12.09.2024. მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

ხუთშაბათი. მარხვა 

მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); წმიდათა: ალექსანდრე (340), იოანე (595) და პავლე ახლისა (784), კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე სასწაულთმოქმედისა თესალონიკელისა (IX-X); მღვდელმოწამისა ფილონიდო ეპისკოპოსისა (284-305); კეთილმორწმუნისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა (წმ. ნაწ. აღმოყ. 1724); სერბელ მღვდელთმთავართა: საბა I (1237), არსენი I (1266), საბა II (1269), ევსტათი I (1285), იაკობ (1292), ნიკოდიმ (1325) და დანიელ (1338) მთავარეპისკოპოსთა; იოანიკე II (1354), ეფრემ II (1395), სპირიდონ (1388), მაკარი (1574) და გაბრიელ I (1659) პატრიარქთა, და გრიგოლი ეპისკოპოსისა. 

დღის ლოცვები 

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემდგომი დღე

კონდაკი: იროდი უსჯულო-ქმნილმან მისცა დედაკაცსა თავი შენი პატიოსანი, წინამორბედო, რომლისა თაყუანისმცემელნი ვიხარებთ, ხოლო იროდია სტირს და ჰგოდებს და იროდი და მროკველიცა იგი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 2 კორ. 7: 1-10 (დას. 183). მკ. 1: 29-35 (დას. 5). 
მართლ. – კოლ. 258 დას. 3: 12-16. ლკ. 26 დას. 6: 31-36. 

ლიტ.: 2 კორ. 7: 1-10 

1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით. 2. შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ. 3. განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ. 4. დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი. 5. რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან – თავდასხმები, შიგნით კი – შიში. 6. მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით; 7. და არა მარტო მოსვლით, არამედ ნუგეშითაც, რომლითაც ნანუგეშები იქნა ჩვენგან, – როცა გადმოგვცა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი თავგამოდება ჩემს მიმართ, ასე რომ, უმეტესად გავიხარე. 8. ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით. 9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან. 10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.

ლიტ.: მკ. 1: 29-35 

29. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა, იაკობსა და იოანესთან ერთად. 30. ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი. 31. მავიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა; მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ. 32. ხოლო საღამოს, მზის ჩასვლისას, მიჰგვარეს მას ყველა სნეული და ეშმაკეული. 33. და მთელმა ქალაქმა კარწინ მოიყარა თავი. 34. მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, მრავალი ეშმაკი განდევნა და არა რთავდა ეშმაკებს იმის თქმის ნებას, რომ ისინი იცნობდნენ მას. 35. ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.

მართლ.:  კოლ. 3: 12-16 

12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. 13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. 14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. 15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით. 16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

მართლ.:  ლკ. 6: 31-36 

31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ. 32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ. 33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან. 34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც. 35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ. 36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (+1907) (ხსენების დღე)

წმიდა ილია მართალი (ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე) 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძველი სტილით) დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო: დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. მასთან გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა წმიდანის ცხოვრებაში. ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში გააგრძელა. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა და დაობლებული ოჯახის მეურვეობა მამიდა მაკრინემ იტვირთა.

1857 წელს ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ილია ძალიან ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ძველი ქართული წიგნებით იყო დაინტერესებული. აკადემიური მოსწრებაც მაღალი ჰქონდა, მაგრამ ილიას იურიდიული განათლების ოფიციალური მოწმობა არ აინტერესებდა. მან მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და 1861 წელს ღრმად და მრავალმხრივ განსწავლული დაბრუნდა საქართველოში.

„რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?.. შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და ამ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?“ – ეკითხებოდა ოცდაოთხი წლის ყმაწვილი საკუთარ თავს. ამის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ მას საქართველოსთვის არ ეფიქრა. საჭირო იყო ერის გამოღვიძება, მართალი სიტყვის თქმა… ილიაც არ ერიდებოდა მწარე მხილებას.

ილიას მიაჩნდა, რომ „როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა“, რომელსაც „აღარ ახსოვს ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე არად სახსენებელი  არ არის იგი, რომელსაც… თავისი ისტორია არ ახსოვს“, ამიტომაც ახსენებდა თანამემამულეებს წარსულ დიდებას, ქართველთა თავდადებას რწმენისა და მამულის დასაცავად: „რა არ გარდაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გევუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავინ შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას?… დრო-ჟამი ამას გვიქადის“ („რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“)…

ეროვნული ინტერესები აიძულებდა ილიას, ისტორიკოსის ფუნქციები ეკისრა: მატიანეებს უღრმავდებოდა, იძიებდა, იკვლევდა და საქართველოს ღირსების შემლახველებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ღირსეულ პასუხს სცემდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წერილების ციკლი „აი, ისტორია“ და „ქვათა ღაღადი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე ცხოვრების ამსახველ „შინაურ მიმოხილვებსაც“ – „ივერიის“ საპროგრამო წერილებს, რომელთაც ილია მიზნად უსახავდა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენას, ფეხზედ დაყენებას და დაცვას ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან“.

დიდი ქართველი მოღვაწე ხშირად იმეორებდა: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“. იგი ზრუნავდა ენის სიწმინდისათვის, იბრძოდა მისი უფლებების დასაცავად სკოლებში. 1881 წელს, როცა კავკასიის სასწავლო ოლქის უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს ქართული ენის გაძევება სკოლებიდან, მან სტატიაში „ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო“ დაასაბუთა, რომ „უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია, მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის… გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა“… ამ გმოსვლამ შედეგიც გამოიღო. ის მინიმალური უფლებები, რომლებიც ქართულ ენას შეუნარჩუნდა სკოლებში, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ილიას ბრძოლის შედეგი იყო.

ილიამ ჩაუდგა სული ბევრ ეროვნულ საქმესაც: მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებისა.

ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ: 1905 წლის ოქტომბერში დასწრებია წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრების, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად.

ილიას მოღვაწეობა იმდენად აღიზიანებდა და აშინებდა ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი სატანური მოძღვრების გზააბნეულ მიმდევრებს, რომ ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს…

1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!“ – დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული.

მთელი საქართველო დასტიროდა წმიდა ილიას ცხედარს.

კავკასიის სამხედრო სასამართლომ ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა… მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა – შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში – შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“:

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“. 20 (02.08) ივლისი 

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ღირსი ქრისტეფორე რომაელი VI საუკუნეში ცხოვრობდა. იგი პალესტინაში, ღირსი თეოდოსის (ხს. 11 იანვარს) მონასტერში შედგა ბერად. ამბა თეოდულეს მონათხრობები ღირსი ქრისტეფორეს შესახებ ჩართულია კრებულში „ლიმონარი“.
ერთხელ ღირსი ქრისტეფორე იერუსალიმში ჩავიდა უფლის წმიდა საფლავისა და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანსაცემად. მისი ყურადღება მიიპყრო ტაძრის ბჭეებთან გაჩერებულმა ბერმა, რომლის პირისახის წინაც ორი ყვავი დაფრინავდა. ქრისტეფორემ გულისხმაყო, რომ ესენი იყვნენ ეშმაკები, რომლებიც ძმას საყდარში არ უშვებდნენ და მას ჰკითხა: „ბჭეებში რად დგეხარ, შიგ რატომ არ შედიხარ?“ – „მომიტევე, მამაო, – უპასუხა ბერმა, – ჩემში ორი აზრი ებრძვის ერთმანეთს; ერთი მეუბნება: მოდი, თაყვანი ეცი პატიოსან ჯვარს; მეორე კი ამბობს: ნუ შეხვალ, ჯერ შენი საქმე აღასრულე, ჯვარს კი შემდეგაც შეგიძლია სცე თაყვანი“. მაშინ ქრისტეფორემ ხელი ჩასჭიდა მამას და საყდარში შეიყვანა. ყვავები იმავ წამს გაქრნენ, ბერი კი სიწმიდეებს მიემთხვია და თაყვანი სცა. ღირსი ქრისტეფორე ამას იმათ დასამოძღვრად ყვებოდა ხოლმე, ვინც არ იჩენს გულმოდგინებას ლოცვაში და ავიწყდება, რომ ჯერ სულიერი მსახურება უნდა აღასრულო, შემდეგ კი – აუცილებელი საქმეები.
დღისით ღირსი ქრისტეფორე მორჩილების საქმეებს ასრულებდა მონასტერში, საღამოს კი მიდიოდა გამოქვაბულში, სადაც ადრე ღირსი თეოდოსი და სხვა მამები ლოცულობდნენ. მღვიმისკენ მიმავალ ყოველ მეთვრამეტე საფეხურზე იგი ას მეტანიას აკეთებდა და ღამის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა. ასეთ ღვაწლში გალია მან თერთმეტი წელი. ერთხელ მღვიმეში წმიდანმა უამრავი კანდელი დაინახა, რომლებსაც ორი ნათელმოსილი ჭაბუკი ანთებდა. _ „რატომ დააწყვეთ აქ კანდელები ისე, რომ შიგ სალოცავად შესვლა არ შემიძლია?“ _ იკითხა ქრისტეფორემ. _ „ეს იმ მამათა კანდელებია, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან“, – უპასუხეს ყმაწვილებმა. _„მითხარით, ჩემი კანდელი ანთია თუ არა?“ „ჩვენ დავანთებთ“, – იყო პასუხი. მაშინ ნეტარმა მამამ გაიფიქრა: „ჰოი, ქრისტეფორე, შენ კიდევ უფრო დიდი ღვაწლი უნდა იტვირთო, შენი კანდელი რომ აანთო!“ იგი სინას მთის მონასტრისკენ გაეშურა ისე, რომ თან არაფერი წაუღია და აქ ორმოცდაათი წელი დაჰყო მძიმე და დაუცხრომელ ღვაწლში. ბოლოს უფლის სათნომყოფელს ჩაესმა ხმა: „ქრისტეფორე! დაბრუნდი შენს მონასტერში, სადაც ადრე მოსაგრეობდი, რომ იქ შენს მამებთან ერთად განისვენო“.
წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, მაგრამ ყველა მათგანს მოუხდა ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ამახინჯებდნენ ეკლესიის სწავლებას. წმიდა ალექსანდრე (325-340) ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი ეკლესიასთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დაჰრია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.
მრავალგვარი ღვაწლით დამაშვრალი უწმიდესი პატრიარქი ალექსანდრე 340 წელს მიიცვალა, ოთხმოცდათვრამეტი წლის ასაკში.
მღვდელმთავარი იოანე ამ დღის მსახურებაში განდიდებულია თავისი მმარხველობით, გლახაკთმოყვარეობით და სასწაულებით, ამიტომ ზოგიერთი მას აიგივებს იოანე მმარხველთან (582-595, ხს. 2 სექტემბერს); სხვა ვარაუდებით, ის არის იოანე კაბადოკიელი (518-520), ან კიდევ პატრიარქი იოანე სქოლასტიკოსი (565-577).
მღვდელმთავარი პავლე წარმოშობით კვიპროსიდან იყო. იგი ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ IV ხაზარის (775-780) დროს აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე (780-784). იგი სათნოებებით უხვად შემკული, კეთილმსახური, მაგრამ გაუბედავი ადამიანი იყო. ხედავდა რა იმ ტანჯვა-წამებას, რომელსაც მართლმორწმუნეები ითმენდნენ ხატთაყვანისცემის წესის ერთგულებისთვის, ნეტარი მამა მალავდა თავის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხატმბრძოლებთან ურთიერთობაში იმყოფებოდა. იმპერატორ ლეონის სიკვდილის შემდეგ მას სურდა, აღედგინა ხატთაყვანისცემა, მაგრამ ვერ შეძლო განზრახვის განხორციელება, რადგან მწვალებლები უკვე მეტად მომძლავრებულიყვნენ. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ არ შეეძლო სამწყსოს წინამძღვრობა, ნებით დატოვა კათედრა, წმიდა ფლოროსის მონასტერს მიაშურა და სქიმა შეიმოსა. მან შეინანა თავისი კავშირი ხატმბრძოლებთან და წამოაყენა წინადადება ამ ერესის დასაგმობად VII მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობის შესახებ. საპატრიარქო ტახტზე წმიდა პავლეს შემდეგ, მისივე რჩევით, აღასაყდრეს მღვდელმთავარი ტარასი (784-806), რომელიც იმჟამად მეფის მრჩეველი იყო. პატრიარქი-სქიმოსანი 784 წელს მიიცვალა (მას „ახალს“ უწოდებენ წმიდა პატრიარქ პავლესგან (+350, ხს. 6 ნოემბერს, განსასხვავებლად). 
ღირსი ფანტინე საკვირველთმოქმედი კალაბრიაში დაიბადა. წმიდანი რვა წლის ასაკიდან მონასტერში იზრდებოდა. სიჭაბუკეში იგი უდაბნოებში მწირობდა და, სამოსის გარეშე დარჩენილი, ხშირად ოცი დღის მანძილზე საზრდელსაც არ ღებულობდა. ასეთ ღვაწლში გაატარა ღირსმა მამამ სამოცი წელი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა თავი აარიდა სარკინოზებს და პელოპონესს მიაშურა მოწაფეებთან, ვიტალისა და ნიკიფორესთან ერთად. სახარების სწავლებით მან მოიარა კორინთო, ათონი, ლარისი და თესალონიკი, სადაც წმიდა დიდმოწამის, დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) ნაწილებს სცა თაყვანი. უფლის სათნომყოფელი მამა ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, IX ს-ის ბოლოს ან X ს-ის დასაწყისში. 
ღირსი ალექსანდრე სვირელი (ერობაში – ამოსი) 1448 წლის 15 ივნისს დაიბადა, მდინარე სვირის შენაკადის, იოატის ნაპირას მდებარე სოფელ მანდერში, წინასწარმეტყველი ამოსის ხსენების დღეს და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა. მისი მომავალი შობა ნეტარის მშობლებს სასწაულებრივ აუწყა ზეციურმა ხმამ: „გიხაროდენ, კეთილნო თანამეუღლენო, თქვენგან იშვება ძე, ვის მიერაც უფალი ნუგეშინისცემას მიმადლებს თავის ეკლესიას“.
ამოსი მორჩილი და თავმდაბალი ბავშვი იყო, გაურბოდა სიცილსა და ბილწსიტყვაობას, უყვარდა ლოცვა და მკაცრად მარხულობდა. წმიდანმა იცოდა, რომ მშობლები მას დაქორწინებას უპირებდნენ, ამიტომ ცხრამეტი წლისა ფარულად წავიდა სახლიდან და ვალაამის სავანეს მიაშურა.
1474 წელს ამოსი ბერად აღიკვეცა ალექსანდრეს სახელით. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლებმა შეიტყვეს მათი შვილის ადგილსამყოფელი. მალე თავადაც მიჰბაძეს მას და მონასტერში დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება.
ხმა მოსაგრის ასკეტური ცხოვრების შესახებ შორს გავარდა, ამიტომ 1485 წელს მან დატოვა ვალაამი, ზეგარდმო მინიშნებით ტყეში დამკვიდრდა და შვიდი წლის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდა.
1508 წელს ღირსი მამა ცხოველმყოფელი სამების გამოცხადების ღირსი შეიქნა. ერთხელ, ღამით, როცა იგი უდაბნოში ლოცვად იდგა, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა და წმიდანმა იხილა მისკენ მომავალი, მზეზე უბრწყინვალესი, სპეტაკი სამოსლით მოსილი სამი ჭაბუკი. სამივე მათგანს კვერთხი ეპყრა ხელთ. მოსაგრე ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ გონს რომ მოეგო, მიწამდე თაყვანი სცა სტუმრებს. მათ წამოაყენეს იგი და უთხრეს: „სასოებდი, ნეტარო, და ნუ გეშინინ!“ ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო და სავანე მოეწყო ყოვლადწმიდა სამების სახელზე
იმავე წელს აშენდა ხის ეკლესია ცხოველმყოფელი სამების სახელზე (1526 წელს მის ნაცვლად ქვითკირის ტაძარი ააგეს). მშენებლობის დამთავრებისთანავე საძმომ ნეტარს დაუწყო ვედრება, მიეღო სამღვდელო ხარისხი. ის დიდხანს უარობდა – თავს უღირსად თვლიდა. მაშინ ბერებმა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს სერაპიონს (+1516) სთხოვეს, დაეყოლიებინა უფლის რჩეული. იმავე წელს ღირსი მამა ნოვგოროდში გაემგზავრა და მღვდელმთავრის მიერ ხუცესად ეკურთხა. მალე ძმებმა წმიდა ალექსანდრე იღუმენობაზეც დაითანხმეს.
იტვირთა რა წინამძღვრობის მძიმე ჯვარი, ნეტარი მამა უწინდელზე მეტად თავმდაბალი გახდა. ერთხელ სავანეში შეშა შემოილია. იკონომოსმა იღუმენს სთხოვა, უქმად მყოფი ბერები გაეგზავნა საწვავის დასამზადებლად. „მე ვარ უქმად“, – თქვა წმიდანმა და შეშის საჩეხად წავიდა; ნეტარი ხშირად სხვების ნაცვლად ფქვავდა ხორბალს ხელის დოლაბებით; ღამით შემოივლიდა ხოლმე სენაკებს, თუ ამაო საუბრებს გაიგონებდა, ფრთხილად დააკაკუნებდა და ჩაივლიდა.
სიცოცხლის მიმწუხრზე ღირსმა ალექსანდრემ გადაწყვიტა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი აეგო. როცა საფუძველი ჩაყარეს, წმიდა მოსაგრეს თავად უბიწო ქალწული ეჩვენა, ტახტზე მჯდომარე, ყრმით ხელში, ანგელოზების თანხლებით და უთხრა: „საყვარელო ჩემო, ვინც ერთ აგურს მაინც მოიტანს ჩემი ტაძრის ასაშენებლად, ჩემი ძისა და უფლის, იესო ქრისტეს სახელით, არ წარუწყმდება სასყიდელი თვისი“; თან სავანის მფარველობა აღუთქვა.
ნეტარმა ალექსანდრე სვირელმა ოთხმოცდახუთი წელი იცხოვრა და 1533 წლის 30 აგვისტოს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა კეთილმსახური მთავარი ალექსანდრე ნეველი 1263 წლის 14 ნოემბერს გარდაიცვალა. 23 ნოემბერს მისი ნეშტი ვლადიმირის მაცხოვრის შობის მონასტრის საკათედრო ტაძარში დაფლეს. დაკრძალვისას სასწაული აღესრულა – წმიდანმა თავად გაიწოდა ხელი შენდობის წერილის მისაღებად. 1380 წელს, კულიკოვოს ბრძოლის წინ სასწაულებრივად მოხდა კეთილმსახური მთავრის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება. 1721 წლის 30 აგვისტოს პეტრე I-მა შვედებთან ხანგრძლივი ომის შემდეგ ზავი დადო. ამ დღეს დაუკავშირეს ნეტარი ალექსანდრეს უხრწნელი ნაწილების გადასვენება ვლადიმირიდან პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში. 30 აგვისტოს სწორედ ამ მოვლენას ვდღესასწაულობთ. ალექსანდრე ნეველს ეკლესია იხსენიებს 23 ნოემბერსაც. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.