9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან…
1 კორ. 5: 9 -11
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
მარხვა. 14.08.2024
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა უფლის ცხოველსმყოფელისა ჯვარისა; მოწამეთა 7-თა ძმათა მაკაბელთა: აბიმისა, ანტონინესი, გურისა, ელიაზარისა, ევსევონისა, ალიმისა და მარკელისა, დედისა მათისა სოლომონიასი და მოძღვრისა მათისა ელიაზარ მღვდლისა (166 წ. ქრ. შ-მდე); 9-თა მოწამეთა პამფილიის პერგეს: ლეონტისა, ატისა, ალექსანდრესი, კინდევსისა, მინსითევსისა, კვირიაკესი, მინეონისა, კატუნისა და ევკლესი (III).
დასაწყისი მიძინების – მარიამობის მარხვისა
დღის ლოცვები
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.
კონდაკი: რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენი მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღვთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევა მომადლე მას ბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძელველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.
შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი,
ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აქ მეოხებად ჩუენთათვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.
კონდაკი: სიბრძნისა ღმრთისა სვეტნო, შვიდ რიცხვედნო, ბაზმანკო ნათლისანო, საღმრთონო შვიდ ნათელნო, მაკაბელნო ყოვლადბრძენნო, პირველმოწამეთა დიდნიმოწამენო, მათ თანა ღმერთსა ყოველთასა ევედრენით ცხოვრებად მაქებელთა თქუენდა.
დღის საკითხავები
ლიტ.: ჯვარისა: 1 კორ. 1: 18-24 (დას. 125). ინ. 19: 6-11, 13-20, 25-28, 30-35 (დას. 60).
მოწ.: ებრ. 11: 33 – 12: 2 (დას. 330). მთ. 10: 32-36: . 11: 11 (დას. 38).
წირვის შემდეგ წყლის კურთხევა (მცირე აიაზმა): ებრ. 2: 11-18 (დას. 306). ინ. 5: 1-4 (დას. 14).
ლიტ.: ჯვარისა: 1 კორ. 1: 18-24
18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა. 19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“. 20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური? 21. რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი. 22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს. 23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის – საცდურს, ბერძენთათვის – სიშლეგეს, 24. ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, – ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.
ლიტ.: ინ. 19: 6-11, 13-20, 25-28, 30-35
6. ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 7. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენა გვაქვს რჯული, და ჩვენი რჯულღის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ დასახა თავი. 8. ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, უფრო შეშინდა. 9. ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა. 10. უთხრა მას პილატემ: მე არ მცემ ხმას? ნუთუ არ იცი, რომ შემიძლია ჯვარს გაცვა შენ და შემიძლია შენი გაშვებაც? 11. იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა.
13. ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად – გაბათა. 14. იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე! 15. ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა. 16. მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო. 17. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად – გოლგოთა, 18. სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო. 19. დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. 20. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად.
25. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. 26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე! 27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი. 28. შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია.
30. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა. 31. რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32. მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც. 33. ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები. 34. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა. 35. ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ.
მოწ.: ებრ. 11: 33 – 12: 2
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
მოწ.: მთ. 10: 32-36, 11: 11
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 34. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. 35. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი – დედამისს, და რძალი – დედამთილს მისას. 36. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
11. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.
მცირე აიაზმა: ებრ. 2: 11-18
11. ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ, 12. და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“. 13. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“. 14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, 15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. 16. რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ – აბრაამის მოდგმას. 17. ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად. 18. ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.
მცირე აიაზმა: ინ. 5: 1-4
1. შემდგომ ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს. 2. ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა. 3. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას. 4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
მოსეს სჯულს მტკიცედ უერთგულა მაკაბელთა მთელმა სახლეულობამ – მათ ნაკერპავ საჭმელზე უარი განაცხადეს, რისთვისაც წმიდა სოლომონიას თვალწინ მის შვიდივე ძეს რიგრიგობით წამებით ამოხადეს სული. ძმები სიხარულით ეგებებოდნენ სიკვდილს; მხოლოდ იმას შიშობდნენ, რომ მტარვალებს წამება არ შეეწყვიტათ და რომელიმე მათგანი მარტვილის გვირგვინის გარეშე არ დარჩენილიყო. მხნე, ახოვანი და ღვთისმოყვარე სოლომონიაც გაუსაძლის ტკივილებს ითმენდა: მას შვილების წამებაზე მეტად ის აზრი აწუხებდა, რომ ისინი წამებას ვერ გაუძლებდნენ; ამქვეყნიდან გასულებზე იმდენად არ დარდობდა, რამდენადაც დარჩენილების მათთან შეერთებას ნატრობდა; ის ამხნევებდა შვილებს და სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა. წმინდა სოლომონია ერთი ძის აჩეხილ სხეულს რომ აგროვებდა, მეორეს ჯალათს აბარებდა, მესამეს კი წამებისთვის ამზადებდა… როცა ბოლო, ნაბოლარა ვაჟიღა დარჩა ცოცხალი, ანტიოქოსმა წმიდა სოლომონიას შესთავაზა, ღვთის უარყოფაზე დაეყოლიებინა ჭაბუკი, რომ ის მაინც შერჩენოდა ცოცხალი; უფლის მხევალმა განამტკიცა ყმაწვილი და სთხოვა, ნუ შეუშინდები ჯალათს, შენი ძმების ღირსი შეიქენიო. მეშვიდე შვილის სიკვდილის შემდეგ თავად სოლომონიამაც მხურვალე ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს.
მაკაბელების მოძღვარი – ოთხმოცდაათი წლის სჯულისმეცნიერი ელეაზარი მათზე ადრე აღესრულა იერუსალიმში. უსჯულოები ნეტარს ნაკერპავი ხორცის ჭამას აიძულებდნენ, ის კი უკან აფურთხებდა აკრძალულ საჭმელს. ახლობლები და მეგობრები სთავაზობდნენ, საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი ეჭამა და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ნაკერპავს ღებულობდა; მაგრამ ელეაზარმა უარი განაცხადა – ჩემს ხანდაზმულობას ვერ მოვატყუებ და ახალგაზრდებს ვერ ვაცდუნებო.
მაკაბელი ძმების ღვაწლმა გმირობისთვის აღაფრთოვანა ახოვანი მხედარი იუდა მაკაბელი. იგი სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას ანტიოქოს ეპიფანეს წინააღმდეგ; ღვთის შეწევნით გამარჯვება მოიპოვა, იერუსალიმი კერპებისაგან გაწმინდა და წარმართთა ზეობას ბოლო მოუღო. უსჯულო ანტიოქოსს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს: იუდეველებზე შურისსაძიებლად განმზადებულს, მთელი სხეული მყრალი ჭრილობებით დაეფარა; აუტანელი ტკივილებით და ბილწი სუნით გაწამებულმა, ცნო ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, მხურვალედ შესთხოვდა მას შემწეობას, იერუსალიმის ტაძრის შემკობას, იუდეური სჯულის მიღებას და მთელს თავის სამფლობელოში მის გავრცელებას აღუთქვამდა, მაგრამ ზეცათა მეუფემ არ შეიწირა სინანულის გარეშე, ცრურწმენაზე დაფუძნებული ვედრება და სირიის მრისხანე მბრძანებელს უცხოობასა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
მაკაბელი ძმების, მათი დედისა და მოძღვრის მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ მაკაბელთა მეორე წიგნი გვაწვდის ცნობებს. ნეტარ მარტვილებს სახოტბო სიტყვები უძღვნეს ეკლესიის დიდმა მამებმა: კვიპრიანე კართაგენელმა, ამბროსი მედიოლანელმა, გრიგოლ ნაზიანზელმა და იოანე ოქროპირმა.
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაული IX საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ ადგილობრივი დღესასწაული იყო, XII-XIII საუკუნეებიდან კი, იერუსალიმის ტიპიკონის გავრცელებასთან დაკავშირებით, საყოველთაო გახდა.