,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-6 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა V.
ხსნილი. 4.08.2024
მენელსაცხებლისა და მოციქულთა სწორისა მარიამ მაგდალელისა (I); მღვდელმოწამისა ფოკასი (აღმოყ. წმ. ნაწ.) (403-404).
დღის ლოცვა
შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე,
იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე (+დაახლ. 250)
ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: სოფლის შინაჲსა ხრწნილებისა მომძაგებელნი, და უხრწნელთა ნიჭთა მიმღებელნი, მომკუდარნი, თვინიერ ხრწნილებისა, დაადგრეს წმიდანი შვიდნი ყრმანი, რომლისათჳს აღსდგეს შემდგომად მრავალთა წელთა, ყოველთა სიბოროტეთა ურწმუნოებისათა დამფვლელნი, რომელთაცა ქებით შემსხმელნი, მორწმუნენი, დღეს ქრისტესა უგალობდეთ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-6, ლკ. 24: 36-53 (დას. 114).
ლიტ.: რომ. 12: 6-14 (დას. 110). მთ. 9: 1-8 (დას. 29).
მოც.სწ.: 1 კორ. 9: 2-12 (დას. 141). ლკ. 8: 1-3 (დას. 34).
ცისკ.: ლკ. 24: 36-53
36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. 37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. 38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? 39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. 40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ. 41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? 42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. 43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. 44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. 45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. 46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, 47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. 48. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი. 49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით. 50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი. 51. კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად. 52. ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს. 53. და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.
ლიტ.: რომ. 12: 6-14
6. და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე, 7. თუ მსახურებისა – იმსახურე, თუ მოძღვრობისა – იმოძღვრე, 8. თუ შემგონებლისა – შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა – უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა – გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა – სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე. 9. დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს. 10. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას. 11. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს. 12. გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას – მოუღლელნი. 13. შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად. 14. აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ.
ლიტ.: მთ. 9: 1-8
1. მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში. 2. და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. 3. ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობდა: ღმერთს გმობსო იგი. 4. ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში? 5. რა უფრო ადვილია: ამის თქმა – მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა – აღდეგ და წადი? 6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, – ასე უთხრა დავრდომილს – აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 7. ისიც მაშინვე აღდგა და წავიდა თავის სახლში. 8. ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.
მოც.სწ.: 1 კორ. 9: 2-12
2. სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში. 3. აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე. 4. იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? 5. ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას? 6. იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა? 7. ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს? 8. იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც? 9. რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს? 10. თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს. 11. ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან? 12. თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.
მოც.სწ.: ლკ. 8: 1-3
1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი. 2. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი, 3. იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი (I)
სიხარულით გაოგნებული და აღფრთოვანებული მარიამი გონს მოეგო, კვლავ გაიქცა მოციქულებისკენ, „რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს“ და ახარა, „რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა“ უფალი. ეს იყო აღდგომის პირველი ქადაგება ამქვეყნად: მოციქულებს მთელი სამყაროსთვის უნდა ეხარებინათ, მან კი თავად მოციქულებს ახარა…
წმიდა წერილი არაფერს მოგვითხრობს მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზე ქრისტეს აღდგომის შემდეგ, მაგრამ უეჭველია, რომ ის, ვინც ჯვარცმის უმძიმეს ჟამს მაცხოვრის ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა, აღდგომიდან ამაღლებამდეც მის გვერდით იქნებოდა.
წმიდა გადმოცემა მოგვითხრობს, რომ, როცა სულიწმიდის მადლით აღვსილმა მოციქულებმა დატოვეს იერუსალიმი და ქვეყნის სხვადასხვა კიდეს მიაშურეს საქადაგებლად, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა. მან მთელი იტალია მოიარა სახარების ქადაგებით, ტიბერიუს კეისრის (14-37) კარზეც შეაღწია და ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა. სწორედ მარიამ მაგდალინელისგან მომდინარეობს აღდგომის დღესასწაულზე წითლად შეღებილი კვერცხების მირთმევის ტრადიცია. წმიდა მენელსაცხებლე დედა განაგრძობდა თავის მოციქულებრივ ღვაწლს იტალიასა და ქალაქ რომში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მას გულისხმობს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერს: „კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელ-იგი ფრიად დაშურა ჩუენდა მომართ“ (16;6).
წმიდა მარიამმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს და იქვე მიაბარეს მიწას. მისი უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში გადაასვენეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში და წმიდა ლაზარეს სახელობის მონასტრის საყდარში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ეს სიწმიდე იტალიაში გადაიტანეს და რომში, იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.
აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ფოკასი (403-404)
403-404 წლებში მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები სინოპიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ამ მოვლენას ზეიმობს ეკლესია 22 ივლისს (წმიდანის ხსენება აღინიშნება 22 სექტემბერსაც).