში გაგზავნეს მმართველ აგრიპინასთან. აქ მტარვალებმა ყველანი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, მხეცურად აწამეს, რის შემდეგაც ქრისტეს მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.